Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
dadunamartoa blog

იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი

ნაწყვეტი გურამ დოჩანაშვილის მოთხრობიდან :"იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი"



— აბა, რა — თანხა კაცის ცხოვრებაში გარკვეულ როლს თამაშობს. ერთ ეპიზოდს გიამბობ და შენ თავად განსაჯე… ეს მოხდა კიკეთში, ზუსტად ორი წლის წინათ. იქ ჩემს დას გავყევი, რომელმაც შვილები აგარაკზე წაიყვანა და ცოტა-ცოტას ბავშვების აღზრდაში ვეხმარებოდი. იდგა შუა ზაფხული, ივლისის თვე. ჩვენი ქუჩა, ღობე-ღობე აყოლებული, ხეხილიანი, ბავშვებით იყო სავსე. ისინი უდარდელად დახტოდნენ, დარბოდნენ, ჟრიამულობდნენ. ქუჩა ოდნავ დაქანებული, ასფალტიანი იყო, — შენ მერე დაინახავ, დათა, რომ ამას ექნება მნიშვნელობა, — და უცებ ქუჩის თავში გამოჩნდა სქელი კაცი, რომელსაც ხელში უზარმაზარი საზამთრო ეჭირა და ძალიან კმაყოფილი სახე ჰქონდა, რადგან საზამთრო ახალთახალი შემოსული იყო — სწორედ ისე მოჰქონდა, ბირთვის მკვრელებს რომ უკავიათ თავიანთი ინსტრუმენტი. და წარმოგიდგენია, დათა, — ქუჩაში სიჩუმე ჩამოვარდა. ბავშვები შესცქეროდნენ მონატრებულ ხილს, კაცმა კი ამაყი, გამარჯვებული სახით ჩაუარა ყველას და თავის ოჯახში შევიდა. და აი, მაშინ, დათა, სწორედ მაშინ იყო საჭირო თანხა. მე რომ მაშინ იმდენი თანხა მქონოდა, თუნდაც ჯონ გრეის რომ ჰქონდა, ტაქსით ჩავგრიალდებოდი თბილისში, დავიქირავებდი საბარგო მანქანას, ვიყიდდი უამრავ საზამთროს, ჩამოვიტანდი კიკეთში, მძღოლის დახმარებით გადმოვალაგებდი, გორად დავაწყობდი, მერე ერთ ცალს დავწვდებოდი ორივე ხელით და დავიძახებდი: ეჰე, შენ, პატარა გოგო, წითელკოპლებიანი კაბა რომ გაცვია, ეს შენია, დაიჭირე… და საზამთროს დაღმართიან ქუჩაზე ფრთხილად დავაგორებდი. მერე მეორეს მოვიმარჯვებდი და ისევ გავძახებდი: ეჰეე, შენ, თავხოტორა ბიჭო, ეს შენია, დაიჭირე… და დავაგორებდი და სულ ასე, სანამ ყველა ბავშვს არ ჩამოვურიგებდი, მერე კი ჩემს მკვიდრ დისშვილებსაც მივუტანდი. ხომ სწორად მოვიქცეოდი?

— სწორად მოიქცეოდი.
— ახლა კი შენ წარმოიდგინე, დათა, რა ეღირება ახლადშემოსული საზამთროებით გატენილი დიდი საბარგო მანქანა და მერე თქვი, თანხა საჭიროა თუ არა, მაგრამ ესეცაა — ამდენი თანხა ქუჩაში არ ყრია და არც არავინ გაჩუქებს, ხოლო თუ გარკვეული დროის განმავლობაში დააგროვებ, შეიძლება გადაიფიქრო აღნიშნული ხილის ყიდვა, რადგან თანხის დაგროვებისას ადამიანი იცვლება. ეს ნაღდია, მერწმუნე, დათა, და ამიტომ, თუ იცი, რაა საჭირო? — ნუ იყიდი, ძმაო, საზამთროს, სანამ კარგად არ შემოვა, გაიჭირვე ერთი-ორი კვირა. მე თუ არ ვიყიდი, არა? შენც თუ არ იყიდი, არა? და სხვაც თუ არ იყიდის, არა? — არც ერთ ბავშვს გული არ დასწყდება.
— კი მაგრამ, — ახლა კი შეფიქრიანდა დათა, — თუ არავინ არ იყიდის, ხომ დაულპებათ გლეხებს, როგორც იტყვიან, მონაგარი?
— შენ მაგის დარდი ნუ გაქვს, — ხელი ჩაიქნია გრიშამ, — ნუ გეშინია, გამოჩნდებიან ისეთებიც, რომ იყიდიან. მთავარია, რომ მე და აგრეთვე შენ, ესე იგი, ჩემმა ნაცნობმა, არ ვიყიდოთ. ესაა მთავარი. პირდაპირ მითხარი, დათა, დასამალი რა გაქვს: ხომ არ იყიდი ახალშემოსულ ხილს, თანაც, ამბობენ, ხელოვნურად ამწიფებენო?
— არ ვიყიდი, — თქვა დათამ. მასთან ძალიან სასიამოვნო იყო საუბარი.

Tags:

 
Interesting
positive votes: 6  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.