Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tttaaammmiii blog

ჩვენი კომპლექსები! როგორ დავძლიოთ ისინი?

თამამად შეიძლება ითქვას, რომ კომპლექსები - უკვე გლობალური პრობლემაა. ისინი ასახავენ თანამედროვე ადამიანის ემოციურად შეფერადებული წარმოდგენების, მოქმედების მოტივაციების და არაცნობიერი განწყობების ერთობლიობას. სამწუხაროდ უმეტეს შემთხვევაში სიტყვაში ”კომპლექსი” ჩვენ ვგულისხმობთ მხოლოდ არასრულფასოვნობის ან განდიდების გადამეტებულ გამოვლენას და არც ვიცით, რომ ისინი ავსებენ ერთმანეთს. თვით პრობლემის არსი კი მხოლოდ ამ კომპლექსებით არ შემოიფარგლება თანამედროვე სამყაროში ადამიანს შეიძლება გააჩნდეს უამრავი სხვა კომპლექსიც.

კომპლექსი – ეს ის შინაგანი შემზღუდავია, რომელიც ხელს გვიშლის მიღწევებში, რომლებსაც მივაღწევდით საკუთარ თავში მეტი რწმენა, რომ გვქონოდა. რაღაც ეტაპზე ის საგზაო ნიშან ”STOP”– ს ემსგავსება, ზღუდავს ჩვენს შესაძლებლობებს და ძალას გვართმევს. ალბათ არაერთხელ მოგისმენიათ: „მაინც არაფერი არ გამომივა, მე ხომ ... „ და შემდეგ ზოგს მოჰყავს იმის არგუმენტები, რომ პატრონი არ ყავს, ზოგს, რომ უკვე არ არის იმდენად ახალგაზრდა ან რომ ტანმაღალი არ არის, ან მუწუკები, რომ არ ჰქონოდა სახეზე ის ... და სხვა უფრო უსუსური განმარტებები, რომლებსაც თვითშთაგონების დონეზე ამკვიდრებენ საკუთარ აზროვნებაში. ეს მარტივი, მაგრამ ვთვლით, რომ კლასიკური ნიმუშია იმისა თუ როგორ ვზრდით ჩვენ საკუთარ თავში არასრულფასოვნობის კომპლექსს. ფსიქოლოგების დაკვირვებაც გვარწმუნებს, რომ საკუთარი ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ნაკლოვანებების თაობაზე მცდარი ან გადამეტებული წარმოდგენა ჩვენში ბადებს ღრმა, სხვებისგან დამალულ განცდებს.

პრობლემის არსში გარკვევისთვის მოდით განვიხილოთ რამდენიმე საყოველთაოდ ცნობილი კომპლექსი:

არასრულფასოვნობის კომპლექსი.

წინა პუბლიკაციაში / ”რა ვიცით ჩვენი კომპლექსების, ფობიებისა და მანიების შესახებ ?!” / უკვე გაცნობეთ, რომ არასრულფასოვნობის შეგრძნება გარკვეულ მომენტებში, რაღაცასთან დაკავშირებით შეიძლება გაუჩნდეს ნებისმიერ ადამიანს. პათოლოგიურ სახეს კი ის ღებულობს მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანში იმარჯვებს არაადეკვატურობის გრძნობა, რომელიც ამუხრუჭებს სასარგებლო აქტიურობას, დეპრესიულსა და განვითარებისთვის უუნაროს ხდის მას. არასრულფასოვნობის კომპლექსის მქონე ადამიანი, როგორც წესი, ცდილობს უკეთესად მოაჩვენოს თავი, ვიდრე არის სინამდვილეში და ყალბი წარმატებით მოახდინოს მისთვის აუტანელი არასრულფასოვნობის გრძნობის კომპენსაცია.
ვფიქრობთ, რომ პროფესიულად გამოუცდელ, მაგრამ ცხოვრებაში საკმაოდ გამოცდილ „შინაურ ფსიქოლოგსაც“ კი (დედას, ბებიას, სიდედრს და დედამთილსაც) შეუძლია ამ კომპლექსის ყველაზე აშკარა სიმპტომების დადგენა. ეს სიმტომებია:
• გადამეტებული თვითკრიტიკულობა, მუდმივი დაძაბულობის შეგრძნება და ცუდი წინაგრძნობა;
• დაქვეითებული თვითშეფასება;
• კრიტიკის, ნაგატივიზმის, უარის თქმის მიმართ მაღალი მგრძნობიარობა და საზოგადოებისგან თვითიზოლაცია;
• თავის არიდება იმისგან, რამაც შესაძლოა წარმოშვას პრობლემები: პიროვნებათა შორის ურთიერთობისგან, მასთან დაკავშირებულ რისკებისგან და ამის გამო ფიზიკურ კონტაქტებისგან, ინტიმურ ურთიერთობებისგან;
• ურთიერთობის არსებობის დიდი სურვილის მიუხედავად სოციალურ სიტუაციებში მორიდებულობის, თავმდაბლობის, გაუბედაობის, უნდობლობის უკიდურესი ხარისხით გამოვლენა;
• სიმარტოვის გრძნობა/განცდა;
• საკუთარი თავის სოციალურად უუნარო, არასასიამოვნო ან სხვებთან შედარებით ”მეორეხარისხოვან” პიროვნებად აღქმა;
• საკუთარი თავის მიმართ ზიზღი;
• გართულება ურთიერთობებსა და პროფესიულ საქმიანობაში.
ამ ტიპის კომპლექსის კლასიკური მაგალითია ”მერლინ მონროს კომპლექსი” : არასრულფასოვნობის შეგრძნება + დაქვეითებული თვითსეფასება.

ამ „სიმპტომების“ მიუხედავად დასკვნის გამოტანა იმის თაობაზე კომპლექსია ეს თუ არა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ:
• ხშირად გიჩნდებათ არასასიამოვნო განცდა საკუთარი ქცევისა ან გარეგნობის თავისებურებების გამო;
• ხშირად ადანაშაულებთ საკუთარ თავს იმაში, რომ სამართლიანი არ იყავით სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში, ან საპირისპიროთ - გარშემო მყოფთ აბრალებთ იმას, რომ ისინი უსამოთლონი არიან თქვენს მიმართ;
• ხელშემშლელ შებოჭილობას განიცდით ისეთი საქმის შესრულების დროს, რომელსაც აფასებენ სხვა ადამიანები;
• გეშინიათ ან ძალიან ღელავთ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან შეხვედრის წინ;
• წარუმატებლობას ან მარცხს აბრალებთ საკუთარი ხასიათის ამა თუ იმ გამოვლენას ან პირად გარეგნობას;
• პირად ცხოვრებაში, სამსახურში, მეგობრებთან, ზოგადად კი ადამიანებთან ურთიერთობებში ავლენთ კანონზომიერებას, რომლის მიხედვითაც - ”დასაწყისში ყველაფერი კარგად მიდის, ხოლო მერე უეცრად ფუჭდება”;
• მიგაჩნიათ, რომ აღზრდის დროს მშობლებმა დაუშვეს შეცდომები, რომლებიც ამჟამად არასასურველ გავლენას ახდენენ თქვენს ცხოვრებაზე;
• თვლით, რომ შეუძლებელია ვინმემ შეგიყვაროთ;
• მიისწრაფით რაღაც იდეალურ და მიუწვდომლისკენ.

გარდა ამისა გვსურს იცოდეთ, რომ არასრულფასოვნობის კომპლექსის ”ახლო ნათესავია” - ეგრეთ წოდებული, ბრალის ან ბრალეულობის კომპლექსი. ადამიანი, რომ აწყენინებს სხვას (ან მას ხშირად და დაუსაბუთებლად თუ აბრალებენ ამგვარ ქცევას), გაუაზრებლად ცდილობს გაამართლოს მართლაც ჩადენილი თუ მოგონილი საქციელი და ამის გამო ნეგატივურად ახასიათებს „დაზარებულს“.
ბრალის მოუშორებელი კომპლექსი აიძულებს ადამიას არა მხოლოდ დაიცვას თავი დაზარალებულისგან, არამედ გაუაზრებლად დასაჯოს საკუთარი თავი. ამიტომ ამ ტიპის ადამიანი სხვაზე უფრო ხშირად ხვდება ავტომობილურ ავარიებში, მას ემართება უბედური შემთხვევა, განიცდის ფინანსურ მარცხს. იგივე მოსდის იმ ადამიანებს, რომლებსაც გააჩნია მსხვერპლის კომპლექსი. მათ ერთ წარუმატებლობას უმალვე მოჰყვება შემდეგი და საკუთარ თავისებურობას ისინი გამოიხატავენ ამგვარ ხედვაში: „რაც გინდა ვაკეთო - საქმე მაინც არ გამომდის“.

როგორ მოვიცილოთ ამგვარი კომპლექსები: პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანთა უმეტესობა ერთმანეთის მსგავსია: სხვებიც თქვენსავით ოფლიანობენ, დადიან ტუალეტში, მათაც სახეზე ამოუხტება ხოლმე მუწუკი, ისინიც იკვნიტავენ ფრჩხილებს ან ტუჩებს, იქექებიან ცხვირში და კიდევ ბევრ რამეს ჩადიან. ისინიც უწევენ ანგარიშს იმას, რომ თქვენს წინაშე უაზროდ და სასაცილოდ არ გამოიყურებოდნენ. ამიტომ იფიქრეთ იმაზე, რომ თქვენ რაღაც განსაკუთრებული ნაკლოვანებები კი არ გაგაჩნიათ, არამედ ის, რაც ნაკლოვანებად მიგაჩნდათ - თქვენი ინდივიდუალურობაა. სამყაროს შეხედეთ სხვა მხრიდან და სხვა თვალით!

უპირატესობის/განდიდების კომპლექსი. შეიძლება ითქვას, რომ ამ სახის კომპლექსი ძნელი მოსაცილებელია, ის აყალიბებს ადამიანის გონებას და ფსიქიკას, არასრულფასოვნობის გრძნობის გადასაფარად ვლინდება საკუთარი უპირატესობისკენ მისწრაფებაში. იმის მიუხედავად, რომ ყველა ცდილობს აჯობოს სხვას, ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს არ უნდა გააჩნდეს უპირატესობის კომპლექსი. რა თქმა უნდა, ნორმალურია, რომ თითოეულ ჩვენთაგანს გააჩნდეს წარმატების მიღწევის ამბიცია და სურვილი, მაგრამ ეს უნდა ვლინდებოდეს საქმის კეთებაში და არ უნდა მივყავდეთ მცდარ შეფასებებამდე, რომელიც იქცევა განდიდების მანიათ და გახდება სულიერი მოშლილობის საწინდარი...
განდიდების ქრესტომატიულად ცნობილ მაგალითად აღიარებულია ნაპოლეონის კომპლექსი. ზოგ ბრიტანელ მკვლევარს მიაჩნია, რომ საზოგადოებრივ თუ პირად (სასიყვარულო) ცხოვრებაში ამ ხარისხით განსაკუთრებული მიღწევებისკენ მისწრაფება დაბალი ტანის მქონე მამაკაცებისთვისაა დამახასიათებელი. (ბონაპარტეს კომპლექსი). ამგვარ განცდებს საკმაოდ უახლოვდება აუღიარებელი გენიოსის კომპლექსიც, რომელიც გამოიხატება გარშემო მყოფ ადამიანებთან ურთიერთობების აგების უუნარობასა + გადამეტებულად მაღალ თვითშეფასებაში.

როგორ მოვიცილოთ ამგვარი კომპლექსები: როგოც უკვე გითხარით ამ სახის კომპლექსისგან გათავისუფლება არც თუ იოლი საქმეა. პირველ რიგში ეცადეთ, რომ ქცევასა და გარშემო მყოფ ადამიანებთან ურთიერთობებში არ მიიყვანოთ მისი განვითარება პათოლოგიურ დონემდე. სამყაროს და საკუთარ თავს შეხედეთ სხვა მხრიდან და სხვა თვალით. გარედან, სხვა ადამიანებთან შედარებაში დაინახეთ და ობიექტურად შეაფასეთ საკუთარი თავი, თქვენი შესაძლებლობები, ცოდნა, უნარი, თვისებები, მანერები ... და გააკეთეთ შესატყვისი დასკვნა: ეგებ სხვა ადამიანსაც შეუძლია სწორედ იმის და ისევე კეთება, რასაც აკეთებთ თქვენ. სხვა ადამიანსაც შეიძლება გააჩნდეს ისეთივე პოტენციალი, ცოდნა და უნარი. დაფიქრდით, რამდენად სიამოვნებთ ადამიანებს თქვენთან შეხვედრა და ურთიერთობა, თუ ყოველთვის არა - მაშინ რატომ? ამის შედეგად შეიტანეთ სათანადო კორექტივები თქვენს ქცევაში, მანერებში და ადამიანებთან ურთიერთობის პრინციპებში. მაგრამ თუ მსგავსი გამოვლენა არ გიშლით ხელს, არ გიქმნით პრობლემებს და პირიქით გეხმარებათ საქმიანობაში, კარიერაში და სოციალურ ურთიერთობებში - დამშვიდდით და გააგრძელეთ ცხოვრება ძველებურად.


საწინააღმდეგო სქესის ადამიანთან ურთიერთობის კომპლექსი.
სხვა სქესის წარმომადგენელთან ურთიერთობის პრობლემები უკავშირდებიან არასრულფასოვნობის კომპლექს. მაგალითად, ვაჟს ეშინია გოგონასთან მიახლოება, ვინაიდან მიაჩნია, რომ ის ყურადღებასაც არ მიაქცევს. ხშირად ამგვარი კომპლექსი კაცისა თუ ქალის მხრიდან საკუთარი გარეგნობის მიმართ გადაჭარბებულად უარყოფითი შეფასებითაც (არასრულფასოვნობის განცდა) იყოს განპირობებული. კომპლექსის საპირისპირო გამოვლენაც არსებობს - ქალების მუდმივი ცვლით „დონჟუანობით“ მამაკაცი უმტკიცებს საკუთარ თავსა და გარშემომყოფთ, რომ ის „მაგარია“ სინამდვილეში კი პრობლემები გააჩნია ნორმალურ, სრულფასოვან ურთიერთობებში.

როგორ გადავლახოთ ასეთი კომპლექსები: შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებლად ამგვარი კომპლექსისგან განთავისუფლება რთულია. ალბათ უფრო უპრიანი იქნება მიმართოთ ამ პრობლემაზე მომუშავე ფსიქოლოგს, შესაძლოა კი სექსოპათოლოგსაც. იმ შემთხვევაში თუ პრობლემა უკავშირდება ცხოვრების წინა ეტაპზე განცდილ წარუმატებელ რომანს გირჩევთ გაათვითცნობიეროთ, რომ ერთი გოგონა/ქალი (ქალის შემთხვევაში კი - კაცი) ცუდად თუ მოგექცათ - ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი მოვლენა მომავალშიც განმეორდება.

პასუხისმგებლობის შიშით გამოწვეული კომპლექსი: კომპლექსი ვლინდება როდესაც ადამიანს ეშინია საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე რაც ხდება მის ცხოვრებაში და მუდმივად გამოთქვამს პრეტენზიას იმის გამო, რომ მის გარშემო ყველაა დამნაშავე, ხოლო თვითონ კარგი და შესანიშნავია. სპეციალისტების ენით, რომ ვთქვათ - ის დაცვით რეჟიმში იმყოფება. ანუ უმოქმედობა მისთვის ძალზე კომფორტულია ვინაიდან ყველა წარუმატებლობაში შეუძლია დაადანაშაულოს სხვები ან ვითარება.

როგორ გადავლახოთ ასეთი კომპლექსი: იცოდეთ და მუდამ გახსოვდეთ, რომ ყველაფერზე რაც კი გვემართება ცხოვრებაში არა სხვები, არამედ ჩვენ თვითონვე ვართ პასუხისმგებელნი და უპირველესყოვლისა საკუთარი თავის წინაშე. ამგვარი შემთხვევისთვის რეკომენდაცია შეიძლება ასეთი იყოს: გამოიჩინეთ მეტი ინიციატივა საქმის კეთებაში, შინ და გარეთ, განსაკუთრებით სამსახურში (რა თქმა უნდა თუ ასეთი გაგაჩნიათ). ნუ შეუშინდებით კონსტრუქტიული იდეების წამოყენებას, ხელი მოჰკიდეთ აშკარად რთულ პროექტს და გჯეროდეთ, რომ ყველაფერი გამოგივათ. გესიამოვნებათ კიდევაც საკუთარი თავის საჭირო და მნიშვნელოვან ადამიანად აღქმა. პასუხისმგებლობა არც თუ იმდენად საშიში და საშინელი რამაა!

პირადი აზრის გამოხატვის შიშით გამოწვეული კომპლექსი: ამ სახის კომპლექსის ფესვები ბავშვობაში უნდა ვეძებოთ. ალბათ ყველას გვემახსოვრება მშობლებისა თუ ბაბუა - ბებიას მიერ ჩვენი „სწორი აღზრდის“ მიზნით არაერთხელ ჩამოთვლილი კატეგორიული აკრძალვების ნუსხა: “შენც რომ გეხებოდეს საუბრის თემა ჩუმათ უნდა იჯდე”; “ხმა არ ამოიღო და არ ჩაერიო ლაპარაკში სანამ უფროსები არ შეგეკითხებიან (ანუ არ დაგრთავენ ნებას)”; “ხმამაღალი სიცილი - სამარცხვინოა”; ან,რომ არ შეიძლება აკეთო ის რაც შენ გსურს და უნდა აკეთო მხოლოდ ის რასაც მშობელი გეუბნება; გოგონას მისამართით კი, თუ მას თავისი ხედვის ან სხვისი პოზიციის თაობაზე საუბარი სურს - ეს ჭორიკანობაა და ძალიან ცუდია; ან, რომ ბიჭები არ ტირიან; რომ წესიერი და ზრდილობიანი ადამიანები ასე არ იქცევიან და ა.შ. ბავშვი თუ ამგვარი მუდმივი და კატეგორიული „ქადაგეგების“გავლენის ქვეშ იზრდება ის მიიჩნევს, რომ პირადი აზრი არ უნდა გამოთქვას და საკუთარი ემოციები არ უნდა გამოხატოს, პირიქით უნდა დამალოს სხვა ადამიანებისგან. ამის შედეგად საქმე პარადოქსამდეც შეიძლება მივიდეს: საცოდავს მდუღარესაც რომ ასხავდნენ ხმას ის არ ამოიღებს.

როგორ მოვიცილოთ ამგვარი კომპლექსი: ბოლოს და ბოლოს, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაბედეთ და საჯაროდ განუცხადეთ გარშემო მყოფთ თქვენი მოსაზრება იმ საკითხის მიმართ, რომელშიც თქვენ მართლაც კარგად ერკვევით, ან სხვებთან ერთად მოურიდებლად იმსჯელეთ მასზე, აქტიურად ჩაერთეთ დისკუსიაში, გაარჩიეთ სხვის მიერ წამოყენებული დებულებები, დააფიქსირეთ საკუთარი აზრი, პოზიცია, დამოკიდებულება და თუ ამის შემდეგადაც „ცოცხალი დარჩით“, ჩათვალეთ, რომ ერთი კომპლექსისგან მაინც განთავისუფლდით.

სიმაღლის, სიბნელის, შეზღუდული ან ღია სივრცის შიშით გამოწვეული კომპლექსი:
ეს კომპლექსი შესაბამისი ფობიით, შიშითაა წარმოქმნილი. უმეტესად ამგვარი შიში ადამიანს ფსიქოტრავმატული სიტუაციების შედეგად უჩნდება. მაგალითად, იმ ადამიანების უმეტესობა, რომლებსაც ბავშვობაში მოუწიათ ლიფტში დიდი ხნით ჩარჩენა (გაჭედვა) შეზღუდულ სივრცეში განიცდიან დისკომფორტს, ვინაიდან რომც არ ახსოვდეთ ბავშვობაში მომხდარი ფაქტი ქვეცნობიერად ამგვარი შოკის განცდის მაინც ეშინიათ. თქვენც ხომ იცნობთ ადამიანებს, რომლებიც არ ჯდებიან ლიფტში, არ მგზავრობენ მეტროთი ან თვითმფრინავით, ვერ შედიან ჩაბნელებულ ოთახში და ა.შ. ? მათ ქვეცნობიერებაში დარჩა ოდესღაც გამოცდილი ან მსგავსი სიტუაციის მხოლოდ თეორიული გააზრებით გამოწვეული შიში.

როგორ გადავლახოთ ასეთი კომპლექსები: ეფექტური „წამლის რეცეპტი“ ან „დანიშნულება“ მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს: რაც გაშინებთ - სწორედ იმას გაუმკლავდით. სიმაღლის თუ გეშინიათ - გადმოხტით პარაშუტით, განიცდით კლაუსტროფობიას (შეზღუდული სივრცის შიშს) - ორი საათით ჩაიკეტეთ კარადაში, სიბნელე გაშინებთ - შედით ბნელ ოთახში და დიდხანს არ ჩართოთ შუქი.

ზოგიერთი კომპლექსი საყოველთაოთ გახდა ცნობილი მითოლოგიის, დრამატურგიისა და თეატრის „დამსახურებით“, მაგალითად:

კაენის კომპლექსი - უმფროსი ძმის შური უმცროსი ძმის მიმართ, იმის გამო, რომ უმცროსს მეტი სიყვარული და სითბო ხვდებოდა ბავშვობიდანვე;
იონას კომპლექსი - იმაში გამოიხატება, რომ ადამიანი განიცდის წარმატების შიშს და ამის გამო აქვეითებს საკუთარ მოთხოვნილებებსა და ამბიციებს;
პოლიკრატეს კომპლექსი - მსგავსი კომპლექსია და ვლინდება იმაში, რომ ნებისმიერი მიღწევის მოახლოების პერიოდში ადამიანში უზომოდ იზრდება მღელვარება და შიშის განცდა.
ოიდიპოსის კომპლექსი - ალბათ ყველამ იცით ?;
იოკასტას კომპლექსი - ოიდიპოს მეფის კომპლექსის შებრუნებული სახეობაა. ამ კომპლექსის პროდუქტი - დიდიკოს ბიჭებია;
ელექტრას კომპლექსი - ოიდიპოსის კომპლექსის ანალოგიურია, იმ განსხვავებით, რომ ქალიშვილის მამისკენ მისწრაფებაში გამოიხატება.

აგრეთვე არსებობს სპეციალისტებისთვის კარგად ცნობილი ან ჯერ შეუსწავლელი, ახალ ეპოქას მოყოლილი მრავალი სხვა კომპლექსიც.

თვითოეულ ჩვენთაგანს შეიძლება გააჩნდეს განსხვავებული, თითის ანაბეჭდივით განუმეორებელი კომპლექსები ან კომპლექსების მთელი „კრებული“.ზოგი მათგანი უფრო ძლიერია და ზეგავლენას ახდენს ჩვენს სულიერ სამყაროზე ან ქცევაზე, ზოგი კი იმდენად სუსტია, რომ იშვიათად ააშკარავებს თავს. ორივე კატეგორიის კომპლექსები არსებობენ ჩვენს ქვეცნობიერებაში და „ზედაპირზე“, ანუ აქტიურ ცნობიერებაში მათი ამოსვლა ყოველთვის იწვევს არასასურველ, უსიამოვნო და ზოგჯერ მტკივნეულ პროცესებს. თუ მიიჩნევთ, რომ რომელიმე ხელს გიშლით ცხოვრებაში - უნდა ეცადოთ გადალახოთ ის, ხოლო მათ, რომლებიც თქვენს ყოფაზე არ ახდენენ მნიშვნელოვან გავლენას უმჯობესია ჯერ-ჯერობით დაანებოთ თავი.

არ იფიქროთ, რომ კომპლექსებისგან თავის დაღწევა უბრალო და იოლი საქმეა. ეს პროცესი ზოგიერთ მავნე ჩვევისგან (მაგალითად თამბაქოს მოწევა) გათავისუფლებაზე არანაკლებ რთულია. კომპლექსებს საკმაოდ მაღალი მდგრადობა გააჩნიათ და ამიტომ მათი დაძლევა მონდომებას, დროს და მოთმინებას მოითხოვს.
როგორ მივაღწიოთ პრობლემის გადაწყვეტას?
ნაბიჯი პირველი - გავათვითცნობიეროთ, ვინაიდან კომპლექსები გაუთვითცნობიერების „შვილობილები“ არიან. თევზი კარგად, რომ დაათვალიეროთ ნაპირზე ხომ უნდა გამოიყვანოთ? ანალოგიურად უნდა მოექცეთ კომპლექსებსაც, იმიტომ, რომ ისინი „ცხოვრობენ“ ლაღად სანამ არავინ, ანუ თქვენ - არ ხედავთ მათ.
შემდეგი ნაბიჯი - კომპლექსი კი არ უნდა „განდევნოთ ცემა-ტყეპით“, გამართეთ მასთან „დიპლომატიური მოლაპარაკებები მაღალ დონეზე“. მიიღეთ ის, როგორც დიდი ხნის განმავლობაში თქვენი სულის საკმაოდ ცნობილი ნაწილი. პრაქტიკულად, რომ ვთქვათ - დაარქვით რეალური სახელი (ანუ - ნუ მოიტყუებთ თავს). ამის შემდეგ „განუცხადეთ“, რომ კარგად იცნობთ მას და ის თქვენ უეცრად/მოულოდნელად ვეღარ ჩაგისაფრდებათ. ჩავთვალოთ, რომ ამ ნაბიჯის დონეზე თქვენ უკვე კარგად იცით რა შემთხვევაში და რა სახით შეიძლება გამოვლინდეს ესა თუ ის კომპლექსი.
ამის შემდეგ - კომპლექსს ჯიუტად კი არ ეჭიდაოთ, არამედ მიუჩინეთ კუთვნილი ადგილი, რათა იცოდეთ სად და რა მომენტში ის იჩენს თავს, რომ არ შეეჯახოთ, არამედ გვერდი აუაროთ მას და გარდაქმნათ ის თქვენ სასარგებლოდ. თუ ამას შესძლებთ კომპლექსი იცვლის სახეს და წარმოდგება თქვენი ხასიათის სასარგებლო თვისებად, მაგალითად: არასრულფასოვნობის კომპლექსი - ზომიერ თვითკრიტიკულობათ; უპირატესობის ან განდიდების - საკუთარი თავის პატივისცემათ; ბრალის - ემოციურ თანაგრძნობათ; კლეოპატრას კომპლექსი - მამაკაცების მომხიბვლელ უმანკო კეკლუცობათ; დონჟუანის კი - მართლაც საყვარელი ქალბატონის საპასუხო გრძნობის მოპოვებათ.

არ იფიქროთ, რომ ეს პუბლიკაცია - თავისებური ტესტია. ის მხოლოდ გიქმნით იმის შესაძლებლობას, რომ უკეთ გაერვიოთ კომპლექსების არსში და მოძებნოთ მათგან დაღწევის გზა. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ხშირად, ყველანი თუ არა - უმეტესობა მაინც, ვცდილობთ საკუთარი ქცევა ავხსნათ ობიექტური მიზეზებით და არ ვითვალისწინებთ იმას, რომ ხშირად საკუთარი თავის შინაგანი „შემზღუდავი“ - ჩვენი კომპლექსი გვმართავს. ამიტომაც მივიჩნიეთ, რომ ცოდნა - პირველი ნაბიჯია კომპლექსების ტყვეობიდან დაღწევის გზაზე. ავტორი :ალექსანდრე ეჯიბაძე

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.