Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

“ქება ღირსეულებსაც ვნებთ”


“ჩვენ მუდამ ველით, რომ შეგვაქებენ და კეთილად მოგვიხსენიებენ და როდესაც ეს ჩვენი მოლოდინი არ მართლდება, ვღიზიანდებით, გვწყინს, სიმშვიდე გვეკარგება, თავის ამაღლების წყურვილით აღვსილნი შურით შევსცქერით სხვა ადამიანების ღირსებებსა და სრულყოფილებას. შეგვინდე, უფალო.”

არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი

მამა მალხაზ ყიფიანი (წმ. დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური): “ქებას წმიდანები, როგორც შემწველ ცეცხლს, ყოველთვის გაურბოდნენ. ტაშიერთ წმიდანს სამჯერ უთხრა სტუმარმა, რომ ხელსაქმეს კარგად ასრულებდა. მესამედ კი წმიდანმა უპასუხა: “მას შემდეგ, რაც აქ მოხვედი, კაცო, ღმერთი განაგდე ჩემგან”.

წმიდა მამათა თხზულებებში ძალიან დიდი ადგილი ეთმობა იმ ადამიანურ ვნებათა ნაირსახეობის აღწერას, რომელთა რიცხვში ქებას ერთ-ერთი “გამორჩეული” ადგილი უკავია. თუ ამ ვნების შესახებ მათ შეხედულებებს კარგად გავეცნობით, ნათელი წარმოდგენა შეგვექმნება, რომ მართლმადიდებლობა ადამიანის პირში ქებას საძრახის საქმედ მიიჩნევს. შედარებულია ის სწრაფად მოსიარულე ადამიანისათვის წასაქცევად დადგმულ ფეხთან.

ქებას, როგორც ძაგებას, ქრისტიანმა ფხიზლად უნდა უყუროს, რადგან ერთიცა და მეორეც, როგორც წმიდა მამები გვმოძღვრავენ, ჩვენს სულს ყოველთვის აორებს, რადგან ამით ჩვენ შესახებ სრულყოფილად არაფერია ნათქვამი. როდესაც ჩვენზე საქებარ სიტყვებს გავიგონებთ, ამან საკუთარი ნაკლოვანებები უნდა გაგვახსენოს, რათა არ აღმოვჩნდეთ პატივმოყვარეობის ტყვეობაში. უნდა ვეცადოთ, ავიცილოთ ქება, ვერიდოთ და გვეშინოდეს იმ ადამიანების, ვინც გვაქებს და გვეპირმოთნევება, ხოლო ვინც გვამხელს, გულით უნდა შევიყვაროთ, როგორც ჩვენი კეთილისმყოფელნი, რადგან ისინი გვეხმარებიან სიმდაბლის შეძენაში, ჩვენი ხსნისა და გადარჩენის საქმეში.

წმიდა მამები გვასწავლიან, შევეცადოთ, ადამიანებს გავუკეთოთ ის, რისთვისაც ჯერ გაგვლანძღავენ, შემდეგ კი გვაქებენ და ნურასოდეს გავაკეთებთ პირიქით, რომ ჯერ შეგვაქონ, შემდეგ კი გაგვლანძღონ. თავიდან ცოდვილები ქებით აღავსებენ თავიანთი ცოდვითი მიდრეკილებების მასწავლებლებსა და გამამართლებლებს, მაგრამ როდესაც დაინახავენ ამ ცოდვის შედეგს, როგორც მიზეზს თავიანთი უბედურებებისა, მაშინ წყევლას დაუწყებენ მათ. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ დღევანდელი რეალობიდან აზარტული მოთამაშე, რომელსაც თამაში შეასწავლა ან მამამ, ან ბაბუამ, ან ძმამ, ან მეგობარმა. ბოლოს რომ ყველაფერს წააგებს და განსაცდელში ჩავარდება, წყევლას დაუწყებს ყველას; ან ნარკომანს, როდესაც ამ საშინელებისაკენ უბიძგებენ, თავიდან სიამოვნებს, მაგრამ ბოლოს, სასიკვდილოდ დაწყლულებულისათვის, უმჯობესია, რომ მისი ცოდვის მასწავლებელი მის სარეცელს არ მიეკაროს.

ქების მაძიებელ ადამიანს ვნება ეუფლება. დავუკვირდეთ, როცა ვინმე გვაქებს, თითქოს მოდუნებული და მოშვებულია ჩვენი გონება, მისუსტებულია ჩვენი მოშურნეობა და ჩვენი გულიც გაორებულია. ზოგადად, ქება ყველა ადამიანს სიამოვნებს, მაგრამ მათგან ცოტა თუ აცნობიერებს, რომ ქებისმოყვარულ პიროვნებას, რა დროსაც აკლდება მაქებარი და მისი მოლოდინი ქებისა არ მართლდება, ეწყება გაღიზიანება, ეკარგება სიმშვიდე, ადვილად სწყინს ყველაფერი, თავის ამაღლების წყურვილით აღვსილი შურით შესცქერის სხვა ადამიანების ღირსებებს. ეს თვისებები ჩამოუყალიბდათ იმ მიზეზით, რომ მათ შეაჩვიეს ქებას, პირში ფერებას.

წმიდანები ქებას აღიქვამენ, როგორც უმეცრებას, ან კიდევ, როგორც აშკარა ტყუილს და გვაფრთხილებენ: “გავფრთხილდეთ, პირში არ შევაქოთ ერთმანეთი, რადგან ქება ღირსეულებსაც კი ვნებთ”… არავის ძალუძს შექების მოსმენა საკუთარი თავისთვის უვნებლად წმიდანების გარდა, ამიტომაც ძალიან ფრთხილი დამოკიდებულება გვმართებს იმ ადამიანებთან, რომლებიც ჩვენგან კეთილგანწყობასა და მადლიერებას საჭიროებენ მათი თვისებებისა და საქმეების მიმართ და არა ქებასა და დიდებას.

გვახსოვდეს, ქება და დიდება ეკუთვნის მხოლოდ ღმერთს, როგორც ამას გამოთქვამს სასულიერო პირი სადიდებელი კვერექსის ბოლოს: “რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა მამასა, ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!”

თეონა ნოზაძე


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.