Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
diagone blog

ლოცვა, რომ სამოთხეში ვირებთან ერთად შევიდე

როდესაც მიხმობ, უფალო,
შენთან წამოვალ უმალ,
მაგრამ თუ მაშინ წამიყვან
ამ წუთისოფლის სტუმარს,
გზას რომ ამტვერებს დღეობა,
გვედრებ, უფლება მომეც,
გზა თვითონ ამოვირჩიო,
რომელს გამოვყვე, რომელს.
მანდ უნდა ვნახო სამოთხე
და ვარსკვლავები დღისით,
ავიღებ ჯოხს და წამოვალ
შენკენ სამოთხის ღირსი.
შემომხვდებიან ვირები
და იმათ ასე ვეტყვი:
მე, ძმებო, ფრანსის ჟამი ვარ,
რა გითხრათ ამის მეტი,
სადაც მივდივარ, წამოდით
მთელი ვირების დასტა,
ღვთის ქვეყანაში მივდივარ,
მე არ მივდივარ სხვასთან.
დამდგარხართ, ყურის პარტყუნით
ანდა თავების ქნევით
ბუზებს იშორებთ საწყლები...
ზევით წამოდით, ზევით...
გარშემორტყმული ვირებით,
ღმერთო, ამოვალ მაღლა,
მიყვარან, დარბაისლურად
იციან თავის დახრა,
დგებიან, ნორჩი ხეხილის
ტყე გეგონება ხშირი
მათი პატარა ფეხები,
შეგებრალება ვირი.
არსად არ გადაუხვევენ
შენკენ მომავალ გზიდან,
ვისაც გვერდები ჩაენგრა
და კალათები ზიდა.
ვისაც დაჰქონდა თუნუქი
და საზიდრების ღვედით
ან ჯამბაზების ფორნებით
გადაჰყვლეფია ქედი.
მოდიან ჭაკი ვირები,
ბევრი იარეს, ბევრი.
გაკერპებული ბუზების
მოუსვენარი მრევლი
ლურჯ იარებზე ესევათ,
რიდი არა აქვთ არვის,
ფეხებზე გუნდად სხდებიან,
ვირებს აცმევენ შარვალს.
მე გევედრები, უფალო,
როცა ვირებთან ერთად
ამოვალ. ანგელოზებმა
რომ გვიპატრონონ შენთან,
მანდ, სადაც ნაკადულები
დაფარულია მწვანით
და ალუბალი ცახცახებს,
როგორც ქალწულის ტანი.
მოვალ ვირივით ნაჯაფი,
გამიღე წმინდა სახლი,
კარგი იქნება, უფალო,
ღვთაებრივ წყალზე დახრილთ
თუ დაგვანახვებ, - უბადრუკ
და მოკრძალებულ ამქარს, -
მარადიული სიწმინდის
და სიყვარულის კამკამს.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.