Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

უკვდავი ლეგენდა - თამარ მეფე


1703286000e9776be253cf009784f404e0cfa341be.jpg

უკვდავი ლეგენდა - თამარ მეფე (დაახ. 1160 - 1213, შესაძლოა 1210 ან 1207)
ყოველი ადამიანი ერთმანეთის მსგავსად იბადება, მერე კი ყველას ცხოვრება ცალ-ცალკე მიდის. ზოგი იმდენად სუსტი აღმოჩნდება, რომ ვერც კი უძლებს ცხოვრების სირთულეებს. მაგრამ ზოგი ლეგენდად იქცევა, ლეგენდად რომელიც მარადიულ ადგილს იკავებს ყოველი ადამიანის არსებაში.

მოდით ახლა ყველამ გულში ჩავიხედოთ და ვთქვათ ვინ არის ლეგენდა ლეგენდათა შორის. . . ეს თამარია: ქალი ძლიერი, შეუპოვარი, დედა, მეუღლე და რაც მთავარია მეფე. მისი ცხოვრება მუდამ ბურუსით იყო მოცული. მაგრამ ჩვენ ვეცდებით ოდნავ მაინც ავხადოთ ფარდა მის დიდ სამყაროს და დავიწყებთ სულ თავიდან.

თამარ მეფე იყო დავით აღმაშენებლის შვილიშვილის გიორგი მესამისა (1156-1184წწ.) და დედოფალ ბურდუხაის ქალიშვილი. თამარ ბაგრატიონი დაიბადა 1166 წელს. გიორგის ვაჟი არ ჰყავდა. ქალის გამეფება იმ დროს არათუ საქართველოში, მსოფლიოშიც იშვიათი მოვლენა იყო. გიორგიმ გადაწყვიტა თავის სიცოცხლეშივე გაემეფებინა თამარი, რათა შემდგომში მას სირთულეები არ შექმნოდა. 1179 წელს გიორგიმ თანამოსაყდრედ აკურთხა იგი. მამა-შვილი ერთად მართავდა სამეფოს.

1184 წელს გიორგი III გარდაიცვალა და 18 წლის თამარი გახდა ერთპიროვნული მმართველი, საქართველოს პირველი ქალი მეფე.

1184 წელი 15 მაისის დილაა, მზე თანდათან იწყებს ამოსვლას, სასახლეში კი უცნაური ფუსფუსი შეიმჩნევა. მზერა ძალიან დიდმა დარბაზმა მიიქცია. დარბაზის ორივე მხარეს ხალხი დგას, მათ თვალებში უდიდესი მოლოდინს და ოდნავ შიშს ამოიკითხავთ. კარი იღება და შემოდის ქალი, ის მართლაც მშვენიერია. ერთხმად იხუვლა ხალხმა: „დიდება თამარს, დიდება ჩვენს მეფეს“. თამარმა ამის გაგონებაზე თავი დახარა, ალბათ შერცხვა. ის ხომ ჯერ ბავშვია, სულ რაღაც 18 წლის, დღეს მას უნდა ჩააბარონ ტახტი, თავისი ქვეყნით და ხალხით. თან ჩანს ცოტათი ეშინიათ კიდეც. ესეც ბუნებრივია. ცერემონია დაიწყო: ქუთათელის ეპისკოპოსმა ანტონ საღირაძემ და რაჭის ერისთავმა კახაბერ კახაბერიძემ ტახტთან მიიყვანეს მეფე, თავზე გვირგვინი დაადგეს, ხელში კი სკიპტრა მისცეს. და აი რა უთხრეს: "ამიერიდან შენ ხარ მეფე, მშობელი შენი ხალხის და გახსოვდეს შენი უპირველესი ვალია ზრუნვა მათზე". თამარს უეცრად თვალზე ცრემლი მოადგა და გაიღიმა. ალბათ მიხვდა იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც ამ დღიდან დაეკისრა.

"თამარის მამის, გიორგის, მეფობის დროს ბევრი უღირი დიდგვაროვანი გადააყენეს თანამდებობიდან და მათ ადგილზე ღირსეული, უფრო ნიჭიერი და უანგარო, თუმც კი უფრო დაბალი გვარისანი დააყენეს. ამ გადაყენებულმა დიდგვაროვნებმა თამარს თანამდებობებზე დაბრუნება მოთხოვეს. რადგან მეფეს ქართველთა სისხლის დაღვრა არ სურდა, მან მშვიდობიან ხერხს მიმართა: აჯანყებულ დიდებულებთან ორი მოხუცებული, ყველასაგან პატივცემული მანდილოსანი გაგზავნა მოსარიგებლად. მათ აჯანყებულებს ურჩიეს, წინააღმდეგობაზე ხელი აეღოთ და აღუთქვეს, ვინც თქვენგანი ღირსეული აღმოჩნდება, ყველა შესაფერის ადგილს მიიღებსო. გაჭრა მანდილოსნების შუამავლობამ და აჯანყებულები დაშოშმინდნენ.

შემდეგ თამარი შეუდგა სამღვდელოების სრულ განახლებას, სამღვდელოების მეთაური კათალიკოსი მიქაელი იყო ანგარებიანი, მექრთამე ადამიანი. სამღვდელოებაშიც გავრცელდა ეს სენი. თამარმა საეკლესიო კრება მოიწვია და მის თავმჯდომარედ იერუსალიმიდან ჩამოაყვანინა ნიკოლოზ გულამბერიძე, კაცი წმინდა და ფრიად განსწავლული. ამ კრებამ ბევრი უღირსი ეპისკოპოსი და მღვდელი გადააყენა და საქართველოს ეკლესიაში სრული წესრიგი დაამყარა.

საქართველოს სიკეთისათვის საჭირო იყო, რომ თამარს მემკვიდრე ჰყოლოდა. ამიტომ სთხოვეს დაოჯახებულიყო. მეფეც დაჰყვა მათ ნებას. ქმრად ამოურჩიეს რუსი ბატონიშვილი გიორგი (იური რუსი), რადგან ეგონათ, რომ ეს ქორწინება განამტკიცებდა კავშირს საქართველოსა და რუსეთს შორის. თავიდან თამარი უარზე იყო, უცხოსა და უცნობს როგორ მივთხოვდეო, მაგრამ იგი დაარწმუნეს, რომ საქართველოსათვის ეს სიკეთის მომტანი იქნებაო და ჯვარი დასწერეს რუს უფლისწულზე.

საუბედუროდ, გიორგი რუსი მეტად უზნეო გამოდგა. სამეფოს სიკეთეზე სრულიად არ ფიქრობდა, დროს ქეიფში, ლოთობასა და გარყვნილებაში ატარებდა და ცუდ მაგალითს უჩვენებდა თავის ქვეშევრდომებს. თამარი ბევრს ეცადა მეუღლის გამოსწორებას, მაგრამ ვერას გახდა და იძულებული შეიქნა, გაჰყროდა ქმარს და საქართველოდან გაეძევებინა.

თამარმა მეორედ იქორწინა. მან მეუღლედ დავით სოსლანი ამოირჩია. ეს იყო შვილი ოსეთის მბრძანებლისა და ჩამომავლობით ბაგრატიონი. დავითი პატარაობაში დაობლდა და იგი თამარის მამიდამ გაზარდა. ენით, ჩვეულებით, ხასიათით სოსლანი ნამდვილი ქართველი იყო, თანაც თამარი და დავითი პატარაობიდანვე კარგად იცნობდნენ ერთმანეთს და მოსწონდათ კიდეც ერთმანეთი.

მაგრამ გიორგი რუსი როდი შეურიგდა ბედს. მან დაკარგული ტახტის დაბრუნება მოინდომა და უცხო ჯარით საქართველოს შემოესია, მას მიემხრო თამარზე განაწყენებული ზოგიერთი დიდებულიც. მაგრამ თამარის ჯარმა მოღალატეებს სასტიკი დამარცხება აწვნია და ყველანი ტყვედ ჩაიგდო. მათ შეწყალება ითხოვეს. თამარი მეტად კაცთმოყვარე გულის პატრონი იყო და ყველანი თავთავიანთ მამულებში დააბრუნა, გიორგი რუსი კი გაგზავნა უკან კონსტანტინეპოლში". (იაკობ გოგებაშვილი)

ამის შემდეგ ცხოვრება ჩვეული კალაპოტით მიდიოდა და 1193 წელს ტაბახმელას სასახლეში გაჩნდა ვაჟი, სახელად ლაშა-გიორგი, მას კი მალევე მოჰყვა ქალი, მზესავით მშვენიერი რუსუდანი.

თამარი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის რელიგიურ და კულტურულ ცხოვრებაში. ხელს უწყობდა ქართული ორთოდოქსული ეკლესიების მშენებლობას. მისი მეფობის დროს აშენდა ვარძია, ქვაბთახევი, ბეთანია. განვითარდა მხატვრობა, ჭედურობა, ლიტერატურა. ამ პერიოდის მნიშვნელოვანი ლიტერატურული ძეგლებია ჩახრუხაძის "თამარიანი" და იოანე შავთელის "აბდულმესია", სადაც შექებულია თამარ მეფის სულიერი სისპეტაკე, გარეგნული სილამაზე, გონიერება, სახელმწიფოებრივი მმართველობა.

არა მხოლოდ ამ ეპოქის, არამედ საერთოდ ქართული მწერლობის უბრწყინვალესი ნიმუშია შოთა რუსთაველის პოემა "ვეფხის ტყაოსანი", სადაც თინათინის გამეფებას საფუძვლად უდევს თამარის გამეფების ისტორია.

XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე საქართველო იყო პოლიტიკურად, ეკონომიკურად და კულტურულად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, დაწინაურებული და უზარმაზარი სახელმწიფო. ერთიანი საქართველოს სახელმწიფო გადაჭიმული იყო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და ოსეთიდან არეგაწამდე. ქართველები ამ პერიოდს უწოდებენ "ოქროს ხანას". თამარს საქართველოს ოქროს ხანაში მოუწია მეფობა და უაღრესად წარმატებული მმართველის რეპუტაციით სარგებლობდა, რისთვისაც მას ქვეშევრდომებმა "მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა, მესიის მოვლენილი" შეარქვეს.

თამარ მეფე იყო მეტად კაცთმოყვარე და მიმტევებელი ადამიანი. ამიტომ მან გააუქმა სიკვდილითა და დასახიჩრებით დასჯა, რაც მეტად იყო გავრცელებული ევროპაშიც. დამნაშავეებს ტანჯვა-წამებით კლავდნენ, ან ჭრიდნენ ხელებს, სთხრიდნენ თვალებს. თამარის დროს აიკრძალა ამგვარი რამ. მისი მეფობის პერიოდში არავინ მოუკლავთ და დაუსახიჩრებიათ. ამიტომ იგი მთელს ქართველობას უზომო სიყვარულით უყვარდა.

მაგრამ თამარის ნაზმა აგებულებამ ვერ გაუძლო დიდხანს დაუცხრომელ მზრუნველობას სამეფოსთვის, ხშირად ცხენით სიარულს ლაშქრობის დროს და მოგზაურობას საქართველოს ერთი კუთხიდან მეორეში და ჯერ ორმოცდაათი წლისაც არ იყო, რომ აღესრულა. მან ანდერძად დაიბარა: "სასახლიდან გაიტანეთ ცხრა კუბო და ცხრა მხარეს წაიღეთ, ისე რომ არავინ იცოდეს მე რომელში ვასვენივარ". . . ასეც მოიქცნენ და დღესაც არავინ იცის ამ დიადი ადამიანის განსასვენებელი.

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2014 Face.ge - all rights reserved.