Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
EKA3EKA blog

“სიძულვილიდან სიყვარულამდე”

-ბევრჯერ მიფიქრია, შუქურა რომ არ ყოფილიყო, თუ მიაღწევდა გემი ნაპირს?!…
-კი, მაგრამ ხომ დაიღლებოდა გემი ნაპირის ძებნით!…
-რა უფრო სჯობია?!
-გაკვალული გზით მიხვიდე სახლში… რომელ გზაზეც თვითეული კენჭიც კი იცი როგორია, თუ სხვა, გაუკვალავი ბილიკი აირჩიო, გზა, რომელიც ხიფათითაა სავსე, მაგრამ ამ გზაზე გაქვს არჩევანი…
- იპოვნო შენი თავი…



შეთითხნილი, სხვადასხვა ცდების შედეგად მიღებული კი არა, არამედ, ისეთი, როგორიცა ხარ სინამდვილეში…
-არ მიყვარს ადამიანი, რომელიც ცდილობს სხვას მიჰბაძოს, რაგინდა დიდიც არ უნდა იყოს ეს ადამიანი…
-რადგან ის არასდროს არ იქნება ის, ვინც უნდა იყოს!
-ღმერთი ყველას აძლევს სახელს, და იმ სახელით დამკვიდრება რჩეულთა ხვედრია…
-სამეწუხაროდ! ადამიანებს ცოტა დრო გვაქვს, ვთქვათ ის, რის სათქმელადაც ღმერთმა მოგვიყვანა ამ ქვეყანაზე…თითქოს გამოთვლილია ყოველი წამი, ყოველი წუთი…
-ვიღაცას უნდა მოვაჩვენოთ, რომ კარგები ვართ, ვიღაცას უნდა მოვაჩვენოთ, იმაზე მეტი ვიცით…სინამდვილეში კი…
-ერთ მშვენიერ დღეს მიხვდებით, რომ პირიქით, რაღაცა უხილავი, ძლიერი მბრძანებლობს თქვენზე, კარგად მომართულ მანქანებივით ასრულებთ ვიღაცის ნებას…
-გიფიქრიათ ოდესმე ამაზე?
-თუნდაც უსამართლობის წინ აღმდგარიყავით!…
-ერთხელ მაინც, დაგესვათ საკუთარი თავისთვის კითხვა, მართალ ადამიანად იცხოვრეთ?!…
-თორემ ტალახის გუნდა, “ნატვრის ხეშიც” ხომ ყველაზე ლამაზსა და სუფთას დაუმიზნეს და ლაფში ამოსვარეს!…
-არ გიფიქრიათ რატომ ხდება ასე? რატომ იმეტებს ბრბო ყოველთვის მართალს?
-იმიტომ რომ მარტოა?!…
-იმიტომ რომ სუსტია?!…
-იმიტომ რომ თქვენ არა გგავთ?…
-საოცარია, რატომ არ შეაჩერა ღმერთმა სატანა, როცა ადამიანთა სულების ყიდვა დაიწყო? რატომ მისცა უფლება ადამიანთა დამონებისა?
-იქნებ იმიტომ ადამიანებს არასოდეს მოედუნებინათ სიფხიზლე…რადგან სატანა ასეთებს ეჭიდება, იმასაც კარგი უნდა, სუსტი და ნიავს ადევნებული ისედაც მისია…ვინ წაართმევს…
ადვილად ნაყიდ წვრილფეხობას დაასევს ხოლმე ძლიერს, რომ ჩაქოლოს, მაგრამ ამ დროს ასეთს ღმერთი უდგია გვერდით, ღმერთი არ სტოვებს მარტო თავის რჩეულს…
-იმათ მფარველობს ვინც გაკვალული, უსაფრთხო გზა კი არ აირჩია სახლში მისასვლელად, არამედ…ხიფათიანი, რადგან ეს გზა საკუთარი შესაძლებლობების პოვნის გზაა…საბედნიეროდ…
-ბრბოს არ უყვარს, როცა მათ არ ჰგევხარ…მათნაირად არ ფიქრობ…
-და მათზე ჭკვიანი ხარ!
-არსებობს სულის სარკე, რომელშიც ბოლომდე ვჩანვართ…
-მიმტევებელი, დამთმობი ხასიათი…ზოგჯერ ისე გამსგავსებთ იმათ, ვინც მთელი ცხოვრება გაღიზიანებდათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენთ რომ არაფერი განსხვავება აღარაა თქვენს და იმათ შორის…
-გიყიდათ იმან!
-არადა, შეგეძლოთ არ გაყიდულიყავით!
-თავდაპირველად ადამიანები ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ ისე გათავხედდა ხალხი რომ ბაბილონის გოდოლის აგება დაიწყო, ღმერთთან მოინდომეს ასვლა…
-განრისხდა ღმერთი, დაანგრია ბაბილონის გოდოლი და ყველა სხვადასხვა ენაზე აალაპარაკა…
-მე კი მგონია ადამიანებს ერთი ენა აქვთ…
-ეს ენა თვალებია…
-ნამდვილ ადამიანებს თვალები სუფთა აქვთ!
-ვინ ისვრის ჩასაქოლად პირველ ქვას?
-ყველაზე დიდი ცოდვილი!
-რატომ?
-ალბათ იმიტომ საკუთარი სიბილწე რომ დამალოს…
-მაგრამ ასეთებს რატომ ავიწყდებათ ღმერთის არსებობა? ღმერთის, რომელიც ყველაფერს უკან აბრუნებს…
-ხშირად ნეხვის გროვაში არა ჩანს მისხალი ოქროს ბრწყინვალება, მაგრამ, იქაც არ ეკარგება ფასი…
-გარეცხვის მერე, ოქრო ისევ ოქროდ რჩება…
-დუმილი ოქროაო!
გააჩნია როდის!
-მაგრამ როცა უნამუსობას თვალს უხუჭავთ, უზნეობას ტაშს უკრავთ, თქვენც სამწუხაროდ იგივე ხართ!
-ეს მე არ მეხება, ეს ჩემი საქმე არაა…
-აბა რაა თქვენი საქმე?
-სეირის ყურება!
ტაში მსახიობებსა და ბრიყვებს ხიბლავს, ჩრდილში მდგომი ადამიანია ნამდვილი ადამიანი…
-ყოველთვის მეცინება, როცა ამბობენ, დროს ვატარებო…
-დარწმუნებულები ხართ?
-იქნებ პირიქითაა, დრო გატარებთ თავის ჭკუაზე…
-გეშინიათ?!
-სულელს რომ უთხრათ სულელია?
-უნიჭოს რომ უთხრათ უნიჭოა!
-ერთხელ რომ აიმაღლოთ ხმა უსამართლობის წინააღმდეგ?
-თუ უფრო ადვილია ძალაუფლებისმომხვეჭელს საკმეველი უკმიო, ვინ იცის იქნება და… რაიმეს გამორჩე….რაიმე გამოიმეტოს, ძლიერმა ამა ქვეყნისამ…
-სულ უკანასკნელი დაუმსახურებელ მოფერებას მაინც გამორჩები!
-და გჯერა ამ სიყვარულისა!?
-მართლა გჯერა?
-ის ვინც დაუმსახურებლად სიყვარულს გეფიცება, ასევე დაუმსახურებლად, წინ აგიფარებს ყველანაირ უზნეობაში და პირველს გაგიმეტებს!
-იცი, რატომ?
-ამნაირ ადამიანებს თუ რამე არ სჭირდებათ, სიყვარულია!
-ყველაფერი ააქვთ, თავზე საყრელად…ფულიც, ძალაუფლება…მაგრამ იციან მანამ სანამ ტაშს დაუკრავენ, საკმარისია ფეხი დაუცდეთ, წაიბორძიკონ, იციან, პირველი ჩაქოლავთ, იმიტომ რომ თავი გადაირჩინოთ!
-მერე, ესაა ცხოვრება? როგორ ფიქრობთ, მაგისთვის მოგეცათ ამ წუთისოფელში წამი სიცოცხლისა, რომ გაყიდული სულითა და მიყიდული აზრებით იცხოვროთ?!…
-არ გინახიათ…წყვდიადში…დაბნელებულ ცაზე ერთადერთი ვარსკვლავი რომ კაშკაშებს ხოლმე? ყველა ჩამქრალა..და ის ერთადერათი ანთია….იქნებ იმიტომ იმ ერთადერთმა უნდა გაუნათოს მიწაზე დაკარგულ ერთადერთ ადამიანს გზა?
-არაფერი არ ხდება შემთხვევით…დათვლილია ყოველი ბეწვი თმისა ჩვენს თავზე, ხიდან ფოთოლიც არ ვარდება ღვთის ნების გარეშე!
-მატლი ყოველთვის ძლიერ ხეს ეწებება, უფრო ძლიერს ეძებს რომ გამოჩნდეს…
-სულელს ხშირად უყვარს გავლენიანი პირების სახელთა მოშველიება, თავისი “ადგილის” “გაუვნებლობის” დასამტკიცებლად…
მავანნი სიტყვებს არჩევენ ლექსიკონებში…შთაბეჭდილების მოსახდენად…მავანნი სხვებს ჰბაძავენ, სიჭკვიანის დასამტკიცებლად…
მაგრამ…ჰეი, გამოფხიზლდით, ნამდვილი ისაა, რაც სულისკენ ისე მიდის და შიგნით გრჩება რომ ვერც იგებ…
-ნამდვილი ისაა, რომლისთვის სიტყვებს არ ეძებ!…ისე მოდის, ისე რჩება…
-ოდესღაც მეფენიც გლახაკთა ტანსაცმელს იცმევდნენ და ხალხში გადიოდნენ…
-სიმართლე რომ მოესმინათ…სინამდვილე რომ დაენახათ…
-და იცით რატომ?
-სიმდაბლეშია სიმაღლე კოდივით ჩადებული…დამდაბლებიდან მაღლდები…
-სიბრმავე ყველაზე საშინელი სენია ადამიანებისა…თვალახილულის სიბრმავე…არ მოგწონთ როცა ისევე მოგექცევიან, როგორც თქვენ გჩვევიათ! როგორც თქვენ ექცევით სხვებს!
რატომ?
-მაინც ვერ მიგახედებენ უკან, მაინც ვერ დაინახავთ დირეს საკუთარ თვალში…
- დიახ!არაფერი არ ხდება ამ ქვეყანაზე ღმერთის ნების გარეშე!
ერთი ნათურა ზოგჯერ დიდ დარბაზსაც ანათებს, და მჯერა არასოდეს არაფერი არაა გვიან…
-თუ კიდევ არ დაგვიკარგია გაწითლების ნიჭი ადამიანებს, მიდით სარკესთან…ჩახედეთ საკუთარ სულს თვალებში და დაინახეთ!
-მოლოდინად დაღვრილი სიწმინდე, რომელიც ოდესღაც დააძინეთ!
-ძალა ყოველთვის არ ხნავს აღმართს, ზოგჯერ, პატარა ქვა აჩერებს ასეთ ძალას! რადგან იმ ქვაში ღმერთმა სიმაღლის კოდი ჩადო…
-ძალიან პატარა ვიყავი, როცა მივხვდი, რომ არ ღირდა ამ წუთისოფელში დროს გაფლანგვა მსახიობობაში…
-რას იღებდი?
-ტაშს!
სამაგიეროდ საკუთარს ჰკარგადა, რადგან ასეა მოწყობილი ეს წუთისოფელი, როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყო ადამიანი, სხვისი როლი ნელნელა სდევნის თქვენში რაცა ხართ და რა ხდება ბოლოს?
-თქვენ სინთეზი ხართ,სხვადასხვა ადამიანთა ნარევისა…თუნდაც ისინი საუკეთესონი იყვნენ!
მაგრამ თქვენ აღარა ხართ!
-მე კი, ძლივს ვიპოვნე ჩემი თავი ისეთი, როგორიც ვარ და ტაშისთვის…ნამდვილად ვერ შეველევი…
-ითამაშონ სხვებმა, თუ ასე სურთ, მე ვიქნები მაყურებელი…თუ მომეწონა ტაშს დავუკრავ!
-მაგრამ თუ არა გგევართ თქვენ, ვერ მხედავთ, ნუ დამიძახებთ თქვენთვის გასაგებ სახელს, რადგან ზოგჯერ მედალს ორზე მეტი მხარე აქვს…
-რადგან არც ტაში მხიბლავს და არც სცენა…არაა ჩემი ჰობი…
-რადგან სულელისა შექება უფრო გამაღიზიანებს, ვიდრე ლანძღვა…
-ყველა გემი მიისწრაფვის თავის ნაპირისკენ…რადგან დაძველებული გემიც კი ნაპირს ეძებს, რომ შეისვენოს, ხშირად ასეთ გემს ისევ უკან აბრუნებენ…ოკეანეში…რათა ჩაძირონ!
-სამწუხაროდ ადამიანებსაც ასე ექცევიან…ნამდვილ ადამიანებს…
-ოდესღაც… ერთ სახელმწიფოში, ქურდს ვერ იჭერდნენ და ერთი ბრძენი მივიდა ხელმწიფესთან და უთხრა, მე დავიჭერ ქურდსაო, ოღონ მთელი ხალხი აქ მოაგროვეთო…
-მოაგროვეს მთელი სახელმწიფო და სიმაღლეზე შემდგარმა ბრძენმა ხმამაღლა იყვირა:
-ქურდს თავზე ცეცხლი უკიდია!
-და ქურდმა თავზე იტაცა ხელი.
- ასე ამოიცნო ბრძენმა დამნაშავე!
-იქნებ ღირს დაფიქრებათ?…
იქნებ სჯობია ჩვენვე ვიპოვნოთ ის ქურდი ჩვენში, თუ იმალება?
-თუ კიდევ არ დაგვიკარგია გაწითლების ნიჭი!
-რადგან თუ გაწითლება შეგიძლია სირცხვილისაგან, იმას ნიშნავს…კიდევ ადამიანი ხართ!


Tags:

 
Interesting
positive votes: 17  |  negative votes: 0

Write comment:

13lika13 (36)
ის ვინც დაუმსახურებლად სიყვარულს გეფიცება, ასევე დაუმსახურებლად, წინ აგიფარებს ყველანაირ უზნეობაში და პირველს გაგიმეტებს!
shesanishnavia,gaixaret.
#1, 02.11.2011 - 14:25
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.