Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
musmusa blog

მალე გათენდება!

ათქვამია, ქვეყნად ტკივილი რომ არ იყოს, ადამიანი, ალბათ, ენასაც არ ამოიდგამდაო; რომ ბედნიერებაც და უბედურებაც ერთნაირად საჭიროა და ერთ–ერთის არ არსებობის შემთხვევაში, მეორეც არ იქნებოდაო. ალბათ ასეც არის… ყველა რომ გახარებული იყოს, ყველას რომ ბედნიერი ცხოვრება ჰქონდეს, მაშინ ხომ ფასი აღარ ექნებოდა ბედნიერებას, თვითონ ამ სიტყვის ცნებაც აღარ იარსებებდა. ახლა კი, ტკივილი რომ არსებობს, ტანჯვა რომ არსებობს, იმიტომ ჰქვია ბედნიერებას ბედნიერება, იმიტომ მიისწრაფის მთელი ცხოვრება ადამიანი მის მოსაპოვებლად. ზოგი პოულობს მას, ზოგსაც ჰგონია რომ იპოვა, მაგრამ მერე ხვდება, რომ ბედნიერება მხოლოდ მის ილუზიებში არსებობდა; ზოგიც მთელი ცხოვრება ეძებს, მაგრამ ამაოდ. ეს იმიტომ, რომ, ხშირად, იქ არ ვეძებთ ხოლმე მას, სადაც საჭიროა. ბედნიერება ადამიანის შინაგანი მდგომარეობაა, ადამიანის სულის ნეტარებაა, ამიტომ გარეთ ამაოდ ვეძებთ. მართალია მას გარე ფაქტორებიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავენ, მაგრამ მაინც სულიდან და გულიდან, ჩვენი შინაგანი სამყაროდან მოდის. რამდენი ბრძნული გამონათქვამიც არ უნდა წაიკითხოს ადამიანმა, ბედნიერი ცხოვრების ერთ, საერთო, უნივერსალურ „რეცეპტს“ მაინც ვერ მიაგნებს; იმიტომ, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია თავისი ხედვით, ცხოვრებით და აზროვნებით; კარგი იქნებოდა ყველა ადამიანი ყოფილიყო ბედნიერი, მაგრამ ეს ეწინააღმდეგება ამქვეყნიური ცხოვრების კანონებს; რომ არ იყვნენ უბედურნი, არ იქნებოდნენ ბედნიერნი. როგორც წესი, ერთი ადამიანის წარმატება, მეორეს წარუმატებლობის ფონია. ასეთი „უსამართლოა“ წუთისოფელი და ვინ რომელ მხარეს აღმოჩნდება, როდის და როგორ, ეს არავინ იცის. რამდენი ტკივილი და სევდა ტრალებს ჩვენ გარშემო, რამდენი ადამიანის გულია ცრემლებად დაღვრილი. ალბათ, კარგიც არის ერთმანეთის გულსა და სულს რომ ვერ ვხედავთ, ერთმანეთის ტანჯვას რომ ვერ ვგრძნობთ, თორემ ვერავის გული ვერ გაუძლებდა ამდენ ტკივილს. ერთი და იგივე დღე ზოგისთვის ცხოვრების დასაწყისია, ზოგისთვის – დასასრული, ზოგისთვის ჩამავალი მზეც ამომავალია, ზოგის გული კი ისეთი გაყინულია, რომ მცხუნვარე მზის სითბოსაც ვერ გრძნობს. ერთი და იგივე წუთი ზოგს ღიმილს, სიყვარულს და ბედნიერებას ჩუქნის, ზოგს კი სამუდამოდ უხურავს ბედნიერების კარს, ცრემლების წვიმის ნაცრისფერი ღრუბელი ფარავს იმ მზეს, სხვას იმ წუთას რომ გულს უთბობს. არავინ იცის, როგორი იქნება ხვალინდელი დღე მისთვის, რა „საჩუქარს“ უმზადებს მომავალი. დღეს ღამე ცვლის, სიხარულს – მწუხარება, ცრემლს – ღიმილი… და პირიქით. ერთის არსებობა მეორის მსაზღვრელია. ამიტომ არის ერთნაირად საჭირო ორივეს არსებობა. იმედია მხოლოდ ჩვენი ერთგული მეგობარი, რომელიც სიბნელეშიც არ გვტოვებს მარტო; მეგობარი, რომელიც ჩვენთან ერთად კვდება ბოლოს. „ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა! ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულისა!“ ასეთია ჩვენი ცხოვრება. ტკივილის შემდეგ აუცილებლად მოდის შვება, ტანჯვის მერე მოულოდნელი სიხარული და – პირიქით; ეს აწონასწორებს ჩვენს ცხოვრებას. ამიტომაც ამბობენ არაბები: ”გამუდმებული მზიანი დღეები უდაბნოს ქმნიანო” და მართლაც, ადამიანები, რომელნიც მწუხარების გარეშე განვლენ წუთისოფელს, ხშირად უდაბნოს ემსგავსებიან. მუდმივი ამაღლება და დაცემა – აი ჩვენი ცხოვრების რეალური სახე. ალბათ, ამ ყველაფრის გარეშე, აზრს დაკარგავდა ჩვენი სიცოცხლე, მაშინ, ალბათ, ადამიანებიც აღარ ვიქნებოდით… სწორედ ამაშია ჩვენი ადამიანობა. ამიტომ, დღეს შენ თუ თვლი რომ ბედნიერი ხარ, დააფასე ეს, უფლის წინაშე მუხლი მოიყარე და მადლობა შესწირე ამ საჩუქრისთვის; იმიტომ რომ ზუსტად ამ დროს ვიღაც სხვაც დაჩოქილია, ოღონდ უძლურებისგან, ცხოვრების უსამართლობისგან… შენ თუ მზე გათბობს ახლა და მზის სხივებს უმზერ ღიმილიანი სახით, ესეც დააფასე, რადგან ზუსტად ამ დროს, ვიღაცის გული მზის ქვეშ სიცივისგან იყინება… და თუ შენ ხარ ერთ–ერთი ის ადამიანი, ვინც ახლა გულისტკივილს განიცდის რაღაცის გამო და დროებით სიბნელეში აღმოჩენილა, არ შეშინდე… ბნელს ყოველთვის ნათელი ცვლის. უფლის წყალობით, მალე გათენდება!

ყველას უსაზღვრო ბედნიერებას გისურვებთ!


http://natiagogiashvili.wordpress.com/




Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.