Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
te-o blog

მოხუცი და "ოცდამეერთე საუკუნე"...


ზუსტად ვერ გეტყვით რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ ერთი კი შემიძლია დანამდვილებით გითხრათ - ისე მიდგას ის წუთები თვალწინ, თითქოს ახლაც ისევ იქ ვიჯდე- ვაგონის განაპირა სკამზე და იმ ერთადერთ კადრს შევყურებდე ასე რომ ჩამიძვრა სულში და თავს არ მანებებს...
ვაკვირდები გვერდიგვერდ მჯდომ მოხუცსა და "ოცდამეერთე საუკუნეს" - ახალგაზრდა ბიჭში რომ განხორციელებულა მთელი თავისი სიგიჟეებით... დახეული ჯინსებითა და უცხოური საგინებელი სიტყვებით შემკული მაისურებით (თითქოსდა ქართველებს ეგეც გამოგვლეოდეს)... დახვრეტილი ყურებითა და "მოდაზე" აქა-იქ მიმოპარსული თმებით... ერთი სიტყვით ნამდვილი ახალი ქართველი ჩამომჯდარა ჩემს წინ და მოურიდებლად ათვალიერებს თანამგზავრს...
ახლა ორიოდე სიტყვით ამ მოხუცსაც დაგიხატავთ, ზუსტად ისე მე რომ დავინახე და ალბათ იმ ადამიანისგან სრულიად განსხვავებულს "ოცდამეერთე საუკუნე" რომ ხედავდა თავისი თვალსაწიერიდან... ასეა თუ ისე, მე ჩემსას შევეცდები. შევეცდები ზუსტად გადმოვცე ის გოროზი სახე, ჭაღარა წვერს რომ დაეფარა ასე მოხდენილად... არწივის აქნეული ფრთებივით ატეხილი - თეთრი წარბები და ნაოჭებში, უფრო სწორად რომ ვთქვათ ჟამთასვლის ხორუმში ოდნავ ჩავარდნილი თვალები, ნაცარმომდგარი მუგუზლებივით რომ აკვესებდნენ შერჩენილ ძალასა და მხნეობას...
"საწყალი მოხუცი" - ზუსტად ასე გავიფიქრე როგორც კი ამ კადრს მოვკარი თვალი... არა! არა! ტყუილად ფიქრობთ თუ მისმა დავრდომილობამ შემაცოდა თავი ან კიდევ რავიცი რამ... არც დავრდომილი იყო და არც "რავიცი კიდევ რა"... შეიძლება ითქვას რომ ჩვენს ხელში შემეცოდა, უკან მოვიტოვეთ მატარებელზე დაგვიანებული მგზავრივით, ერთხელაც არ გვიფიქრია ტროსზე დაგვექაჩა და... მემანქანეც გაუყვა ლიანდაგებს... მოვისროლეთ წაუკითხავი წერილივით და არც კი გვიცდია ძველი და გახუნებული სიტყვების ამოკითხვა... და ქარმაც წაიღო შორს... დასავლეთისკენ...
დიახ! სწორედ რომ ჩამოგვრჩა, არც დახეული ჯინსები ეცვა და არც ფერადი მაისურით იმშვენებდა ტანს... თქვენ წარმოიდგინეთ და გულმოდგინედაც ამოეკემსა აქა-იქ გამომხდარი ნასვრეტები კარგა გულიანად ნახმარ შარვალზე... გრძელ პალტოსაც არ უნდა დავაკლოთ ქება და დიდება (კარგად მოვლილსა და შენახულს)... როგორც ჩანს დიდხანს უერთგულია პატრონისათვის და კიდევ კაი ხანი არ აპირებდა ღალატს... აი ფეხსაცმელი კი... დანამდვილებით ვერ გეტყვით ახალი იყო თუ ისიც ზემოთხსენებულ ამხანაგებთან ერთად უძლებდა ჟამთასვლას... კარგად კი პრიალებდნენ შავი სამხედრო ბათინკები...
ამ ყველაფერს ყველა ხედავდა, თქვენც დაინახავდით და თავად "ოცდამეერთე საუკუნემაც" დაინახა, მე კი... მე თვალები დავინახე...
თვალები კიარა სულისაკენ მიმავალი გზა...
იმის იქით კი წლები...
ბრძოლები...
ბრძოლები ხალხთან; სამყაროსთან, ღმერთთან და საკუთარ თავთან...
დავინახე სიყვარული...
სიძულვილი...
ტკივილი...
შიმშილი...
წყურვილი...
მოთმინება...
არ შემიძლია ყველაფერი ეს ასე მარტივად გადმოგცეთ...
არა! ეს თავად უნდა გენახათ...
და რაც მთავარია - მე ცრემლი დავინახე, თვალებში, რომლებიც მდუმარედ შეჰყურებდნენ "ოცდამეერთე საუკუნეს" და მისგანაც ისეთსავე მდუმარებას იღებდნენ საპასუხოდ...
შეჰყურებდნენ ერთმანეთს და მე მივხვდი...
მოხუცი მომავალს ხედავდა...
ახალგაზრდა კი წარსულს...
მატარებელი კი...
მიდიოდა...
ჩერდებოდა...
კარი იღებოდა...
იკეტებოდა...
მერე ისევ მიდიოდა და...
და მეც ორი გაჩერებით გავცდი სახლს...



Tags:

 
Interesting
positive votes: 7  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.