Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
tanano-fangani blog

კადრი-შეპყრობილი


ნუ შემეყარე სახადივით,
თორემ ქარები
ჩემს ოთახებში უკითხავად დააბიჯებენ.
ათიოდ მეტრი ეს კუბური უჰაერობა
წვება ფიქრში და ამეკვიატა
იმ თეთრი ჭიქის ნაბზარები,
წვიმიან ღამით,
მარწყვის ჩაი რომ მომიტანე.
მე ვიჯექი და
ვკითხულობდი მესხის "ფოტოგრაფს".
ფარდა ფარავდა
ფანჯრის მორცხვად გახელილ თვალებს,
ხავსისფერ კედლებს აჩქარებით უცემდა გული...
და აფრენილი ოლეანდრა...
მოლი...
და მგონი,
შენი ტუჩების სიტკბო ჰქონდა ჭიქაში წვიმას...

ნუ შემეყარე-მეთქი!
გესმის?
მაციებ ტანში.
მარწყვის გემო აქვს სიცხიან ბოდვებს...
მე ბოლო კადრი ჩარჩოში ჩავსვი-
კედელზე ფრთხილად ჩამოვკიდე-
რომელზეც ისევ
შენს მდინარესთან მოვდივარ და გიყვები ჩუმად:
"გადაიღე-
მე რომ ასეთი ვარ-
ვათენებ და
მერე ვაღამებ და
მინდები და
მერე ვგიჟდები და..." *
მერე ვგიჟდები და...
მერე ვგიჟდები და...
მერე...
მერე...
კადრი
შეპყრობილი- გადაიღე...

ნოემბერია,
ქარი ყვითელ სურათებს მწირედ
შენელებული შემოდგომის თითებით ფანტავს-
შენ მარწყვის ჩაი მომიტანე გაბზარულ ჭიქით.
მე კი-
ჩურჩულით ვკითხულობდი მესხის "ფოტოგრაფს".
ჰაერი იყო გამჭვირვალე,
ისეთი მყიფე,
ისე ფაქიზად მოზომილი მხოლოდ ორისთვის,
რომ გულისცემა ოთახებში ისმოდა მძიმედ
და ვიცოდით რომ შორს,
ძალიან სადღაც და ზემოთ,
სადაც სულები მიჰყვებიან ქარების შრიალს,
უჩვენოდ წვიმდა...

ნუ შემეყარე სახადივით,
თორემ ქარები,
ჩემს შავ თვალებში სამუდამოდ ილექებიან....

Tags:

 
Interesting
positive votes: 16  |  negative votes: 0

Write comment:

teamasi (44)
ჰაერი იყო გამჭვირვალე,
ისეთი მყიფე,
ისე ფაქიზად მოზომილი მხოლოდ ორისთვის,
რომ გულისცემა ოთახებში ისმოდა მძიმედ
და ვიცოდით რომ შორს,
ძალიან სადღაც და ზემოთ,
სადაც სულები მიჰყვებიან ქარების შრიალს,
უჩვენოდ წვიმდა...
#2, 11.06.2012 - 15:56
შენ მარწყვის ჩაი მომიტანე გაბზარულ ჭიქით.
მე კი-
ჩურჩულით ვკითხულობდი მესხის "ფოტოგრაფს".
11.06.2012 - 16:05
agni121 (41)
ნუ შემეყარე სახადივით,
თორემ ქარები,
ჩემს შავ თვალებში სამუდამოდ ილექებიან....
#1, 11.06.2012 - 14:38
:*:*:*
11.06.2012 - 16:05
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.