Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
BASTI2 blog

....ვითამაშოთ და ამას დავარქვათ სიყვარული.

ვითამაშოთ

ვითამაშოთ ჩვენი ურთიერთობებით,
თითებით, შეხებით ვითამაშოთ,
ხმაურით, ბგერებით ვითამაშოთ,
თვალებით, მზერებით ვითამაშოთ,
სხეულით, ვნებებით ვითამაშოთ,
ვითამაშოთ
გრძნობებით ვითამაშოთ,
მოდი ვითამაშოთ. . .

მე ჩემ წილ ბილიკებს გავთელავ და
წვიმიან ღამეს უბეში ჩავისვამ შენამდე,
ხელისგულებით გავეკვრები ცას,
ჩამოვხსნი მთვარეს,
ჩავდებ სულს და დაგიგდებ კართან,
შიშველი ფეხებით დავხატავ სურვილებს
მტვრიან ქუჩებზე,
და წავალ...
სადამდეც მეოცნებე თამაშ-თამაშით წავა.

შენ, შენ წილ მონატრებას
მომახვევ ყელზე წითელ შარფებად,
უაზრო სიტყვებით დამარხულ სათქმელს
გაუღებ კარს,
ამივსებ ერთდროს დაცლილ კალთებს
შემონახული სითბოთი და
ჩემთვის ააგროვებ უბრალო ნიჟარებს,
მოვუსმენთ ზღვას.
თოვლამდე, მზემდე, ქარებამდე
გავყვებით თამაშს,
ვთამაშობთ,
ვთხზავთ.

მე მუჭებში შეგროვილი კენჭებით
აგიგებ სახლს,
რომელშიც შენ ყოველ საღამოს დაღლილი მოხვალ,
შემოიყოლებ მთელი დღის სუნთქვას
და გამომკვებავ.
მე შენთვის არასდროს დავკარგავ ბავშვობას და
გავიზრდები
შენ კი მაჩუქებ უამრავ ლამაზ ბავშვს.

მე შენთვის
დავრგავ ბაღში ყვავილებს რათა
შენ ყოველ დილას შეძლო ღიმილის გაფერადება
და ყველა ღიმილი მაჩუქო მე.
შენ ჩემთვის
დახატავ მინდორზე მოცეკვავეს
ბალერინებს ან ჩიტებს
რათა ჩემს გამოხედვას ერქვას სიხარული
და ყველა გამოხედვა გაჩუქო შენ.

ვითამაშოთ
ვითამაშოთ ჩვენი ურთიერთობებით,
თითებით, შეხებით ვითამაშოთ,
ხმაურით, ბგერებით ვითამაშოთ,
თვალებით, მზერებით ვითამაშოთ,
სხეულით, ვნებებით ვითამაშოთ,
ვითამაშოთ
გრძნობებით ვითამაშოთ,
და ამას დავარქვათ სიყვარული.
მოდი ვითამაშოთ

....ვითამაშოთ და ამას დავარქვათ სიყვარული.


Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.