Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
antares blog

სხვა არაფერი, არაფერი, არაფერი!

კოლაუ ნადირაძე – Kolau Nadiradze (1895-1990)

(ჩანაწერებიდან)

1923 წელს ჩამოვედი თბილისში, ძლიერ მომინდა ჩემი მეგობრების ნახვა, რომელნიც ქუთაისიდან ჩვენს სატახტო ქალაქში გადასახლდნენ. მომენატრა თბილისი, რომელიც ორი წელიწადი არ მენახა.
მზიანი ოქტომბრის დილით შემხვდა თბილისი.
ჟურნალ “დროშის” რედაქციისაკენ გავეშურე – ვიცოდი, რომ იქ ვნახავდი ჩემი მეგობრების უმეტესობას. რედაქცია მოთავსებული იყო რუსთაველის პროსპექტზე, საოპერო თეატრის პირდაპირ, სადაც ამჟამად წიგნების მაღაზია “ჩირაღდანია”. რედაქციის შესასვლელთან, გაუგებრობის შედეგად პატარა, მაგრამ მეტად არასასიამოვნო ინციდენტის შემდეგ გავიცანი პოეტი გიორგი ქუჩიშვილი, რომელიც წინათ არ მენახა. რედაქციიდან სასწრაფოდ გამოსული პაოლო იაშვილის, სანდრო შანშიაშვილის, გოგლა ლეონიძის, ტიციან ტაბიძის და ალი არსენიშვილის წყალობით საქმე სწრაფად მოგვარდა. ორი კვირის განმავლობაში, რაც მე თბილისში დავრჩი, ახლოს გავიცანი და დავუახლოვდი გიორგი ქუჩიშვილს, ამ გულწრფელ, შესანიშნავ პოეტს, გალაკტიონ ტაბიძის უახლოეს მეგობარს. ეს გახლდათ პოეტი საოცრად კეთილი, შინაგანად სპეტაკი, შთაგონებული სამშობლოს სიყვარულით, მისი რეალური ცხოვრებით. ეხ, თბილისში ოდესღაც გატარებულო დღეებო და ღამეებო!
ჩვენ ისევ ვიხსენებთ ახლო წარსულს, ისევ მეგობრული სიყვარულით და ახალგაზრდული დაუღლელობით ვკლავთ დროს. თბილისის ქუჩებში ხეტიალი არ გვეზარება. უკვე დაოჯახებული მეგობრების წრეში მახარებს ყოფნა. ისევ თავდავიწყება, უდროოდ, სამარადისოდ დაკარგული მეგობრების ცრემლებით თავისა და მუხლების მოხრა?! სხვა არაფერი, არაფერი, არაფერი!
“ცისფერი ყანწების” მე-3 ნომრის გამოცემის საკითხი არ მოგვარდა. ჟურნალის გამოცემა უკვე რთულ პრობლემად გადაიქცა, რომლის გადაჭრა ჩვენი ძალებით უკვე აღარ შეგვეძლო…
ერთ დღეს ძლიერ მომინდა იეთიმ გურჯის ნახვა და მასთან პურის ჭამა. შევხვდი. მე გავანდე მათ ჩემი სურვილი, რასაც მათი მოწონების დასტური მოჰყვა. გადავწყვიტეთ წასვლა “დენიკინთან”. ეს სახელწოდება, კაცმა არ იცის თუ რატომ, რისთვის ან ვინ შეარქვა ახლანდელ კოლმეურნეობის მოედანზე იმ დროს არსებულ ღვინის სარდაფის პატრონს, რომელსაც გარეგნობით სრულებით არაფერი საერთო არ ჰქონდა გენერალ დენიკინთან.
“დენიკინი” საკმაოდ ტანადი და ჯანიერი კაცი გახლდათ, სტუმრების კარგი, თავაზიანი მიმღები, მეტად მოსაწონი კახური ღვინით მოვაჭრე. მისი სარდაფი იყო მეზობლად იმ სარდაფისა, რომელიც ვაჟას, ვალერიან გუნიას, ილია აგლაძის, პავლე საყვარელიძის, შიო მღვიმელის საყვარელ სარდაფად ითვლებოდა (ამ სახელგანთქმულ სარდაფს “ქოსების” სარდაფი ეწოდებოდა). ჩვენს მიერ არჩეული სარდაფი მოცულობით დიდი, საკმაოდ ტევადი, მუხის ლამაზი კასრებით იყო მიმზიდველი.
ჩვენ რომ მას ვესტუმრეთ, დაახლოებით დღის 4 საათი იქნებოდა
- მობრძანდით, პოეტებო, თქვენი ჭირიმე, კარდენახის წარაფებიდან ახლახან მიღებულ დედის რძესავით ღვინოს შეგასმევთ, მობრძანდით!
- ჩვენ, კიდევ, ხრამული, დოში და გუდის ყველი მოვიტანეთ, ძვირფასო დენიკინ: შოთის პური გვაკლია! – უპასუხა ტიციანმა.
- შოთი პურიო! ეგ ჩემზედ იყოს, ამაზე ნუ გაირჯებით!
- ეგ ყველაფერი ჩინებულია, – ეუბნება გიორგი ქუჩიშვილი, – მაგრამ მთავარი ის არის, რომ იეთიმის ნახვა მოგვინდა!
- იეთიმისა? ჩვენი ძმისა? ღმერთო ჩემო, განა აქ არ არის?! მობრძანდით!
სარდაფში მართლაც იეთიმ გურჯი დაგვხვდა.
ტიციანი, გიორგი და არნო მიესალმნენ იეთიმ გურჯს, როოგორც კარგ ნაცნობს და უამბეს ჩემს შესახებ. იეთიმმა ხელები სიხარულით გამომიწოდა.
- ლიხთიქითურ მხარიდან ჩამოსულ სტუმარს, პოეტს, ჩემი სალამი და ჩემი ალალი გული, – თქვა მან. ჩვენ გადავეხვიეთ და გადავკოცნეთ ერთმანეთი.
- მომეცით, ამხანაგებო, უფლება ამ პატარა ჭიქით შევსვა პირველად სტუმრის გასაცნობი და თანაც ჩემი ლექსი შევკადრო!
გაუმარჯოს საქართველოს მთა-ველსა,
მშობელ ქვეყნის, ჩვენი დედის არესა
ლიხთაქეთურ, ლიხთიქითურ მხარესა!
ჩემს წინ იდგა თავისი განუყრელი გახუნებული ნაბდით და ხელში ღვინით სავსე ქამრიანი ჭიქით შესანიშნავი ქართველი აშუღი, შესანიშნავი პოეტი იეთიმ გურჯი, რომელიც ასე უყვარდა ქართველ ხალხს. მთელ თბილისს, ყველას, ვისაც ოდნავ ესმის და უყვარს პოეზია. მე კი თან დამდევდა მისი ლექსების სტრიქონები: “წყალში ვდგევარ – ცეცხლი მიკიდია”. “გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო, დაკარგული შენი შვილი მოვედი”. “რათ მინდოდა, მშრალ ქვიშაზე მებადურად რომ დავმდგარვარ”. “ქვა მარილით ბანს ვაშენებ, ჩემი სახლის დასახურად”, “ქრისტეს მცნებით რათ მოვსულვარ მახმადის კარს სამსახურად!”
- კარგი იქნებოდა, ჩვენს პურისჭამას ალექსიც დასწრებოდა! ერთი ფეხით გაგასწროთ.
- ვინ ალექსი? – ვეკითხებით.
- ვინ და ჩემი ძმაკაცი, ალექსი ბარნოვი, პატიოსანი ადამიანი, აი, ჩვენი დიდი მწერლის, ბატონ ვასილ ბარნოვის ახლო ნათესავი.
უკვე ღამდება. ჩვენ დაშლას ვაპირებთ. ბევრი ძმური სადღეგრძელოა შესმული, მაგრამ ტიციანი, ჩვეულებრივი დაუცხრომლობით, წინადადებას იძლევა:
- ახლა დავემშვიდობოთ დენიკინს და ავეტიკს მთელი შემადგენლობით ვეწვიოთ. იქ დავასრულოთ ეს დროსტარებაც!
ტიციანის წინადადებას ერთსულოვნად მხარს ვუჭერთ.
პუშკინის ქუჩით მივდივართ სარდაფისაკენ, რომელიც პუშკინის სახელობის სკვერის პირდაპირ იყო. იქ ჩვენთვის კარგად ნაცნობი და საერთოდ სახელგანთქმული ?ავეტიკა? იმყოფება.
იეთიმ გურჯი მხიარულია და ბედნიერი…
ავეტიკა დიდი პატივისცემით გვღებულობს ჩვენ და მხიარული ეგებება იეთიმს.
- იეთიმ, ძმაო, გავიგე, ავლაბრიდან აქეთ, ჩვენსკენ გადმოგიტანია გუდა-ნაბადი! კარგი გიქნია, ჩემმა მზემ, თორემ უშენობა ძლიერ ემჩნეოდა აქაურობას.
- გადმოვბარგდი, ძვირფასო ავეტიკ, ჩემი ავლადიდებითა! შენც მომენატრე, განა გულმავიწყობა მჩვევია?! ეხლა დენიკინიდან მოვაბიჯებთ…
- მობრძანდით, გეთაყვა, მობრძანდით, ჩემი ღვინოც გასიჯნეთ, იგემეთ! შენ კი, იეთიმ, ჩემი დიდი მადლობა ამ პატიოსანი ხალხის მოყვანისათვის. განა, ქართველი პოეტებისათვის ჯანის დახარჯვა დამზარდება?!
- ნურაფერს მოითხოვთ, ბატონებო, ავეტიკმა თავად იცის, რაც გეამებათ: იმას მოგართმევთ, რაც თქვენს გულს გაუხარდება!
- აბა, ავეტიკ, შენებურად! – ეუბნება იეთიმი, დამიმშვენე ეხლა ჩემი სიღარიბე, სიმდიდრეს ხომ დამშვენება აროდეს დასჭირვებია!
- ბატონებო, მობრძანდით, მოილხინეთ! იეთიმ კეთილო, სიღარიბე ჭირს წაუღია. ჩვენ გულით მდიდარი უნდა ვიყოთ და ვართ! რომელ დამშვენებაზე მეუბნები? განა შენ დამშვენება გაკლია, დამშვენებული არა ხარ? ჩემი თუ არა გჯერა, – შენს მეგობრებს დაეკითხე – მათ უკეთ იციან!
მართლაც, კარგი სუფრა გაიშალა. ჩვენი დროსტარება მედუდუკეთა სიმღერამ დააგვირგვინა, სიმღერებმა იეთიმ გურჯის ლექსებზე აჟღერებულმა. შეზარხოშებული და საკუთარი ლექსების მოსმენით გარინდული იეთიმ გურჯი სუფრის ბოლოში ზის დაიდაყვებულ ხელებზე თავდაყრდნობილი. ვემშვიდობებით ერთმანეთს: როგორღაც იეთიმი, ტიციანი და მე მარტონი ვრჩებით და გაყრას ვაგვიანებთ.
- ძვირფასო ნიკო, ძვირფასო ტიციან, – გვეუბნება იეთიმი, – ჩვენ ხომ სიყვარულში და მეგობრობაში გავატარეთ დღე, მოდი, ახლა ეს ღამე წავაგოთ ერთად, აი იმ პატარა ბაღში, ჩვენს გვერდით არის, სადაც პუშკინის ძეგლია. ხედავთ, როგორი მაღალი ხეებია იქ! ხედავთ, რაც კი ახლომახლო ყვავ-ყორნებია, იქ, იმ ხეებზე აურზაურით ათევენ ღამეს. ჩვენც წამოვწვეთ იქ, იმ ხეების ახლოს, პუშკინის გვერდით. თბილი ღამეა, ტკბილად დაგვეძინება. გავაღებ ჩემ ნაბადს, მოვისვენებთ, დილით კი, ვიდრე მზე ამოვა, ისევ ამ ქუჩას გადავლახავთ, ისევ ავეტიკს ვეწვევით და ის თავისი სახელგანთქმული ხაშით გაგვიმასპინძლდება. ასეთ ხაშს ხომ თბილისში ვერვინ აკეთებს! მაშ ასე, წავაგოთ ღამე!
- ღამე წავაგოთ? – გაკვირვებული ვეკითხები იეთიმ გურჯს, ტიციანი იცინის.
- დიახ, პატივცემულო ნიკო, ასე ვუწოდებ ამგვარად გატარებულ ღამეს, წავაგოთ ღამე ისე, როგორც ბოლოს და ბოლოს, დასასრულს, ყველაფერს ვაგებთ ჩვენ ამ დუხჭირ ცხოვრების სავალალო ორომტრიალში… ღამე ხომ დაყუჩებისა, დადუმების, დაბოლოების მანიშნებელია!
იეთიმმა მიწაზე გაშალა თავისი ნაბადი. წამოვწექით, დავიძინეთ და გავათენეთ. ყვავ-ყორნების ჩხავილს არ შევუწუხებივართ…
ქუთაისში წასვლამდე, კიდევ ორჯერ მომიხდა იეთიმ გურჯთან ღამის წაგება – ერთხელ პაოლოსთან, მეორედ კი ტიციანთან და ეღიშე ჩარენცთან ერთად.

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.