Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

პარაკლისის მნიშვნელობა

პარაკლისი ბერძნული სიტყვაა და თხოვნას, ვედრებას ნიშნავს. არსებობს სხვადასხვა პარაკლისი: ახალი წლის, მოგზაურთათვის, სწავლის წინ, ავადმყოფობისათვის და ა.შ. პარაკლისის აღსრულების მნიშვნელობაზე გვესაუბრებამამა გიორგი წეროძე(საპატრიარქოს კარის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური):

რას ნიშნავს პარაკლისი?

მამა გიორგი: “პარაკლისი თხოვნით ლოცვას ნიშნავს. მას სასულიერო პირი აღასრულებს. ამ ლოცვით კანონში თავმოყრილია მოკლე ლოცვები წმიდანის ცხოვრების, მისი ღვაწლის შესახებ. ეს ლოცვები რამდენიმე ნაწილად იყოფა და ყოველი ნაწილის სტრუქტურა მეტნაკლებად იდენტურია. ჯერ დასაწყისი ლოცვები იკითხება, შემდეგ ღმრთის, მაცხოვრის სადიდებელი, შემდეგ რამდენიმე მუხლი თავად წმიდანის სადიდებელი და ბოლოს ღმრთისმშობლის სადიდებელი. ასე რამდენიმეჯერ, ლოცვის შუაში იკითხება სახარება შესაბამისი წესით. შემდეგ კვლავ რამდენიმე ტროპარი (მოკლე ლოცვა) ძლისპირი (იმ ძლევის აღმწერი ლოცვა რომელიც გამოაჩინა ღმერთმა ამა თუ იმ წმინდანის ცხოვრებით). ძლევს ღმერთი ყოველგვარ შეცდომასა და დანაშაულს ადამიანისას, ყოველგვარ ცოდვით გამოვლინებას და არა მარტო ძლევს, არამედ სიწმიდემდე აიყვანს მას. ამას ვხედავთ ჩვენ ამა თუ იმ წმინდანის ცხოვრებაში, ამას მოგვითხრობს ლოცვითად პარაკლისი. ამით განსწავლული მლოცველი, ამ სულისკვეთებით გამთბარი მლოცველი უახლოვდება ღმერთს და სრულიად კონკრეტულ, ხელშესახებ სიკეთეს განიცდის, ღებულობს ახალ ძალასა და სიხარულს ცხოვრებისათვის. მსახურება სრულდება ზეთისცხებით. ჩვენ ვევედრებით წმიდანს შეწევნისათვის და შეწევნაც ძალიან ხშირად არ აყოვნებს.

პარაკლისი აღესრულება სხვადასხვა საჭიროებისას, იქნება ეს რაიმე სასიხარულო მოვლენა თუ სამწუხარო განსაცდელი, ავადმყოფობა, იმედგაცრუება, სასოწარკვეთილება, სულიერი დეპრესია თუ წარუმატებლობა საქმიანობისას.

როდიდან აღესრულება პარაკლისები?

ზუსტად ცნობილი არ არის. თუმცა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პირველი პარაკლისებიც იმ დროისათვის დაიწერა, როდესაც განვითარდა ქრისტიანული ლიტერატურა. ეს არის მე-8, მე-9 საუკუნეები.

რომელ წმინდანთა პარაკლისი არსებობს?

პარაკლისების უმრავლესობა დაწერილია წმიდანებისადმი: მოწამეების, ღირსი მამების, წმ. მღდელმთავრების, წინასწარმეტყველების, ანგელოზების, ღმრთისმშობლის, მაცხოვრის და თვით წმ სამების სახელზე, ასევე, დაწერილია სამადლობელო პარაკლისიც. არცთუ უმნიშვნელოა იმის გარკვევა, თუ რა განსხვავებებია მოწამესა და ღირს მამას ან წმ. მღდელმთავარს შორის. მოწამე საკუთარი სიცოცხლით ადასტურებს ჭეშმარიტ სარწმუნოებას. მისი ცხოვრება ძალადობრივი სიკვდილით და ქრისტეს სარწმუნოების შეუპოვარი დაცვით სრულდება. ღირსი მამები არიან ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში, ასკეტური ცხოვრებით აღწევდნენ უმაღლეს სულიერ სიწმიდეს, წერილობით ან ზეპირად ასწავლიდნენ სარწმუნოებრივ ჭეშმარიტებებს. ასევე, წმ. მღდელმთავრები გამოირჩეოდნენ სამწყსოსადმი ერთგულებითა და დიდი სიწმიდით. უნდა გვახსოვდეს, ვის სახელზეც არ უნდა იყოს დაწერილი პარაკლისი, ყველა შემთხვევაში, შეწევნისა და ძალის წყარო შემოქმედი ღმერთია, ხოლო ის ვისაც ვევედრებით, არის ჩვენი მეოხი, შუამდგომელი და გზამკვლევი ქრისტე ღმერთამდე.

რა დანიშნულება აქვს პარაკლისს?

პარაკლისის დანიშნულება ისევე როგორც სხვა საღმთისმსახურო რიტუალისა არის ადამიანის ღმერთთან მიახლება. მისი სულიერი სამყაროს ამაღლება. პრობლემების დაძლევის, მარათებული სულიერი პოზიციის მოძიებისა და მასში დამკვიდრების საუკეთესო საშუალება პარაკლისია.

კიდევ ერთი საკითხი, ფონეტიკური მზგავსების გამო ხშირად ერთმენეთში ეშლებათ პარაკლისი და პანაშვიდი. პარაკლისი ამქვეყნად მყოფი ადამიანების მიერ ამქვეყნად მყოფთათვისვე სრულდება, ხოლო პანაშვიდი კი გარდაცვალებული ადამიანის სულის მოსახსენებელია და სამწუხარო, სანუგეშო მსახურებას ნიშნავს. აქ მნიშვნელოვანია, ვთქვათ, რომ პანაშვიდი აღესრულება ჭირისუფლებისათვის, რათა მათ მთელი სიცხადით გააცნობიერონ გარდაცვლილი ადამიანის სულისათვის ამქვეყნიური შეძევნის აუცილებლობა და იმქვეყნად მიცვალებულის სრული უმოქმედობა. თითქოს პანაშვიდის გადახდის მსურველი ჭირუსუფალი ამბობს: უფალო ვილოცებ და შენ დამიდე გულზე ის სამოქმედო გეგმა, რომელიც მე მიმაახლებს შენთან და ჩემი შენთან მიახლებით უფრო ახლოს მიიყვანს და ანუგეშებს გარდაცვლილი ახლობელის სულს. ამიტომ პანაშვიდის ლოცვისას, ისევე როგორც სხვა საზოგადო ღმრთისმსახურებისას, მნიშვნელოვანია, მლოცველის ყურადღება და მაქსიმალური ჩართვა ლოცვაში. პანაშვიდი დიდად აახლოვებს ჭირუსუფლისა და გარდაცვლილი ადამიანების სულებს, რაც დიდი ნუგეშია ჭირისუფალთათვის.

ქეთი ჭელიძე


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.