Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

პოჩაევის ღვთისმშობლის ხატი

ხატი ვოლინის ეპარქიაში, პოჩაევოს მიძინების ლავრაში იმყოფება. სახელი სოფელ პოჩაევოდან მიიღო, რომელიც კრემენცსა და ბროდამს შორის მდებარეობს. ამ სოფლიდანვე მიიღო პოჩაევოს მთამ სახელწოდება, რომელზედაც ლავრაა გაშენებული.

ეს მთა სხვებზე გაცილებით მაღალია და თავისი გამოქვაბულებით იქცევს ყურადღებას. ისინი ბუნებრივადაა გამოკვეთილი და მეტად მოსახერხებელია. ამ გამოქვაბულში ორი ბერი სახლობდა, ღვთის მადლით ისინი ლოცვის, თავშეკავებისა და მორჩილების ღვაწლში იმყოვებოდნენ. ერთ-ერთი მოღვაწე ღამის წესისამებრ მთის მწვერვალზე ავიდა სალოცავად და მოულოდნელად ცეცხლის სვეტში ქვაზე მდგარი ყოვადლადწმიდა ღვთისმშობელი იხილა. ბერმა ამის შესახებ თანამოღვაწესაც აცნობა და ორივე ღთისმოშიშებით უმზერდა ამ გამოცხადებას. ხილვა ერთმა მწყემსმაც შენიშნა, რომელიც ბიჭებთან ერთად მთის ძირში ცხვარს აძოვებდა და მთაზე ამოვიდა. აქ ორ ბერს შეხვდა, ისინი ადიდებდნენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს იმ საოცარი ხილვისა და მადლის გამო, რომელიც მისი გამოცხადების ადგილას დარჩა. ყოვლადწმიდა ქალწულმა ქვაზე დატოვა თავისი ნაბიჯის ანაბეჭდი, რომელიც დღემდე კამკამა წყლითაა სავსე. მისი ყოვლადწმიდა ფეხის ქვეშ ქვა ცვილივით დარბილდა და ცხოველსმყოფელი წყალი აღმოაცენა. ამ ანაბეჭდში წყალი არასოდეს ილევა, თუმცა თავყვანისმცემლები გამუდმებით იღებენ წყალს, რათა მისი საშუალებით სხვადასხვა სნეულებანი განკურნონ. ღვთისმშობელი პოჩაევოს მთაზე 1340 წელს გამოჩნდა და ქვაზე ფეხის ანაბეჭდი დატოვა. ამ დროიდან პოჩაევოს მთა ღთის მადლის სამკვიდრებელი გახდა, ხოლო უფროსადკურთხეული მარიამის ტერფის ანაბეჭდი მრავალი სასწაულის დაუშრეტელ წყაროდ იქცა.

1595 წელს კონსტანტინეპოლის მიტროპოლიტმა ნეოფიტემ, რომელიც რუსეთში მოგზაურობდა, მისდამი გამოჩენილი სტუმართმოყვარეობისათვის მემამულე ქალს ანნა გოისკოს კურთხევის ნიშნად კონსტანტინეპოლიდან ჩამოტანილი ღვთისმშობლის ხატი გადასცა. თავდაპირველად ეს სიწმიდე ცნობილი არ იყო, მაგრამ მალე ხატმა სასწაულების აღსრულება დაიწყო. თვით ანნა გოისკოც განსაკუთრებულ ღვთისმოსაობას განიცდიდა მის მიმართ. ხატის წინაშე უქრობი კანდელი ენთო მას შემდეგ, რაც მისგან ნათლით გაბრწყინებული ღვთისმშობელი გამოეცხადა. ანნა გოისკო განაცვიფრა ღვთისმშობლის ხატის მადლის ძალამ, მაგრამ როცა მისი დაბადებიდან ბრმა ძმა ფილიპე კოზინსკი ცრემლითა და ლოცვით შეუვრდა წმიდა ხატს და კურნება მიიღო, ქალს შეეშინდა, ასეთი სიწმიდე კვლავ სახლში გაეჩერებინა და 1597 წელს მრავალრიცხოვანი ხალხის თანხლებით, სანთლებითა და პარაკლისის გალობით პოჩაევოს მონასტერში გადააბრძანეს და სამუდამოდ გადასცეს იმ ბერების მფლობელობაში, რომლებიც სავანეში ცხოვრობდნენ. მალე კლდეზე ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაც აიგო. ანნა გოისკოს სიკვდილის შემდეგ მთელი მისი ქონება, მამულები და პოჩაევოს მთაც მემკვიდრეობით სოფელ კოზინში მოსახლე ანდრია ფირლეის ერგო. ის ლუთერანი იყო და პოჩაევოს მონასტერი და მისი ბერები სძულდა. ცდილობდა, ისინი ყველანაირად შეევიწროვებინა. ბერებს მიწა და ტყე წაართვა, სენაკები გადაუწვა, გვემა და პოჩაევოს მთაზე წმიდა ხატის და ღვთისმშობლის სვეტის თაყვანისსაცემად მისვლა აუკრძალა. შემდეგ იქიდან ხატის წაღება განიზრახა, შეიარაღებულ თანამზრახველებთან ერთად 1623 წელს მონასტერს დაეცა და მისი განძი, საეკლესიო სალარო და ღვთისმშობლის ხატი გაიტაცა. ეს მკრეხელობა იმით დააგვირგვინა, რომ ცოლს უბრძანა, საეკლესიო შესამოსელი ჩაეცვა, წმიდა ბარძიმი აიღო, მოქეიფეთა შორის ჩადგა და ღვთისმშობლის ხატისა და მართლმადიდებელი სარწმუნოების გმობა დაიწყო. ამგვარი მკრეხელობისთვის მის ცოლს მაშინვე მოევლინა ღვთაებრივი სასჯელი: ის ბოროტმა სულმა შეიპყრო და სასტიკად სტანჯავდა მანამ, სანამ ფირლეიმ ხატი მონასტერს არ დაუბრუნა. ამის შემდეგ ხატი მრავალ სასწაულს აღმოაცენებდა, რომელთა შესახებ ამბავი რუსეთის კიდეებს მისწვდა, ყოველი მხრიდან მოდიოდნენ მლოცველები, რათა წმიდა ხატისთვის თაყვანი ეცათ, ისინი შემწეობასა და ხსნას ღვთის გულმოწყალებაში ეძებდნენ.

პოჩაევის ღვთისმშობლის მიერ აღსრულებულ სასწაულთაგან განსაკუთრებით გამოირჩევა სავანის ხსნა თურქთა შემოსევებისგან 1675 წელს. ისინი უვე მონასტრის კედლებთან იყვნენ მომდგარნი. ღვთისმშობლის შემწეობასმინდობილი ბერები მთელი ღამე ლოცულობდნენ და ხატის წინაშე დაუჯდომელს გალობდნენ. როცა ის საკვირველ ზესთამბრძოლად მოიხსენიეს, გამოჩნდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი – ნათელი სამოსლით მოსილი, შიშველხმლიანი ანგელოსებით გარშემორტყმული. თურქები მულოდნელად შიშმა შეიპყრო და გაიქცნენ.

1770 წელს, როცა პოჩაევოს სავანეს უნიატები დაეპატრონნენ, სასწაულთმოქმედი ხატის შესახებ გადმოცემების გამოსაკვლევად კომისია შეიქმნა. ამ გადმოცემებიდან აშკარაა, რომ ხატთან სალოცავად მოდიოდნენ და კურნებას იღებდნენ არა მარტო მართლმადიდებლები და ყოფილი უნიატები, არამედ ლათინური აღმსარებლობის ქრისტიანები, რომლებიც განკურნების შემდეგ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას იღებდნენ.

1831 წელს, როცა პოჩაევოს მონასტერი მართლმადიდებლურ იურისდიქციაში გადავიდა, მას პოჩაევოს მიძინების ლავრა ეწოდა, მართლმადიდებელი ქრისტიანები პოჩაევოს სიწმიდის მიმართ დიდ ღვთისმოსაობას ავლენენ, მისი თაყვანისცემისთვის რუსეთის სხვადასხვა მხარეებიდან მლოცველთა სიმრავლე მოილტვის.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.