Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

მართლმადიდებელი ქრისტიანი მამის მოკრძალებული რჩევანი შვილს

“ამბიონი”გთავაზობთ გლდანის ლომისის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის დეკანოზის,მამა დავით დათუაშვილისრჩევა-დაგირებანს სამი საკითხის:რწმენის, ლოცვისა და ხატის შესახებ.

რწმენა

მე არ მინდა, რომ შენ მექანიკურად, ან ზედაპირულად მოხვიდე რწმენაში, მაგრამ არც ის მინდა, რომ რწმენის გარეშე დარჩე.

რატომ?

წარმოიდგინე, რომ გარეგნულად მკვიდრად ნაგები და ლამაზი გემით, რომელსაც, შენგან შეუმჩნევლად, ძირიცა და გვერდებიც დაზიანებული აქვს, მიცურავ აღელვებულ, შტორმიან ზღვაში.


რა თქმა უნდა, შენ გგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება და არც კი ცდილობ, გაერკვე, რა ხდება, თითსაც კი არ ანძრევ გადასარჩენად. პირიქით, უაზროდ და უმიზნოდ ერთობი. არადა გადარჩენა შეიძლება. სულ ახლოს, გვერდით ხსნის ნაპირია – მშვიდი ნავსაყუდელი. განწირულ გემს ტალღები ხან იქით, ხანაც აქეთ ათამაშებს. დაღუპვა თითქმის გარდაუვალია. მხოლოდ შენი გამოფხიზლება, ამოქმედება და გადარჩენის რწმენაა საჭირო.

ვისაც ყური აქვს, ისმინოს!

დაფიქრდი, შვილო! შენ გარშემო სიბილწით, უგუნურებით, ცოდვებით დაცემული წუთისოფლის ზღვაა შენს დასანთქმელად გამზადებული. შენ კი გარეგნულად ლამაზი გემით დაცურავ და გგონია, რომ ყოველთვის ასე იქნება. მაგრამ იცოდე, ძალიან ცდები, შენი ასეთი მდგომარეობა სულიერი კატასტროფით დამთავრდება, განადგურება გარდაუვალია. მაგრამ აქვეა ნაპირი – ხსნის ნაპირი, რომელსაც შენსავით, თავის დროზე, მეც უაზროდ და უზრუნველად დროის მფლანგველმა გავხედე, დავფიქრდი, ავმოქმედდი და მისკენ გავეშურე. ახლა იცი, რა მინდა გითხრა?! არც სხვისი მონაყოლი და არც სხვისგან გაგონილი: ჩემდა გასაკვირად, აღმოვაჩინე უზარმაზარი, საოცარი ნაპირი რწმენის სამყაროსი, სავსე თავისი მოწყალებით, მადლით, სიკეთით, სითბოთი, გულისხმიერებით, ჩემთვის მანამდე უცნობი ადამიანური ურთიერთობებითა და განუზომელი, განუზომელი სიყვარულით.

გონს მოეგე, გამოფხიზლდი, რამდენიმე ნაბიჯზე ეს სამყაროა და შენგან მხოლოდ პირველი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო. გაინტერესებს, როგორი? აი, თუნდაც ასეთი:

ქუჩაში დაინახე პატარა, მშიერი მაწანწალა ბავშვი. ვიდრე ის გთხოვდეს, სადმე თბილი პური ან ფუნთუშა იყიდე და მას, ასევე, უთქმელად მიეცი. ჩახედე ერთი წამით თვალებში და იგრძნობ რაღაც ახალს, გამოუცდელს, თბილს, რომელიც შენში საიდანღაც გადმოიღვრება, ყელში ბურთივით მოგებჯინება და ცრემლი აგიციმციმებს თვალებს. ამ დროს აუცილებლად იგრძნობ საოცარ ნეტარებას, ნეტარებას მოწყალებისა.

შენს მეზობლად ცხოვრობს მოხუცი, სნეული ადამიანი. ისე, რომ არავინ იცოდეს (ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს), წადი ეკლესიაში, აანთე მის სახელზე სანთელი და შენი სიტყვებით ჩუმად შეევედრე უფალს მისი ტანჯვის შემსუბუქებისათვის. ისევ იგრძნობ ახალ, გამოუცდელ ნეტარებას, რომელიც გამოწვეულია სხვისი ტანჯვის გულთან ახლოს მიტანითა და სხვისთვის ლოცვა-ვედრებით. ვიმეორებ: სხვისთვის და არა – შენთვის.

გულზე ხელი დაიდე და მითხარი, რამდენი ხანია გასული მას შემდეგ, რაც შენს მშობელს სიწრფოებითა და სიყვარულით მოეფერე და გულში ჩაიკარი?! ნუ დაკარგავ დროს, ახლავე, ამ წუთში მიდი და ეს გააკეთე. მშობლის თვალები ახალი ნეტარებით აგავსებენ. და ყოველივე ამას მოყვასის სიყვარული ჰქვია.

შვილო, თუ შენ ამ სიტყვების ჭეშმარიტებას იგრძნობ და აღიძვრები ამ სამი მაგალითიდან თუნდაც ერთის შესასრულებლად, ღაღადით გეტყვი, რომ შენში არის რწმენის სანთელი და აუცილებლად გადარჩები. იცოდე, რომ გადარჩენის გზა მხოლოდ მართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიისაკენ მიდის და ის იხსნის ადამიანს დაღუპვისაგან. ჭეშმარიტი რწმენა კი იესო ქრისტეშია.

ღმერთმა მოგმადლოს ეს რწმენა! ამინ!

ლოცვა

ლოცვის მნიშვნელობაზე უამრავი გამონათქვამი და აზრი არსებობს. ამაზე არ შევჩერდები. თუ დამეთანხმები, რომ შენში რწმენა არის, მაშინ ლოცვამ შენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უნდა დაიჭიროს.

ლოცვა არის ენა, რომლითაც შეგიძლია, ესაუბრო უფალს და სხვადასხვა წმიდანს.

შვილო, ახლა გთხოვ, ყურადღებით იყო. დგება უმნიშვნელოვანესი მომენტი. მშვიდად წაიკითხე შენიპირველი ლოცვა:

“მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა. წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. ამინ.”

ეს, ჩემო საყვარელო შვილო, საუფლო ლოცვაა, რომლითაც განადიდებ სამყაროს შემოქმედს და შეევედრები მას როგორც საკუთარი თავის, ისე ყოველი ადამიანის სულიერი და ხორციელი გადარჩენისათვის.

დილით როცა გაიღვიძებ, მადლობა შესწირე უფალს და ეს ლოცვა წარმოთქვი. ძილის წინ სიყვარულითა და რწმენით გადაუხადე მადლობა უფალს და ისევ ეს ლოცვა წაიკითხე. იცოდე, რამდენჯერაც წარმოთქვამს შენი ბაგენი ამ საოცარ ლოცვას, იმდენი ზეციური სანთელი აინთება შენი და შენი ოჯახის სახელზე.

შეიყვარე ლოცვა მთელი შენი გულით, მთელი შენი სულითა და მთელი შენი გონებით, რათა განგეღოს კარი უფლის განუსაზღვრელი სიყვარულისა.

აი, მეორე ლოცვა:

“უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი”.

ღვთის სიყვარულში შემოსულო ჩემო შვილო, დაისწავლე ეს, ერთი შეხედვით, მოკლე და უბრალო ლოცვა, რომელსაც უზარმაზარი ძალა გააჩნია. გილხინს თუ გიჭირს, მოგზაურობ თუ სახლში ხარ, სნეული ხარ თუ ჯანმრთელი, იმეორე ეს ლოცვა ხმამაღლა ან გულში და იცოდე, რომ თვით უფალი იესო ქრისტესგან მიიღებ სიმდაბლის მფარველ მანდილს, რომელიც უამრავი განსაცდელისაგან, სულიერი და ხორციელი გაჭირვებისაგან გიხსნის და თუ ამ ლოცვას რწმენითა და სიყვარულით წარმოთქვამ, იცოდე, შენი ნებით განაღებ გულის კარს და შენში შემოვა უფალი და მაცხოვარი შენი, იესო ქრისტე.
რწმენითა და სიყვარულით გაიმეორე ეს ლოცვა: “უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი”. დიდება უფალს!

მესამე ლოცვის დროც დადგა:

“მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი!”

ეს ლოცვა გულსა და სულს განგიწმენდს და თვალი აგეხილება შენ მიერ ჩადენილ ცოდვებზე. მაგრამ ასევე მიიღებ ნუგეშინისცემის მადლს და მიხვდები სიკეთის ქმნის საჭიროებას. დილით ადგომისთანავე, სწავლისა და საქმიანობის დაწყების წინ რწმენით წარმოთქვი და იმ დღეს შენი საქმენი კეთილად წარიმართებიან და სადაც არ უნდა იყო, სულიწმიდის მადლი შენთან იქნება.

გავა ხანი. მრავალჯერ იტყვი ამ ლოცვას. ერთ მშვენიერ დღეს კი გაგინათდება გონების თვალი და მიხვდები, რომ წმიდა ცხოვრებისაკენ სწრაფვა შენთვის ისევე აუცილებელია, როგორც ბავშვისათვის დედის რძე. ამ რძესავით შეგერგოს, შვილო, ამ ლოცვის მადლი!

დაბოლოს, ყოველთვის და ყოველდროს, როცა საშუალება გექნება, პირჯვარი გამოისახე და ეს ლოცვა წარმოთქვი:
“დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!”

ადიდე და ირწმუნე ყოვლადწმიდა სამების ღვთაებრივი სახე, როგორც ერთი მთლიანი ღმერთისა: მამა ღმერთისა, ძე ღმერთისა და სული წმიდისა.

მოვა დრო, როდესაც შენი რწმენა ეკლესიაში მიგიყვანს, ჩაწვდები ადამიანისათვის განცხადებულ ამ ღვთაებრივ საიდუმლოს და საკუთარი სურვილით გულმოდგინედ დაისწავლი მართლმადიდებელი ქრისტიანის სიმბოლოს – მრწამსს.
ღმერთმა ეს რწმენა განგიძლიეროს შენ და საქართველოში მცხოვრებ ყოველ ადამიანს, ამინ!

ერთ-ერთი ხილული საიდუმლოება, მონიჭებული ღვთისაგან, არის ხატი.

ხატი უსულო საგანი არ გეგონოს. როდესაც ადამიანი რწმენით ლოცულობს წმიდა ხატთან, ესაუბრება თვით იმ წმიდანს, ვინც ხატზეა გამოსახული. და თუ ჭეშმარიტი რწმენითაა ეს ლოცვა აღვლენილი, იღება ზეცის ბჭენი და ხატიდან, როგორც ზეციური სარკმლიდან, გადმოედინება უხილავი მადლი ღვთისა, რომელსაც აუცილებლად შევიგრძნობთ.

ამიტომ წმიდა ხატს უნდა მოვეფეროთ და მოვუაროთ ფაქიზად, როგორც ყველაზე ახლობელ და საყვარელ არსებას. ამ დროს ღვთის მოშიშებაც არ უნდა დაგვავიწყდეს. თუ ჩნდება სურვილი, ხატს ვემთხვიოთ ან შევეხოთ, ჯერ უნდა განვსაზღვროთ, იმ დღეს ჩვენ მიერ ჩადენილი ცოდვების გამო ღირსნი კი ვართ ამისა?

ხატის მთხვევის უფლება და სურვილი თუ გაქვს, გამოისახე პირჯვარი, ახსენე ის წმიდანი, რომელიც ხატზეა გამოსახული და შეევედრე შენი და ყოველი ადამიანის გადარჩენისათვის. მაგალითად:

“წმიდაო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის!”

და ყოველივე ამის შემდეგ ფრთხილად და ფაქიზად ემთხვიე ხატს კიდეზე.

არასოდეს თქვა: “ხატს წავიღებ, ხატს დავდებ, ხატს ავიღებ”, ყოველთვის მოიხსენე იგი, როგორც ცოცხალი არსება: “ხატს წავიყვან, ხატს ავიყვან, ხატს დავაბრძანებ”. და თუ შენს სახლში თუნდაც ერთი ხატია დაბრძანებული, იცოდე, რომ დაფარული ხარ ხილული და უხილავი მტრებისაგან. რა თქმა უნდა, თუ შენს სულსა და გულში რწმენა და სიყვარულია დავანებული.

შვილო, შეიძლება ეს ყველაფერი, რაზედაც მე ვისაუბრე, მომაბეზრებლად ან თავსმოხვეულად მოგეჩვენოს, მაგრამ მდაბლად გთხოვ, თუკი ოდესმე ვინმე ან რამე გყვარებია, ან ერთხელ მაინც გაგივლია გულში, “ღმერთო, შენ მიშველეო”, კიდევ ერთხელ ბოლომდე წაიკითხე და თუ ნახავ მასში შენთვის რაიმე სასარგებლოს, ახლობელს – მადლობა ღმერთს!
გახსოვდეს, შენ ხარ ჩვენი სამშობლოს მომავალი. ხვალ შენზე დიდი პასუხისმგებლობა გადმოვა. შენ უნდა მიიღო შენი სამშობლოს ისტორია და შემდეგ შენს შვილს გადასცე, რომელიც შენ ისევე გეყვარება, როგორც მე შენ მიყვარხარ. არ დაივიწყო ეს სამი სიტყვა: “ენა, მამული, სარწმუნოება”. გაუფრთხილდი, სათუთად მოუარე და დაიცავი, რომ არ წარწყმდეს შვილი შენი.

დეკანოზი დავით დათუაშვილი


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.