Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

მიმტევებლობა

“მიუტევლობა ადამიანის ჯანმრთელობაზე ცუდად მოქმედებს.”

მიმტევებლობა ერთ-ერთი სათნოებაა, რომლის მატარებელიც ყოველი ქრისტიანი უნდა იყოს. ამ სათნოების გარეშე აღსრულებული საღვთო მცნებები უფლისათვის არასრულფასოვანია.


თუკი ადამიანს უფალთან სიახლოვე სურს, მიმტევებელი უნდა იყოს და ეს სათნოება მოყვასთან ურთიერთობისას არ დაივიწყოს, რადგან როგორც უფალი ბრძანებს, აუცილებელია მივუტევოთ, რათა ჩვენც მოგვიტევოს მაცხოვარმა ჩვენი შეცოდებანი.

“როდესაც მოყვასს წყენისათვის სამაგიეროს უხდი, მაშინ მას ღმერთი აღარ სჯის. თუკი მიუტევებ, მაშინ ღმერთი ან მას სჯის, ან შენ მოგიტევებს ცოდვებს”,- წმიდა იოანე ოქროპირი.

თბილისის წმიდა ნინოს სახელობის ტაძრის დეკანოზი გელასი ნატროშვილი:

როგორ დავითმინოთ წყენა, თუკი ვგრძნობთ, რომ მწუხარება და რისხვა გვეუფლება, როცა შეურაცხყოფას გვაყენებენ? როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე?

ეკლესია გვასწავლის 7 სულიერ და 7 ხორციელ განსაკუთრებით მოწყალებით საქმეს.
7 სულიერ მოწყალებათა შორის ერთ-ერთია “ჩვენ მიმართ შემცოდეთა (ანუ თანამდებთა) მიტევება”.
ჩვენს თანამდებთა მიმართ შურისძიება მხოლოდ ღვთის უფლებამოსილებაშია.
უფალი კი გვეუბნება:
- ჩემია შურისძიება და მე მივაგო!

თუ ღვთისაგან დადებულ მცნებას დაარღვევ და თავად გადაწყვეტ შურისძიებას, ამით ღვთის ადგილას დააყენებ თავს, რაც სატანისეულ ცოდვაში ჩავარდნას ნიშნავს. და თუ შენს მიმართ შემცოდე უფლისგან უნდა განკითხულიყო, ახლა შენ ხდები ზეციური სამსჯავრობოს განსასჯელი.

სწორედ ამის გახსენება უნდა ვცადოთ, როდესაც გვაწყენინებენ, ან შეურაცხყოფას მოგვაყენებენ და “მივუტევოთ, რათა მოგვეტევოს”. ეს კი ცხოვრებაში საუფლო ლოცვაში წარმოთქმული ერთ-ერთი ვედრების გატარება იქნება: “და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა”…

უფალი იესო ქრისტე ჯერ გვასწავლის საუფლო ლოცვას, ანუ “მამაო ჩვენოს”, შემდეგ კი მცნებას გვიწესებს: “უკეთუ მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქვენცა მამამან თქვენმა ზეცათამან” (მათე6,14),
“ხოლო უკეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქვენმან მოგიტევნეს თქვენ შეცოდებანი თქვენნი” (მათე6,15).

ეს რაც შეეხება მოცემული თემის სულიერ და სარწმუნოებრივ ასპექტს. ამასთან, არ უნდა დავივიწყოთ ყოფითი, ფიზიკური მხარეც. კერძოდ, მედიცინიდან ცნობილია, რომ ადამიანს, რომლის გულშიც ჩარჩენილია წყენა და შურისძიების წყურვილი, მას დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს.

მიუტევებლობა არღვევს ადამიანის შინაგან სამყაროსაც და აშკარად ცუდად მოქმედებს მის ჯანმრთელობაზე. თუმცა უმთავრესია უფლის მიერ ჩვენთვის ნასწავლი უმოკლესი გზა ცხონებისა – “მიუტევე, რათა მოგეტევოს”.

ღმერთმა შექმნა ადამიანი და მას თავისუფალი ნება მიანიჭა. ამიტომ აცხადებს პავლე მოციქული: “ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია!”.

ჩვენთვის ნებადართულია, ანუ შეგვიძლია არ მივუტევოთ ჩვენ მიმართ შემცოდე ადამიანს, მაგრამ ეს სასარგებლო არ იქნება ჩვენთვის არც ამ და არც იმ სოფელში.

რატომ უნდა მივუტევოთ? – სვამთ თქვენ კითხვას. Aამავე კითხვას სვამს არაერთი ადამიანი. პასუხი უფლისგან გაცემულია და ძალზედ მარტივია:
- იმიტომ, რომ შენც მოგეტევოს!

განგვიმარტეთ წმიდა წერილი მიმტევებლობის შესახებ…

“უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მუნ მოგეჴსენოს შენ, ვითარმედ ძმაჲ შენი გულ-ძჳრ რაჲმე არს შენთჳს, დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას და მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა და მაშინ მოვედ და შეწირე შესაწირავი შენი. იყავ კეთილად მცნობელ წინამოსაჯულისა მის შენისა ადრე, ვიდრემდე ხარ მის თანა გზასა ზედა, ნუუკუე მიგცეს შენ წინამოსაჯულმან მან შენმან მსაჯულსა და მსაჯულმან – მსახურსა, და საპყრობილედ შეჰვარდე. ამენ გეტყჳ შენ: ვერ გამოხჳდე მიერ, ვიდრე არა მისცე უკუანაჲსკნელი კოდრატი.”

უფლის ამ სწავლებიდან გამომდინარე, უფლისათვის მიუღებელი იქნება ყველანაირი მსხვერპლი და ღვაწლი ადამიანისგან გაწეული, თუ მის აღსრულებამდე ჩვენ წინაშე შემცოდეთ არ მივუტევებთ და არ შევურიგდებით. სხვა შემთხვევაში ქრისტე ჩვენთვის უცხო დარჩება.
ფუჭი და ამაო იქნება მარხვაც, ლოცვაც, ტაძარში სიარულიც.

წმიდა პავლე მოციქული ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში ბრძანებს: “…უკანას-მას დავივიწყებ და წინას – მას მივსწვდები, და კრძალულებით ვსდევ გვირგვინს – მას ზეცის, ჩინებისა ღმრთისასა ქრისტე იესუს მიერ”. ანუ როგორც წმ. მოციქული ამბობს, ჩვენი ლტოლვაც ღვთის უზენაესი მოწყალებისკენ უნდა იყოს მიმართული.

სახიერი და კაცთმოყვარე ღმერთი ჩვენს უამრავ ცოდვას შეგვინდობს, სანაცვლოდ კი მხოლოდ ერთს გვეუბნება:
“მიუტევე, რათა მოგეტევოს”.

რამდენად საძაგელია ღვთისათვის გულღრძოობა და რა მდგომარეობაშია ამით შეპყრობილი ადამიანი?

რამდენადაც ცოდვა ღვთის მცნების დარღვევისას ჩნდება, ამდენად, იგი ბოროტებაა. ე.ი. ადამიანი, რომელიც ღვთის მცნებას არღვევს, სცოდავს.
უფალი გვეუბნება: “მიუტევე”, ანუ გვაძლევს, გვიწესებს მიტევების მცნებას. ვინც არ არის მიმტევებელი, ის მცნების დამრღვევია. ცოდვილი კაცი კი ღვთისათვის სათნო არ გახლავთ.

ყველა ქრისტიანის მოვალეობაა, ამაღლდეს საკუთარ სისუსტეებზე და შეასრულოს ის, რასაც გვავალებს უფალი. ამით გადაირჩენს თავს და ნეტარ მარადისობას ეზიარება.

ადამიანი, რომელმაც ეს იცის და არ აკეთებს, ეშმაკის ტყვეობაშია და მისი მონობა ურჩევნია უფალთან მეგობრობას. ასეთი პიროვნება თვითონ იღუპავს თავს, რადგან თავისუფალი ნებით განუდგება მაცხოვარს და მის მცნებებს არაფრად აგდებს.

“მოწყალების მრავალი სახე არსებობს, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ღვთისაგან საკუთარი ცოდვების შენდობა მივიღოთ, მაგრამ მათგან ყველაზე მთავარი უფლის სახელით მიტევებაა”,-ნეტარი ავგუსტინე.

ქეთი ჭელიძე


Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.