Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

აგვისტოს ცალმხრივი

ზღვაზე წასვლამდე,
რამდენიმე ზედმეტ კილოგრამს
(შენი თქმით - ზედმეტს, რა თქმა უნდა) იკლებ, ყიდულობ
პლაჟისთვის ახალ საცურაო კოსტ(ი)უმს, იმოკლებ
თმას, პედიკიურს იკეთებ და გამოფიტული
ყოველდღიური რეჟიმისგან, ან სამარშუტო
ტაქსით, ან პეჟო 206-ით (წითელი ფერის)
მიდიხარ, ვრჩები, უსაშველოდ მიჭირს არ მშურდეს
ყველა ზღვისპირა ქალაქის და ისე მყიფეა,
ისე თხელია (მეშინია, ჰო, ვაღიარებ)
ძაფი, რომელსაც კოჭზე გაბამ გამგზავრებამდე,
ნებისმიერი გამოხედვა ან მოყიალე
ბორიოც ჩემი მეტოქეა.
სხვა მებადურის
ხასიათიან კუროებზე,
არაფერს ვამბობ.

მთაში წასვლამდე რამდენიმე სამყოფ კილოგრამ
(ჩემი თქმით - სამყოფს, რა თქმა უნდა) კიტრს და პომიდორს
ვყიდულობ, ვტოვებ უკანასკნელ ნაწერს, ვილოკავ
სადამდეც ენა მიმიწვდება, წყლულებს: "მომინდი,"
"მენატრები'' და ა.შ. მერე აუცილებლად
დიდუბის ავტოსადგურიდან, ან სამარშუტო
ტაქსით, ან ძველი ავტობუსით (გამოცდილი მაქვს)
მივდივარ. შენ კი, უსაშველოდ გიჭირს ან გშურდეს
ან (ვაღიარებ) გეშინოდეს, ისე მტკიცეა
ჯაჭვი, რომელსაც ყელზე ვიბამ გამგზავრებამდე.
არავინ არის, ერთადერთი, რაც შეიცვლება,
ამინდია და ხასიათი.
სხვა მებადურის
მკლავებზე ჯიუტ შენს თვალებზე,
არაფერს ვამბობ.

ასე ვიზიზღებ ზაფხულობით ყველა საზღვაო
კურორტს (ნაპირზე ქვებია თუ ოქროს ქვიშები)
და ამ ყველასგან, სულ უბრალოდ, სოხუმს ვანსხვავებ,
სადაც,
არც ერთად,
არც ცალცალკე
არ ჩაგვიშვებენ.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

serebriani (32)
#1, 23.09.2011 - 00:10
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.