Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

ფრთხილად გაზიან სასმელებთან!

გაზიანი სასმელები მხოლოდდამხოლოდ ნეგატიურ ზეგავლენას ახდენენ ჩვენს ორგანიზმზე. მათი უმრავლესობა ჯანმრთელობისთვის საზიანო ქიმიურ მინარევებსა და სხვადასხვა დასახელების ემულგატორებს შეიცავს. ხშირ შემთხვევაში, მომხმარებელს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

ყველა “სიკეთესთან” ერთად, გაზიანი სასმელების დიდი რაოდენობით მიღება ადამიანს ნაადრევ სიბერესთან აახლოებს. ფოსფატი, რომელიც განსაკუთრებულ გემოს აძლევს სასმელს, კანსა და კუნთოვან ქსოვილს აშრობს. მას ასევე შუძლია დააზიანოს გული და თირკმელები. ორგანიზმზე ჭარბი ფოსფატის უარყოფითი ზემოქმედება ჰარვარდის უნივერსიტეტში თაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმაც დაადასტურა.

სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს,რომ ქალებში, რომლებიც სვამენ დღეში 2 ქილაზე მეტ გაზიან სასმელს, ორჯერ უფრო ხშირად აღინიშნება თირკმელის დაავადებები იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც უპირატესობას მინერალურ სასმელებს ან წვენებს ანიჭებენ. მედიკოსები ხშირად აღნიშნავენ, რომ თირკმელის დაავადებებთან ერთად, უკანასკნელ წლებში მკვეთრად იმატა შაქრიანი დიაბეტისა და ჭარბი წონის შემთხვევებმა, რასაც ექიმები უკავშირებენ ფრუკტოზის გადაჭარბებულ გამოყენებას გაზირებული სასმელების უმრავლესობის დამზადებისთვის.

გაზიანი სასმელების არარაციონალური მოხმარება კარიესსაც გვიქადის. პრობლემას იწვევს სასმელში არსებული მჟავა, რომელიც კბილის მინანქარს აზიანებს. ზოგჯერ მწარმოებლები მჟავას ნაცვლად ეტიკეტზე წერენ ციფრულ კოდს E330, რომელიც ლიმონმჟავას აღნიშნავს. ასევე E338 – ორთოფოსფორმჟავა, ეს უკანასკნელი ძვლებიდან კალცის სწრაფად გამორეცხვას უწყობს ხელს. ზოგჯერ პროცესი ძვლოვანი ქსოვილის შესუსტებასა და მოტეხილობასაც იწვევს. გაზიანი სასმელები, განსაკუთრებით ტკბილი, რეკომენდებული არ არის ხანში შესულთათვის. რა ვითარებაა ბავშვებთან? შეიძლება თუ არა დედამ გაზიანი სასმელი მიიღოს, როცა შვილი ბუნებრივ კვებაზე ჰყავს? გვესაუბრება პედიატრი თამარ ბერძული:

გაზიანი სასმელების უმრავლესობა დამზადებულია ქიმიური ნარევებით, საღებავებით. ამიტომ, როგორც პედიატრი, დედებს ვურჩევ, მათი მიღება მაქსიმალურად შეზღუდონ. ზოგს მიაჩნია, რომ ჩვეულებრივი ლუდი რძის მომყვანია და დიდი რაოდენობით იღებს მას, ესეც არასწორი პოზიციაა. ბევრ ქვეყანაში არის სპეციალურად დამზადებული უალკოჰოლო ლუდი, რომლის მოხმარება ნამდვილად უმჯობესია იმ დედებისთვის, რომელთაც შვილი ბუნებრივ კვებაზე ჰყავთ.

რა ასაკიდან არის რეკომენდებული ტკბილი ან თუნდაც მინერალური გაზიანი სასმელების მიღება ბავშვებში?

ჯანმრთელ ბავშვს, რომელსაც არ აღენიშნება არანაირი კუჭ-ნაწლავის პრობლემა (გასტრიტები, კოლიტები…), შეუძლია გაზიანი სასმელები 3 წლიდან მიიღოს, მაგრამ დედამ აუცილებლად უნდა აკონტროლოს, თუ რა დოზითა და დროის რა მონაკვეთში ხდება ეს. მინერალური წყალი გაცილებით სასურველია, მაგრამ დაუშვებელია მათი სისტემატური მოხმარება.

ცნობილია, რომ გაზიანი სასმელების მოხმარება იწვევს ორგანიზმიდან კალცის გამოდევნას. უშლის თუ არა ხელს მათი მიღება მოზარდის სიმაღლეში მატებას?

რა თქმა უნდა. კალცი ეს არის ორგანიზმის საშენი მასალა. მისი გამოფიტვა ახშირებს მოტეხილობებს, ძვლების დეფორმაციას იწვევს. შესაბამისად, ბავშვი ასეთ დროს ნაკლებად იმატებს სიმაღლეში.

ნატურალური წვენები, რომლებიც უამრავი დასახელების დევს მაღაზიათა დახლებზე, რამდენად სასარგებლოა?

შეუძლებელია ეჭვი არ შეგეპაროს, ნამდვილად არის თუ არა ეს წვენები ნატურალური, როდესაც ჩვენს რეალობას გადახედავ. თითოეული სახეობის ერთი კილოგრამი ხილის ფასი, ხშირ შემთხვევაში, აჭარბებს ამ წვენების ღირებულებას. ეს ელემენტარულ ლოგიკაშიც არ ჯდება. უდავოა, რომ ისინი შეიცავენ საღებავებსა და ემულგატორებს. ამდენად, დედებს ვურჩევ, არ დაიზარონ და თავად დაუმზადონ შვილებს ნატურალური წვენები სახლის პირობებში. ეს გაცილებით სასარგებლო იქნება.

გაზიანი სასმელების ხშირმა მოხმარებამ შეიძლება თუ არა გამოიწვიოს მოზარდებში ჭარბი წონა?

ტკბილი, გაზიანი სასმელები შეიცავენ ნატრიუმის ბენზონატს (E211), რომელიც კონსერვანტს წარმოადგენს. ის იწვევს ფერმენტების დათრგუნვას, რაც ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის დაქვეითებას, სიმსუქნეს. განსაკუთრებით რთულად გვაქვს საქმე, თუ ამ ყველაფერს თან ერთვის ცომეულის დიდი რაოდენობით მიღებაც. მქონია შემთხვევა, როცა ბავშვი იმ ზღვარზე მისულა, საჭირო გამხდარა ენდოკრინოლოგის ჩარევა. თუმცა, საბედნიეროდ, საქართველოში ასეთი შემთხვევები იშვიათობას წარმოადგენს.

დედების უმრავლესობა თავგამოდებით ცდილობს, მოარიდოს ბავშვი გაზიანი სასმელების მოხმარებას, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ბრძოლა უშედეგოა. პატარა ონავრები ხან მშობლის დაუკითხავდ, ხან კიდევ ზედმეტი ჭირვეულობით ცდილობენ თავიანთი სურვილის შესრულებას და საკმაოდ ხშირად ახერხებენ კიდეც საყვარელი სასმელით პირის ჩატკბარუნებას. მათ, რა თქმა უნდა, წარმოდგენაც არ აქვთ ემულგატორებსა და მჟავებზე, მაგრამ ჩვენ ხომ კარგად ვიცით მათი მზაკვრული გეგმების შესახებ. ?! ასე რომ, ფრთხილად გაზიან სასმელებთან!

ქრისტინე გამთენაძე


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.