Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
KeLeVrA13 blog

ტერენტი გრანელი_მელანქოლიური პოეზიის მეფე

ჩემი გვარი გრანელი_პოეზიას დარჩება…

დაუვიწყარია 1987 წლის 12 დეკემბრის ღამე წალენჯიხაში, ტერენტი გრანელის საიუბილეო დღე
მაცხოვრის ტაძარში, შუა ცეცხლი ფაცხაში, სანთლები და წალენჯიხელთა ანთებული სახეები შარავანდედით
რომ მოსავდნენ პოეტის სახელს… ამოვარდნილი ქარი, წვიმის წვეთები, ცაზე მთვარის და ღრუბლების რიალი,
ხოლო გზაზე_ტაძრისკენ მიმავალ ტერენტი გრანელის სახელობის გზაზე დაფენილი ყვითელი ფოთლები…
ქარი, წვიმა და ღამე_ეს ტერენტისეული საღამო_თითქოს გამოცხადება იყო მისი სულის მშობლიურ წალენჯიხაში…
აქ_სამეგრელოს ამ უმშვენიერეს კუთხეში დაიბადა 1898 წლის 3 ივნისს, აქ იხილა პირველად მზე, თეთრად
მოსილი კავკასიონი, ცაცხვზე წამომჯდარი მთვლემარე ყვავი_ყოფნასა და არყოფნაზე ღრმად ჩაფიქრებული,
მაცხოვრის ტაძარში_წმინდა გიორგი, შუბაპყრობილი გველეშაპს რომ ებრძვის.
სიყმაწვილიდანვე მძიმე ხვედრი არგუნა ბედმა: დედის უდროო სიკვდილი და ობლობა, მამის ხეიბრობა,
სახლის დაწვა და სიღარიბე, დღე_მამის სახარაზოში თავაუღებელი შრომა, ღამით_გურამიშვილი, ბარათაშვილი,
ვაჟა, ილია…მერე დედასავით ტკბილი დედინაცვალისა და მამის სიკვდილი…სიკვდილი მთელი ცხოვრება თან
სდევდა შავი ფრინველივით და აწამებდა…

1918 წელს მიატოვა სოფელი დადაუტოვა ძვირფას დებს_მაშოს და ზოზიას ცრემლიანი ოცნება დაკარგულ
ძმაზე და თბილისს_თავის საყვარელსა და მტანჯველ თბილისს მიანდო ბედი…
რკინიგზაზე მუშადყოფნა, შიკრიკობა ,,სახალხო საქმის,, რედაქციაში…ფარული შიში…იჭვი…უცხოობა…
და პირველი ლექსი ,,ახალ ნაკადში,, 1919 წელს… თავისუფალი საქართველო…სიხარული, ბედნიერება…
და გალაქტიონი_სათაყვანებელი გალაქტიონი…მერე საბედისწერო რიცხვები_1921, 1924…სისხლი, კვლავ სიკვდილი
და ,,მემენტო მორი,,…
პოეზიის ზემგრძნობიარე ძალა ასულდგმულებდა მხოლოდ, პოეზია მიაფრენდა ზეცისკენ, მოუხილავ
მესამე გზისკენ და ოდნავადაც არ ადარდებდა მიწიერი უსახლკარობა. მძიმე იყო და ეკლიანი მისი ცხოვრება,
ხოლო პოეზია და კაცობა_მისი დევნილი.
მარტოსულ და ველურ ყიჟინიდან განდგომილ პოეტს 1930 წელს თბილისიდან სურამში გადასახლება მიუსაჯეს_
სულით სნეულთა სახლში… ოთხი წლის კატორღა აგემეს უსათუთესი სულის პოეტს და ბოლოს_ თბილისს გაქცევა
სურამიდან და არამიანცისეულ საავადმყოფოში მძიმე სენით სიკვდილი 1934 წლის 10 ოქტომბერს…
არც ნეკროლოგი, არც უბრალო ცნობა სადმე გაზეთში… მცირე პროცესია ფარულად მიასვენებდა პოეტის ცხედარს პეტრე-პავლეს სააფლაოსკენ…

ეს გახლავთ მცირე ბიოგრაფია ამ მართლაც ზეციური პოეტისა, ახლა კი გთავაზობთ ბატონ რევაზ ადამიას
სტატიას,გირჩევთ არ დაგეზაროთ და ბოლომდე წაიკითხოთ გულდასმით:

მგოსნის მისტიკურ სულში, მძაფრი, უცხო და უცნაური პოეზია იყო ჩაწნული. მას არ შეეძლო ამქვეყნიური მორჩილება და დუმილი. პოეტი თავის წმიდათა წმიდა შემოქმედებას ჯოჯოხეთურ პირობებში ქმნიდა უფრო კატორღულში, ყოვლად უდანაშაულო მგოსანი, გაურკვეველსა და მწარე პატიმრობას განიცდიდა და მაინც, ზემიწიერი პოეზიის შედევრები, ქართულ მარადიულობაში ჩაკირა და ჩაადუღაბა…
უცნაურია, მაგრამ ჩვენს პლანეტაზე, თითქმის მრავალ რელიგიაზე აღმატებულად მძლავრობენ და მარადიულობენ ხელოვან გენიათა შედევრები. მოგაწვდით სასწაულებრივ ფაქტს: “ბჟა დიდა რე ჩქიმი, თუთა მუმა ჩქიმი, ხვიჩა-ხვიჩა მურიცხეფი და დო ჯიმა ჩქიმი”. “მზე დედაა ჩემი, მთვარე მამა ჩემი, ხვიჩა-ხვიჩა ვარსკვლავები და-ძმებია ჩემი”. ამ კოლხურმა უძველესმა ლექსმა, რომელიც დედამიწის საოცრებამ გადაარჩინა, უამრავ რელიგიათა სახეობანი თუ მიმდინარეობანი, საკვირველია, მაგრამ დააბერა და შორეული წარსულის ისტორიის მიუვალ სარკოფაგებში ჩაკეტა. თავის დროს ამ შედევრის ავტორი ხომ ტერენტი გრანელივით ქმნიდა ვარსკვლავთ შესადარ მისტიკურ ლექსებს. სამწუხაროდ, მისი შემქმნელის ვინაობა ისტორიის მეხსიერებაშიც არ ჩანს და ჩამქრალა სამუდამოდ. ლექსი კი მარადიულობასთან ერთად დარჩა… ეს ნაწარმოები რომელ ათასწლეულებს ეკუთვნის, არ ვიცით და არც იციან… აქედან შეიძლება უდავოდ დასკვნა გამოვიტანოთ, პოეზია და, კერძოდ ხელოვნების მრავალი დარგი, მათ შორის: ფერწერა, ქანდაკება, მუსიკა და არქიტექტურა სამყაროს, გალაქტიკათა და პლანეტების რეალური-მხატვრულ, ზეციურ ფორმათა, ხაზთა და ფერთა ტონალობაა, რომელნიც თავად მარადიულობას წარმოადგენენ. კოსმოსის სიღრმეებიდან, რელიგიის და ხელოვნების სიახლეები კი ყოველთვის ჩაეგზავნება ჩვენს პლანეტას უსასრულოდ და უწყვეტ ნაკადად: როგორც სამყაროა მთლიანი _ ერთი სახის,
ასევე ისინიც აგრე გამოიყურებიან, მაგრამ ურთიერთისაგან სრულიად განსხვავებული შინაარსის, სულიერი სიღრმეეებისა და ორგანიზმისანი არიან. ხოლო ყოველი სახეობის და მიმართულების შედევრი, როგორც მინი კოსმოსი, უზარმაზარი პლანეტებივით გაუცვეთავი და უბერებელია. ალბათ მრავალი პლანეტაც მოისუსტებს მათ წინაშე. ახლა ვიფიქროთ და მოვიგონოთ ის დრო, დედამიწაზე ადამიანებმა ბორბალი რომ გამოიგონეს. უფრო ბევრად გვიან, საშინელ შორეულში, მილიონობით წლის წინ გამოქვაბულის შედევრი მხატვრობაა, რომელიც პირველყოფილმა გენიამ მოხატა, ეს ისტორიის ლამპარჩამქრალი შედევრები, შორეული დროის სიბნელიდან ჯიუტად მოედინებიან, რომელნიც ყოველგვარ რელიგიაზე და დამწერლობაზე უძველესია. და ისინი გახლავთ არქაული ხელოვნების წინამორბედნი. ალბათ ქვეყნიერების ერთ-ერთი საოცრებათაგანიც. მარადიულობა ხომ ნებისმიერ ხელოვნების შედევრშია ჩასახული, ასევეა ტერენტი გრანელის შემოქმედებაში, უდიდეს გალაკტიონ ტაბიძეში, ბუმბერაზ რუსთაველში: ძნელია აქ მსოფლიოს მოკაშკაშე მრავალ გენიათა ჩამოთვლა, ამიტომ თქვენთან ერთად თანმიმდევრობით ვაგრძელებ ტერენტი გრანელზე ფიქრს და მის სულიერ რხევებთან გონებრივ შეხებებს.

ტერენტი გრანელი, თითქოსდა შორეული სამყაროდან ლტოლვილი პოეტი, კოსმიურის, მიწიერის და იმქვეყნიური განცდების შემოქმედებითი სინთეზი გახლდათ ვინსენტ ვან გოგივით, ამადეო მოდელიანივით და ნიკო ფიროსმანაშვილივით; ტერენტი გრანელის შემოქმედებითი სული დედამიწას შემთხვევით თუ უფლის მეოხებით ჩაქროლებული სრულიად უცხო ფენომენია, რომელმაც ისედაც ტრაგიკული ადამიანის ტანჯულ და გვემულ სხეულში საშინელი ტყვეობა და მწარე ტკივილი განიცადა. ამდაგვარი არგაგონილი ბობოქარი მოვლენების შემდგომ მისი ღრმად სევდიანი და უცხო ჰარმონიად ქცეული გლოვა და კაცური მოთქმა პლანეტათა შორის ირეალური ფერებით გაჯერებული დიდ ხელოვნებად დაიბადა, მერმე მგოსნის შეწირული და ეული სული უდროოდ განეშორა ხორციელ ტყვეობას და კოსმიური მარადიულობის სივრცეს შეერწყა. ძლიერი და დიდი შემოქმედის მოუსვენარი სულის სამყარო, რომელიც ჩაგზავნილი იყო ტერენტის სხეულში, მითიური გმირის, ჰერკულესის კლდესავით უდრეკ სხეულშიც რომ ჩასახულიყო, ეჭვსგარეშეა, მასაც დაიმორჩილებდა და უსაშველო ტყვეობაში მოაქცევდა.
არა სიკვდილი, არა სიცოცხლე, არამედ რაღაც სხვა, რომელიც გახლავთ სამყაროს მარადიულობა და უცხო სიცოცხლე, რასაც ვერ ეკარება, მიწიერი თუ არა მიწიერი შავბორბალა სიკვდილი. მხოლოდ იმ რაღაც უცხოს ძიებაში, აზრთა განცდებში და მის მოლოდინში განდეგილსა და მარტოხელა პოეტს, ამქვეყნიურისაგან ზეჭირად თანამედროვეებისაგან ნიჰილისტურად მიტოვებულს, არ დაჰკლებია გამანადგურებელი მტრობა და შური, განსაკუთრებით წითელმა პოლიტიკოსებმა სასიკვდილოდ გაიმეტეს იადონივით მგალობელი მგოსანი და წამების ეკლიან ბოძს გააკრეს…
სამყარო თავისი ბუმბერაზი პლანეტებიდან დაწყებული, დედამიწის უმცირეს მოლეკულამდე უსასრულო წვას განიცდის, თავად წმიდათა წმიდა სიყვარულიც ხომ ალმოდებული ხანძარია მისტიური. გლოვა, სევდა და მელანქოლია კი სულის დაუსრულებელი წამებაა სასტიკი. ტერენტი ნებისმიერ ამდაგვარ მდგომარეობას ღრმა სულიერებით, მტკივნეულად შეიგრძნობდა და ბოლომდე განიცდიდა. ხოლო მგოსნის ძლიერი, მძაფრი და მოუსვენარი სულიდან ამოვარდნილი ყოველი ლექსი უძირო მოთქმაა ამქვეყნიური ჟამისფერი სიცოცხლისა.
ქართული, განსაკუთრებით პოეტის მშობლიური კუთხის სამეგრელოს _ კოლხეთის სევდიანი და მაღალმხატვრული _ ხალხური სიმღერების, სრული შინაგანი ფორმა და ინდივიდუალური სახეა ტერენტი გრანელის პოეზია. ყოველ მის ლექსში, გიტარის დაჭიმული სიმებივით ზუზუნებენ ნერვისმიერი, შინაგანი, მუსიკალური და სასწაულმოქმედი კოსმიური ბგერები…
დიდმა ჰოლანდიელმა ფერმწერმა ვან გოგმა მთელი თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობა შეალია ნათელი, მსუყე, ამაღლებული განწყობილების, დრამატული, მაგრამ მთის ჰაერივით გამჭირვალე კრისტალურ ფერთა ძიებას და საბოლოოდ მიაღწია ფერწერაში უახლოესს, ინდივიდუალურსა და მაღალმხატვრულ სასწაულს.
ვან გოგმა, ფერისა და ჭეშმარიტი განწყობილების მეოხებით, ყოველი სურათის კოლორიტისაკენ მოიხმო საოცრება, კოსმიური და ფერადხაზოვანი სული. რაც უფრო და უფრო, მაღლა ასწია სურათის ფერწერული ჟღერადობა, ფორმის და ცოცხალ ხაზთა დინამიურობა და სიმძაფრე, ის მეტად მიუახლოვდა სამყაროსეულს, კოსმიურსა და ღრმა ადამიანურ სევდას. ასე, რომ მიწიერი თუ კოსმიური სევდა ნუ შეგვაკრთობს, ადამიანებო, თავად უდიდესი, სულიერი აღმაფრენის ნებისმიერი სიყვარულიც ხომ სევდის საამო ზეციური ნიავითაა გაჯერებული.
ტერენტის და ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებითი წვა და ღრმა ნაფიქრები სევდის უხილავ ცეცხლზე იწრთობოდა და კიდევაც შექმნეს სრულიად ახალი აზროვნების და ინდივიდუალური სახის, უნიკალური ხელოვნების ნიმუშები.
დაღლილი და სევდის მუქ ფრესკად ქცეული მგოსანი მიჰყვება უცნობი ცხედრის სამგლოვიარო პროცესიას. შემოღამებისას, ახალ მიწამიყრილ საფლავთან დგას… სიკვდილის დანით აკაფული ვარდები კი მკვდარ მრავალფერად პეპელასავით გართხმულა მუქი ფერის საფლავის მიწაზე…
დიდი ხანია დაღლილი მზე დასავლეთის შორეულში ჩაესვენა და ამქვეყნიურ მძევლად დაგვისვა ღამეული სევდა, რომელიც განმარტოებულ პოეტს დღენიადაგ უმძიმეს ტვირთად აწვება. უცხო განცდებისაგან ღონემიხდილი მგოსანი კი დგას გამჭვირვალე ბინდისფერი სვეტივით და ქვითინებს სამყაროს რექვიემად. თმებჩამოყრილი სანთლისფრად ქცეული ტერენტი მდუღარე ცრემლსა ღვრის უცნობის საფლავთან. უცნაური და ყოველმხრივ განსხვავებულია მისი გლოვა და წუხილი… უთუოდ, აქაც იმ კოსმიურ მესამეს, რაღაც შეუცნობელს და შორეულს ეძებს გრანელი…

უფალმა კაცობრიობას მხატვრული თუ მეცნიერულ ჭეშმარიტებათა მესაჭედ დიდი ადამიანები მოუვლინა. ტერენტი გრანელიც ამ რჩეულ შემოქმედთა საუკეთესო წარმომადგენელთაგანია. გრანელმა, თავისი მგოსნური და ფილოსოფიური წრიული აზროვნებით _ აფეთქებული განცდით და ნაღდი პოეტური ხედვით უახლოეს საუკუნეებს, კოსმიური სიჩქარით გაუსწრო და მომავალი ათასწლეულის, პლანეტათა შორის პოეტად მოგვევლინა.
დიდი მისტიკოსი მგოსანი უფლის ქადაგებასავით უბრალოდ და გასაგებად გვესაუბრა სიკვდილ-სიცოცხლის რაობაზე და შორეულ რაღაც სხვაზე…
გენიალური მხატვრის პაბლო პიკასოს ყველა მიმდინარეობის ფერწერული თუ გრაფიკული სურათები უზარმაზარი სევდის მატარებელია, შინაგანად კი წმიდა, ჯანმრთელი და ვაჟკაცური.
ყოველი ნორმალური და ჯანმრთელი ადამიანის წუთიერი სიამოვნების და განცდის დასასრული ძუნწ წამებში თავსდება და მისი საამო ფინალიც ხომ სევდის ბურუსითაა მოცული. ხოლო სამყაროსეული გლობალური მძლავრი და მარადიული სევდა, ყველგან მავალია: ამდაგვარ ამაღლებულ სევდას ტერენტი გრანელი მაცხოვრისა და ღვთისმშობლის დარად ატარებდა. განა შეიძლება ხილვა ხატწერის უკვდავ ნიმუშებში მხიარული მაცხოვრისა ან მარიამ ღვთისმშობლისა? მათ წმიდა და უსასრულო კოსმიურ თვალთა კეთილ მზერაში, სამყაროსეული, რაღაც ძალიან შორეული და უცხო სევდის ფერადოვანი და ღვთიური, გამჭვირვალე ნისლია განფენილი…
ციურ სხეულებში დედამიწისაგან უკიდურესად განსხვავებული, უცხო რაღაც, სულ სხვა სიცოცხლე არსებობს; ზოგ შემთხვევაში თითქოსდა დაუჯერებელია, ასევე პლანეტები თავიანთ თავს გრძნობენ თუ ხედავენ; ჩვენთვის მიუწვდომელი სირთულეა მათი კოსმიური სიცოცხლის შეგრძნება და მეცნიერული გაშიფვრა, მიახლოებით მაინც იმისა, რაც მათში, ჭეშმარიტად არსებობს. მაგრამ ჩვენეული მცირედი ინტუიციიდან გამომდინარე, იძულებულნი ვხდებით ზოგადკოსმიურად ვირწმუნოთ. ამდაგვარად რომ არა, ისმება კითხვა, მარტო ადამიანთა და სამყაროს უთვალავ თვალთა ურთიერთ სამზერად ჰკიდია ისინი კუნაპეტ ბნელსა და უსასრულო ციურ სივრცეში? რა თქმა უნდა, არა! ალბათ, ის რაღაც კოსმიური მესამეა მათში, რასაც დღედაღამ ტერენტის აფორიაქებული სული დაეძებდა.
თვითეულ ჩვენგანს მუდამჟამს ჩაგვესმის ტერენტი გრანელის ღამის ფრინველივით, არამიწიერი შეძახილი. “არა, სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა”. აი, ამ უცხო მესამეზე ფიქრით და განსჯით, თავად ანგელოზებიც ცასავით გამჭვირვალენი, შორეული სევდით არიან მოსილნი…
ტერენტი გრანელს ყოველი კოსმიური ხილვა და განცდა პროზით რომ დაეწერა, ის თხრობაც ხომ უნაკლო პოეზია იქნებოდა რაღაც შორეულის და ზე ფილოსოფიური შეგონებისა.
კოლხური ფესვებიდან აღმოცენებული მგოსანი როგორც კი დაუბრუნდებოდა მიწიერ მშვენიერებას, მაშინვე სულის უმცირეს მოლეკულამდე მშობლიური მიწის, კერძოდ თბილისის რომანტიკული და უმშვენიერესი გარემოთი აღტკინებული, ღრმა განცდებით, უსაზღვრო პოეტურ თრობას განიცდიდა და იქვე იბადებოდა ოპტიმიზმითა და საამო სევდით ნაზავი ლექსი შედევრი…

პლანეტათა მგოსანი, სიკვდილ-სიცოცხლის მარადიულსა და ურღვევ შეუცნობად კავშირს, სამყაროს მთლიანობაში აღიქვამდა…
“სიკვდილი ხომ საშინელებაა, მაგრამ სიცოცხლეც არა ნაკლები ყოფილაო”, ნაღვლიანად აღმოხდებოდა თურმე თანამედროვეებისაგან უკიდურესად შევიწროებულ პოეტს. მხოლოდ ნაღდ მიწიერ სიცოცხლეს, მის უსაზღვრო სითბოს და საოცარ სილამაზეს მიჰყავდა ტერენტი იმედის, ვიწრო და რთული ხელოვნების ბილიკებით, ოპტიმიზმის მარადიულ კვარცხლბეკამდე და უშუალოდ დგამდა იქ უკვდავებად ქცეულ ცოცხალ ლექსს, გამჭვირვალე მარმარილოს ქანდაკებად… გენიის თუ დიდი მოღვაწე ადამიანის ამქვეყნიური მოვლინება და მისი შემდგომი შემოქმედებითი მოღვაწეობა უზენაესისაგან დედის საშოშივე ჩასახული კოსმიური და ღვთიური პროგრამაა. უბრალო მოკვდავთათვის კი მოულოდნელი და ბუნდოვანია. გარდაცვალება, გენიოსისა თუ უბრალო მოკვდავისა, დროის და ბედის პროგრამით გარდაუვალია და თანაბარი: იქვე უსაზღვროდ ტრაგიკული, მაგრამ საკვირველება ის გახლავთ რომ ჩვენეული დროის სვლით და მისი მარად დაუსრულებლობის იმედით დღენიადაგ ვართ გართულნი. საბედნიეროდ, მისი მარადიულობაზე უეჭველობა და საერთო კოსმიური ბუნდოვანება უფლისმიერი მოწყალებაა ჩვენდამი… მიცვალებულს მიწას რომ მიაბარებენ, ნელ-ნელა ის სიკვდილის საშინელი კლანჭებისაგან თავისუფლდება და მიწიერ მარადიულ სიცოცხლეზე გადადის. ხოლო მშობლიური სხეულიდან, სიკვდილისაგან განდევნილი და აწიოკებული სული, რომელიც ზეცაში გავიდა, მცირე დროის მონაკვეთში, გამჭვირვალე, მოცისფრო-მოისფრო ზეციური სიცოცხლით და კოსმიური თვისებებით იმოსება. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ცოცხალი ადამიანი, ორი მარადიული სიცოცხლის მფლობელია. ხოლო გონი _ აზროვნება, სამყაროს სრული ასლი და მოდელი, მისი მესამე უდიდესი საფეხურია, რითაც სამების ღვთიური სამკუთხედი იკვრება: სამწუხაროდ, უმთავრესსა და განუმეორებელ ინდივიდთან ერთად გონებაც იღუპება უკვალოდ…
ტერენტი გრანელის სევდა _ მელანქოლია და ცრემლი კოსმიური სისხლის წვეთები იყო უცნაური… ყოველმხრივ განსხვავებული მწუხარებით და უწყვეტი ფიქრებით სევდამორეული მგოსანი; მძაფრად განიცდიდა მიწიერ მანკიერებას, უფრო მწვავედ გალაკტიკებისა და პლანეტების შემზარავ ურთიერთ სიშორეს და ძალიან ხშირად ღრმა აღტკინებულს, კოსმიური მწარე ნაღველი, სულიდან ლექსად ამოსდიოდა…

ქართულ პოეზიაში მსოფლიო მნიშვნელობის მრავალი პოეტები გვყავს. მაგრამ მათ შორის ყველაზე ნათლად კოსმიური პოეზიის უხვი ელემენტები მხოლოდ ტერენტი გრანელშია განსხეულებული. “სიკვდილიდან შობილი ორი სიცოცხლე”…
ადამიანში სიკვდილისაგან მოკლული ინდივიდი ქრება ატმოსფეროში. ნებისმიერი პიროვნების ინდივიდი სამყაროს სინამდვილეში მეცნიერულად შეუვალი ფენომენია, რომელთა რიგითობა უსასრულოდ მოედინება და გაედინება ბუნების გამოულეველი ფანტაზიის მეშვეობით. როგორც მოგახსენეთ, სიკვდილის შემდგომ ნებისმიერი სხეული თავისსავე მიწას უბრუნდება და მიწიერ ფუნქციონირებაში თვითნებურად გადადის და სიკვდილ სიცოცხლის ასტრონომიული წრე აქაც მარადიულ ბრუნვაშია, სხეულიდან გასული და განმარტოებული სული კი ზეციურ სამყაროში პოულობს თავის ადგილს და სრულ კოსმიურ ციკლშია ჩართული. ფაქტიურად სიკვდილი კლავს მხოლოდ პიროვნულ ინდივიდს და გონებას. ურთულესი და გარდაუვალი მოვლენის წინაშე, ყოველი ამ ქვეყნიური ძალა უღონოა, შედეგი კი უზომოდ მტკივნეული და ტრაგიკულია. სხვა მხრივ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სიკვდილი სიცოცხლის წრიული ფუნქციის შემსრულებელია და ორი შეტყუპებული სიცოცხლის, სხეულის და სულის მოკვდინებით (დროებითი) უმალ თუ გარკვეულ დროში, ორი სხვადასხვა მხარეს განშტოებული სიცოცხლე იშვება: ოღონდ ურთიერთისაგან ძალიან განსხვავებული. ისევ ადამიანის ინდივიდს დავუბრუნდეთ. ინდივიდი მოდის უსასრულობიდან, უსასრულოდ, დაკანონებულად მიდის უსასრულობაში და ქრება… აქ კი უმძიმესი კოსმიური საოცრების სწორხაზოვანი ციკლია. უფრო შორს თუ გავიხედავთ ვრწმუნდებით, რომ სამყაროს უთვალავი მოვლენები ნათესაური და ერთგვაროვანია. ეჭვს გარეშეა ადამიანის ცოცხალი ინდივიდი და მოაზროვნე გონება ამ კოსმიურ ურთულესსა და ჩაუწვდომელ წესრიგს ვერასოდეს შეურიგდება და ვერც ჩაწვდება… ესეც ხომ დიდი მიზეზი და რთული ასტრონომიული სურათია ტერენტი გრანელის უკიდურესად სულიერი გახელებისა და მელანქოლიური ტანჯვისა…
მძაფრსა და ურთულეს მგოსანში ის უდიდესი კოსმიური კოდირება იყო, რომელიც მხოლოდ კოლხურ-იბერიულ გენშია ჩადებული… ხოლო მანკიერი გაჩენა _ კოსმოპოლიტიზმი შეურიგებელი და საზიზღარი მცნებაა, რომელიც დამპყრობელი ერის თვალთმაქცური იარაღია და ყოველ უფლისმიერად გაჩენილ ეროვნულ ინდივიდს განადგურებით ემუქრება და აქაც სიკვდილი თავის სამოქმედო ადგილს ეძებს…
ტერენტი გრანელში ყოველგვარი საღი კოსმიური პროცესი მტკიცედ ბოგინობდა და ამიტომაც ბევრისათვის რთული და მიუკარებაა ის…

მგოსანი ღრმა განცდებით ხშირად დასტირის უცნობის ცხედარს: ამდაგვარი თვითმყოფადი შემოქმედებითი აზროვნებით იკვლევს კოსმიურ, თითქმის ჩაუწვდომელ მოვლენებს და სრულ ჭეშმარიტებას პოეზიის მეშვეობით გადმოგვცემს: ზემოთ გამოთქმულ უჩვეულო აზრებს თვალს თუ გადავავლებთ, ნათლად დავინახავთ საიდან მოდიოდა, ტერენტისეული უცნაური და უსაშველო გლოვის მთავარი მიზეზი.
მტკიცედ სწამს პოეტს, ხვალ თუ ზეგ მას და მის ახლობლებსაც იგივე მოელის. დედამიწიდან და საერთოდ კოსმიური სივრციდან, პიროვნების ინდივიდის უსასტიკესი გაქრობაც (ვინ იცის, ეს მოვლენაც, დასაშვებია მიფარულიყოს სამყაროს სხეულზე; ღმერთმა ქნას…) მჭიდროდ უკავშირდება ტერენტი გრანელის პოეზიის კოსმიურ ფილოსოფიას.
უზომოდ მგრძნობიარე დიდი ნიჭის და განცდების პოეტი აქაც ზეძალებს ხაზს უსვამს და გვაფრთხილებს იმ რაღაც სხვათი… ამ სახით და თვითმყოფადი გზითმავალი მგოსანი იკვლევს და იძიებს უძირო, კოსმიურსა და თითქმის მიუწვდომელ მოვლენებს ტერენტი გრანელთან პოეზიით ნააზრევი ციკლი უთუოდ რომ ახლოსაა ზესამყაროსთან და ამიტომაც ის მრავალთათვის უცხო და მიუკარება იყო, არის და იქნება…
მგოსნის დაუდგრომელმა და უმძიმესმა სულმა (ნეტავი ვიცოდეთ რამდენ გრამს იწონიდა პოეტის უშიშარი სული) ინდივიდუალური პოეზიით, შორეულ კოსმოსში მარტოდმარტომ, რაინდული და თავგანწირული მგზავრობით, ჭეშმარიტებასთან ახლოს მისვლით აღიქვა და შეიგრძნო მიახლოებით სამყაროსეული. საბოლოოდ პლანეტათაშორისო მგოსანმა ტანჯულ სულთა მკურნალ კარაბადინად ქართული პოეზიის მარადიული და ხელთუხლებელი განძი დაგვიტოვა.
კოსმოსის შორეული უწყვეტი ხმებივით და მოცარტის საოცრება რექვიემივით ალალ მართალი და ჭეშმარიტების ბეჭედია ტერენტი გრანელის პოეზია.
უცხო ტალღად სტიქიასავით მოვარდნილი ლექსის ურთულესი სტილი და მხატვრული ფორმა არამიწიერი ემოციებით, აზროვნებით და განცდების მოწოლით, თანამედროვეთაგან დამსჯელური ღალატით დაღლილ-დაქანცული მგოსანი უდროოდ განაშორეს მიწიერ სიცოცხლეს და პოეტის უკიდურესად გახელებული და განაწყენებული სული სისხლისფერ ხაზად სამყაროს ვარსკვლავეთში გაიჭრა და საშინელ შორეულში მიიკარგა…

დადგება ზამთარი…

მოვკვდები ღამით, გათენებისას, როდესაც გარეთ იქნება ზამთრის გაცივებული მთვარე და ყინვა. სიკვდილის წინ მომაგონდება თბილისის ღამეები და ჩემი უნაზესი და: ეს ორი შეერთებული კოცონი, რომელიც მწვავდა მე ყოველთვის.

ასე გათავდება სინათლე, გაჰქრებიან მოგონების წამები.

გადავეცემი სიკვდილის მდუმარე ხელებს.

ჩემი წამებული სხეული შეუერთდება მსოფლიო ელემენტებს.

და მე ვიგრძნობ უმაღლეს მოსვენებას.

ჩემი კუბო იქნება სადა

და პროცესია უცრემლო.

მე დამასაფლავებენ შუადღის ორ საათზე თბილისის ახლო.

ჩემი დაკრძალვის დღეს აიშლებიან ფერადი ღრუბლები და ამოვარდება შორეული გრიგალი.

ბალდახიანი, რომელიც წაიღებს ჩემს ცხედარს, იქნება თეთრი და მოძველებული. პანაშვიდს გადამიხდის ვინმე უბრალო მღვდელი, რომელსაც არ ექნება წაკითხული ჩემი სისხლიანი წიგნი «Memento mori!» არ შევეცოდები მღვდელს, რომელსაც არ ეცოდინება ჩემი დაფერფლილი სულის ისტორია. მხოლოდ ცხედართან მდგომ პოეტებს მოაგონდებათ ჩემს დანისლულ ლექსებიდან: სტრიქონები.

მოვა უიმედობა.

პანაშვიდი გათავდება ქარში.
ჩემს ცხედარს ნელა ჩაუშვებენ სამარეში.

და პირველ მიწას სახეზე მომაყრის ვინმე უხეში მესაფლავე.

კუბოს ფიცარზე შეწყდება უკანასკნელი გუგუნი მიწის და ქვების.

პროცესია დაიშლება.

მე და სიჩუმე დავრჩებით მარტო.

გზაში ისაუბრებენ ჩემზე.

დაღამდება…

მე შემეშინდება მარტო სასაფლაოზე, ღამით.

დავტოვებ კუბოს და ტანშიშველი გამოვიქცევი სამარიდან.

და გიჟივით ვიკივლებ, რომ მომეშველონ, რომ დამიფარონ.

არავინ იქნება ჩემი მხსნელი, ისევ დავეცემი, თავს ვიგრძნობ სამარეში და კვლავ მივეცემი ძილს დაუსრულებელს.

ნათელივით თავზე დამადგება ჩემი განუყრელი და – სიჩუმე.

თეთრად დასუდრული იქნება მთელი ქვეყანა.
ის სოფელი, სადაც მე დავიბადე, დაემსგავსება უდაბნოს.

გაივლის ზამთარი, წვიმით და ქარებით.

დადგებიან გაზაფხულის დღეები.

შეიფოთლება სასაფლაო.

კვირა დილით, როდესაც ყველა მლოცველისათვის გაიღება ეკლესიის კარები, ჩემს საფლავთან დაფიქრებული მოვა ვინმე ქალი, მოიგონებს ჩემს დამწვარ სახეს, მოიგონებს ჩემს წამებას და შევეცოდები.

ასე გაივლიან საუკუნეები.

ჩემს საფლავს დაადგება მზე შორეულ რიცხვის.

ჩემს მიერ უხილავ საღამოს ბინდი დაფარავს მივიწყებულ ლოდებს და ჩემი საფლავიც შეიმოსება სიბნელით.

წამოვა წვიმა, ქარიშხალი და მოწყენილ საფლავზე დამაყრის ყვითელ ფოთლებს. ასე დროთა შავი წვეთებით დახავსდება ჩემი სამარე, ზედ წამოიზრდება ბალახი.

ზაფხულში, საღამო დროს, ჩემს საფლავს ჩაუვლიან თეთრად გამოწყობილი ქალები, შორს, სარკესთან უცნობი თითები დაუკრავენ როიალს.

დილაადრიან უიმედოდ იკივლებენ ორთქლმავლები. მოვა კვირადღე და ჩემს ახლოს დარეკავენ ზარებს, აანთებენ სანთლებს.

დაიღლებიან ხელაპყრობილი მლოცველები.

წირვა გათავდება.

საყდარს დაკეტავენ, ხატები დამწყვდეულ ტუსაღებივით დარჩებიან შიგ. და სასაფლაოს ჩხავილით გადაუფრენს ყვავი.

გაქრება თვალები, რომელზედაც ესვენა თბილისის ღამეები მძიმე ლოდებივით.

და ჩემი სამარის სამუდამო დარაჯი იქნება ჩემი უნაზესი და – სიჩუმე.


Tags:

 
Interesting
positive votes: 5  |  negative votes: 0

Write comment:

ne-o-ni (28)
ძალიან ძალიან საინტერესო და საუკეთესო ნამუშევარია,მიხარია რომ დღევანდელ საქართველოში ისევ არსებობენ ასეთი ახალგაზრდები,ისეთნი რომელნიც დიდ პატივს სცემენ საქართველოს საამაყო წარსულს,მე თქვენ მიყვარხართ პერსპექტიულო და საოცრად განათლებულო ადამიანებო.
#7, 03.04.2015 - 15:44
aNNa (28)
ასე, რომ მიწიერი თუ კოსმიური სევდა ნუ შეგვაკრთობს, ადამიანებო, თავად უდიდესი, სულიერი აღმაფრენის ნებისმიერი სიყვარულიც ხომ სევდის საამო ზეციური ნიავითაა გაჯერებული.
#6, 23.08.2012 - 04:58
natomari (45)
ამ ქალაქში ყველაფერი დასწრებაზეა ჩემო კარგოოოო
Memento Mori-ზე აი, ეს გამახსენდა ნანახი გაქვს ჩვენს კლუბში ეს კითხვა? http://www.face.ge/albums/natomari/p163207
#5, 03.12.2011 - 19:23
natomari (45)
"ახლა უფრო ხშირია შეცდომების დაშვება,
ახლა მოდის ივნისი, ირგვლივ მწვანე მოლია.
ჩემი წმინდა სახელი პოეზიას დარჩება,
ჩემი გული და სისხლი - ეს “Memento mori”-ა..."

კარგი დრო გამასხენე
#4, 03.12.2011 - 19:17
ვაიმე დამასწარიი.. ჩემი საყვარელი სიტყვებიაა.. ასე მიმართავდა ძველ საბერძნეთში გამარჯვებულ გენერლალს მონა რომელიც წესისი მიხედვით მის ზურგს უკან დგებოდა როცა გენერალი ქუჩაში გამარჯვებას ზეიმობდა
03.12.2011 - 19:21
natomari (45)
ერთ დროს უფრო დავფრინავდი ...დავფრინავდი კი არა ვაფრენდი
#3, 03.12.2011 - 19:16
Memento Mori .. გახსოვდეს რომ მოკვდავი ხარ
03.12.2011 - 19:19
natomari (45)
...და ჩემი სამარის სამუდამო დარაჯი იქნება ჩემი უნაზესი და – სიჩუმე.
#2, 03.12.2011 - 19:07
პოეზზიამ იცის უეცარი სიხარული რომელიც უდირს გაფრენას შევეჯიბოროთ?
03.12.2011 - 19:09
natomari (45)
სადღაც დუმს მთები, სადღაც ნისლია,
ვერ გადვურჩები სულის წვალებას.
მე რომ გაფრენა არ შემიძლია,
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.
სადღაც დუმს დილა, სადღაც ძილია,
გზა გაიარეს სადღაც ქალებმა,
ჩემი სხეული რომ დაღლილია,
ეს უკვე ნიშნავს გარდაცვალებას.
და სადღაც ბაღთან ვიღაც იცდიდა,
და უცბად ზეცა ნახეს თვალებმა,
რომ ვერ შევძელი გასვლა მიწიდან -
ეს უკვე ნიშნავს გ ა რ დ ა ც ვ ა ლ ე ბ ა ს.
#1, 03.12.2011 - 19:06
03.12.2011 - 19:07
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.