Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
xatuleba blog

8 მარტი, „ცარიელი ქვაბების მარში“ და ქალები

8 მარტის აღნიშვნა–არაღნიშვნის შესახებ საქართველოში საზოგადოების აზრი ორადაა გაყოფილი. მართალია, ოფიციალურად ეს დღე გამოსასვლელ დღედაა გამოცხადებული, მაგრამ ბევრი არ მალავს (მათ შორის, ქალებიც), რომ ამ დღეს ქალთა დღესასწაულად ვერ აღიქვამენ. რაც ყველაზე მეტად საინტერესოა, ვერ აღიქვამენ არა კაცების მხრიდან უყურადღებობის, არამედ იმის გამო, რომ იგი „საეჭვო ყოფაქცევის ქალების დაარსებულ“, კომუნისტური შეფერილობის მქონე დღესასწაულად მიაჩნიათ.

რასაკვირველია, ამგვარ დამოკიდებულებას თავისი ახსნა აქვს. 8 მარტი ქალებიდან ყველაზე მეტად კლარა ცეტკინსა და როზა ლუქსემბურგს უკავშირდება, ეს ქალები კი არც ქართველ და, მოდით პირდაპირ ვთქვათ, არც დანარჩენი მსოფლიოს ქალებში არიან მაინცდამაინც პოპულარულები. თუმცა, სულ თავიდან დავიწყოთ და მივყვეთ.

აღიარებულია ვერსია, რომ ქალთა საერთაშორისო დღედ 8 მარტის გამოცხადებას საფუძვლად 1875 წელს გამართული ქალთა დემონსტრაცია დაედო. „ცარიელი ქვაბების მარში“ დაბალი ანაზღაურებითა და შრომის აუტანელი პირობებით აღშფოთებულმა ნიუ-იორკელმა ფეიქრებმა მოაწყვეს.

ქალაქის ქუჩებში გამოსული მომიტინგეები სამუშაო დღის შემოკლებასა და ანაზღაურების გაზრდას მოითხოვდნენ. შეხსენებად არ ღირს, რომ იმ დროს ამერიკაში სამუშაო დღე რვის ნაცვლად თექვსმეტ საათს გრძელდებოდა და ქალები გასამრჯელოსაც ბევრად უფო ნაკლებს იღებდნენ, ვიდრე მამაკაცები. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სამუშაო დღის ხანგრძლივობა ერთნაირი იყო ქალისთვისაც და მამაკაცისთვისაც.

აი, სწორედ ამ „ცარიელი ქვაბების მარშს“ უნდა ვუმადლოდეთ 8 მარტის არსებობას, მაგრამ სხვა, არანაკლებ დამაჯერებელი ვერსიაც არსებობს, რომელიც მიანიშნებს, რომ სინამდვილეში ეს კონკრეტული მარში არაფერ შუაშია და მასთან 8 მარტის დაკავშირება მხოლოდ მოგვიანებით მოხდა. დასავლეთევროპელმა და ამერიკელმა ქალებმა ამით დღესასწაულისთვის კომუნისტური დატვირთვისა და ელფერის მოცილება სცადეს.

ამ ვერსიის ავტორებს საკმაოდ საინტერესო არგუმენტი აქვთ: თუკი ეს მარში 8 მარტს მოეწყო, რატომ აღნიშნავდნენ სხვადასხვა ქვეყანაში ქალთა დღეს სხვადასხვა დროს? არადა, თავდაპირველად მართლაც ასე იყო და, ალბათ, ვერავინ დაადგამს თავს, რატომ აღნიშნავდნენ ქალთა დღეს მისი ოფიციალურად შემოღების შემდეგ (1909) თებერვლის ბოლო კვირადღეს, ხოლო მოგვიანებით კი სულ სხვა დღეს? გადავხედოთ სტატისტიკას:

1911 წელს ქალთა საერთაშორისო დღე გერმანიაში, ავსტრიაში, დანიასა და შვეიცარიაში 19 მარტს აღინიშნა. ამ აღნიშვნის საფუძველი ის გახდა, რომ სწორედ ამ დღეს, ოღონდ 1848 წლის 19 მარტს დაპირდა პრუსიის მეფე ქალებს საარჩევნო უფლების მინიჭებას, მაგრამ სიტყვა არ შეასრულა. 1912 წელს ეს დღე უკვე 12 მაისს იზეიმეს; 1913 წელს - გერმანიაში 12 მარტს, ავსტრიაში, ჩეხეთში, უნგრეთში, ჰოლანდიასა და შვეიცარიაში 9 მარტს, საფრანგეთსა და რუსეთში 2 მარტს ზეიმობდნენ. მხოლოდ 1914 წლიდან შეთანხმდნენ საბოლოოდ 8 მარტზე.

ოფიციალურად, 8 მარტი, როგორც თარიღი, ქალთა მხოლოდ ერთ მასობრივ გამოსვლაში ფიგურირებს. ეს გამოსვლა 1908 წელს, ისევ ნიუ–იორკში იყო ორგანიზებული, არც მეტი, არც ნაკლები - ქალთა სოციალ–დემოკრატიული ორგანიზაციის მიერ, რომლის მოწოდების შემდეგ ქუჩაში 15 ათასამდე ქალი გამოვიდა. დემონსტრანტებმა თანასწორობისა და საარჩევნო ხმის უფლების მოთხოვნით ნიუ–იორკის ქუჩებში ჩაიარეს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ქალთა საერთაშორისო დღის ოფიციალურად აღნიშვნა, სხვადასხვა დღეებში, მხოლოდ 1909 წლიდან დაიწყეს, ევროპაში კი 8 მარტად ამ დღის გამოცხადების იდეა კლარა ცეტკინმა 1910 წელს გააჟღერა - სწორედ „ცარიელი ქვაბების მარშის“ თარიღის გამო. იგი ქალთა უფლებების დასაცავად ჯერ კიდევ მე–19 საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან იბრძოდა. კერძოდ, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრმა, ქალბატონმა ცეტკინმა 1889 წელს გამართულ მეორე ინტერნაციონალურ ყრილობაზე, მამაკაცებთან თანასწორუფლებიანობისათვის ბრძოლის მიზნით, მსოფლიოს ქალების გაერთიანების წინადადება წამოაყენა.

1957 წლიდან 8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამაც აღიარა. 1977 წელს კი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მთელი წელი ქალების წლად გამოაცხადა და ქვეყნებს შესთავაზა ქალთა უფლებების დაცვის დღის თარიღი საკუთარი სურვილისა და ტრადიციების თანახმად აერჩიათ, თუმცა, თავად გაეროს გამოცხადებულ ოფიციალურ თარიღად კვლავაც 8 მარტი რჩება.

როგორც ისტორიის გადაფურცვლა ცხადყოფს, ქალთა საერთაშორისო დღე, ძირითადად, დაჩაგრული ქალების ბრძოლის შედეგად მიღწეული კომპრომისია, თუმცა, ბევრ რამეში არცთუ სასახელო იმიჯის მქონე ჩვენს ქვეყანას ქალებთან პოლიტიკურ დამოკიდებულებაში ნამდვილად შეუძლია იამაყოს. მაშინ, როცა ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაში ქალები საარჩევნო უფლების მოპოვებისთვის დაუღალავად იბრძოდნენ, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, თანასწორობის უმთავრესი პირობა დააკმაყოფილა და ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მისცა.

მსოფლიო სტატისტიკა მოწმობს, რომ ევროპაში პირველად ქალებს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საარჩევნო სუბიექტის სახით მონაწილეობის უფლება დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, რუსეთსა და საქართველოში მიეცათ. დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ თავის საარჩევნო დებულების პირველივე მუხლში ჩაწერა, რომ საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობდნენ „განურჩევლად სქესისა“, 1921 წლის კონსტიტუციამ კი ეს უფლება თავის 46-ე მუხლში საბოლოოდ დააკანონა.

სხვათა შორის, ბრიტანეთი ხმის მიცემის უფლებას კაცებს 18 წლის ასაკიდან აძლევდა, ქალებისთვის კი ბევრად უფრო ზედა ზღვარი იყო დადგენილი. ეს ბრიტანული გაუგებრობა მხოლოდ 1928 წელს გამოსწორდა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ საარჩევნო ხმის უფლება ამერიკელმა ქალებმა 1920 წელს მიიღეს, ფრანგებმა - 1944 წელს, იტალიელებმა და იაპონლებმა - 1945 წელს, შვეიცარიელებმა კი მხოლოდ და მხოლოდ - 1971 წელს. ამ ქვეყნების სიაში ბოლო კუვეიტია, სადაც საარჩევნო ხმის უფლება ქალებს მხოლოდ 2005 წელს დაუკანონეს, ხოლო აფრიკისა და ისლამური სამყაროს ზოგიერთ ქვეყნებში (მაგალითად, საუდის არაბეთში) გარკვეული შეზღუდვები დღემდე მოქმედებს. ასე რომ, ქალებო, სანამ ჩაგვრაზე და „წელიწადში ერთადერთი“ დღის იგნორირებაზე დაიწუწუნებთ, არც ამ სტატისტიკის გადახედვა დაგავიწყდეთ...

ისეც ნუ მივიღებთ, რომ 8 მარტი მთელ მსოფლიოში იგნორირებული დღესასწაულია. ასე სულაც არ არის, მაგრამ კომუნისტური შეფერილობა ამ დღემ დღემდე ვერ მოიშორა და ამიტომაც, მისი პოპულარობა მნიშვნელოვნად შემცირდა. მით უმეტეს, პოსტსაბჭოთა სივრცის უმეტეს ნაწილში, სადაც ყოველივე კომუნისტურის, სოციალისტურისა და მარქსისტულის მიმართ აგრესიულობამდე მისული გულგრილობა შეინიშნება.

ისე კი, ბოლოს აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ამ დღეს ყველაზე პრივილეგირებულებად ჩინელი და მადაგასკარელი ქალები ითვლებიან: ამ ქვეყნებში 8 მარტი ოფიციალურად, გამოსასვლელი დღეა, ოღონდ, ერთი კორექტივით: მხოლოდ ქალებისთვის. კაცები ამ დღეს ჩვეულებრივად მუშაობენ, თუმცა, ისიც საკითხავია, უღირთ თუ არა ქალებს 8 მარტი კაცების გარეშე დასვენებად..


Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.