Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
JAPEXA blog

ბედნიერთა ფერმა

საშოვარზე საქმიანად მიმავალს გართობამონდომებულმა ლაწირაკმა სათითაოდ რომ დამაწყვიტა საცეცები და შემდეგ მთლად გამსრისა, მაშინ ვთქვი, დიდი ვერაფერი ბედნიერება ყოფილა-მეთქი ჭიანჭველად ყოფნა.

დასაყივლებლად შემართულს იმ კუნძზევე რომ წამაწყვიტეს თავი, რომლიდანაც წინა დღით დედლებს თავმომწონედ ვეპრანჭებოდი, მხოლოდ მაშინ ჩავწვდი პირველად ქათამთა მძიმე ბედ-იღბალს.

მოშიებულმა, მადისაღმძვრელად ჩასორსლილი ჭიაყელა რომ დავინახე, მისკენ გავწიე და გონს როცა მოვედი, ლაყუჩებში შამფურგაყრილი კოცონის თავზე ვიბრაწებოდი, მაშინ დავადგინე პირველად, რომ არც თევზებს ჰქონიათ დალხენილი ცხოვრება.

ჭიაყელად ყოფნა ხომ საერთოდ არცა ღირს. წარმოიდგინეთ, სისხამ დილით ნეხვში განცხრომით მოსრიალეს თავზე თვითდარწმუნებული იდიოტი რომ წამოგადგება; ჯერ ასანთის კოლოფში მოგათავსებს, შემდეგ შუაზე გაგწყვეტს, ანკესის კაუჭაზე წამოგაცვამს სატყუარად და ჰაიდაა - მდინარეში.

თქვენ რა გგონიათ, მუხის ხედ ყოფნაა ბედნიერება? ერთხელაც, ცამოწმენდილზე, მოვა ვინმე დარეხვილი და რვაასის წლის განმავლობაში ჩამსუქნებულ მერქანს, რამდენიმე თვეში იატაკად, ავეჯად, ღვინის კასრად ან ყველაზე კარგ ვარიანტში, შამპანურის ბოთლის საცობად აქცევს.

ზებრას გამოკიდებულს, ვიღაც არალეგალური შლიაპიანი ჩუმ-ჩუმად რომ წამოგეწევა თავისი ოპტიკურსამიზნიანი იარაღით და რამდენიმე ხანში შენსავე ფიტულს ვიმე პროვინციელი გუბერნატორის სამუშაო ოთახში იხილავ, ბუხრის თავზე ჩამოკიდებულს, მერე ნამდვილად არ დამიწყებ იმის მტკიცებას, რომ ნადირთა მეფედ ყოფნას ნატრობდი ყოველთვის.

ძვირფასი ბეწვი აღმოგაჩნდება და - ადრე თუ გვიან, წითელპომადიანი ფაშფაშა ქალბატონის მსხვილ კისერზე დაიდებ ბინას.

ეგ კი არა და, გარდაცვლილი პოეტის ბრინჯაოს ქანდაკებად ყოფნაშიც ვერ ჰპოვებ სიმშვიდეს. დღის განმავლობაში ათასი ჯურის წვეტიანი იდეებით შეწუხებული აგივლის და ჩაგივლის. ზოგი გიცნობს და ზოგიც - ვერა. ხოლო ვინც გიცნობს, ისე უაზროდ შეეცდება შენი მეტაფორებისა და სიმბოლოების გახსნას, ხვალვე რომ მოგეცეს საშუალება, წერაზე საერთოდ ჩაგაქნევინებს ხელს.

და ამ ყველაფრის შემდეგ თვლით, რომ ადამიანები არიან ბედნიერები? - ბავშვობაში ჭიანჭველებს სათითაოდ აცლი საცეცებს, ჭიაყელებს შუაზე წყვეტ და ანკესის კაუჭაზე აცვამ, რომელზეც რამდენიმე წუთში თევზი წამოეგება, რომელსაც ლაყუჩებში წკეპლებს გაუყრი, რომლებიც იმ ადგილიდანაა წამოღებული, რომელზეც წინათ რვაასწლოვანი მუხა იდგა, ახლა კი შენი გუბერნატორი მამიკოს რეზიდენციაა, რომლის სამუშაო ოთახის კედლიდან საწყალი თვალებით იყურება ფიტულადქცეული ლომი. ამის შემდეგ კი, საკუთარ თავში დარწმუნებული, მიდიხარ გარდაცვლილი პოეტის ქანდაკებასთან და წარბაწეული, კულტურული იდიოტის გამომეტყველებით იდიოტურად იწყებ ლაპარაკს ლიტერატურაზე. ნუთუ, ამ დროს ხარ ბედნიერი?

ღვთის სამდურავი არ დაგცდეთ, - ღმერთი ხომ იძულებულია ამ ყველაფერს ზემოდან უყუროს, თანაც ერთდროულად და თანაც, მოთმინებით...

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline JAPEXA (26)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.