Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

ნაყროვანება მუცლის მონობაა

,,როცა მუცელს შევავიწროვებთ, გულიც დამდაბლდება; მაგრამ თუ სტომაქი საჭმლითაა სავსე, გულისთქმები ამაღლდებიან,’’- იოანე კლემაქსი

ფიზიკური ძალების შესანარჩუნებლად სხვადასხვა ადამიანს სხვადასხვა რაოდენობის საკვები სჭირდება. ეს დამოკიდებულია ასაკზე, აღნაგობაზე, ჯანმრთელობასა და სამუშაოს სიმძიმეზე… თვით საკვებში არავითარი ცუდი არ არის, რამეთუ იგი ღმერთისგანაა ბოძებული. ნაყროვანი, მაძღარი ადამიანი სულიერ სარგებელს ვერ შეიძენს. ადამიანმა უნდა ჭამოს, რათა იცოცხლოს.… ჩვენ კი იმიტომ ვცოცხლობთ, რომ ვჭამოთ. ცოდვაა, როცა მას სანატრელ მიზნად ვიხდით, თაყვანს ვცემთ, ვტკბებით მისი გემოთი, გაუთავებლად ვლაპარაკობთ ჭამაზე და ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი ფული დავხარჯოთ რაც შეიძლება მეტი სანოვაგის შესაძენად.

ქრისტიანი უნდა ცდილობდეს თავი შეიკავოს ყოველგვარი ზედმეტობისგან, აკეთოს მხოლოდ ის, რაც აუცილებელი და სასარგებლოა, ხოლო რაც მავნეა სულისთვის, ის მოიკვეთოს. თუ საზრდელს ზომიერად ვღებულობთ, იგი ძალებს გვინარჩუნებს ხორციელი და სულიერი მოღვაწეობისთვის, ლოცვისა და მუხლისდრეკისათვის, ხოლო აუცილებელი საზრდელის მოკლება (უგუნური მარხვა), ანდა, პირიქით, ზედმეტი ჭამა გვაუძლურებს, ცხოვრების მწყობრი რიტმიდან გვაგდებს და სულისთვის სასარგებლოსაც ვერაფერს ვაკეთებთ.

ნაყროვანებას სხვადასხვა სახე აქვს: ღორმუცელობა და ლოთობა. ,,პირველი სურვილია იმისა, რომ რაც შეიძლება მეტად და ხშირად განვიცადოთ საკვების მიღების დროს წარმოშობილი სასიამოვნო შეგრძნება. მეორე კი, გარდა გემოვნების მოთხოვნის დაკმაყოფილების სურვილისა, წარმოადგენს მისწრაფებას, წარმოვქმნათ საკუთარ თავში სიმთვრალედ წოდებული სასიამოვნო მდგომარეობა, ე.ი. აღვძრათ საკუთარ თავში ჯერ მხიარულება, შემდეგ კი თავის გაბრუება, გონების გრძნობათა დაბნელება. ეს ორი გრძნობა ყველაზე მდაბალი და ცხოველურია: მათ გონიერი არსებები პირუტყვის მდგომარეობამდე დაჰყავთ.’’ გემოთმოყვარეობაც ნაყროვანების სახეა. ესაა განსაკუთრებულად გემრიელი საჭმელებით გატაცება. ასევე, არსებობს მალულად ჭამაც, რაც ამპარტავნებისა და ნაყროვანების ნაშიერია. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ბევრი და განურჩეველი კვება ორგანიზმს ძალიან ვნებს და იწვევს როგორც ფიზიოლოგიურ, ასევე ფსიქიკურ დაავადებებს.

საჭმლით ტკბობა ხელს გვიშლის სულიერ მოღვაწეობაში. ხშირად ამის გამო ადამიანი საერთოდ კარგავს ამგვარი მოღვაწეობის ხალისს, აღვიძებს გემოთმოყვარეობას, იწვევს ახალი საჭმელების გასინჯვის სურვილს. ჩნდება დაუკმაყოფილებლობის გრძნობა. უკვე არა მარტო საკვებში, არამედ სხვა სფეროებშიც ეძიებს მკვეთრ, ძლიერ შეგრძნებებს. ადამიანში ყველაფერი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან და ერთი ვნებიდან ადვილად იშვება მეორე. გემოთმოყვარეობას ხშირად მარხვის გატეხვა მოსდევს, რაც ადამიანს ღმერთისა და ეკლესიისგან განაშორებს. ნაყროვანების ვნებით შეპყრობილს არ ძალუძს, ებრძოლოს ბევრ სხვა ვნებასაც, რომელთა დათრგუნვაც მარხვის მეშვეობითაა შესაძლებელი.

ზოგჯერ ნაყროვანება დაფარულია ჩვენგან თითქოს კეთილი საქმით. ხშირად გვიხარია სტუმრის მოსვლა, ვამბობთ: ,,სტუმარი ღვთისაა,’’ გავშლით სუფრას და … კვლავ ჭამა – სმა განუზომელი. თან უფლის სახელის ამაოდ ხსენება, თან სიცრუე და ამპარტავნება. რატომ არ გვიხარია, როცა ვინმე გლახაკი გვესტუმრება? იმიტომ, რომ მასთან ერთად სუფრასთან ჯდომა არ გვსიამოვნებს, გვეთაკილება, არასაკადრისად მიგვაჩნია.

ცოდვაა საზრდოს მიღების წინ ლოცვის დავიწყება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ერთი სული გვაქვს, როდის დავიწყებთ ჭამას. ასევე, მავნეა მოწყენილობის, უსაქმურობის, უგუნებობის გამო ჭამა.

ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანი საზრდელის მიღების წინ გულით უნდა ლოცულობდეს უფლის მიმართ და უნდა წარმოთქვამდეს ლოცვას:

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან, ამინ.ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

მეუფეო ზეცათაო, გვაკურთხენ.

(და ჯვარი გადასახე საზრდელსა და სასმელს)

ლოცვა შემდგომად საზრდელის მიღებისა

გმადლობ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რამეთუ განმაძღე ჩუენ ქვეყნიერთა კეთილთა შენთაგან; ნუ დამაკლებ ჩუენ ზეცისაცა შენსა სასუფეველსა, არამედ ვითარცა შორის მოწაფეთა შენთა მიხვედ, მაცხოვარ, და მშვიდობა მიჰმადლე მათ, ეგრეცა მოვედ ჩუენთანა და გვაცხოვნენ ჩუენ, ამინ.ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ. ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

მეუფეო ზეცათაო, გვაკურთხენ.

ნაყროვანებისა და გემოთმოყვარეობის ცოდვა მორწმუნემ აღსარების საიდუმლოში უნდა მოინანიოს.

მოამზადა თეონა ნოზაძემ





Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.