Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

საკვირაო ქადაგება (06.02.2011)

დეკანოზი ბიძინა გუნია

“ქრისტეს მიერ საყვარელნო ძმანო და დანო, ჩვენ მივუახლოვდით მეზვერისა და ფარისევლის კვირას.მოგვიახლოვდა დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდი. სულ ერთი კვირა გვაშორებს მასთან.

დღეს წმიდა ლიტურგიაზე წაკითხული იქნა სახარება, რომელსაც ზაქეს სახარებასაც უწოდებენ. უნდა გვახსოვდეს, რომ წირვაზე წაკითხული სახარება ჩვენი სულის აღმშენებლობას ემსახურება, რათა განათლდეს ჩვენი გონება.

აი, რას გვაუწყებს ლუკა მახარებელი: როდესაც მრავალი ადამიანი მიეგებება უფალს, ერთ-ერთი მეზვერე, სახელად ზაქე, რომელსაც გაგონილი აქვს უფლის სასწაულების შესახებ და გააჩნია სურვილი, იხილოს უფალი, თუმცა ხალხმრავლობის გამო ვერ ახერხებს მის დანახვას, ხეზე ასვლას გადაწყვეტს.


მეზვერე ზაქე არ იქცევა ჯეროვნად. იგი ატყუებს ხალხს და ამით ძალიან მდიდარია. მიუხედავად ამ დაცემული მდგომარეობისა, მაინც ცდილობს, უფალს მიეახლოს. მაცხოვარი შენიშნავს მას მყისვე და ეტყვის: “ზაქე, ისწრაფე და გარდამოხედ, რამეთუ დღეს სახლსა შენსა ჯერ არს ჩემი ყოფა.”

ზაქე სასწრაფოდ გარდამოხდება. უფალი ეწვევა მას სახლში და აი, განიკითხავენ უფალს ცოდვილი კაცის ოჯახში შესვლის გამო. მაგრამ ზაქე არ მიაქცევს ამ ყოველივეს ყურადღებას და აღვსილი საღმრთო მადლით ეტყვის იესოს, რომ გამოსწორდება და ოთხმაგად მიუზღავს, თუ ვინმეს წილი დასდო.

საოცარია იმ ხალხის მდგომარეობა, ვინც განიკითხავდა. ისინი უმადლოდ დარჩნენ და საპირისპიროდ ამისა ცოდვილი ზაქე, მადლით აღვსილი, უფლის წინაშე დადგა. მასში ფერისცვალება დაიწყო…

ადამიანს აქვს ფიზიკური და სულიერი თვალი. ფიზიკური თვალით გარეგნულს ხედავს, სულიერი თვალით – მარადიულს. ნელ-ნელა ფიზიკური თვალი უნდა დაიხშოს, რომელიც ვნებით არის აღსავსე და სულიერი თვალი აღეხილოს პიროვნებას, რომელიც უვნებელობით არის დამშვენებული. ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება.

უფალი ბრძანებს: “სასუფეველი ცათა იიძულების.” თუ პიროვნება ძალისხმევას არ მიმართავს თავის ცხონების გზაზე, იგი ვერ მიაღწევს საწადელს.

დღევანდელი სახარებიდან გამომდინარე, ის, რაც ადამიანს ცხონებისათვის სჭირდება, თანაგრძნობა და მოწყალებაა.

დღევანდელ დღეს უნდა განვიმსჭვალოთ ამ სახარებისეული სწავლებით, რათა გვახსოვდეს იგი და ყოველდღე მივეახლოთ უფალს, ვითარცა ზაქე, მონანული და ვუთხრათ მაცხოვარს, თუ რამე შეგვიცოდავს, მოგვიტევოს, რომ შევიცვლებით, გამოვსწორდებით და თუ ვინმეს წილი დავდეთ, ოთხმაგად სიკეთით მივაგებთ მათ.

ასევე, დღეს წმიდა ეკლესია აღნიშნავს საქართველოს პირველი პატრიარქის, სვეტიცხოვლის განმაახლებლის, წმ. მელქისედეკ I –ის ხსენებას.

ეს გახლავთ XI საუკუნის პირველი ნახევარი. ცნობილია დიდი მეფე ბაგრატ III, რომელმაც 978 წელს იბერია კვლავ გააერთიანა. იგი, ასევე, ზრუნავდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის.

ბაგრატ III და მელქისედეკ I ხშირად სტუმრობდნენ კონსტანტინოპოლს, რათა საქართველოს ეკლესიას, რომელიც არის სამოციქულო, ავტოკეფალური, მინიჭებოდა საპატრიარქოდ აღიარება. და ეს მიღწეულ იქნა.

ვევედროთ წმიდა პატრიარქ მელქისედეკ I –ს საქართველოს ერთიანობა, ჩვენი ერის ერთსულოვნება, საქართველოს გაერთიანება.

ვევედროთ მელქისედეკ I-ს ჩვენი უწმიდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II – თვის.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და იხარეთ ორთავ სოფელსა შინა.

ჩვენთან არს ღმერთი!

ქეთი ჭელიძე


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.