Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

სულისა და მისი ორგანიზმის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ

§146. თავის შინაარსი. სულის, მისი ძალებისა და უნარების, განსაკუთრებით წინა თავში აღწერილ მის მდგომარეობათა ზუსტი და სწორი შემეცნება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ცნობილი გახდება სულსა და ორგანიზმს შორის ჭეშმარიტი ურთიერთდამოკიდებულება და ორგანიზმის გავლენა სულზე. ფსიქოლოგიისათვის უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხის - სულისა და სხეულის ურთიერთდამოკიდებულების განსაზღვრა ჩვენს დროში წინ წავიდა რიგ გერმანელ მეცნიერთა გამჭრიახობის წყალობით (ნაიე, განსაკუთრებით კარუსი და კოლენკე) [14]. ჩვენ ხშირად, განსაკუთრებით კი ფაქტიური მასალის გადმოცემისას, ვიხელმძღვანელებთ მათი მითითებით. მაგრამ მიუხედავად მათი ღრმა განსწავლულობის აღიარებისა, ჭეშმარიტებისადმი სიყვარული მაინც გვაიძულებს ბევრ არსებით პუნქტში დავუპირისპირდეთ მათ შეხედულებებს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამ დაპირისპირებულობას არავინ მიაწერს ჩვენს თავდაჯერებულობას. ჭეშმარიტება უმეტესწილად წარმოადგენს საგნის შესახებ ბევრი დავისა და მრავალ მოსაზრებათა შედეგს. ერთეული ადამიანი, რაგინდ განსწავლული და გამჭრიახი უნდა იყოს ის, შეძლებს განიხილოს საგანი ყოვლმხრიობაში.

§147. როდისაა შესაძლებელი სულისა და ორგანიზმის ურთიერთდამოკიდებულებაზე დაკვირვება? ჯერ ერთი, ყოველი მიუკერძოებელი ადამიანი დაგვეთანხმება, რომ სულსა და ორგანიზმს შორის ურთიერთდამოკიდებულებას შეიძლება და უნდა დავაკვირდეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სულიცა და სხეულიც აღწევენ გარკვეულ განვითარებას და ავლენენ თავიანთი სიცოცხლის ძირითად ფორმებს; ეს კი შეიმჩნევა ბავშვის დაბადებიდან არა უადრეს რვა-ცხრა თვის შემდეგ, როდესაც მასში რამდენადმე თავს იჩენს მიხვედრის და ზოგიერთ სხვა სულიერ უნართა ნიშნები. საერთოდ კი ამ ორ ნაწილს შორის მიმართებას უკეთესია დავაკვირდეთ მოზრდილ ადამიანში, ვინაიდან ამ ასაკში ყველა გარემოება აადვილებს და ხელს უწყობს ამგვარ დაკვირვებას. რომ ვინმემ მოინდომოს კიდეც ამგვარი დაკვირვების წარმოება იმ მომენტიდან, როდესაც ადამიანის ორგანიზმი იწყებს არსებობას ჩანასახის სახით, არ უნდა ველოდეთ მისგან რაიმე წარმატებას განზრახვის შესრულებაში. კიდეც რომ შეძლოს მან თანმიმდევრულად შეისწავლოს ჩანასახის განვითარება მისი ყველა ცვლილებებით განაყოფიერების მომენტიდან სრული ორგანიზმის ჩამოყალიბებამდე, ეს მაინც იქნება საკითხის ცალმხრივი შესწავლა; საკითხის მეორე მხარე, ე.ი. სულის საწყისი და მისი მიმართება წარმოქმნად ორგანიზმთან ყოველთვის დარჩება მისთვის საიდუმლოებად, რადგან შეუძლებელია გაიგო და ამოხსნა - რა მიმართებაში იმყოფება სული წარმოქმნად ორგანიზმთან.

2. ალბათ, ასევე, ყველა ადვილად დაგვეთანხმება, რომ ბავშვი ვითარდება და სრულყოფას აღწევს თანდათან, ამასთან იმ საშუალებებისა და უნარების წყალობით, რაც მან ღმერთისგან მიიღო; ვითარდება მისი როგორც სხეული, ისევე სული: ბავშვი იწყებს იმით, რომ სწავლობს წოვას, ხელ-ფეხისა და სხეულის სხვა ნაწილების გამოყენებას, გრძნობების მოხმარებას და ამთავრებს ბჭობის, დასკვნების გაკეთებისა და შემეცნების უნარის დაუფლებით. ყოველივე ამას იგი იძენს თანდათანობით. ეს ორი დებულება არ საჭიროებს არავითარ დასაბუთებას, ვინაიდან ყოველდღიური გამოცდილება სრულიად უეჭველად გვარწმუნებს მათ სისწორეში. ასე რომ, ისინი შეიძლება აქსიომებად მივიჩნიოთ, მაგრამ, ამასთან, ეს დებულებანი სრულ წინააღმდეგობაშია ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენებ მეცნიერთა ძირითად ნააზრევთან.

კლენკე თავის „ორგანულ ფსიქოლოგიაში“ სულსა და სხეულს შორის მიმართების შესწავლას იწყებს არა მხოლოდ ახალშობილში რაიმე სულიერ უნართა გამოვლენამდე, არამედ დედის საშოში ჩანასახის წარმოქმნამდეც კი: მას მიაჩნია, რომ ადამიანის ორგანიზმს თვით განაყოფიერების აქტიდან სიკვდილამდე აყალიბებს ადამიანის სული. აი, მისი სიტყვებიც: „თუ თვალს გავადევნებთ საერთოდ ორგანიზმის განვითარებას, გენეტიკური გამოკვლევა დაგვანახებს, რომ რაღაც გაურკვეველი წერტილიდან თანდათანობით თავს იჩენს სასიცოცხლო მოქმედება და შინაგანი კანონების შესატყვისად, ამ გაურკვევლობიდან ვითარდება მთელი რიგი მეტამორფოზებისა და წარმონაქმნებისა, თავიანთი დაპირისპირებულობითა და ურთიერთდამოკიდებულებით მუდმივ მიმართებაში რომ იმყოფებიან მთელთან, რომელიც დროსა და სივრცეში ხორციელდება. მაგრამ პერიოდებსა და ფორმებში ორგანიზმის განვითარება ისეთი სიზუსტით ხდება, რომ შეუძლებელია არ ვაღიაროთ სიცოცხლის ყოველ მომენტში პირველსახის, როგორც უმაღლესი იდეალური ძალის, შემოქმედებითი ძლიერება, ორგანიზმის ყოველ წარმონაქმნში რომ იჩენს თავს. ეს იდეალური ძლიერება [15] ქმნის განუწყვეტლად და თანაც ისეთი წინდახედულობით, თითქოს ადრევე მოფიქრებული აქვს ყველა შემდგომი პერიოდი და უკვე არსებული შენაქმნით ამზადებს მომავალს. ამიტომ ორგანიზმის ეს იდეა ამასთანავე წარმოადგენს მთელის პირველსახეს, რომლის სწორ მოძრაობასა და განვითარებაში ვლინდება ცნობიერი აზროვნება. უკვე ჩანასახშივე, თითქოს მთელი მომავლის წინასწარხედვით, იგი ატმოსფეროსა და ამ სამყაროს მოვლენებში ორგანიზმის საცხოვრებლად ისე მომართავს ორგანოებს, ისე გონივრულად განალაგებს განვითარების პერიოდებსა და მეტამორფოზებს, რომ ერთი პერიოდიდან გამომდინარეობს მეორე და ყოველი პერიოდით ნათლად და თანდათანობით მჟღავნდება ინდივიდუალური სიცოცხლის განმსაზღვრელი იდეის ყოფიერება და ნება რეალურ სამყაროში“.

„სხვადასხვაგვარ ნაწილთაგან შედგენილი ასე ლამაზი ადამიანური ორგანიზმი, როდესაც პირველად იდგამს ფეხს ბუნებაში, წარმოადგენს კვერცხის სითხის მხოლოდ წვეთს, თუმცა ინდივიდუალობის იდეა განუყოფლად თან ახლავს მას, ვინაიდან ამ წვეთში იწყება უკვე მომავალი მრავალფეროვნების განვითარება და ჩამოყალიბება. ამ წვეთში იდეა ყველაზე მცირედ ვლინდება, ვინაიდან ბუნების სიცოცხლე ქმნის დროსა და სივრცეში; კვერცხის სითხის წვეთში ჯერ კიდევ საერთოდ არ შეიმჩნევა ის მრავალფეროვნება, რომელიც მომავალ ორგანიზმს ახასიათებს, მაგრამ იმავე წვეთიდან შემოქმედებითად ვითარდება ორგანიზმი. შემოქმედებითი მოღვაწეობა, აღსავსე ცნობიერი, უსასრულო მომავლით, წარმოადგენს იდეას, რომელსაც სულს ვუწოდებთ. იგი იმ ფენომენის ყოფიერების გაგებაა გონების საშუალებით, რომელიც აზროვნებს და მარადიულად არსებული პირველსახიდან ქმნის, გარდაქმნის და აყალიბებს მატერიას. რაც უფრო იზრდება იდეა თავისი რეალური ინტენსიობით, მით უფრო სახესრულია მატერია, როგორც იდეის ექსტენსიური უკუფენა“.

„ორგანიზმი განუწყვეტლივ მოქმედებაშია. ეს მოქმედება თავს იჩენს მხოლოდ ინდივიდუალური იდეის მთელი სისრულის გამოვლენით სხვადასხვა ფორმებში, დროსა და სივრცეში, რიგი მეტამორფოზების წყალობით კი აღწევს იმას, რომ ყოველი შემდგომი განვითარება უახლოვდება თავის მიზანს. განუწყვეტელი მოქმედება გულისხმობს წინამავლის მოსპობას, მაგრამ იდეალური განვითარება თუმცა დროში მიმდინარეობს, თავისი არსებით მუდამ რჩება იდეალურად. ამიტომ მოსპობა ორგანიზმის მხოლოდ სხეულებრივ მხარეს ახასიათებს, რაც ვლინდება სუბსტანციის გაქრობასა და ცვალებადობის ფენომენში. ორგანული იდეა ყალიბდება იდეალურად და მისითვე ყალიბდება მატერია პირველსახეშივე წინასწარ დასახული შესაძლო მრავალფეროვნებით. როგორც კი იდეა შეამზადებს ორგანიზმს ბუნებასთან ახალი ურთიერთქმედებისთვის, მაშინვე გამოჩნდებიან ახალი ორგანოები. ნივთიერება, რომელსაც ორგანიზმი გარედან ღებულობს გარკვეული მიზნით, აღმოჩნდება თუ არა ინდივიდუალურ სიცოცხლესთან ურთიერთობაში, იშორებს გარეგანი სამყაროს ყველა თვისებას და ორგანიმზის საფუძვლის - კვერცხის სითხის ერთგვაროვნებაში ითქვიფება. მაშასადამე, ყოველ წამს მეორდება ძირითადი ფენომენი, - მარტივის გადასვლა მრავალსახეობაში და ა.შ.“

§148. ამ მოძღვრების განხილვა. აქ მოყვანილი სიტყვებიდან ყველას შეუძლია დაინახოს, რომ მათში მტკიცდება სწორედ ის აზრი, რომ სული, ანუ იდეა თვითონვე ქმნის თავის ორგანიზმს. ეს აზრია გაბატონებული კლენკეს მთელ ფსიქოლოგიაში, მაგრამ იმის ვარაუდი, თითქოს სული, ანუ იდეა თვითონ ქმნიდეს თავის სხეულს, შეიცავს უამრავ შეუსაბამობას და არ შეიძლება გაზიარებული იქნეს დადებითი მეცნიერების მიერ.

ჯერ ერთი, ეს ვარაუდი არ შეიძლება დასაბუთდეს როგორც ფაქტი, როგორც ნამდვილი მოვლენა, და მუდამ დარჩება ჰიპოთეზის სფეროში. განა შესაძლებელია, თვალი მივადევნოთ იდეის, ანუ ფსიქეს მოქმედებას ჩანასახის საწყისი განვითარებიდან, როდესაც თვით ამ განვითარების ხასიათი, ჩანასახის რაგვარობა, მისი მეტამორფოზები და სხვა, წარმოადგენენ დაკვირვებისათვის იმდენად რთულ მოვლენებს, რომ მათი მთლიანად არც გაგებაა შესაძლებელი და არც ახსნა. ამაში ყველა ფიზიოლოგია შეთანხმებული. თუ იდეის შემოქმედუნარიანობის დაშვებამდე მივყავართ იმ მოვლენას, რომ ჩანასახი ვითარდება საოცრად გონივრულად და რომ ორგანიზმის ჩამოყალიბების ყოველი მეტამორფოზა სრულდება საოცარი წინასწარდასახულობით, მიზანშეწონილობით, მაშინ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დედის საშოში ადამიანის ორგანიზმი წარმოიშობა ზუსტად იმავე კანონების მიხედვით, როგორც მცენარე თესლიდან. ისე ჩანს, რომ ჩანასახში წინასწარაა ჩადებული მთელი მომავალი ორგანიზმის ფორმა, არისტოტელე რომ ენტელექიას უწოდებდა და მამაკაცის თესლი ანაყოფიერებს, ე.ი. აძლევს ბიძგს მას წარმოქმნისთვის ისევე, როგორც მცენარის მარცვალში მოცემულია მომავალი მცენარის მთელი ფორმა, რომელიც იწყებს სიცოცხლეს მაშინვე, როგორც კი მიწის ტენი გააღვივებს მას. ამ შეხედულებას გვიდასტურებს ბევრი სწავლული ფიზიოლოგის დამოწმება. აი, ვალენტინის სიტყვები: „ორგანულ სხეულთა თვითმოქმედებას ხშირად იმ ვარაუდამდე მივყავართ, რომ სხეულის მატერიას მართავს განსაკუთრებული სასიცოცხლო ძალა, რომელიც ასრულებს არაორგანული ბუნებისაგან განსხვავებულ, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ მოქმედებას და მისი საშუალებით განაპირობებს სასიცოცხლო მოქმედებებს... მაგრამ ეს ვარაუდი არა მხოლოდ ვერ გვიხსნის ბევრ უცნობ პირობებს, არამედ, პირიქით, გვიბიძგებს დასკვნებისაკენ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ზუსტი ფიზიოლოგიური ცნების შედეგებს. იგი აღმართავს ბუნებაში არარსებულ კედელს ცოცხალ და არაცოცხალ ფიზიკო-ქიმიურ მოვლენებს შორის. მართალია, ეს ვარაუდი ერთი შეხედვით გვაცდუნებს იმით, რომ სასიცოცხლო პროცესებს მიაწერს განსაკუთრებულ, მაღალი ზეგავლენის უნარს, მაგრამ შედარებით ზუსტი და მიუკერძოებელი გამოკვლევა გვიჩვენებს, რომ იგი მხოლოდ აბუნდოვნებს უფრო საოცარი პირობის შესახებ ცნებას: როგორ ახორციელებს ბუნება ცოცხალ ქმნილებაში ამდენ განსაკუთრებულ და მრავალფეროვან მოქმედებას საკვირველად მოწყობილი ორგანიზაციის საშუალებით და ისიც მხოლოდ საერთო ძალებზე დაყრდნობით“.

„თუ ვიფიქრებთ, რომ სასიცოცხლო მოვლენები წარმოადგენენ უბრალოდ ბრძნული ორგანიზაციული გეგმის შედეგებს, მაშინ ყველა სიძნელე ქრება: ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩანასახში უკვე ჩაქსოვილია პირობები, რომელთა საშუალებითაც საკვებ ნივთიერებათა შეთვისების შედეგად აღმოცენდებიან საერთო მიზნის შესატყვისი ახალ-ახალი წარმონაქმნები. ამგვარად აღმოცენდებიან, მაგალითად, უჯრედები და ბუშტულები, რომლებიც თავიანთი ბუნების მიხედვით მოქმედებენ უკვე არსებულ ელემენტებზე და განსაზღვრავენ საკვების გარდაქმნას“.

ამ სიტყვებიდანაც და იმ ფიზიოლოგთა ყველა ცდა-დაკვირვებიდან, რომელნიც არ მიმართავენ ჰიპოთეზებს, შეიძლება დავასკვნათ, რომ ადამიანის - ისევე, როგორც მცენარეთა - სხეულის ჩამოყალიბების პროცესი გაბატონებულია მხოლოდ ფიზიკური, ქიმიური და ორგანული კანონები. ფიზიოლოგთა დიდი უმრავლესობა იმ დაშვებისკენ უფრო იხრება, რომ ორგანიზმის ჩანასახი ყალიბდება მხოლოდ ორგანული კანონების მიხედვით. გამოცდილ ფიზიოლოგთა შორის იშვიათად თუ ვინმე დაეთანხმება იმას, რომ თვით სული შეგნებულად აყალიბებდეს სხეულს.

მეორეც, ამ დაშვებიდან გამომდინარეობს, ადამიანის სული ჯერ კიდევ თავის ნამდვილ სრულყოფამდე (კერძოდ, მანამდე, ვიდრე შეიძენდეს წარმოდგენის, აზროვნების და ა.შ. უნარებს) მოქმედებს გონიერად, შეგნებულად და უფრო უკეთ და სწორადაც კი, ვიდრე შემდგომ; დაგვეთანხმებით, თავისთვის ასეთი მშვნიერი ორგანიზმის ჩამოყალიბება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და ძნელი საქმეა, ვიდრე სულის მთელი შემდგომი მოღვაწეობა. თუ სულმა იმიტომ შექმნა თვალნი, რომ წინასწარ იცოდა სამყაროში სინათლის არსებობა, რომელიც უნდა აღგვექვა, ასევე შექმნა ყურნი იმის გათვალისწინებით, რომ საჭირო იქნებოდა ჰაერის რხევათა აღქმა და სხვ., მაშინ იგი გაცილებით გონიერი ყოფილა მანამდე, სანამ ნამდვილად დაიწყებდა აზროვნებას და მოქმედებას. მაგრამ როგორღა გავიგოთ ვითარება, როდესაც დედის საშოში ასე გონიერი და გამჭრიახი სული ჩვილის დაბადებისთანავე კარგავს ამ თვისებებს და იძულებულია თავიდან დაიწყოს ყველაფრის სწავლა? როგორ ხდება, რომ სული სრულიად ვერ აცნობიერებს თავის ამ შემოქმედებით მოღვაწეობას? ამ კითხვებისაგან თავის დასაღწევად კლენკე არაცნობიერი აზროვნების შესახებ ჰიპოთეზას გვთავაზობს. მისი შეხედულებით, სულში ორგვარი აზროვნებაა - ცნობიერი და არაცნობიერი. უკანასკნელის წყალობითაა, რომ სული აყალიბებს თავის ორგანიზმს. მაგრამ რას წარმოადგენს ეს არაცნობიერი აზროვნება? აზროვნება ცნობიერებაა, ცნობიერება კი აზროვნება. სხვაგვარი აზროვნება არაა და არც შეიძლება იყოს. თქმა იმისა, რომ არსებობს არაცნობიერი აზროვნება, ნიშნავს იგივეს, რომ ვამტკიცოთ შეუგრძნობელი შეგრძნების, უძრავი მოძრაობის არსებობა. ასეთი დაშვებისას ისიც ხომ უნდა ვამტკიცოთ, რომ სკამი, რომელზედაც ჩვენ ვსხედვართ, შეიგრძნობს და აზროვნებს, ოღონდ არაცნობიერად.

ბოლოს, მესამე. არ შეიძლება არ ვახსენოთ კიდევ ერთი შეუსაბამობა. თუ სული მართლაც განზრახ და გონიერად აყალიბებს თავის ორგანიზმს, მაშინ რატომაა, რომ ბევრი ადამიანის ორგანიზმი ასე არასრულყოფილია, ავადმყოფურია, დიდად ნაკლოვანი ორგანოებით აღჭურვილია? უფრო მეტიც, რატომაა, რომ ჩვეულებრივი ადამიანური ორგანიზმის ნაცვლად ზოგჯერ ჩნდებიან მახინჯები, რომლებიც არ გვანან ადამიანებს? საოცარი იქნებოდა გვეფიქრა, რომ მათ სული წარმოქმნის. რატომ უნდა უმტროს მან თავის თავს! და საერთოდ, აქ არ შეიძლება არსებობდეს რაიმე დამაკმაყოფილებელი პასუხი, რადგანაც დაშვებულია, რომ იდეა, ან სული წარმოადგენს ხუროთმოძღვარს, ხოლო ჩანასახი - მასალას, რომლისგანაც იგი ქმნის საკუთარი შეხედულების მიხედვით. თუ ვინმე იტყვის, რომ არანორნალურ ორგანიზმს წარმოშობს არანორმალური მდგომარეობა თვით ამ მასალისა, ჩანასახისა, რომლისგანაც იდეა ან სული ქმნის ორგანიზმს, მაშინ მან ისიც უნდა დაუშვას, რომ ორგანიზმის წარმოქმნა ფიზიკურ ძალებსა და კანონებს ექვემდებარება და, ამდენად, არაა დამოკიდებული სულზე.

§149. ასეთი მოძღვრების საფუძვლის შესახებ. იმ ფილოსოფიური სისტემის თვალსაწიერიდან, რომლის პრინციპებითაც გამსჭვალულია კლენკეს ფსიქოლოგია, ჩვენს მიერ განხილულ ფსიქოლოგიას, როგორც ჩანს, შეიძლება მოეძებნოს თავისი საკმაო საფუძველი. ეს სისტემა არსებითად არ ასხვავებს სულს და ორგანიზმს, მიიჩნევს რა მას ერთიან არსად. „ორგანიზმი წარმოადგენს იდეის, ან სულის გამოვლინებას, ან იდეა, განხორციელებული სინამდვილეში - ესაა სამყაროს საყოველთაო სასიცოცხლო ძალის ინდივიდუალური გამოვლენა. ორგანიზმი თავის გამოვლინებაში, როგორც გრძნობებს დაქვემდებარებული მთელი, წარმოადგენს ორგანულ სხეულს, არსებითად კი - როგორც იდეალური მთელი, წარმოადგენს ორგანულ იდეას, ანუ სულს“. „იდეა და მატერია განაპირობებენ ერთურთს. იდეალური მთელი განივთებული სახით იქცევა რეალობად; ამდენად, ორივეს მიზეზი ერთი და იგივე უნდა იყოს. რეალობად ქცეულნი, მათ არსებით შეერთებულობაში სული და მატერია წარმოადგენს ორგანიზმს, ორგანულ ერთიანობას, რომლის დანაწევრება სხეულებრივ და იდეალურ მხარეებად მეცნიერების თვითნებობის შედეგია“. ბოლო ტირადა უორჭოფოდ გვარწმუნებს იმაში, რომ ეს სისტემა არ უშვებს გენეტიკურ (არსებით) განსხვავებას იდეასა (სულსა) და ორგანიზმს შორის: ისინი წარმოადგენენ რაღაც ერთიანს, როგორც ერთი და იმავე არსის ორი მხარე. ამასთანავე კლენკეს მთელი წიგნის გულდასმით გააზრება საბოლოოდ გვარწმუნებს, რომ მისი აზრით, სული და სხეული არ განეკუთვნებიან სხვადასხვა არსთ; სული წარმოადგენს სამყაროს იდეალური სიცოცხლის იმ განსაკუთრებულ გამოვლენას, კერძო სახეს, რომელსაც ორგანიზმში ინდივიდუალური და ცნობიერი მდგომარეობა იღებს. მაგალითისთვის ავიღოთ შემდეგი სიტყვები: „მეცნიერებას სინთეზური გონებაჭვრეტით უცბად არ შეეძლო მიეღწია განუყოფელი ერთიანისათვის; თავდაპირველად განსჯა ეძებს განსხვავებულობებს და გაყოფით მიღებულ ნაწილებს, რომელნიც სხვათაშორის თვით საგანს როდი ახასიათებენ, არამედ ეფუძნებიან განსჯისეულ სუბიექტურ გააზრებას. და ასე მეცნიერებად ინტელექტუალური გზით გაყო მთელი იდეად ანუ სულად და ა.შ.“ ე.ი. გაყოფა არ ემყარება თვით საგნის არსს. უფრო ნათლად ეს აზრი გამოთქმულია სხვა ადგილას: „იმდენად, რამდენადაც ადამიანის სული წარმოადგენს ბუნებისა და ღვთაებრივი სულის უმაღლესი ერთიანობის იმ სფეროს, რომელიც გამოიხატება ადამიანის ინდივიდუალურობით“ და განეკუთვნება ინდივიდუალურ მოვლენას, ყოველი ორგანულად გამოხატული მიმართულება, როგორც სულიერი გამოვლენა არ შეიძლება დარჩეს იმ ინდივიდუალურ სფეროში, რომელიც განეკუთვნება სამყაროს სულს და წარმოადგენს ცნობიერ ინდივიდუალობას - ფსიქეს“.

ცხადია, ამგვარი მოძღვრება წარმოადგენს პანთეისტური მიმდინარეობის შედეგს და არასგზით არ შეიძლება გამართლებულ იქნას არც საღი აზრით და არც ცდით. აქ არაა ადგილი საერთოდ პანთეისტური მოძღვრების უარსაყოფად; ხსენებულ შეხედულებას განვიხილავთ მხოლოდ იმ კუთხით, რომლითაც იგი ჩვენს საკითხს ეხება.

ჯერ ერთი, ეს შეხედულება აღრევაა სხვადასხვა საგნებისა და ცნებებისა. ეს არცაა გასაკვირი, ვინაიდან პანთეიზმი ხომ სუბსტანციებს ურევს ერთმანეთში, თვლის რა თითოეულ მათგანს ერთი საყოველთაო სუბსტანციის სახესხვაობად.

ფიზიოლოგიური ფაქტების მოუკერძოებელ განხილვას მივყავართ სრულიად სხვა შედეგებთან. პირველი თავის შინაარსმა ჩვენთვის ნათელი გახადა, რომ ადამიანში არ შეიძლება არ დავუშვათ არსებობა რაღაც ისეთი არამატერიალური არსებისა, რომელიც სრულიად განსხვავდება მისი ორგანიზმისაგან; სხვაგვარად ვერ ავხსნიდით იმას, თუ როგორ წარმოიშობიან მასში შეგრძნებები. თვით კლენკეც კი მიდის ამავე შედეგებამდე, როცა ფაქტებს არ ღალატობს, მაგრამ სადაც მას გაიტაცებს სურვილი - დაუქვემდებაროს ეს ფაქტები პანთეისტურ სისტემას, იქვე ეხვევა ბურუსში და მისი სიტყვები შეიცავენ აშკარა წინააღმდეგობას. ავიღოთ თუნდაც ზემოთ მოტანილი ტირადა. ძნელი გასაგებია, რას უნდა ნიშნავდეს გამოთქმა: „იდეალური მთელი განვითარებული სახით იცქევა რეალობად, ამიტომ მიზეზი უნდა იყოს ერთი და იგივე“. შემდეგ კი ვკითხულობთ: ორივე (ე.ი. მატერიაც და იდეაც), რომელნიც რეალობად ქცეულან და სხვ. იბადება კჲთხვა: რა არის მატერია, რომელიც რეალობად ქცეულა? სიტყვა „მატერია“ აქამდე ნიშნავდა რაღაც რეალურს, ნივთიერს და ახლაც არ შეიძლება იგი სხვა რამეს აღნიშნავდეს. ამიტომ გამოთქმა - „იდეალური მატერია“ შეიცავს წინააღმდეგობას ტერმინებში. ანდა დავაკვირდეთ ასეთ გამოთქმას - „ნივთიერების იდეა იქცევა რაელურად“. გამოდის, რომ იდეას ადრე არ გააჩნდა რეალობა, ე.ი. ყოფიერება, ვინაიდან იდეის რეალობა მდგომარეობს არ მის ნივთიერობაში, არამედ მის იდეალურ ყოფიერებაში!

იმაში დასარწმუნებლად, რომ ყოველი მცდარი სისტემა თვით ამხელს მის ახლოს გაცნობისას თავის თავს საკუთარი ბუნდოვანებითა და შინაგანი წინააღმდეგობებით, ვნახოთ კიდევ ასეთი ადგილი: „ორგანიზმის არსს წარმოადგენს მისი ყოფიერების სასიცოცხლო იდეა, რომელიც ბუნების კანონების მიხედვით ისწრაფვის იქცეს მოვლენად, ე.ი. მიიღოს ნივთიერი ფორმა. განივთება იმდაგვარად მიმდინარეობს, რომ კერძო იდეა ზოგჯერ იქცევა ბუნების მომენტად, ე.ი. დროისა და სივრცის კანონების მიხედვით თავის განვითარებაში მემკვიდრეობითად იმყოფება იდეალურ პირველსახეში დავანებული სიცოცხლის შინაგან სავსეობასთან ურთიერთგანპირობებულობაში. ცალკეული სიცოცხლის ყოფნა წარმოადგენს იდეის განხორციელებას, ე.ი. მის გამოვლენას ჩამოყალიბებულ სხეულში“. რაც უფრო ღრმად ჩავიხედავთ ამ დახლართულ ფრაზაში, მით უფრო ნათლად წარმოჩნდება მათში წინააღმდეგობანი და შეუსაბამობანი. რა უნდა ვიგულისხმოთ „იდეაში“, რომელიც ბუნების კანონების მიხედვით ისწრაფვის იქცეს მოვლენად? თუ ეს შემოქმედებითი იდეაა, რომელიც მარადიულად გააჩნდა ღმერთს და მანვე განახორციელა თავის დროზე, მის შესახებ არ შეიძლება იმის თქმა, რომ იგი ისწრაფვის ბუნების კანონების მიხედვით განსახორციელებლად, ვინაიდან შემოქმედებითი იდეა არ ემორჩილება ბუნების კანონებს, არამედ თვითონ ქმნის მათ; თუ ეს ასე არაა, მაშინ საკითხავია - როგორღა გააჩნია იდეას ყოფიერება? პიროვნებაა იგი თუ განსაკუთრებული სუბსტანციის თვისება? ერთი სიტყვით, ეს წარმოდგენა რაღაც იდეის შესახებ თვით ავტორის აზრის გამოვლენაა. განსწავლულმა ფსიქოლოგმა თავის საკუთარ წამოდგენას მიაწერა დამოუკიდებელი არსებობა და აიძულა იგი შეესრულებინა მნიშვნელოვანი როლი. ამის შემდეგ ავტორი გამოყოფს კიდევ სიცოცხლის რაღაც ცალკეულ იდეას, რომელიც „ხორციელდება ორგანიზმში, ავლენს თავის თავს დროსა და სივრცეში და იმყოფება პირველსახის სიცოცხლის შინაგან სავსეობასთან ურთიერთობაში“. შემდეგ „დავანება ცალკეული იდეისა, რომელიც სიცოცხლის მომენტად (?) იქცა, წარმოადგენს იდეის განხორციელებას ჩამოყალიბებულ სხეულში“. ყოველივე ეს, ვიმეორებთ, გასაგები იქნებოდა იმ შემთხვევაში, როცა გვეცოდინებოდა, თუ რას წარმოადგენს თვით ეს იდეა, ყველა ამ სასწაულს რომ მოიმოქმედებს, და თუ რა უფლება გვაქვს განვაპიროვნოთ ეს იდეა, ე.ი. მივაწეროთ ნებელობა, გონიერება, პიროვნული მოღვაწეობა და სხვ.

მეორეც, უკვე ვილაპარაკეთ არაცნობიერი აზროვნების შესახებ არსებულ უცნაური ჰიპოთეზაზე, მაგრამ სისტემაში, რომელსაც ვიხილავთ ჩვენ, კიდევ უფრო უცნაურ რამეს ვაწყდებით; ესაა შეხედულება, რომლის მიხედვითაც თითქოს ადამიანის ორგანიზმი მზის სისტემის განმეორებაა, წარმოადგენს კოსმიური სიცოცხლის ინდივიდუალურ განსახიერებას. მზე და პლანეტები მეორდებიან ადამიანში, სასიცოცხლო დაძაბულობა მზის სისტემის ცენტრსა და პერიფერიებს შორის, მოძრაობის, სინათლის, სიმძიმის, ქიმიზმის, ელექტრობის და გალვანიზმის ფენომენები ზოგადი კანონების მიხედვით მეორდებიან ორგანიზმში სასიცოცხლო ქმედებათა სახით. ორგანიზმის მზისეული პრინციპი თავისი კონკრეტული ფორმით თავს იჩენს ადამიანის ნერვულ სისტემაში, ხოლო პლანეტებს იმეორებენ გარეგანი გრძნობები [16].

ერთი შეხედვით, ეს აზრები მაცდუნებლად გვეჩვენება, ვინაიდან თითქოს გვიფართოებენ გონით თვალსაწიერს, მაგრამ ცივი განსჯის კრიტიკის წინაშე ისინი უძლურნი არიან. ორგანიზმის შედარება მზის სისტემასთან რჩება მხოლოდ შედარებად და მას არ შეიძლება გააჩნდეს სხვა მნიშვნელობა. უფრო მეტიც, იგი აშკარა წინააღმდეგობაშია ფსიქოლოგიის ჩვენს მიერ განხილულ ადრინდელ დებულებებთან. დიდი ხანია, რაც დასაბუთებულია და ვერანაირი საღად მოაზროვნე გონება ვერ უარყოფს იმას, რომ მთლიანად მზის სისტემა, სინათლის, ელექტრობის, მაგნეტიზმისა და სხვა ფენომენები წარმოადგენს მატერიის მკვდარ, მექანიკურ მოვლენებს, რომლებიც ემყარებიან მათემატიკის მკაცრ კანონებს. მაშასადამე, თუ ისინი მეორდებიან ორგანიზმში, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელ ორგანიზმს მართავს მხოლოდ მექანიკური კანონები და რომ ეს ორგანიზმი არ არის რაღაც გონიერი იდეის გამოვლენა. დროებით დავეთანხმოთ ავტორის შეხედულებას და ვირწმუნოთ, რომ ადამიანის ნერვული სისტემა მზეა, ხოლო მისი გარეგანი ორგანოები პლანეტებია და ა.შ. რას უნდა ველოდეთ ამ დებულებიდან? სიცოცხლის რა მხარე შეიძლება აიხსნას მათი საშუალებით? ნუთუ უკეთ გავიგებ ნერვული სისტემის დანიშნულებასა და მოქმედებას, თუ ვიტყვი, რომ იგი მზეს წარმოადგენს? ანდა, განა უკეთ გავიგებ გრძნობების ორგანოების აგებულებას, თუ მათ პლანეტათა როლს მივანიჭებ? არა გვგონია! ამგვარ შედარებებს შეუძლიათ უფრო მცდარი დასკვნებისაკენ გვიბიძგონ, ვიდრე ჭეშმარიტი ცნებებისაკენ.

მესამეც. სული, იდეა და ფსიქე წარმოდგენილია ერთი და იმავე სუბსტანციის სამ განსხვავებულ მდგომარეობად. ეს სამი სახელწოდებაა იმ ერთი სასიცოცხლო ძალისა, რომელიც ქმნის ორგანიზმს. მაგრამ ამ სიტყვათა მოხარების დროსაც ვაწყდებით სხვადასხვა წინააღმდეგობებსა და გაუგებრობებს. მაგალითად, „იგი, ე.ი. ფსიქე, როგორც გრძნობებისადმი დაუქვემდებარებელი ყველა წარმოდგენათა ერთობლიობა (მაშასადამე, ფსიქე წარმოდგენათა ერთობლიობაა??) ფლობს სხეულებრივ ორგანიზმს მხოლოდ მის დაძაბულობაში, ტვინზე კი ზემოქმედებს მხოლოდ იდეალურად (??), მაგრამ არ უნდა ავურიოთ აქ ფსიქე სულთან. სული, როგორც ინდივიდუალური სიცოცხლის ძირითადი იდეა, რომელიც დროებით ამჟღავნებს თავს ორგანიზმის საშუალებით, ცოცხლობს ორგანიზმის მთელ შემადგენლობაში, ორგანიზმისა, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა და თვით განსხეულებული სული. იგი, როგორც უმაღლესი გონიერი ყოფიერების კერძო შემთხვევა, აზროვნებს არაცნობიერად და ყოველი აზროვნება ორგანიზმში წარმოადგენს მასთან ჰარმონიულ განვითარებაში შეუღლებულ მოქმედებას“.

თუ ფსიქე და სული ერთი და იგივე სუბსტანციაა, მაშინ არ შეიძლება იგი ისე თანშეწყობილად გაიყოს, რომ ერთი ნაწილი გარდაიქმნეს სხეულად და იაზროვნოს ორგანიზმში არაცნობიერად. ცხადია, აქ ან სრულიად უარყოფილია განსხვავება ადამიანის ორგანიზმსა და მის სულიერ სუბსტანციას შორის, რაც კლენკეს სისტემის სხვა ადგილებიდანაც ნათლაც ჩანს, ანდა სულის სახელში ფსიქეს სახელისგან განსხვავებული რამ იგულისხმება.

მეოთხე. ბოლოს, ამ სისტემის უკანასკნელ შეუსაბამობას ცდისეულ დაკვირვებებთან ქმნის ის გარემოება, რომ გარეშე ორგანოთა გაღიზიანებები ან ის შთაბეჭდილებები, რომელთაც ორგანოები ნერვების საშუალებით აწვდიან ტვინს, აღრეულია საკუთრივ შეგრძნებებთან. ცდისეულმა ფსიქოლოგიამ დაამტკიცა, რომ ტვინის გარეშე, ორაგანოთა შთაბეჭდილებების გარეშე არ არსებობენ შეგრძნებები, რომ ორგანოები თვითონ კი არ შეიგრძნობენ შთაბეჭდილებებს, არამედ გადასცემენ მათ ნერვულ ცენტრს. კლენკეს სისტემის მიხედვით კი ყოველი ორგანული სფერო ფლობს შეგრძნების უნარს, ყოველ მათგანს ნერვების დახმარების გარეშე შეუძლია შეიგრძნოს. კლენკე ამასაც არ სჯერდება - ორგანული სფეროები არა მარტო შეიგრძნობენ, არამედ აზროვნებენ კიდეც; უფრო ზუსტად, სული აზროვნებს მათში, თუმცა არაცნობიერად, მაგრამ მაინც გონივრულად.

ყველა ამ მოსაზრებათა მიხედვით ძნელია დაუშვა, რომ სული თვითვე ქმნის თავისთვის სხეულს: ჩვენ ამას ვერ ვგებულობთ, არ გვესმის და ვერ ავხსნით. პირიქით, ჩვენი ორგანიზმის ჩამოყალიბება საერთოდ დამოუკიდებელია სულის თვითნებობისაგან. ორგანიზმი თვითონვე ყალიბდება იმ თავისი ორგანული კანონების მიხედვით, რომელთა გამოკვლევას ცდისეული ფსიქოლოგია ახდენს. ეს საერთოდ იმას როდი ნიშნავს, რომ არ არსებობდეს რაიმე დამოკიდებულება და ურთიერთგავლენა ორგანიზმსა და სულის განვითარებას შორის. ასეთ რამეს აუცილებლად აქვს ადგილი, მაგრამ, როგორც შემდეგ დავინახავ


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.