Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
dania blog

rogor gavirujot

გარუჯვა ბევრს უყვარს. ზოგს უბრალოდ მზის გულზე ნებივრობა და მზის აბაზანების მიღება სიამოვნებს, ზოგს კი სურს, ისეთივე ფერის კანი ჰქონდეს, როგორიც მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში შემოვიდა მოდაში, მაშინ, როცა პოპულარული გახდა "საპლაჟო ცხოვრების წესი", ხოლო პრიალა ჟურნალებმა ცხელი ქვეყნების აუზის კიდეებზე ჩამომსხდარი საცურაო კოსტიუმებში გამოწყობილი გარუჯული მოდელებისა და ლამაზ ბოკლებში ჩამოსხმული, პატარა ქოლგებით მორთული კოქტეილების გაპიარება დაიწყეს. შეუძლებელი იყო, ყოველივე ამას ჩრდილოეთის მკვიდრთა ყურადღება არ მიექცია. თუ მოკლებული ხართ შესაძლებლობას, რეგულარულად დაისვენოთ სამხრეთის ქვეყნებში, თქვენთან კი ზაფხულობითაც წვიმს, ეს გამოგონება სწორედ სათქვენოა. სოლარიუმში მოკლე ხანში მიიღებთ თანაბარ ბრინჯაოსფერ ნარუჯს, რომელიც მთელი წელი გაახარებს თვალს.

პირველი სოლარიუმები მეოცე საუკუნის სამოცდაათიან წლებში გაჩნდა. მაშინვე დაიწყო კამათი იმის თაობაზე, მავნეა თუ არა სოლარიუმის ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე. ეს კამათი დღემდე გრძელდება. მაშ, ასე: რას გვიქადის სოლარიუმი? რით გვასხივებენ? რა შეიძლება მოჰყვეს სოლარიუმის ნათურების არასწორ გამოყენებას? როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ზიანი მინიმალური იყოს? ვის შეუძლია სოლარიუმში გარუჯვა და ვის - არა? რა განასხვავებს ძვირიან სოლარიუმს იაფფასიანისგან? რა მოულოდნელ უსიამოვნებას შეიძლება შევეჯახოთ იქ?


საფრთხე ჯანმრთელობისთვის
დიდი ხანია ცნობილია, რომ მზე ულტრაიისფერ სხივებს ასხივებს. გარკვეული დოზით ეს სხივები სასარგებლოც კია არა მარტო კანისთვის, არამედ მთელი ორგანიზმისთვისაც: ხელს უწყობს იმუნიტეტის მომძლავრებას, ანადგურებს ბაქტერიებს. ულტრაიისფერი სხივების მოხვედრისას ადამიანის ორგანიზმი იწყებს დ ვიტამინის გამომუშავებას, რომელიც ძვლებისთვის არის აუცილებელი - ამაგრებს მათ და აწესრიგებს მინერალურ ცვლას. გარდა ამისა, ულტრაიისფერი სხივების გავლენით ორგანიზმში წარმოიქმნება სხვა სასარგებლო ნივთიერებებიც: ენდორფინები - სიამოვნების ჰორმონები, სეროტონინი - აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას და დიდ როლს ასრულებს ორგანიზმის ცხოველქმედებაში, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას, ამცირებს თრომბების წარმოქმნის რისკს, მელანინი - იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებით დაზიანებისგან. სხვათა შორის, ნარუჯი სწორედ ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების შედეგია, უფრო სწორად, მათ აგრესიულ ზემოქმედებაზე ორგანიზმის თავდაცვითი რეაქცია, რომლის შედეგადაც პიგმენტი მელანინი წარმოიშობა. თუ მზეზე ზოგჯერ საათობით (დილით ან საღამოს, როცა ის ნაკლებაგრესიულია) წევხარ, სოლარიუმში ასე არ შეიძლება, რადგან ულტრაიისფერი გამოსხივება აქ უფრო მიზანმიმართულად მოქმედებს და ამიტომ კანზე მისი ზემოქმედება გაცილებით ძლიერია, ვიდრე მზეზე გარუჯვის დროს. მელანინის მოქმედება იქით არის მიმართული, რომ შეამციროს კანის მიერ ულტრაიისფერი სხივების შთანთქმა. დროთა განმავლობაში ორგანიზმის ეს დამცველობითი ფუნქცია შეიძლება შესუსტდეს და მაშინ უფრო მეტად იზრდება კანის კიბოს - მალანომის წარმოშობის რისკი (კანის კიბოთი ყოველწლიურად დაახლოებით 50 ათასი კაცი იღუპება). გარდა ამისა, სოლარიუმის ჭარბი გამოყენება ვნებს კანის სტრუქტურას, აშრობს და ადუნებს მას, აჩქარებს დაბერებას და მისგან მიღებული მთელი სარგებელი უკვალოდ ქრება.


უკუჩვენებები
გარდა იმისა, რომ სოლარიუმის ხშირმა სტუმრობამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას, არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც სოლარიუმში გარუჯვა საერთოდ არ შეიძლება. სოლარიუმი რეკომენდებული არ არის:

მათთვის, ვისაც კანის I ან II ფოტოტიპი აქვთ. ასეთი კანი ღია ფერისაა, ძნელად ირუჯება და ადვილად იწვება;
მათთვის, ვისაც სხეულზე აქვს ბევრი ხალი და პიგმენტური ლაქა - ინსოლაცია ხალის გადაგვარების პირველი სტიმულატორია. იგი ზრდის მელანომის განვითარების რისკს;
ქრონიკული დაავადებების გამწვავების დროს;
მაღალი არტერიული წნევის დროს;
გულის დაავადებათა არსებობის შემთხვევაში;
ასთმის დროს;
ნებისმიერი ონკოლოგიური დაავადების არსებობისას;
ქალებისთვის კრიტიკულ დღეებში;
შარდსასქესო დაავადებების დროს;
მცირე ხნის წინ გადატანილი პლასტიკური ოპერაციის შემდეგ;
სეზონური მწვავე ან გამწვავებული გაციებით გამოწვეული დაავადებების დროს;
ნებისმიერი ენდოკრინული დაავადების, განსაკუთრებით - ფარისებრი ჯირკვლის დაავადების, დროს.

ძალზე სახიფათოა სოლარიუმით მეტისმეტი გატაცება მოზარდი გოგონებისთვისაც. გარდა ამისა, ადამიანები, რომლებსაც სურთ, სოლარიუმის მეშვეობით კანის ზოგიერთი პრობლემა მოაგვარონ, ხშირად საპირისპირო ეფექტს იღებენ. მაგალითად, სახეზე გამონაყარი შეიძლება მოშრეს და ძნელად შესამჩნევიც გახდეს, მაგრამ ცხიმის გამოყოფის სტიმულაციის ხარჯზე კანის ახალი ფორები გაიჭედება და ახალი გამონაყარი და კომედონები განვითარდება, შესაბამისად, მდგომარეობა შეიძლება უფრო მეტად დამძიმდეს. აქვე - ერთი მნიშვნელოვანი მითითებაც: ანტიბიოტიკები, ანტიდეპრესანტები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები და ტრანკვილიზატორები ხელოვნური მზის მოქმედებას აძლიერებს. არსებობს სხვა შეზღუდვებიც, რომლებიც დამოკიდებულია ცალკეული ადამიანის ორგანიზმის ინდივიდუალურ მდგომარეობაზე. ამიტომ ვიდრე სოლარიუმს მიაკითხავთ, ურიგო არ იქნება, კონსულტაციისთვის ექიმს მიმართოთ და გამოკვლევები ჩაიტაროთ, რათა დანამდვილებით გაიგოთ, რამდენად მავნე თუ სასარგებლოა სოლარიუმი პირადად თქვენთვის.
სწორი გამოყენება
უკუჩვენებებთან ერთად ყურადღება უნდა მიაქციოთ ტექნიკურ მხარესაც. როგორც ცნობილია, არსებობს ძვირად ღირებული და შედარებით იაფი სოლარიუმები. კარგი იქნება გაარკვიოთ, რა ახდენს გავლენას ამა თუ იმ სოლარიუმში პროცედურების ფასზე. როგორც წესი, განსხვავებას აპარატურის ღირებულება იწვევს. სოლარიუმში გამოყენებული ნათურების ხარისხს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ხარისხიანი ლამფები გაცილებით ძვირია, სამაგიეროდ, ბევრად უფრო უვნებელია. გარუჯვისთვის განკუთვნილი ნათურების ექსპლუატაციის ვადა 500-600 საათს არ აღემატება. სამწუხაროდ, მათ ვერ შევამოწმებთ, ამიტომ პერსონალის კეთილსინდისიერების იმედად უნდა დავრჩეთ. აუცილებლად იკითხეთ, რამდენად ხშირად ტარდება სოლარიუმის დეზინფექცია და რა საშუალებებით, თორემ შესაძლოა, ნარუჯთან ერთად კანის ინფექციაც წამოიყოლოთ.

სოლარიუმში გარუჯვისას აუცილებლად უნდა გაიკეთოთ მზის ან სპეციალური დამცავი სათვალე, რადგან ულტრაიისფერი გამოსხივება მავნეა არა მარტო კანისთვის, არამედ თვალებისთვისაც. დახუჭვა საქმეს არ შველის, რადგან ეს სხივები კანშიც აღწევს.
აუცილებლად დაიფარეთ ძუძუსთავები - მათი კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა და შესაძლოა გაღიზიანდეს.
აუცილებლად წაისვით სოლარიუმში გარუჯვისთვის საჭირო სპეციალური კრემი ან ლოსიონი, ოღონდ წასმამდე შეამოწმეთ, მათ შემადგენლობაში შემავალ რომელიმე კომპონენტზე ალერგია ხომ არ გაქვთ.

ერთი სიტყვით, ხმები სოლარიუმის მავნეობის თაობაზე არცთუ ისე უსაფუძვლოა, მაგრამ თუ გაითვალისწინებთ ექიმის რეკომენდაციებს და დაიცავთ უსაფრთხოების წესებს, ის მართლაც გაგალამაზებთ და ზამთრის უღიმღამო დღეებშიც კი შესანიშნავ განწყობას გაჩუქებთ.


ბუნებრივი ნარუჯი შეიძლება, მაგრამ ფრთხილად!

ზოგიერთს ჰგონია, რომ გარუჯვა ძალიან ადვილი "საქმიანობაა": წევხარ შენთვის ქვიშიან პლაჟზე და თბები მზეზე... მაგრამ ყველაფერი არც ისე უბრალოდ ხდება, როგორც გვეჩვენება. მზეზე სწორად გარუჯვა მთელი მეცნიერებაა. თუ ამ მეცნიერების დასწავლა გეზარებათ, მაშინ რამდენიმე აუცილებელი წესი მაინც უნდა დაიმახსოვროთ, რომლებიც უსაფრთხო გარუჯვაში დაგეხმარებათ. ამ საქმეში მთავარი ზომიერებაა. მზის სხივები, ერთი მხრივ, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენენ ადამიანის ორგანიზმზე, მეორე მხრივ კი შეუძლიათ, დიდი ზიანი მიაყენონ მას. მაგალითად, მცირე დოზებით ულტრაიისფერი სხივები კიბოს უჯრედების განვითარებას ხელს უშლის, მაგრამ მზის აბაზანების ხანგრძლივი მიღება, პირიქით, მათ გაჩენასა და განვითარებას უწყობს ხელს. სწორედ აქ იჩენს თავს კიდევ ერთი სირთულე: როგორ განვსაზღვროთ ოქროს შუალედი? ეს ძალიან ადვილია. პლაჟზე დილით ან მოსაღამოებულზე გადით. საშიშია შუადღის მზე - ამ დროს გამოსხივება საკმაოდ ძლიერი და ორგანიზმისთვის მავნეა. კიდევ ერთი რჩევა: ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ზოგი ერთი-ორი საათი წევს მზის გულზე და შინ თანაბარი, ლამაზი ნარუჯით მიდის, ზოგიერთს კი 15 წუთის შემდეგ კანი უწითლდება და სითხით სავსე ბუშტუკებით ეფარება. ამ პრობლემასაც ადვილად მოევლება, მთავარია გამოიყენოთ გარუჯვისათვის საჭირო ის სპეციალური კრემები და ლოსიონები, რომლებიც თქვენი კანის ტიპს შეესაბამება. ღია ფერის კანისთვის უფრო ძლიერი დამცავი საშუალებებია საჭირო, შედარებით მუქისთვის კი - შედარებით სუსტი. მზეზე დიდხანს წოლა არ შეიძლება მათთვის, ვისაც სხეულზე ბევრი ხალი და პიგმენტური ლაქა აქვს. მზეზე გარუჯვას იგივე უკუჩვენებები აქვს, რაც სოლარიუმს. ასეა თუ ისე, ამ მარტივი წესების ცოდნით შეგიძლიათ დიდი სიამოვნებით და, რაც მთავარია, სრულიად უსაფრთხოდ გაატაროთ შვებულება ზღვის სანაპიროზე და შინ თვალისმომჭრელი ნარუჯით დაბრუნდეთ.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.