Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
EKA3EKA blog

ვკეცე, ვკეცე, ვერ დავკეცე...

ცხოვრება, რომ გზაა – ამაში დამეთანხმებით ალბათ, გზა, რომელსაც უნებლიედ, შენგან დამოუკიდებლად ადგები, მხარზე ჯოხით საგზალს გადაიდებ და მიყვები. თავიდან ვერ აანალიზებ, რომ რაღაც უსასრულოს და ძნელს იწყებ, იმიტომ რომ გვერდით ხელჩაკიდებული დედა მოგყვება. დედისთვის გზის ის ნაწილი, რომელიც შენთვის დასაწყისია, უკვე მეორე ეტაპია. მან უკვე ბევრი გაიარა და ახლა დედობრივ ინსტიქტებს იკრებს გზა და გზა. შენ არაფრის გეშინია, იმიტომ რომ ამ დროს გზა ლამაზია, გარშემო თვალწარმტაცი ბუნება, პატარა, ყვავილებით მოფენილი ბილიკი, რომელზეც შენ სიარულს და ლაპარაკს სწავლობ.
დროთა განმავლობაში დედა გშორდება, შორს არსად მიდის, უბრალოდ ხელს გიშვებს და გეუბნება, რომ წინ შეიძლება ბეწვის ხიდი დაგხვდეს, რომელზე გადასვლაც არ უნდა გაგიჭირდეს, იმიტომ რომ კარგ, კეთილ და ძლიერ ადამიანებს არ უჭირთ ეს. შენ შორიდან ხედავ ამ ბეწვის ხიდს, ხედავ, რომ ზოგიერთი ადამიანი, ვინც მანამდე შენს გვერდით მოდიოდა, მაგრამ ერთ-ორ ადგილას “გზიდან გადაუხვია”, იმ ბეწვის ხიდზე ვერ გადადიან და უსასრულო ხრამებში იჩეხებიან. შენ გეშინია, ძალიან გეშინია, სულ ყურში ჩაგესმის დედის დარიგება, მაგრამ რაღაც მაინც აკლია, რაღაც რასაც იდეალური და სრულყოფილი ურთიერთობა ქვია. გგონია, რომ არაფერი გამოგივა, ისევ მარტოს მოგიწევს გადალახვა და რისკიც საკმაოდ დიდია, თან გადაჩეხვა არ გინდა… ამ დროს, სრულიად მოულოდნელად იმ გზაზე, რომელიც უკვე ბილიკი აღარ არის და უკვე ავტომაგისტრალი ქვია, ხედავ ერთ ადამიანს. ის ძალიან მშვიდად უყურებს ბეწვის ხიდს, ძალებს იკრებს და დიდი რწმენა აქვს, რომ გადასვლა არ გაუჭირდება. გრძნობ, რომ გზის ყველაზე ეკლიანი ნაწილი აქვს გადავლილი, თანაც სრულიად მოზომილად და უშეცდომოდ. გიზიდავს და თან არ იცი, რატომ ხდება ეს. აქამდე ხომ სულ მარტო მოდიოდი, მხოლოდ დედა იყო, ვის ახლოს ყოფნასაც შენთვის უსაფრთხოება, საკვები, წყალი და სიცოცხლისთვის აუცილებელი ყველანაირი ელემენტი მოქონდა, მაგრამ ეს ადამიანი…

ზუსტად იქამდე, სანამ ბეწვის ხიდზე ფეხი უნდა შედგა – ხვდები, რომ ეს ადამიანია ყველაფერი ის, რასაც სიტყვები “სიცოცხლისთვის აუცილებელი” შეესაბამება. ვერ ისუნთქებ, ვერ ილაპარაკებ, ვერ დაინახავ და ვერ მოისმენ – თუ ის შენთან არ იქნება. ხელს ჩაკიდებთ და ერთად შედგებით ბეწვის ხიდზე…

ნამდვილი ტრაგედიაა, როცა ხედავ, რომ ბევრი ასეთი წყვილი მიიწევს ნელ-ნელა მეორე ნაპირისკენ, მაგრამ რომელიღაცა პარტნიორი სუსტი, მშიშარა და ლაჩარი აღმოჩნდება, ის ხიდიდან ვარდება და მეორესაც თან იყოლებს.. ხედავ ისეთებსაც, რომელთაგანაც ერთ-ერთი მეორეს ხელს უშვებს და უკან იხევს, ხვდება, რომ ის ის არ არის და მასთან ერთად გადასვლა არ ეღირსება… ზოგი საერთოდ მარტო ახერხებს გადასვლას… შენ კი – არ დაგიკარგავს შეგრძნება რწმენისა და სიძლიერისა, რომელიც მის თვალებში დაინახე პირველად, გჯერა, რომ გადახვალთ.
…და გადადიხართ.

თუმცა, ეს დასასრული არ არის, იმიტომ რომ ცნობილი გამოცანისა არ იყოს და – გზა, რაც არ უნდა კეცო, ვერ დაკეცავ. ბეწვის ხიდის მერე, იქ, სადაც გზა უფრო ფართოვდება და ათასობით რამეს იგებ, ხედავ, გრძნობ, სწავლობ, იძენ გამოცდილებას, კიდევ ბევრია გასავლელი. აი, ისე, როგორც ტიპიურ სოციალურ თამაშებში ხდება ხოლმე, ისინიც ხომ ცხოვრებიდან გამომდინარეა შექმნილი, თამაშობ, თამაშობ, ნელ-ნელა ახალ-ახალ ტურებს ხსნი, შენთვის ბევრი რაღაც ხელმისაწვდომი ხდება, იმიტომ რომ ყველა დავალება, რაც თამაშმა მოგცა, პირნათლად და უშეცდომოდ შეასრულე. მართლა ხომ ასეა ჰოდა, ბეწვის ხიდის მერეც უამრავ რამეს აკეთებ, მომავალ ბეწვის ხიდამდე, რომელიც შეიძლება უფრო რთული აღმოჩნდეს, მაგრამ ამის უკვე აღარ გეშინია, იმიტომ რომ საძირკველი – სიყვარული – მყარი გაქვს.

ახლა ზუსტად აქ ვარ და იმიტომაცაა, რომ სხვაზე ვერაფერზე ვწერ, გარდა სიყვარულისა მიყვარს ბლოგი, სადაც შემიძლია ბოლომდე დავიცალო და ვგრძნობდე უფრო მეტად, რომ “ვკეცე, ვკეცე, ვერ დავკეცე” – გამოცანის პასუხი გზა არის,
ზოგისთვის კარიერა,
ზოგისთვის ოჯახი,
ზოგისთვის სილამაზე, ძალიან ბევრისთვის არაფერი,
ჩემთვის კი სიყვარული ამაყი ვარ დღეს...

Tags:

 
Interesting
positive votes: 9  |  negative votes: 0

Write comment:

agni121 (40)
ზუსტად იქამდე, სანამ ბეწვის ხიდზე ფეხი უნდა შედგა – ხვდები, რომ ეს ადამიანია ყველაფერი ის, რასაც სიტყვები “სიცოცხლისთვის აუცილებელი” შეესაბამება. ვერ ისუნთქებ, ვერ ილაპარაკებ, ვერ დაინახავ და ვერ მოისმენ – თუ ის შენთან არ იქნება. ხელს ჩაკიდებთ და ერთად შედგებით ბეწვის ხიდზე…
#1, 03.12.2011 - 22:57
ნამდვილი ტრაგედიაა, როცა ხედავ, რომ ბევრი ასეთი წყვილი მიიწევს ნელ-ნელა მეორე ნაპირისკენ, მაგრამ რომელიღაცა პარტნიორი სუსტი, მშიშარა და ლაჩარი აღმოჩნდება, ის ხიდიდან ვარდება და მეორესაც თან იყოლებს...
03.12.2011 - 23:00
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.