Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
iceheart blog

მრგვალ სახლს იმაზე მეტი კუთხე აქვს, ვიდრე გგონიათ.

იმ დღეს ცოტა ჰქონდა დალეული კაცს, მაგრამ ეს ვერ იქნებოდა იმ შეგრძნების მიზეზი, ყელში რომ აწვებოდა. ცხელი ტუჩები გონებას ურევდნენ. თავბრუ ესხმოდა. ყველაფერი ძოწისფრად ეჩვენებოდა. დაძაბულობა შეატყო ქალმა.
-მე არ ვარ ღმერთი. არ მჭირდება, რომ გეშინოდეს ჩემი.
მის განცდებს ახადა ფარდა. შემდეგ უკან დაიხია ოდნავ და ნელი მოძრაობით ცალი მხარი გაითავისუფლა კაბისგან.
-არ გინდა.-მიუახლოვდა კაცი.-მინდა, თვითონ ვიყო ამ ღამის ავტორი.
შემდეგ ფრთხილად მიუტანა ყურთან ტუჩები. მშვიდად, ენის წვერით მოხსნა ქარვისფერი საყურე.
-ხედავ, სურვილების ასრულებას სწავლობ.-გაუღიმა ქალმა.
-მე დღეს შენით ვიცოცხლებ.
-იქნებ, პირიქით.-გარყვნილი თვალები იღიმოდნენ.
ასეთი ცხელი ტუჩები ჯერ არასდროს უგრძვნია კაცს. რას წარმოიდგენდა, თუკი ღამე ასე გაგრძელდებოდა.
მართლაც უცნაურია: ყოველი მორიგი თავგადასავლისას ადამიანი მზადაა, დათმოს ყველაფერი, ოღონდ გაწელოს დრო. ბოლოს კი ჩვეულ რიტმს უბრუნდება ისევ და ყოველდღე წუწუნებს თავის უინტერესო ცხოვრებაზე უხმოდ ან ხმამღლა.
დრო ირწეოდა ხშირ სუნთქვაში. კაცს უაზროდ გაურბოდა მზერა საწოლზე, მათ გვერდით დაგდებული ქალის სამაჯურისკენ, რომელიც ღამის სხივებს ირეკლავდა თავისში.
უცებ ქალმა ყელთან შეახო თითები და მთელი ძალით ჩამოქაჩა კისერზე დაკიდული ჯვარი.
-რას აკეთებ?-შიშის მსგავსმა გრძნობამ დაურბინა კაცს.
-შიშველი მჭირდები დღეს. ირწმუნე რამე არარეალური, რადგან ადამიანებს ყოველთვის სჯერათ იმის, რასაც ხედავენ ან ესმით.
გვერდით მიუწვა კაცი. გაგიჟებულ თვალებს სიმშვიდე უბრუნდებოდა ნელ-ნელა.
-იცი, რომ შენს ტუჩებს სისხლის გემო აქვს?-ზეწრით დაიფარა შიშველი სხეული ქალმა.
-მერე?-მშვიდად ჰკითხა.
-გემოვნებას გააჩნია.
უსინათლო ოთახში ვარაუდით იპოვეს თაღი და ახლა ეკავათ მზერებით.
-მოდი, დავივიწყოთ, ვინ ვართ. მინდა, ჩემთან დარჩე.
ქალმა ხმამაღლა გაიცინა.
-თავი ,,ლამაზმანში" მგონია. არადა, დამიჯერე, ჯულია რობერტს ფეხის სიგრძეში თუ გავეჯიბრები მხოლოდ.
-მე სერიოზულად ვლაპარაკობ.-სიმკაცრე შეურია ხმაში.
ქალი მისკენ შებრუნდა:
-მხოლოდ მე თუ შემიძლია, გავიგიჟო თავი. შენ მოვალეობები გაქვს.-ყელთან შეახო ტუჩები ფრთხილად და მერე სწრაფად წამოდგა.
მის თვალწინ დაიწყო ჩაცმა.
-რა უნდა ვირწმუნო შენ შემდეგ?-სიჩუმე აალაპარაკა კაცმა.
-ირწმუნე ომი ან მშვიდობა.-თმა მაღლა აიკეცა.
ამინდს ხასიათი გამოეჩინა. თოვლის მაგივრად წვიმდა.
კაცი წამოდგა. სწრაფად გადაიცვა ტანზე. ქალი ფანჯარასთან იდგა. მზერას არ აშორებდა მის ყოველ მოძრაობას. მრგვალ სახლში ტყდებოდა ღამე.
-მეძავი სხეულით მოვაჭრეა. რა ჰქვია სულით მოვაჭრეს?-ჰკითხა ქალმა ხმადაბლა.
-ქალი. თან იმაზე საშიში, ვიდრე სიკვდილი.-წელზე დაადო ხელი და ყურის დაბლა დაუტოვა კოცნა.
-ერთი ღამისთვის საკმარისია ამდენი სიახლე შენთვის.-ცივად მოიშორა.
კაცმა საფულე ამოიღო შარვლის ჯიბიდან. სწრაფად გააჩერა ქალმა:
-დაგავიწყდა, რა ზღაპარი მოგიყევი დაჩოქილ კაცზე?-ირონია ეჯდა მზერაში.
მოზომილი ნაბიჯებით წავიდა ქალი კარისკენ.
-გათენებულიყო ჯერ.-საკუთარ თავსაც არ უმხელდა კაცი სინანულს.
-განცდების სიმლაშე გიგრძვნია?-თავი მიაბრუნა.
კაცი დაიბნა, პასუხი ვერ იპოვა.
-ჰოდა, როცა იგრძნობ, მაშინ მიხვდები, რომ მუზები არ იცდიან.-ზედმეტად მშვიდად იღიმოდნენ გარყვნილი თვალები.
მრგვალ სახლს იმაზე მეტი კუთხე აქვს, ვიდრე გგონიათ.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.