Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
andriatoreli blog

შეყვარებულის მონოლოგი

... მიგაცილებ ხოლმე სახლში, დაგემშვიდობები, მივდივარ და ვგრძნობ, რომ ფანჯრიდან შენი თვალები მიცქერენ, ყველაზე ლამაზი და ყველაზე ფიქრიანი თვალები...
მიგაცილებ და როგორც კი შენი სახლის კარი ჩემს ზურგსუკან მიიხურება, დროის ათვლა ხელახლა იწყება ჩემთვის, მთავრდება ჩვენი ერთადყოფნის კიდევ ერთი დღე და იწყება ახალი...
როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო, შენამდე მოსასვლელ გზას ისეთი სისწრაფით ამოვირბენ, ისე მოვიჩქარი, თითქოს დაღლა არც ყოფილიყოს... მოვალ, მკერდში ჩაგიკრავ და ყველა სიძნელე, ყველაფერი, რაც უარყოფითად მოქმედებს ჩემზე, საერთოდ მავიწყდება...
საკმაოდ მძიმეა ტვირთი, რასაც ვეზიდები, მძიმე და მნიშვნელოვანი, მაგრამ, როცა ვიცი, რომ შენ მელოდები, შენი თბილი მზერა გზისკენაა მომართული და ჩემს გამოჩენას ელის, რა უნდა იყოს ისეთი რომ ვერ მოვერიო, რამ უნდა შემიკრას ამ დროს გზა... იმდენად ძლიერი ვხდები რომ მთას გადავაბრუნებ, ოღონდ არ დამაგვიანდეს შენთან მოსვლა.
ზოგჯერ უნებურად გაწყენინებ ხოლმე, პატარა ბავშვივით გაბუტულს რომ გხედავ, გიყურებ, როგორ აგიწყლიანდება მზერა, ამ დროს არ ვიცი რა ვქნა, ვიბნევი, საკუთარ თავს ვუბრაზდები, ვცდილობ წყენა დაგავიწყო, და როცა შენს მზერაში გამოიდარებს, როცა ჩვეული სითბო ჩადგება შენს თვალებში, ამ დროს სიხარულისგან მინდა ათასი სისულელე ჩავიდინო, ყირაზე გადავიდე, ოღონდ ის წყენა გამოვისყიდო...
გვერდიგვერდ როცა მივდივართ, როცა შენი პატარა ხელი მიჭირავს ხელში, ჩემზე ბედნიერი არავინ მეგულება, მთელი სამყარო რომ ჩვენს წინააღმდეგ შემობრუნდეს, არ მეშინია, იმიტომ რომ ჩვენ ერთად ვართ, ერთმანეთს ვეკუთვნით მთელი არსებით, მთელი სულით და გულით...
შენ ერთადერთი ხარ ვისაც ჩემი უსიტყვოდ ესმის, ზოგჯერ სიტყვებზე მეტს შენი მზერა მეუბნება და ბევრჯერ შემინიშნავს, როცა რაღაცის თქმა გინდა, თვალებში მიცქერ, იღიმები და ჩუმდები... ამ დროს ვხვდები: თვალებმა გამცეს!
ხანდახან, როცა ერთად მივდივართ, ვატყობ როგორ დაიღალე, მაგრამ მაინც ჯიუტად ცდილობ არ ჩამომრჩე, მაინც ცდილობ ფეხი ამიწყო, ვჩერდები, გულში გიხუტებ, შენ კი გიკვირს რატომ... სწორედ მაგ ჯიუტი სიყვარულის გამო.
საოცარია, რამდენი რამ შეცვალა ჩვენმა ერთად ყოფნამ, რამდენ რამეზე ჩვენივე ნებით გვათქმევინა უარი ან თანხმობა... უფრო მომთმენნი, უფრო მტკიცე ხასიათისანი გავხდით, და ამ ყველაფრის თავი და თავი შენა ხარ...
ზოგჯერ სიტყვები უადგილოა, ზოგჯერ კი მინდა სიტყვებში ჩავატიო ის ემოცია, ის სითბო, ის გრძნობათა ორომტრიალი, რაც გულში და სულში ბობოქრობს, მაგრამ არ გამომდის, ვერ ვახერხებ, ვმუნჯდები, და ამ დროს მინდა მხოლოდ შენ გიყურო, გისმინო, შენი გულისცემა მესმოდეს, ამ დროს სხვა აღარაფერი მაინტერესებს, ამ დროს შენა ხარ ჩემი სამყარო, შენა ხარ ჩემი ყველაზე დიდი საფიქრალი და საზრუნავი...
როცა მოძალებული ემოცია ჩაცხრება, როცა ვახერხებ სიტყვებს თავი მოვუყარო, შენ უკვე სახლში ხარ, და ისევ შენი მზერა მიმაცილებს შენგან მიმავალს... არასოდეს მქონია მსგავსი შეგრძნება, საოცარი სითბო, დადებითი მუხტი აქვს შენს მზერას, ამოვხედავ ფანჯარას, ვხედავ როგორ მიცქერ და ვხვდები, უფალმა ყველაზე დიდი საუნჯე გაიღო ჩემთვის სიკეთის სალაროდან, ყველაზე კაშკაშა, ძვირფასი თვალი მარგუნა მთელი ცხოვრება სატარებლად, საალერსოდ და საზრუნავად. ამ დროს უბედნიერესი ვარ კაცთა შორის, რადგან უფალმა განძი მარგუნა და ამ განძის მცველი მე ვარ!

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

როცა მოძალებული ემოცია ჩაცხრება, როცა ვახერხებ სიტყვებს თავი მოვუყარო, შენ უკვე სახლში ხარ, და ისევ შენი მზერა მიმაცილებს შენგან მიმავალს...
#2, 02.10.2011 - 23:48
ეს ცოტათი უფრო დიდი ხნი წინ იყო :)
#1, 02.10.2011 - 23:28
 

User
offline
offline andriatoreli (34)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.