Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

ბზაზე კვეთის შესწავლა უფასოდ არის შესაძლებელი

ოლივერ შველიძემ ბზაზე კვეთა 1996 წლიდან დაიწყო. იმ დროიდან ის რამდენიმე სამრევლო სკოლაში ასწავლის. ,,არც ხატვის, არც ხელოვნებისადმი მიდრეკილება აუცილებელი არ არის. ამ საქმის შესწავლას, პირველ რიგში, სჭირდება ძალიან დიდი სურვილი, რაც ადამიანს ნებისყოფას გამოუმუშავებს, რომ სწავლის პროცესი მოთმინებით გაიაროს და მივიდეს შედეგამდე. შემუშავებული მაქვს მეთოდი, რათა ადამიანს ინტერესი არ დაეკარგოს და მოსაბეზრებელი არ გახდეს მისთვის ეს ეტაპები,’’ – აღნიშნა ბატონმა ოლივერ შველიძემ, რომელსაც ,,ამბიონი’’ სამუშაოს სირთულესა და მისი საქმიანობის შესახებ გაესაუბრა.

ოლივერ შველიძე (ბზაზე კვეთის სპეციალისტი): ,,ხეზე მუშაობა, ჩუქურთმის შესწავლა ძალიან დიდ ინტერესს იწვევდა ჩემში. ხეზე კვეთაზე მერვე კლასიდან მოყოლებული მაქვს შეხება. სკოლის დამთავრების შემდეგ მცირე ხანს ამ საქმის მიმართ თითქოს ინტერესი აღარ გამაჩნდა. 1995 წელს, როცა თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე, ჩემი უფროსი კურსელის მიერ გაკეთებული გულსაკიდი ბზის ჯვარცმა ვნახე. დიმიტრის, რომელიც ახლა მონასტრის წინამძღვარი, მამა დოროთე ყურაშვილია, ვთხოვე, ჩემთვის ერთი ჯვარი გაეკეთებინა. მამა დოროთემ დამიხატა ნაშრომი, შემასწავლა ბზაზე მუშაობის ძირითადი პრინციპები. დანარჩენი უკვე ჩემი იდეებითა და ინტერესით შევძელი. მიუხედავად იმისა, რომ ხეზე კვეთასთან შეხება მქონდა, ბზაზე მუშაობა რთული აღმოჩნდა.

6 თვის განმავლობაში ვაკეთებდი ერთ ჯვარს. ძნელია, როცა გულსაკიდ ჯვარზე, პატარა მონაკვეთზე ხელით გიწევს მუშაობა, სახის დამუშავება, თვალების გაკეთება. ყველაფერი კანონიკის დაცვით უნდა ხდებოდეს. ჩემ მიერ გაკეთებული პირველი ჯვარცმა დედას ვაჩუქე. ახლა რომ მას ვუყურებ, არ მგონია, რომ ჩემი გაკეთებულია. წლობით მუშაობამ დიდი ცვლილებები მოახდინა ჯვარცმის სტილში.

შიო მღვიმელიახლახან დავასრულე შიო მღვიმელის პანაგიაზე მუშაობა, რასაც ერთი წელი მოვანდომე. ხშირად ერთი ნამუშევრიდან მეორეზე ვაგრძელებ მუშაობას, რადგან გარკვეული პერიოდის შემდეგ ხარვეზები შევამჩნიო და მისი გამოსწორება გვიანი არ იყოს.

ეს პირველი პანაგეა იყო და მისი შექმნის ძალიან დიდი სურვილი მქონდა. უმთავრესად ქართული ხატწერითა და იმ სიმბოლოებით ვიხელმძღვანელე, რაც შიო მღვიმელთანაა დაკავშირებული.Mმასზე ზუმფარის ქაღალდიც არ გამომიყენებია, სისწორე და სიპრიალე მხოლოდ საჭრელი დანითაა მიღწეული, რაც დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული.”

ბატონო ოლივერ, სად შეუძლია ადამიანს ბზაზე კვეთის შესწავლა?

ბზაზე კვეთა1997 წელს სიონის სამრევლო სკოლაში, ძველი საპატრიარქოს შენობაში დირექტორის ლია სალაყაიას თხოვნითა და მიწვევით დავიწყეთ ხეზე შესწავლა. ძალიან დიდი ჯგუფი გვყავდა, მოსწავლეები მუშაობის პროცესში მაკვირდებოდნენ და დავალებად პატარა დეტალების გაკეთებას ვაძლევდი. მალე სწავლის პროცესი ძალიან დაიხვეწა და მათგან ბევრი კარგ ოსტატად ჩამოყალიბდა. დღეს ისინი არა მარტო მუშაობენ, არამედ ბზაზე კვეთას სხვადასხვა სკოლებშიც ასწავლიან.

მესამე წელია სიონის სკოლა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე სვანურ კოშკში გადავიდა. 10 წლის ასაკიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს და უფასოდ შეისწავლოს ხეზე და ბზაზე კვეთა. მაგრამ აუცილებელია მოსწავლე მორწმუნე და აღმსარებელი იყოს, რადგან ეს სამრევლო სკოლაა და არა – საერო.

სამებაში ხეზე კვეთის გაკვეთილები დამწყებთათვის შაბათ დღეს, 12 საათზე ტარდება. ამ ეტაპის გავლის შემდეგ ისინი ბზაზე კვეთას იწყებენ და მათი მეცადინეობა შაბათს 11 საათზე იწყება.

პარალელურად, რამდენიმე სკოლამ გამოთქვა ამ საქმის შესწავლის სურვილი. ვასწავლი გლდანში, წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის სამრევლო სკოლაში, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მართლმადიდებლურ მრავალპროფილიან საშუალო სკოლაში. ასევე, ვასწავლიდი კერძო ლიცეუმში ,,კაი ყმა’’, სადაც ახლა შეჩერებულია ხეზე კვეთის შესწავლა და შეიძლება კვლავ აღდგეს.

ერთ-ერთი მეცენატის დაფინანსებით ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაშიც საკმაოდ დიდი წარმატებით ვასწავლიდით ამ საქმეს.
ძირითადად ვმუშაობთ მინიატურულ ნივთებზე, როგორიცაა მედალიონები, პანაგიები, სამღვდელო ჯვრები, მცირე ზომის ხატები. მასალა რის საშუალებასაც გვაძლევს, იმის მიხედვით ვაკეთებთ, რადგან დიდი ზომის ბზა არ მოიპოვება. მაქსიმუმ შეიძლება 20სმ სიგანის იყოს.

როგორ მიმდინარეობს სწავლების პროცესი, თუ ინტერესდებიან ახალგაზრდები?

მოსწავლეები 1 საათის განმავლობაში პრაქტიკულად მუშაობენ. ასევე, ეცნობიან თეორიულ მასალას. ვუმოწმებ მთელი კვირის განმავლობაში გაკეთებულ ნაშრომებს. პირველ რიგში, ვასწავლით ქართულ მარტივ ჩუქურთმას და თანდათან ვართულებთ. ამ საქმით რომ კავდებიან, ესეც თავისთავად კარგია.

მუშაობის პროცესში არანაირ ელექტროტექნიკას არ ვხმარობთ. ყველაფერი ხელით მუშავდება. ვიყენებთ მხოლოდ მოსახერხებელ, სპეციალურად ჩვენთვის დამზადებულ დანებს და თუ მოსწავლე ჩვენი მეთოდით ისწავლის, ის შედეგსაც მალე მიაღწევს.

ძალიან ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული მისი შესწავლით, მაგრამ ნებისყოფა არ ყოფნით. წელიწადში 100 კაციდან რომ 20 ამ საქმეს მიჰყვება, ეს უკვე დიდი შედეგია. ჯვარიღვთისმშობლის სახელობის სკოლაში ბევრს სურვილიც არ ჰქონდა, მაგრამ რადგან სწავლება პროგრამაში ჩაიდო და მოსწავლე ვალდებული იყო, გაკვეთილს დასწრებოდა, დროთა განმავლობაში მას ინტერესი და სურვილიც გაუჩნდა. ხშირად ძველი მოსწავლეებიც მოდიან კონსულტაციებისთვის, რჩევებისთვის, ახალი იდეებისთვის.

ამასთან, სწავლება დიდ ფინანსებთან არ არის დაკავშირებული (საჭიროა მასალის შეძენა). თუ ხარისხიანად შეისწავლის ადამიანი ბზაზე კვეთას, რაც ჩვენი მიზანია, შეუძლია თავისი ნამუშევრები საეკლესიო მაღაზიებსა და ეკლესია-მონასტრებში მიიტანოს. მას მცირე შემოსავლის წყაროც გაუჩნდება.

გამოფენებზე მეც და ჩემს მოსწავლეებსაც არა ერთხელ მიგვიღია მონაწილეობა. ნამუშევრებით წარვსდექით იტალიაში, ესპანეთში, საბერძნეთში. თბილისში მონაწილეობა მივიღეთ პატრიარქის აღსაყდრების იუბილესთან დაკავშირებულ გამოფენებში.

თეონა ნოზაძე


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.