Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
LLalikoo blog

მე–კალ–მე (პროზა)

 "ტრანსპლანტაცია" 

შუადღის მზე ბაღში მოსეირნე ორ ადამიანს საკუთარ ჩრდილებს ათელვინებდა, თუმცა კი ვერც ერთი ხედავდა ამას და ვერც – მეორე.

  პირველი – სამიოდ წლის ცისთვალა გოგონა იმიტომ ვერ ამჩნევდა, რომ მთელი ყურადღება გვერდით მყოფზე გადაეტანა – ცალი ხელით მისი ცერა თითი ჩაებღუჯა და ცდილობდა წინ გადაესწრო, რომ თანამგზავრს მის ნაკვალევზე ევლო, თან შეუჩერებლივ ეტიტინებოდა რაღაცას. მეორე – ოცდახუთ წლამდე, თეთრ სარაფანში გამოწყობილი ქალი, რომელსაც სახელდახელოდ დაწნული გვირილების გვირგვინი დაუდევრად ჩამოფხატოდა ჟღალ თმაზე, იმიტომ ვერ ხედავდა საკუთარ ჩრდილს, რომ ბრმა იყო.
  –დე, ააახლა "სკუუპი" უნდა გავაკეთოოოთ... აააი, აშეეე: სკუუპ–სკუუპ–სკუუუპ!
  –რატომ? – გაეღიმა ჟღალთმიანს.
  –აქ ჭვიანჭველების ქალაქია. ჰოოოდა, დედიკო ჭვიანჭველამ შახლი ალ დამინგლიოთო, კოხტად გადადითო.
  –მე რომ არ გამიგონია ეს?
  –შენ ხომ ჩემი თვალებიჩ ალ დაგინახავს, მაგლამ გჯერა, ლომ სენსავით დიიიდი და ცისფელი თვალები მაქვს? დამიჯელე ლა, დეე...
  –ლილე, არ გინდა, სადმე ჩამოვჯდეთ და ყვავილები დამიკრიფო?
  –მინდა, მინდაა! იქ ლომ მჭვანე გვილილაა, იმან მითლა მომჭყვიტეო.
  –ლილე, რამდენჯერ გითხარი, რომ გვირილა თეთრია?
  –ალაა, დეე... მალთლა მჭვანეა და ჭითელი თვალები აქვს. ხომ გჯერა?
  –მჯერა... მჯერა, შე მატყუარა. მიმიყვანე ახლა სკამამდე და დამიკრიფე ეგ შენი წითელთვალება გვირილები. – გაუღიმა კესარიამ შვილს.
  პატარამ სასწრაფოდ მიაცილა სკამამდე დედა და გაზონზე გადავიდა სირბილით.
 
  შუადღის ბაღში სიჩუმეს მხოლოდ ბუზების ბძუილი და ლილეს ტიტინა ხმა არღვევდა, გვირილებს რომ უყვებოდა, დედიკოს არ სჯერა წითელი თვალები რომ გაქვთო.
  წითურს წარსული კადრებად გაუნათდა გონებაში:


  ==========


  –პირველივე კონსულტაციაზე რატომ არ მითხარით, რომ მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემა გქონდათ? ახლა ამან შეიძლება სერიოზული სირთულის წინაშე დაგვაყენოს. ადვილი სავარაუდოა, რომ მშობიარობამ ხედველობის გაუარესება, ან სულაც დაკარგვა გამოიწვიოს. ჯერ კიდევ არ არის გვინ ნაყოფი მოიშოროთ. თვალებზე იმკურნალებთ და მერე თავისუფლად შესძლებთ ხელახლა დაორსულებასა და ბავშვის გაჩენას. მით უმეტეს, რომ ძალიან ახალგაზრდა ხართ და საჩქაროც არაფერია.
  –არა, ექიმო, რას ამბობთ? მე უკვე ვგრძნობ, როგორ უცემს გული ჩემს ორგანიზმში პატარას... მის პატარა სხეულს ვგრძნობ, ექიმო.
  –კესარია, თქვენ კიდევ ბევრჯერ გექნებათ შანსი, დედობა შეიგრძნოთ. რატომ უნდა გარისკოთ საკუთარი ჯანმრთელობით? თან თქვენს მეუღლესაც ველაპარაკე და მისთვის თქვენი კარგად ყოფნა ყველაზე მნიშვნელოვანია.
  –თქვენ გყავთ შვილი, თამარ ექიმო?
  –მყავს, მაგრამ ეს რა შუაშია? – სიბრაზემ გაიელვა ექიმის ჭროღა თვალებში – ჩვეულებრივ სიტუაციაში, მეც არავის ვურჩევ ნაყოფის მოცილებას, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა დედის ჯანმრთელობა დევს სასწორზე და აბორტი გამართლებულია.
  –საკუთარი შვილის მკვლელობას რა გამართლება აქვს, ექიმო? სიმხდალის გამო, ჩემი ჯერარშობილი შვილი გავწირო? არამც და არამც!!! ჩემი შვილი აუცილებლად დაიბადება, თუნდაც მხედველობის დაკარგვის ხარჯზე და მორჩა ამ თემაზე საუბარი!

  ექვს თვეში მართლაც გაჩნდა ლილე და სწორედ მისი გაჩენის დღეს დაინახა კესარიამ მზის სხივი უკანასკნელად, იმ ღვთისმშობლის ხატსაც ბოლოჯერ მოავლო თვალი, შვილის მოვლენას რომ სთხოვდა მთელი ცხრა თვე... იმავე დღეს, გოგონამ შვილის თვალებით დაუწყო სამყაროს ყურება.
  მალე ლილე ცოტა წამოიზარდა და მხიარულ მეგზურობას უწევდა უსინათლო დედას.

  ექიმების ვარაუდით, მკურნალობას რამდენიმე თვეში მხედველობა უნდა აღედგინა ჟღალთმიანისთვის, მაგრამ ყველა ცდა უშედეგოდ დასრულდა. ერთადერთ იმედად თვალების გადანერგვა რჩებოდა, რომელიც ძალიან რთული პროცესი იყო, როგორც სამედიცინო, ასევე იურიდიული თვალსაზრისით, ამასთან დონორის მოძებნაც არ იყო ადვილი.
  კესარიას ქმარს, რომელიც ყველა ღონეს ხმარობდა ცოლისთვის თვალის ჩინის დასაბრუნებლად, საზღვარგარეთ მყოფმა ნაცნობმა აცნობა ერთ დღეს, რომ "შავ ბაზარზე" გოგონასთვის გადასანერგად ვარგისი მხედველობის ორგანოს შოვნა იყო შესაძლებელი, მაგრამ კესომ მტკიცე უარი განაცხადა:
  –ვინ იცის, ჩემთვის ამ გზით მხედველობის დაბრუნება ვის გააუბედურებს, ვის მოუსპობს მზის სხივს...



  ===========


  –დე, იქ ბუცქებსი ყვითელი მგელი ზის, იცი? – სასაცილოდ ხელოვნური აღელვებით უთხრა დედას გვერდით მოსკუპებულმა ლილემ.
  –მერე, რაო მგელმა, დე?
  –ლაააო დააა თომა მამა ლომ გეუბნება როჩა არ იჯინებ, მგელი მოვა და შეგჭამშო, სუულ ტყუილიაო. მე კეთილი მგელი ვალ და სენთვის ნაყინი მაქვშო ჯიბეში.
  –მერე, დე?
  –მეელე ნაყინი მომჩა, კალამელიანი და გადავსანსლე... უუუფ, უუუფ, ლა კალგი იყოოოო! – თქვა გოგონამ და სასაცილოდ გამობზიკა ტუჩები, თან ხელოვნური კმაყოფილებით იტყაპუნებდა მუცელზე პაწუკა ხელს.


  ==============


  –სახლში სულ რამდენიმე წუთის შესული იყვნენ, როცა კესარიას მობილურმა დარეკა. მისი ექიმი იყო. სთხოვა, სასწრაფოდ მისულიყო მასთან.
  ცოტა ხანში თომა და კესო ექიმის კაბინეტში ისხდნენ და იმედით ისმენდნენ ამბავს, რომლის თანახმადაც, ახალგაზრდა გოგონა ავარიის შედეგად გარდაცვლილიყო, ხოლო მის მამას ექიმისთვის ეთხოვა, რომ მისი ქალიშვილის თვალები ისეთი ადამიანისთვის გადაენერგათ, ვისაც სჭირდებოდა.
  მართალია, მონაყოლი ზღაპარს ჰგავდა, მაგრამ კესარია საკმარისად გულუბრყვილო იყო იმისთვის, რომ ეს დაეჯერებინა. რაღაც მომენტში კი გაუკვირდა თომას გულგრილი დამოკიდებულება გარდაცვლილი გოგონას მიმართ, მაგრამ ემოციებით დატვირთულს ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებია.


  ===============


  ოპერაციამ, რომელიც ჯერაც ექსპერიმენტის დონეზე ტარდებოდა, წარმატებით ჩაიარა და საავადმყოფოში გონს მოსულმა კესარიამ პირველად დაინახა საკუთარი პირმშო ჭროღა თვალებით...


  ===============


  წლები გავიდა. ცხოვრება ჩვეულ რიტმში ჩადგა. ლილე წამოიზარდა, ის უკვე სკოლის მოსწავლე იყო.
  ერთხელ ბავშვები სკოლიდან ექსკურსიით წაიყვანეს დედათა მონასტერში. ლილე უცებ გაშინაურდა. ცდილობდა ყველას გამოლაპარაკებოდა, ყველგან მისულიყო...
  –დე, წამოდი, იქ პატარა წყაროა და ოქროს თევზები დაცურავენ. რამე სურვილი ჩაიფიქრე და აგისრულებენო მითხრა დედაომ წყაროსთან რომ იჯდა. მე ჩავიფიქრე, რომ მალე დაიკო მეყოლოს... შენც ჩაიფიქრე,რა... დე, წამო!
  კესარია ღიმილით გაჰყვა ანც გოგონას.
  –დე, თევზებს უთხარი, რომ მალე მაჩუქონ დაიკო...
  წითური მონაზონს მიესალმა და გვერდით მიუჯდა ხის სკამზე.
  –მშვიდობა მოგცეს უფალმა, შვილო – თავის აუწევლად უპასუხა სალამზე მონასტრის მკვიდრმა. კესარიას საიდანღაც ეცნო ხმა და ცნობისმოყვარედ დააკვირდა სახეზე გვერდით მჯდომს, რომელსაც თავი მაღლა აეწია და ცისფერი თვალები უსიცოცხლოდ გაეშტერებინა შუადღის ჭყეტელა მზისთვის – გოგონას მოულოდნელობისაგან ააცახცახა – მის გვერდით თამარ ექიმი იჯდა. სახე შეცვლოდა, ნაოჭები მომატებოდა, სათნოება შესძენოდა და რაც მთავარია, მისი ქუთუთოებიდან კესარიას ცისფერი თვალები ირეკლავდნენ შემოდგომის მზეს, ჭროღა თვალების ნაცვლად.
  –თამარ ექიმო... – გონებისგან დამოუკიდებლად წარმოსთქვეს ჟღალთმიანის ბაგეებმა – იცით? მე... მე კესარია ვარ.
  –ვიცი... ვიცი, შვილო – ღიმილმა უფრო სათნო გაუხადა მონაზონს სახე – ლილემ იმდენი რამ მომიყვა, ყველაფერს მივხვდი... ძალიან ჭკვიანი გოგონა გყავს.
  –თამარ ექიმო... დედაო, თქვენ მე მხედველობა დამიბრუნეთ... ჩემს გამო დაბრმავდით, დედაო?
  –დავბრმავდი? არა, შვილო, ბრმა მანამდე ვიყავი, უდანაშაულო პატარებს რომ დაბადებამდე ვუსპობდი სიცოცხლეს, ბრმა ვიყავი, როცა სხვისი შვილების სისხლში ხელგასვრილი საკუთარი შვილების კეთილდღეობას შევთხოვდი ღვთისმშობელს... ბრმა ვიყავი, სანამ შენ არ დამანახე, რომ სიცოცხლე ყველაზე ძვირფასი ძღვენია უფლისგან ბოძებული და არავის აქვს უფლება მოსპოს იგი. შენ დამანახე, რომ მკვლელობას გამართლება არ აქვს... მე მქონდა თვალები და ვერ ვხედავდი იმას, რაც შენმა უსინათლო თვალებმა დამანახეს.


  –დე, ნახე, დედაოს ზუსტად ჩემნაირი თვალები აქვს.
  –ხო,ლილე, ზუსტად შენნაირი...

 მე–კალ–მე

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

ლალიკო, დიდი მადლობა, რომ ჩემი ნაწერების პოპულარიზაციას ეწევით... მადლობა :*
#2, 23.02.2012 - 00:26
LLalikoo (25)
ki, martla magaria, kargad wers, tu survili gaqvt shegidzliat www.uarakparaki.ge-ze naxot misi nawarmoebebi, mogewonebat...
#1, 23.09.2011 - 16:27
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.