Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ninchk blog

ლამოორა!!!!!!


ლამოორა, ტეენსო,ბიაანკა,გრააცია __ რა ლამაზად ჟღერს,არა? არა,მართლაც საამური ენაა ეს იტალიური. ლამოორა,სეელვა__არ არსებობს,რაიმე უარყოფითისკენ განგაწყოს. ოპტიმისტური ენაა! სწორედაც რომ, ყველაზე ოპტიმისტური ენა მსოფლიოში__იტალიურია!!! ამიტომ არის,რომ ჩავაფრინდი ამ ,,ლამოორებს”, როგორც ხავსს წყალწაღებული,და დღე და ღამ ვიმეორებ. ,,სეი ტუ?”__ვიხედები სარკეში და საკუთარ თავს შევძახი.იქიდანაც, რაც უნდა ცუდ ხასიათზე იყოს ჩემი ჩუმი აჩრდილი,ნებისმიერ შემთხვევაში სიხალისე გადაურბენს სახეზე და თვალებშიც ღიმილი უკრთება...
ეს დილაც ასე დაიწყო.საზიზღარ ხასიათზე გამეღვიძა,ქუთუთოები სადღაც ფეხებში ექაჩებოდნენ თვალებს,თავი ჭერში მიხტოდა, ხელები ტორებივით მქონდა დამძიმებული, ტვინი...მგონი სულაც არ მქონდა... მოკლედ, ნაბახუსევზე რომ არიან ხოლმე,ისე ვიყავი. თუმცა კი არ დამილევია.არც წუხელ და არც იმის წინ და არც იმის და არც იმის...მაგრამ ყოველ დილას ნაბახუსევი ვიღვიძებ, თითქოს არყით ვარ გალეშილი. ცხოვრება მათრობს...ოღონდ თრობის ყველაზე საშინელი გაგებით.არა, კი არ მათრობს, მლეშავს. ყოველდღიურობას არყის და ძმრის სუნი ასდის და საზიზღრად მთრგუნავს, ვერ ვიტან... ვეღარაფერს ვერ ვიტან, შინ მოსვლაც არ მინდა და არც გარეთ მიწევს გული. ,, არც მიწისა ვარ, არც ცისაო”, ამბობდა... ვინ? აღარ მახსოვს, უბრალოდ დალექილი მაქვს სადღაც,თურმე არსებულ ტვინში და ახლა ამეკვიატა. მე რისა ვარ, ნეტავ?.. ძალიან მინდა, სინათლის შვილი ვიყო. ხო, არ შეიძლება? ამდენ სიბნელეში მინდა სინათლის შვილი ვიყო და სინათლე მყავდეს დედადაც და მამადაც. მინდა გარშემო სულ ლინათლე იდგეს, არ ღამდებოდეს, ყველას სახე უღიმოდეს, ყველა იმეორებდეს: გრააცია, ბორჯოორნო, ლამოოორა... ლამოოორა... ნეტავ იტალიაში თუ ღამდება? იტალიაში მინდა. მინდა, რო?არა, რომ ჩავიდე და იქაც ნაბახუსევმა გავიღვიძო, მართლა თავს მოვიკლავ...არა, რა დროს თავის მოკვლაა? ლამოორა,ნოოვა, სეელვა!!! გამოიკეთე ახლა ხასიათი, კეთილი ინებე და ადექი! სარკეში ჩაიხედე! მაინცდამაინც შემფასებლური შეხედავ საკუთარ თავს, უბრალოდ გაუღიმე და მორჩა. თორემ ახლა შეფასება თუ დაიწყე, ისევ აფუტკნულ ლოგინში მოგიწევს დაბრუნება და აღარც მოგინდება ადგომა... არასოდეს...
არა, უშნო კი არ ვარ, მაგრადმ ზედ მაწერია, რომ ცხოვრებისგან ვარ დაღლილი... თუმცა ამას ცხოვრება არ ჰქვია, ყოველდღიურობისგან... ცხოვრებაა, რომ ცხოვრობ. და ცხოვრება ალბათ მართლაც მშვენიერია... მაგრამ მე ყოველღიურად ვყოფითობ... ნეტავ თუ არსებობს ეს სიტყვა? ვარსებობო, ვერ ვიტყვი, ესეც რაღაც უფრო მნიშვნელოვანს ჰგავს... დინებას მივყვები, ოღონდ სად მიდის ეს დინება, ქვემოთ თუ ზემოთ, არ ვიცი... მგონი დინებაც დინებას მიჰყვება...
ყოფითობის მორიგ ათვლას შევუდექი... ვისაუზმე მარტოკამ, როგორც ყოველთვის... ეს ,,ყოველთვის” უკვე მესამე წელია გრძელდება და ჩემს ყოფითობას კიდევ უფრო აყოფითებს. ჩემი ქმარი...ქმარი, რომელიც არასოდეს მყვარებია,უბრალოდ, კარგი ადამიანი იყო, ჩემს მშობლებს მოსწონდათ, საზოგადოებაში ღირსეული ადგილი ეკავა და ავირჩიე... ალბათ მაშინაც დინებას მივყვებოდი, თუმცა ამას ჯერ ვერ ვაცნობიერებდი. მიყვარდა თუ არა ვინმე? მიყვარდა, მაგრამ ის... ჩემს მშობლებს არ მოსწონდათ, საზოგადოებაში არ ეკავა ღირსეული ადგილი და არ ავირჩიე...ჰოდა ამას მერე შევუდექი მწარე ყოფითობას...თუმცა მაშინ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა, ძალიან ხალისიანი და სიცოცხლის მოყვარული გახლდით....
დაიწყო გრძელი გზა. მდორე და უნიათო, უხალისო და ბანალური, ერთფეროვნებით შეფერილი... ის მთლიაბად თავის საქმეში ჩაეფლო, უფრო სწორედ, მანამდეც ჩაფლული იყო და არც ამას მერე აუღია თავი, რაც ოჯახი შექმნა. თვის კვანტურ ფიზიკას ჩაჰკირკიტებდა, შიგადაშიგ, ოდნავ მრავალფეროვნებისთვის__ გაზეთებსაც. მე მის ცხოვრებაში ჩვეულებრივი ცოლი ვიყავი, ვამზადებდი, ვალაგებდი, ვასუფთავებდი, ხანდახან__ოდნავი მრავალფეროვნებისთვის__ მის ნაშრომებს ვათეთრებდი. ურთიერთობა არ გვქონდა, გვქონდა თანაცხოვრება, შემეშალა__ თანაყოფითობა. ქელეხებსა და ქორწილებში, როგორც იდეალური წყვილს შეეფერება, ერთად დავდიოდით და სხვა ჩვენნაირ წყვილებს თვალებს ვუბრმავებდით, რომ ცხოვრებასჰი ერთად მოვდიოდით... არადა, ასე არ იყო. მე ჩემთვის ვცხოვრობდი, ის __ თავისთვის...
შვილთან( რომელიც, რასაკვირველია, ერთი ,,ვიყოლიეთ”, როგორც ჩვენნაირ წყვილებს შეეფერებათ) ორივე პირნათლად ვასრულებდით მოვალეობებს__ის, როგორც მამას შეეფერებოდა, მკაცრი იყო, მე__ ლმობიერი. შვილიც გაიზარდა__წესიერი, ჭკვიანი. როგორც ცვენს ოჯახს შეეფერებოდა, განათლებული, მაგრამ__ ინდიფერენტული და ცივი... ახლა ქმარი სხვა ყოფითობაშია( არის კი ის ყოფიერება ნეტავ?), შვილი__ საზღვრებს გარეთ( არა, იტალიაში აარა...).. კვირაში ერთხელ, ერთსა და იმავე დროს მირეკავს და ერთსა და იმავე ფრაზებით მკიტხულობს. რატომ? მოვალეობას იხდის. ოღონდ ვისთან, არ ვიცი... ადრე გული მტკიოდა, ახლა სულერთი გახდა. კარგა ხანია მიმახვედრა, ჯერ კიდე აქ მყოფმა, რომ ჩემი კალთის ბინადარი აღარ არის და თავისი ცხოვრება აქვს, სადაც ჩემი ადგილი არ აღმოჩნდა. რას იზამ?.. ვერც ვერაფერს.
ჰოდა, ამას მერე მარტო ვყოფითობ. საშინელ ფიქრებს და დარდებს ვერსად გავექეცი. ვერც ტელევიზორმა მიშველა__ ამ საზიზღარი ყუთის ტყვედ ვერ ვიქეცი. მეგობრებს თავ_თავისი ყოფითობა აქვთ და მე ვეღარ ავეკიდე... ცოტა ხანს ეკლესიაშიც ვიარე, ,,მრევლი” ვიყავი... იქაც ვერ მოვიკიდე ფეხი, ყველა ჭკუას მასწავლიდა და ვერ გავუძელი... ალბათ ჩემი კომუნისტური ,,მზიური” ახალგაზრდობა არ აღმოჩნდა მზად ამისთვის...
რომ ვეღარაფერი მოვიფიქრე, თავის მოკვლასაც ვაპირებდი, როცა ერთხელ ჩემმა თანამშრომელმა( ხო, ვმუშავობ, დინებას მივყვები იქაც), რომელმაც ადრე იმავე მიზნით ჯერ ძაღლის ყოლა შემომთავაზა, მერე თუთიყირშის, მერე__ საყვარლის( ვერც ერთმა ვარიანტმა ვერ მომხიბლა), იტალიაში წასვლა მირჩია. და მეტი რეალურობა რომ მიენიჭებინა ამ რჩევისთვის, ლექსიკონიც მომართვა. შედეგი ფანტასტიკური აღმოჩნდა! იტალიაში ვერ წვედი( რაღა დროის ჩემი აქეთ_იქით ტანტალი და ახალი სამყაროს ძიებაა), სამაგიეროდ, იტალიური აღმოვაჩინე, რომელიც ჩემს მხსნელად იქცა. ამას მერე შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში ლამოორა, ბონჯოორნო, გრააცია... ჩემი ჩიტიც, ძაღლიც და საყვარელიც ეგ არის...
ყოველდღე ახალ სიტყვებს ვსწავლობ, მერე საკუთარ თავს ვაბარებ ნამეცადინებს და კმაყოფილი ვწვები...განათბულ ოთხში... ესეც ჩემი უცნაურობაა. თუმცა უფრო სწორი იქნება ვთქვა, საცნაურობა, ჩემთვის ხომ ამაში არაფერია უჩვეულო. ამას წინათ იმ უკვე თქვენთვის ნაცნობ თანამშრომელს ჩემი შუქის გადასახადის ოდენობა რომ მოვახსენე, თმა ყალყზე დაუდგა, მარტო მყოფი ადამიანი ამდენს როგორ წერო?( დენი იგულისხმა, რასაკვირველია). ვუთხარი, მეზობელს შუქი გადაუჭრეს და იმას გავუყავი დენი_მეთქი.აბა, იმას ხომ არ ვეტყოდი, დღე და ღამ სინათლე რომ მინთია ყველა ოთახში, ტუალეტის თამადობით?
ბავშვობიდან ვერ ვიტან სიბნელეს. აკი ვამბობდი, სინათლის შვილი უნდა ვიყო...მწარედ მახსოვს, რამეს რომ ვაშავებდი( რა უნდა დამეშავებინა ერთი ციდა გოგოს, მაგრამ მაინც ასე ამბობენ, აშავებსო...თითქოს ყველაფერი თეთრია გარშემო და შენ ერთი აშავებ სამყაროს), დედა ტუალეტის კარს გააღებდა, შემაგდებდა შიგნით,გამომკეტავდა და შუქსაც არ მინძთებდა...გული გახეთქვაზე მქონდა,ჩემზე მიუსაფარი და უპატრონო არავინ მეგონა. ის ერთი წუთი ჩემთვის საუკუნეს უდრიდა და სანამ გამოვიდოდი,რაც კი ცუდი მქონდა ნანახი და გაგონილი,ყველაფერი თვალწინ მიტრიალებდა. სინათლეს რომ დავინახავდი,ბედნიერებისაგან ცას ვეწეოდი, დეედას მადლობის ნიშნად კოცნით ვახრჩობდი და ვეხუტებოდი... მერე ის საშინელი უშუქობის წლები დაიწყო და დეპრესიის კიდევ ერთი ეტაპი მაშინ გამოვიარე.სხვა თუ უპურობასა და კუპონების სისუსტეს დარდობდა, ჩემი მთავარი სადარდებელი უშუქობა იყო. თითქოს ვიგუდებოდი...
ახლაც ასეა...ძილის დრისაც კი მინთია შუქი და როგორც კი მოსაღმოვდება, დაბნეკებამდე, შინ მოვრბივარ, ტითქოს ვინმე მელოდეს...
ჩემი ცხოვრება, სინათლის და იტალიურის გარეშე, ბნელ ტუალეტში ჯდომას ჰგავს...
ლამოორა, ტეენსო, ბიაანკა, გრააცია__ რა ლამაზად ჟღერა, არა?

ლელა ზურებიანი....

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline ninchk (26)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.