Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tulula blog

რა სურს მამაკაცს!?


ეს კითხვა ადრე თუ გვიან ყველა ქალს უჩნდება, განსაკუთრებით მაშინ, თუ სურს, მამაკაცის იდუმალ სულიერ სამყაროს ჩასწვდეს. რასაკვირველია, სიბრძნე ცხოვრებისეული გამოცდილების შედეგად გროვდება და რაც უფრო სამწუხაროა ეს გამოცდილება, მით უფრო ძვირფასია, მაგრამ ამ გამოცანაზე მხოლოდ ქალები როდი იმტვრევენ თავს - მამაკაცის ბუნების ახსნა მრავალმა გენიოსმა სცადა.

სიყვარულიდან სიძულვილამდე
ზიგმუნდ ფროიდს მიაჩნდა, რომ სამყაროს ორი ინსტინქტი მართავს - სქესობრივი და აგრესიული, თუმცა ადამიანი სოციალური არსებაა და საზოგადოება მისგან ინსტინქტების მოთოკვას მოითხოვს. ამ მიზნით იქმნება კანონები, ყალიბდება იდეალები და მორალური ფასეულობები. რაც შეეხება მამაკაცის აგრესიულ და სქესობრივ ინსტინქტებს, იმისთვის, რომ ისინი გარკვეულ ჩარჩოში მოექცეს, არის შექმნილი და ხელდასხმული ქორწინების ინსტიტუტი. არსებობს აგრესიული ენერგიის რეალიზაციის ისეთი სოციალური და მისაღები საშუალებაც, როგორიც არის სპორტი. ფროიდის ერთ-ერთი ცნობილი მიმდევარი ჟაკ ლაკანი მამაკაცის სურვილის ობიექტად ქალს ასახელებდა, მაგრამ ისეთ ქალს, რომელიც მამაკაცს უსხლტება - რაც უფრო მოუხელთებელია ქალი, მით უფრო სასურველია. იგივე ლაკანი ამტკიცებდა, რომ სიყვარული კლავს სურვილს. ავიღოთ, მაგალითად, რომანტიკოსების მიერ ხოტბაშესხმული მშვენიერი ქალი. არაფერია მამაკაცისთვის იმაზე საშინელი, ვიდრე ასეთი ქალისკენ მიმართული სურვილის დაკმაყოფილება. ასეთი ურთიერთობის პარადოქსია სასიყვარულო ურთიერთობის სამომავლოდ გადადება.

ფული და ძალაუფლება
ზოგიერთი ფსიქოლოგი, ფროიდისგან განსხვავებით, ავითარებს იმ იდეას, რომ ადამიანის ბუნებაში ძევს კიდევ ერთი ინსტინქტი - ძალაუფლებისაკენ სწრაფვა. უხსოვარი დროიდან ძალაუფლების სინონიმებად მიიჩნეოდა წარმატება, ძალა, პატივისცემა, სიმდიდრე... ჯერ კიდევ პირველყოფილ საზოგადოებაში ბელადს ჰქონდა საუკეთესო საჭმელი და ჰყავდა ყველაზე ლამაზი ქალი. დღესაც კი ძნელად მოიძებნება მამაკაცი, რომელიც უარს იტყოდა ბელადის როლში ყოფნაზე და მზის ქვეშ ღირსეული ადგილის დაკავებაზე. თანამედროვე მამაკაცისთვის სამსახური არის ის ადგილი, სადაც იგი ცდილობს თავისი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნილების - ძალაუფლების მოთხოვნილების - რეალიზებას, რათა ყველას დაუმტკიცოს, რა შეუძლია.


როგორ ხდებიან მამაკაცები
ითვლება, რომ ქალის ბუნებრივი ამოცანაა, წარმოაჩინოს საკუთარი სქესი მთელი თავისი შესაძლებლობებით, რომელთა არსიც არის მხოლოდ ქალებისთვის დამახასიათებელი ფუნქციები: ორსულობა, მშობიარობა, ძუძუთი კვება... მამაკაცებისთვის საქმე უფრო რთულადაა. მათი სქესი დროთა განმავლობაში უნდა ჩამოყალიბდეს. ფაქტობრივად, იმისათვის, რომ მამაკაცი მამაკაცად იქცეს, მან გამოცდა უნდა ჩააბაროს. ხშირად - არაერთი. სწორედ ამ პროცესში ხდება მამაკაცის იდენტიფიცირება საკუთარ დანიშნულებასთან. კაცობრიობის ისტორიიდან შეიძლება მოვიძიოთ ამის უამრავი მაგალითი. ნებისმიერ საზოგადოებას აქვს საკუთარი რიტუალები და ინიციაციის ინსტიტუტები, ანუ მამაკაცად მონათვლის ფორმები. თუ, მაგალითად, პირველყოფილ ტომებში ასეთი რიტუალი იყო ბიჭუნების მონაწილეობა ნადირობაში ზრდასრულ მამაკაცებთან ერთად, მათ თანასწორად, დღეისათვის ზრდასრულ მამაკაცთა სამყაროსთან ახალგაზრდის ზიარების ფორმად შეიძლება ჩავთავალოთ ჯარში სამსახური. და მაინც, მამაკაცის ფსიქოლოგია მშვენიერი სქესისთვის ჯერ კიდევ რჩება ამოუხსნელ საიდუმლოდ. იქნებ არც ღირდეს შეუცნობლის შესაცნობად დროის დაკარგვა? ქალსა და მამაკაცს ხომ ერთმანეთისკენ სწორედ ის იზიდავს, რომ ერთმანეთისგან განსხვავდებიან, და არა მხოლოდ ფიზიოლოგიის დონეზე, არამედ სულიერების თვალსაზრისითაც. მამაკაცებს აქვთ კონკრეტული, სასიცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნილებები, რომლებიც, სასურველია, ქალმა დაუკმაყოფილოს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაზარალდება ქალიც, მამაკაციც და მათი ურთიერთობაც. მამაკაცისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალის მზრუნველობა. დაბალი თვითშეფასების მქონე ზოგიერთ მამაკაცს საყვარელი ქალის ქება თვითრწმენის მოპოვებაში ეხმარება. თავისი ბუნების გამო მამაკაცი იძულებულია, კრიტიკის დროს თავდაცვის რეჟიმში გადავიდეს, ხოლო ქება მას ძალას, სტიმულსა და შთაგონებას აძლევს. დასვენებამ და ერთად გატარებულმა თავისუფალმა დრომ უნდა მოიტანოს დადებითი ემოციები, რაც ძლიერი სულიერი ერთობის საწინდარია. წყვილმა უნდა განიცადოს კმაყოფილება ერთად გატარებული დროის გამო. ფსიქოლოგები მოგვიწოდებენ, კვირაში დაახლოებით 15 საათი დავუთმოთ ერთობლივ დასვენებას. მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია ინტიმური სფეროს დაკმაყოფილებაც. მისი მოთხოვნილებაა, საყვარელი ქალი იყოს ახალგაზრდა, მიმზიდველი და ჯანმრთელი, ამიტომ ქალი უნდა ეცადოს, დიდხანს შეინარჩუნოს თავისი იმიჯი. ქალის გარეგნობის მკვეთრი ცვლილება, თუნდაც წონის მომატება, არასასურველია. მამაკაცს სურს, იამაყოს თავისი რჩეულით. როდესაც ქალი არ უვლის თავს, ამით ქვეცნობიერად პარტნიორის უპატივცემულობას ამჟღავნებს, რასაც მამაკაციც გრძნობს. მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია, როგორ უძღვება ცოლი მეურნეობას, მნიშვნელოვანია თბილი, ნაზი ურთიერთობები, ბავშვების აღზრდა, საგარეო პრობლემების მოგვარება, ერთგულება, ტაქტი. მამაკაცს როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად მხარში დგომა სჭირდება.


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.