Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგებებიდან

* * *

იოანე ღვთისმეტყველი სახარებაში ამბობს: „ღმერთი სიყვარული არს“, და მე ვფიქრობ, არავის გამოუთქვამს უფლის ამაზე უფრო ზუსტი სახელწოდება. მართლაც, ღმერთი არის სათავე სიყვარულისა და სადაც სიყვარულია, იქ სიხარულია, იქ მშვიდობაა.

* * *

მთავარი, დაუსრულებელი სათნოება არის სიყვარული. არსებობს რწმენა, სასოება და სიყვარული. სიყვარული მარადიულია. და აი, ამ მარადისობის დღესასწაულია დღეს - მარადიული სიყვარულის დღესასწაული.

* * *

მეფე დავით წინასწარმეტყველი ასე ლოცულობდა: „მოიხსენე, უფალო, დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“. დღეს, როცა საოცარი წინააღმდეგობა და ბრძოლაა ადამიანებს შორის, შევთხოვოთ უფალს, რომ როგორც დავით მეფეს მიმადლა სიმშვიდე, ისე მიანიჭოს საქართველოს!

* * *

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს სიტყვები ბიბლიიდან: „ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი“.

* * *

მშვიდობა ყველასათვის სასურველია, მაგრამ მისი მიღწევა იოლი არ არის. ჩვენს გარშემოც და ჩვენს სულშიც მშვიდობა რომ სუფევდეს, მშვიდობისმოყვარე გული უნდა გვქონდეს.

* * *

მოთმინება ერთგული რაინდივით იცავს მშვიდობას, სახარულსა და სიყვარულს და თავადაც უხვად საზრდოობს ამ მადლიდან.

* * *

გულმოწყალება ცხოვნებისაკენ მიმავალი ყველაზე სწორი და უმოკლესი გზაა. ამიტომაც ბრძანებს უფალი, რომ საშინელი სამსჯავროს დროს მოწყალენი იქნებიან შეწყალებულნი და დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს.

* * *

რწმენა ღვთის არსებობის დაჯერებას კი არ ნიშნავს მხოლოდ, იგი უპირველესად გულისხმობს ცხოვრებას ღმერთში, სასოებას, იმედს მისი წყალობისას.

* * *

სიმშვიდე გულისხმობს თავმდაბლობას, რადგან სწორედ თავმდაბლობა გამორიცხავს ყოველგვარ გაღიზიანებასა და მრისხანებას, ანუ მიზეზს შფოთისას.

* * *

ადამიანმა თავისი ცხოვრებით ჯვარი უნდა შექმნას; ეს ჯვარი ასე გამოისახება - სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისაკენ. ბედნიერია ის, ვინც არა მარტო ატარებს თავის ჯვარს, არამედ თავისი ცხოვრებით ქმნის კიდეც მას. ამგვარი ადამიანი თავადაც ცხონდება და გარშემო მყოფთაც აცხოვნებს.

* * *

არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ ძალიან საყურადღებო სიტყვები თქვა დავით მეფე წინასწარმეტყველმა: „უფალი მეფობს“. ყველაფერში, ყოველთვის, ყველგან უფალი მეფობს. მართლაც, ჩვენ რომ გადავხედოთ ჩვენს ცხოვრებას, დავინახავთ, რომ ყოველ ნაბიჯზე ღვთის კვალია, ღვთის განგებაა და მისგან მოცემული წყალობაა. ჩვენ არაფერი შეგვიძლია ღვთის გარეშე.

* * *

ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს.

* * *

დიდია ჩვენი ტკივილი: ქვეყანა იცლება სისხლით. დარწმუნებული ვართ, რომ უფალმა ეს მძიმე განსაცდელი მოგვივლინა ერის სულიერი გამოფხიზლების, განწმენდისა და სარწმუნოების აღორძინებისათვის... მე მჯერა, რომ მალე დადგება ის დრო, როცა საქართველო გამთლიანდება, როცა ჩვენ ვიზეიმებთ საქართველოს მთლიანობას აფხაზეთში, სამაჩაბლოში, როცა ჩვენ ვიხილავთ გამთლიანებულ საქართველოსა და გაერთიანებულ ერს.
ღმერთმა ინებოს, რომ ერთსულოვნება მოგვცეს უფალმა, წმიდა სამებამ. მხოლოდ ერთსულოვნებაშია ჩვენი გადარჩენა.

* * *

თაობათა ერთობა და ერთსულოვნება დღეს ჩვენი ქვეყნისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ეშმაკი ჰყოფს და აპირისპირებს, ღმერთი კი აერთიანებს და არიგებს.

* * *

ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი თქვენგანი მადლით სავსე გავიდეს ტაძრიდან.

* * *

ღრმა აზროვნებასთან ზიარება ბავშვს მეტად გაუადვილებს სხვა საგნების ათვისებას. ამასთან, ჩვენ აღვზრდით ნამდვილად ჭკვიან ახალგაზრდებს, რომლებიც იცხოვრებენ და იმოქმედებენ არა მხოლოდ ემოციებით, თავისუფალნი იქნებიან მაქსიმალიზმისაგან და ჩვენზე უფრო გონიერად, რწმენითა და სიმართლით წარმართავენ ცხოვრებას.

* * *

მე მხატვარი არ ვარ, მაგრამ ხატვის დროს ვისვენებ. ძალიან მძიმეა ჯვარი კათოლიკოს-პატრიარქისა, მასაც სჭირდება დასვენება, და ხატვა ამაში ძალიან მეხმარება.

* * *

თუ არა ქრისტიანული მადლით ძალმოსილება, როგორ შეძლებდა ურიცხვ მტერთან ბრძოლით მოღლილი ხალხი, რომ აღეშენებინა ჩვენს მცხეთაში ცას მიბჯენილი სვეტიცხოველი, თბილისისა და ბოლნისის სიონი...

* * *

ჩვენ უპირველესად გაჭირვებულებს უნდა დავეხმაროთ, რომლებიც შორს არიან ღვთისა და ეკლესიისაგან. მიმაჩნია, რომ ყველაზე გაჭირვებული სწორედ ისაა, ვინც ურწმუნოა, გზასაცდენილი და სხვასაც აცდენს.

* * *

როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

ბედნიერია ის ადამიანი, რომელსაც ღვთის იმედი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს რწმენა, სიყვარული და სასოება. როცა ადამიანი კარგავს ყოველივე ამას, როცა საკუთარი ნებით მოქმედებს და სურს, თავისი ძალით მოიწყოს ბედნიერი ცხოვრება, ამ შემთხვევაში, ხშირად უფალი ადამიანს ან ერს რაიმე მძიმე განსაცდელს უგზავნის. განსაცდელი ადამიანს იმიტომ კი არ მოევლინება, რომ ღმერთს მისი დასჯა სურს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ადამიანს რწმენა მოეცეს. უფალი ამ განსაცდელით ცდილობს ადამიანს თუ ერს ჭეშმარიტი სარწმუნოება დაუბრუნოს.
#1, 01.02.2012 - 05:36
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.