Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

რა არის ცოდვა?

“წმიდა მამები ამბობენ, რომ ღმერთი ჰგავს მზეს. მზე არის სინათლისა და სითბოს წყარო. ამდენად, ცოდვილი ადამიანი, რომელიც ზურგს აქცევს ღმერთს, წყვდიადშია, იგი ღმერთსა და საკუთარ თავს შორის აღმართავს საკანს, რომელშიც თავად მოემწყვდევა ხოლმე.”

ცოდვა ნებისმიერი წინააღმდეგობაა ღვთის ნებისადმი. უფალს “სურს, რომ ყველა ადამიანი ცხონდეს


და შეიცნოს ჭეშმარიტება”. ჭეშმარიტება კი თავად ღმერთია. ამდენად, ღმერთს უნდა, რომ ყოველი ადამიანი მივიდეს მასთან. თუ ადამიანი ღმერთთან არ მიდის, იგი სცოდავს, რადგან ხსნას, მარადიულ ცხოვრებას, ანუ ცათა სასუფეველს მიიღებენ მხოლოდ ისინი, ვისაც ეს სურს.

მამა კონსტანტინე გიორგაძე ( წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური): “ცოდვა – ეს უფლისაგან განდგომილებაა. სასუფეველში ადამიანს ცოდვა არ ჰქონდა, ღმერთმა ის უცოდველად, თავის ხატად და მსგავსად შექმნა, მიმადლებულად და არა – ბუნებითად. უფალს არ სჭირდებოდა ადამიანის არსებობა იმისთვის, რომ მისი რაიმე ნაკლოვანება შევსებულიყო – მას ნაკლი არ გააჩნია. ღმერთის გარეშე ადამიანს სიცოცხლე არ შეუძლია, ამიტომაც სასუფეველში იგი უფლის კანონებით ცხოვრობდა. ადამიანი გაამპარტავნდა, უფლის პირველივე აკრძალვა დაარღვია და ცოდვით დაეცა. თუ სასუფეველში იგი იყო უკვდავი, უხრწნელი, უვნებელი, ცოდვით დაცემის შემდეგ გახდა მოკვდავი, ხრწნადი, ვნებული. დაექვემდებარა ბოროტის ზემოქმედებას, სნეულებას. მთელი ძველი აღთქმის პერიოდში სასუფევლის კარი დაკეტილი იყო და ყველა ადამიანი, მართალი თუ ცოდვილი, ჯოჯოხეთში მიდიოდა. უფლის აღთქმისდა მიხედვით, კაცობრიობას მესია – ქრისტე მოევლინა.

იგი ადამიანის ცოდვათა გამოსახსნელად ჯვარზე ავიდა და საკუთარი წმიდა სისხლი დაღვარა. ამის შემდეგ დადგა სანატრელი გამოხსნის ჟამი და ყველა ადამიანს მიეცა უფლება ცხონებისა, თუმცა ამის წინაპირობა არის წმიდა ნათლისღება, რომლის დროსაც პიროვნებას დაბადების თანმდევი პირველქმნილი ადამის ცოდვა მიეტევება. ნათლობის მაცხოვნებელი აუცილებლობის შესახებ სახარებაშია ნათქვამი: ვინც არ მოინათლოს წყლითა და სულიწმინდით, მან ვერ იხილოს ცათა სასუფეველი. ადამიანი შეხებადია და ნათლობის შემდეგ ის მაინც ექვემდებარება ცოდვით დაცემებს, ამიტომაც ჩვენი სისუსტის გამო უფალმა დაადგინა აღსარების საიდუმლო, რომლის დროსაც ადამიანს თავისი ნებისმიერი ცოდვა მიეტევება და ისევე განწმენდილი გამოდის ამ საიდუმლოების შემდეგ, როგორც ახალნათელღებული წყლიდან. აღსარების ჩაბარება შეიძლება ხშირად და ეს აუცილებელიცაა, რამეთუ გადავრჩეთ და ვცხონდეთ.

როგორია ღვთის ნება ადამიანთან მიმართებაში?

ღმერთს ადამიანის ცხონება და გადარჩენა სურს. თუ მიწიერ მამას უნდა, მისი შვილი ყველაზე კარგად იყოს, რამდენად უფრო მოწყალე და მოსიყვარულეა მამა ზეციერი? უფალი ყველა ღონეს ხმარობს იმისათვის, რომ ადამიანი მოაქციოს, ცოდვებისაგან განწმინდოს და აცხოვნოს. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა ეროვნებას, სქესსა და კანის ფერს. შეიძლება ვინმემ იკითხოს, თუ ასე სურს, რა უშლის მას ხელს ამის გაკეთებაში? უფალი ყველაზე სამართლიანია და აქედან გამომდინარე, იგი არ ეხება ადამიანის თავისუფალ ნებას, რომელიც მანვე მიმადლა.

რატომაა ჩვენთვის სიკვდილი საშინელი და მიუღებელი?

არსებობს გარდაცვალება და სიკვდილი. როცა სული ხორცს ეყრება – ეს გარდაცვალებაა, ხოლა როცა სული სცილდება უფლის სახეს – ეს სიკვდილი და ჯოჯოხეთია. სიკვდილი მართლაც საშინელია. ეს სამოთხეში არ იყო და ადამიანის ცოდვით დაცემის შედეგია. დედამიწაზე ცხოვრება ადამიანისთვის დროებითია, ანუ ესაა ის მორიგეობა, რომლის დროსაც ადამიანი აგროვებს სულიერ საუნჯეს და ამით ბრუნდება სამშობლოში. სულისა და ხორცის ერთმანეთისაგან გაყრა დროებითია. საყოველთაო აღდგომის შემდეგ ისინი ისევ ერთად იქნებიან. სულისა და ხორცის ერთობა სასუფეველში ცხოვრების აუცილებელი პირობაა. თუმცა ეს იქნება არა ისეთი ხორცი, როგორიც ჩვენ გვაქვს, არამედ ჰაეროვანი, ისეთი, როგორიც ჰქონდა ქრისტეს აღდგომის შემდეგ.

ადამიანმა, რომელსაც სარწმუნოების მოპოვება სურს, რითი უნდა დაიწყოს?

ადამიანს, რომელსაც სიმდიდრის მოპოვება სურს, რით უნდა დაიწყოს? ალბათ, ჯერ უნდა გამოიკვლიოს, თუ რა ხერხებით მიაღწიოს ამას. აქაც ასეა – ადამიანმა უნდა მიმართოს ეკლესიას, შევიდეს, მიმოიხედოს, უნდა გამოიკვლიოს, თუ როგორ ხდება მოძღვართან გასაუბრება, აირჩიოს ის მღვდელი, რომელიც სულით ახლოს მივა მასთან, მიენდოს მას, ვინც ნაბიჯ–ნაბიჯ და მტკიცედ ჩააყენებს სულის გადარჩენის სწორ კალაპოტში.

არსებობს მცნება: „მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა ჰყავ იგი, ექვსი დღე იქმოდე, ხოლო დღე იგი მეშვიდე – შაბათი არის უფლისა ღვთისა შენისა“. უნდა ვიცოდეთ, რომ უფალმა 6 დღე ქმნა სამყარო და ადამიანი, მეშვიდე დღეს კი დაისვენა და ადამიანს დაუდგინა, რომ 6 დგე ეშრომა, მეშვიდე დღე კი წმინდა ეყო და უფლისთვის მიეძღვნა. ხომ შეიძლებოდა უფალს მხოლოდ ერთი დღე დაეთმო ადამიანისათვის, ხოლო 6 დღე თავისთვის, მაგრამ თავისი კაცთმოყვარეობით მან პირიქით ქმნა. ადამიანები იმასაც ვერ ვაკეთებთ, რომ კვირას 2 საათით წირვაზე დავდგეთ და ის დღე უქმე ვყოთ ხორციელი სარგებელისგან. ძველი აღთქმის შაბათს ახალი აღთქმის კვირა შეესაბამება, არ შეიძლება უქმის გატეხვა, კვირა დღეებისა და საუფლო დღესასწაულებისა. ამისთვის ადამიანი ისჯება მატერიალურადაც და სულიერადაც.

რა არის სინანულისა და ღვთის შეცნობისთვის საჭირო?

ღვთის შეცნობისთვის საჭიროა ზოგადად თავის, ცოდვების შეცნობა, გააზრება იმისა, რომ ცოდვა მომაკვდინებელია როგორც სულისთვის, ასევე ხორცისთვისაც. უნდა ვერიდოთ ცოდვას, არ უნდა გავცვალოთ მარადიული საუფლო ნეტარება, დროებით, წარმავალ, მიწიურ სიამოვნებაზე. რაც შეეხება სინანულს, ისიც უფლის დახმარებით ეძლევა ადამიანს და თუ ის არა გვაქვს, უნდა ვევედროთ ღმერთს, რომ მოგვცეს.

კვიპრიანე კართაგენელი ამბობს: “ვისთვისაც ეკლესია დედა არაა, მისთვის ღმერთი ვერ იქნება მამა”. ეკლესია ქრისტეს სხეულია, ისინი განუყოფელნი არიან ერთმანეთისგან და ამ გამოთქმის მიხედვითაც, თუ ნამდვილი რწმენა გვაქვს, ორივე უკლებლივ უნდა გვწამდეს.
თავის გადარჩენას შრომა სჭირდება, ანუ როცა იხრჩობი, ხელის განძრევაა საჭირო. ე.ი. ადამიანმა უნდა ილოცოს, დაიცვას უფლის მცნებები, უნდა იყოს აღმსარებელი და მაზიარებელი, აკეთოს კეთილი საქმეები და ზოგადად, გული უნდა გაიწმინდოს ბოროტებისგან. რაც შეეხება მოყვასის გადარჩენას, წმიდა მამისა არ იყოს, გაიწმინდე შენ და შენს ირგვლივ ათასები ცხონდებიან.

ქეთი ჭელიძე



Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.