Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
barbare1994 blog

ზაფხული მართლაც შესანიშნავი დროა დასვენებისთვის. მხოლოდ ჩვენი კანი განიცდის დისკომფორტს. შესაძლოა, შევამჩნიოთ აქერცვლა, შეწითლებ

- რა აჩენს კანზე პიგმენტურ ლაქებს? - ჰიპერპიგმენტური ყავისფერი ან ოდნავ მოყვითალო ლაქების – მელაზმების – მიზეზი შეიძლება იყოს: ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია, კერძოდ, მისი ჰიპერ ან ჰიპოფუნქცია. ამ შემთხვევაში პიგმენტური ლაქები ყველაზე ხშირად შუბლის, ყვრიმალების, ზედა ტუჩის არეში ჩნდება. ტუბერკულოზური ინფექცია. ამ შემთხვევაში ლაქები შუბლსა და ლოყების ზედა ნაწილში შეიმჩნევა. მშობიარობა (ლოკალიზაცია იგივეა); ღვიძლის დაავადება; ასაკი (მოხუცებულთა პიგმენტური ლაქები – ლენტიგო სენილის – ხელის მტევნის დორზალურ ზედაპირსა და სახეზე). გვხდება ასევე კანის დეპიგმენტაცია – ვიტილიგო, რომელიც უმეტესად ნეიროენდოკრინული წარმოშობისაა და სახეზე, კიდურებზე, ტანზე თეთრი პრიალა, მკვეთრად შემოსაზღვრული ლაქებით ვლინდება. აღსანიშნავია, რომ თუ ვიტილიგოს კერა სხეულის თმიან უბანზე წარმოიქმნა, თმა ამ ადგილას ჭაღარავდება. - შესაძლებელია თუ არა, ლაქები სოკოვანი დაავადებით იყოს გამოწვეული? - შესაძლებელია. გარეგნულად ეს ლაქები მკვეთრად განსხვავდება ზემოთ აღწერილ დაავადებათა დროს წარმოქმნილი ლაქებისაგან – ნაზად იქერცლება, რაც ჰიპერპიგმენტაციასა და დეპიგმენტაციას არ ახასიათებს. განსხვავებულია ლოკალიზაციაც. ლაქის გენეზის დასადგენად უნდა ჩატარდეს ბაქტერიოსკოპიული ანალიზი, რომელიც დაადასტურებს ან უარყოფს აღნიშნულ დიაგნოზს. დიაგნოზის დასმის შემდეგ ავადმყოფს დაენიშნება ანტიმიკოზური მკურნალობა როგორც პერორალური, ასევე ადგილობრივი საშუალებებით. - შეიძლება თუ არა პიგმენტური ლაქების მოცილება? - ჰიპერპიგმენტაციისა და დეპიგმენტაციის მკურნალობა უნდა წარიმართოს დერმატოლოგის მეთვალყურეობით, იმ დაავადების მკურნალ ექიმთან ერთად, რომელმაც გამოიწვია კანზე აღნიშნული მდგომარეობა, ფთიზიატრი იქნება ეს, ენდოკრინოლოგი თუ ჰეპატოლოგი. მელაზმების სამკურნალოდ ნაჩვენებია უნიტონ-4, ნეოუნიტონი (დღის და ღამის კრემი), დეპიდერმი, “ოზონის”, “გალენიკის” ლაქების მოსაშორებელი კრემები. ვიტილიგოს სამკურნალო საშუალებები საქართველოში დღემდე დეფიციტური იყო და პაციენტებს ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან ჩამოჰქონდათ. საბედნიეროდ, ბოლო ხანს თბილისშიც გამოჩნდა ეფექტური საშუალება ვიტიქსი – გელი და ტაბლეტები. თეთრი ლაქების შესანიღბავად კი დეკორატიული ან კოსმეტიკური ვიტიქს-კოლორი გამოიყენება. - როდესაც კანის პიგმენტაცია დარღვეულია, უნდა ვერიდოთ თუ არა მზეს? ვიხმაროთ თუ არა მზისგან დამცავი კრემი? - პიგმენტური ლაქების შემთხვევაში შინიდან გასვლის წინ აუცილებლად უნდა წავისვათ ფოტოდამცავი საშუალებები, რომელთა შPF-ინდექსი 40, 50, 60-ის ტოლია, ვიტილიგოს დროს კი – 100-ის. - ზაფხული გარუჯული კანის გარეშე წარმოუდგენელია. რას ურჩევდით ჩვენს ქალბატონებს? - ვურჩევდი, ინტენსიურად გამოიყენონ მზისგან დამცავი და გარუჯვის შემდეგ სახმარი საშუალებები. ეს დაეხმარებათ, რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნონ კანის ლამაზი, თანაბარი გარუჯვის ელფერი ისე, რომ არ დაზიანდეს კანი. ალბათ სადავო იმაში არაფერია, რომ გარუჯული კანი ქალს ლამაზ, ჯანსაღ და მომხიბლავ იერს აძლევს. - 50 წლის ქალბატონი გვწერს: “ხშირად მიჩნდება სახეზე წითელი გამონაყარი, რომელიც კარგა ხანს არ გაივლის და ბოლოს წითელ წერტილებად მრჩება. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? იქნებ მირჩიოთ, სახლის პირობებში როგორ მოვიცილო. - 50 წლის ასაკში ასეთი ლაქები ხშირად განპირობებულია მენოპაუზური მოვლენებით, როდესაც ორგანიზმში ჰორმონული დისბალანსი მიმდინარეობს. ის სხვადასხვანაირად შეიძლება გამოვლინდეს, მათ შორის – სახეზე წითელი ლაქების სახითაც. ზემოხსენებულ შემთხვევაში ეს უნდა იყოს როზაცეა, რომელიც უმეტესად სწორედ ამ ასაკში გვხვდება. მკითხველს ვურჩევდი ექიმ დერმატოლოგის კონსულტაციას, რადგან უნდა ჩატარდეს სხვადასხვა გამოკვლევა, მათ შორის – დემოდეკოზზე, ანუ სახის კანიდან აღებულ ნაცხში დემოდექსის (ერთგვარი ტკიპის) არსებობაზე. ეს საკმაოდ საყურადღებოა. თუ დემოდექსი წამწამებში გამრავლდა, ეს გამოიწვევს გაძლიერებულ ცრემლდენას, კონიუნქტივიტს, წამწამების ცვენას, რქოვანას დაზიანებას, უძლიერეს ქავილს. ასეთ დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ ოფთალმოლოგს. - რა იწვევს დემოდეკოზს? - დემოდეკოზის გამომწვევი თითქმის ყველა ადამიანის სხეულზე ბინადრობს, მაგრამ უმეტესად არაფერს აშავებს. დაავადებამ შესაძლოა თავი იჩინოს ჰორმონული დისბალანსის, ჰიპერაციდული გასტრიტის, კოლიტის, იმუნური სისტემის დაქვეითების ფონზე. - ემორჩილება თუ არა ეს მდგომარეობა მედიკამენტურ ჩარევას? - დიახ, დაავადება იკურნება, თუმცა მკურნალობა ხანგრძლივია, შესაძლოა, 4-6 თვესაც გასტანოს. ამასთანავე, პაციენტმა ზედმიწევნით ზუსტად უნდა შეასრულოს ექიმის მითითებები და დანიშნულება, დაიცვას ჰიგიენის წესები და, რაც მთავარია, ბოლომდე მიიყვანოს მკურნალობის კურსი. ამ დროს საჭიროა ანტიპარაზიტული მკურნალობა როგორც ადგილობრივად, ასევე პერორალურად. ადგილობრივად გამოიყენება ნელადექსის მალამო. წამწამები უნდა დამუშავდეს ჰიგიენურად ბლეფაროლოსიონით, ხოლო შემდეგ წავისვათ ბლეფაროგელი. გარდა წამწამების მიდამოსი, დემოდექსი ბინადრობს სახის კანზეც, კერძოდ, ცხვირ-ტუჩის ნაოჭში. წერილში აღწერილი გამონაყარის შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ როზამეტის (მეტრონიდაზოლის შემცველი მალამო) ან მეტრორუბორილის მალამო სამი თვის განმავლობაში, მერე კი, ეფექტის შესანარჩუნებლად – რუბორილ-ექსპერტი. რაც შეეხება ცხოვრების წესს, ამ დროს საჭიროა, ორგანიზმი მოვარიდოთ ზედმეტ სითბოს, დავიცვათ კვების რეჟიმი, რაციონიდან ამოვიღოთ მჟავე, ცხარე, მლაშე საკვები, მაქსიმალურად შევზღუდოთ ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტების მიღება. - “სახეზე გამიჩნდა სისხლძარღვები, მიწითლდება სახე და ცხვირი. იქნებ მირჩიოთ, რა წავისვა ან ვის მივმართო”. - როგორც ჩანს, ეს არის ტელეანგიოექტაზები – ზერელე გაფართოებული სისხლძარღვები, რომლებიც სახის კანს, განსაკუთრებით – ლოყების არეში, წითელ ელფერს აძლევს. ის თან ახლავს აცნე როსაცეა-ს და კოლაგენურ დაავადებებს. შეკითხვის ავტორმა დიაგნოზის დასაზუსტებლად დერმატოლოგს უნდა მიაკითხოს. სასურველია ჩატარდეს სისხლის სრული კოაგულოგრამა. დასალევად ვურჩევდი ასკორუტინს, ადგილობრივად კარგი იქნება ჩაის ხის ტონიკი. თუ ტელეანგიოექტაზები კოლაგენური დაავადებით არ არის განპირობებული, მათ მოსაშორებლად უნდა მიმართოს ესთეტიკური მედიცინის რომელიმე ცენტრს, სადაც ამ პრობლემას ადვილად მოუგვარებენ. გარდა ამისა, ერიდოს მზეს და გამაღიზიანებელ საკვებს. ანის მოვლის დეტალები წლის ცხელ პერიოდში - ზოგჯერ ცხვირზე ჩირქოვანი გამონაყარი ჩნდება. ამ დროს რომელ პათოლოგიასთან გვაქვს საქმე და რას ურჩევდით პაციენტებს? - ეს შეიძლება იყოს აცნე როსაცეა-ს გართულება, რომელსაც რინოფიმა ეწოდება. ეს დაავადება უმეტესად მამაკაცებში გვხვდება. ამ დროს ცხვირი გადიდებულია, კანზე შეიმჩნევა ტელეანგიოექტაზიები. ხშირია მცირე ზომის ჩირქოვანი გამონაყარი. ადამიანს აქვს ალკოჰოლიკის იერი, რაც საზოგადოებაში დიდ უხერხულობას უქმნის. ამ დაავადების გამწვავებაში სხვადასხვა სომატურმა პათოლოგიამ შეიძლება შეასრულოს მაპროვოცირებელი როლი. მკურნალობა ექიმმა დერმატოლოგმა უნდა ჩაატაროს. აუცილებლად უნდა გაირკვეს დაავადების მიზეზი, რის შემდეგაც ჩატარდება ეტიოპათოგენეზური მკურნალობა. ამ მდგომარეობის დროს, მიზეზიდან გამომდინარე, ინიშნება ანთების საწინააღმდეგო, ანტიპარაზიტული, სედაციური საშუალებები, ხოლო როდესაც ცხვირი შესამჩნევად იზრდება, საჭიროა ქირურგიული ჩარევა – რინოპლასტიკა. - აი კიდევ ერთი წერილი: “ჩემს 23 წლის ვაჟს აქვს სებორეული დერმატიტი, ჭარბი ქერტლიანობა. კანზე აქვს წითელი ლაქები, გაცხიმოვნება. ამის გამო ძალიან დაკომპლექსებულია. ექიმმა გამოუწერა კუპრის საპონი და ვიტამინები, მაგრამ უშედეგოდ. გთხოვთ, გვირჩიოთ რამე”. - ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს თავის თმიანი ნაწილის სებორეასთან. სებორეა მშრალიც შეიძლება იყოს და ცხიმოვანიც. ის ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების ჰიპერსეკრეციის შედეგია. მისი მაპროვოცირებელი ფაქტორი ხშირად არის კუჭ-ნაწლავის პრობლემა, კვების, ძილის არასწორი რეჟიმი. უნდა აღვნიშნო, რომ ეს დაავადება უფრო ხშირად აქვთ მამაკაცებს სწორედ თქვენი მკითხველის მიერ აღნიშნულ ასაკში. თქვენს მკითხველს შეიძლება ვურჩიოთ ქერტლის საწინააღმდეგო საშუალება ფიტოსქუამი ფიტოლაბორატორიის მამაკაცებისთვის განკუთვნილი სერიიდან, ხოლო თუ ქერტლს თმის ცვენაც ახლავს თან – ტრიქოვიტალი. ასევე კარგია ტოპიკის შამპუნები მშრალი და ცხიმიანი თავის თმიანი არისათვის. თავის დაბანა სასურველია ყოველ მესამე დღეს. სამკურნალოდ კი ვურჩევ, თავის თმიან არეში შეიზილოს აეროზოლი პოლკორტოლონ თჩ დღეში 2-ჯერ 10 დღის განმავლობაში. ასევე კარგი იქნება, თუ მიიღებს აევიტს და ანტიოქსიკაფს თუთიით. თავის თმიანი ნაწილის სებორეას ხშირად ახლავს თან სებორეული დერმატიტი, რომელიც ტიპობრივად ლოკალიზდება გულმკერდის თმიან ნაწილზე, იწვევს მის სიწითლესა და აქერცვლას. შესაძლოა აგრეთვე კანის აქერცვლა წარბებთან, ლოყებზე, ყურების უკან. ამ შემთხვევაში კარგი იქნება 7-10 დღის განმავლობაში ადგილობრივად ლატიკორტის, ადვანტალის ან ელოკომის მალამოს გამოყენება. კვების რეჟიმის მოწესრიგება ამ დროსაც აუცილებელია. - ზოგადად, რას გვირჩევდით ზაფხულში კანის მოვლასთან დაკავშირებით? - სახის კანი ყველაზე ნაზია და როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. წლის ცხელ პერიოდში ის არანაკლებ სტრესს განიცდის, ვიდრე სიცივეში – მტვერს, სიცხეს, მშრალ ჰაერსა და ულტრაიისფერ სხივებს მისთვის სიკეთე ნამდვილად არ მოაქვს. ზაფხულში სახის კანის მოვლა სამ ძირითად პრინციპს ეყრდნობა: გაწმენდას, დატენიანებასა და დაცვას. პირი დილა-საღამოს უნდა ვიბანოთ წყლით. რაც შეეხება გამწმენდ საშუალებებს, ისინი კანის ტიპის შესაბამისად უნდა შევარჩიოთ. მშრალი კანისთვის უმჯობესია გამოვიყენოთ გამწმენდი რძე, ხოლო ცხიმიანისთვის – გელი, რომელსაც გამწმენდთან ერთად ანტიბაქტერიული მოქმედებაც ექნება. დაბანის შემდეგ არ დაგავიწყდეთ კანის მატონიზირებელი საშუალების წასმა, რომელიც ერთგვარად დაასრულებს გაწმენდის პროცესს, გააუმჯობესებს კანის ზედაპირის სისხლის მიმოქცევას და ცვლით პროცესებს. ტონიკის შემდეგ აუცილებლად უნდა წაისვათ მკვებავი კრემი. დღის კრემის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის, გარდა დამატენიანებელი მოქმედებისა, კანზე მტვრისა და ჭუჭყისგან დამცავ ბარიერსაც ქმნის. ცხიმიანი კანის პატრონებმა ზაფხულში კრემის მაგივრად შეიძლება ისვან დამატენიანებელი გელი, რომელსაც ცხიმის დაბალი შემცველობის გამო შედარებით მსუბუქი სტრუქტურა აქვს. სახის კანის დატენიანება ზაფხულში განსაკუთრებით აქტუალურია. ქალბატონებს ვურჩევდი, მზეს ერიდონ, რათა კანის გამოშრობა და გაუწყლოება თავიდან აიცილონ; მიიღონ ბევრი სითხე (დღე-ღამეში 2 ლ-მდე მაინც), მიირთვან მსუბუქი საკვები – ხილი და ბოსტნეული, მიიღონ ჩ ვიტამინის დრაჟეები, ასევე – აევიტი, რომელსაც ანტიოქსიდანტური მოქმედება ახასიათებს. თუ კანი გამოშრა, გამოიყენონ მსუბუქი ულტრადამატენიანებელი კრემ-ემულსია, ხოლო თუ კანი მეტისმეტად მშრალი აქვთ – ლოკობეიზი. ის არ მისცემს ტენს – სახის კანიდან აორთქლების, ხოლო მტვერსა და ჭუჭყს – მასში შეღწევის საშუალებას. კოსმეტიკური საშუალებები კანზე წაისვით თითის ბალიშების წრიული მოძრაობით. თუ ჭარბ ოფლიანობას უჩივით, რომელსაც თან სდევს სახის არასასიამოვნო პრიალი, გაიწმინდეთ კანი მუხის ქერქისა და კრაზანას ნაყენით, რომელიც ასე მზადდება: ნახევარ სუფრის კოვზ მუხის ქერქს შევურიოთ ამდენივე კრაზანა, დავასხათ 1 ჩაის ჭიქა წყალი და 20 წუთით დავდგათ დაბალ ცეცხლზე. თუ ზაფხულში გაძლიერებულ ოფლიანობასთან ერთად ფერიმჭამელებიც გაწუხებთ, სახე დღეში 2-3-ჯერ შეიძლება გაიწმინდოთ ლიმონის ნაჭრით. შავი წერტილების მოსაშორებლად ორთქლის აბაზანის შემდეგ ენერგიულად გაიწმინდეთ სახე ლიმონის წვენში დასველებული ბამბის ტამპონით. პროცედურა გაიმეორეთ ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში. ცხიმიანი კანი ამ პროცედურის შემდეგ სპირტიანი ლოსიონით გაიწმინდეთ. გამომშრალი და მოდუნებული კანისათვის სასარგებლოა ასეთი ნიღაბი: აიღეთ 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი თაფლი, ამდენივე მცენარეული ზეთი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. აურიეთ ერთმანეთში და დაიდეთ სახეზე, კისერსა და მკერდზე 15-20 წუთით. ჩამოიბანეთ გრილი წყლით. წვრილნაოჭებიან, მობერებულ კანს ასეთი ნიღაბი მოუხდება: 1 სუფრის კოვზი თაფლი შეურიეთ კვერცხის გულს და 1 სუფრის კოვზ მცენარეულ ზეთს, დაუმატეთ ნახევარი ჩაის ჭიქა გვირილის ნაყენი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. ნარევი უფრო სქელი რომ გამოვიდეს, შეგიძლიათ ცოტაოდენი კარტოფილის ფქვილიც ჩაამატოთ. დაიდეთ სახეზე 15-20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. კანის სიმკვრივისა და ელასტიკურობის შესანარჩუნებლად სასარგებლოა, კვირაში ერთხელ კისერი, მხრები და მკერდი გავიწმინდოთ ლიმონის წყალხსნარით, რომელიც ასეთი პროპორციით უნდა მომზადდეს: 1 ცალი ლიმონის წვენი 0,5 ლ წყალზე. გამშრალების შემდეგ წაისვით მკვებავი კრემი. ზაფხულში კანის მოვლის მესამე აუცილებელი მომენტია დაცვა. ზაფხულის მზე მეტად აგრესიულია, ამიტომ კანს ადვილად წვავს. გარდა ამისა, მისი მავნე ზემოქმედება წამყვან როლს ასრულებს კანის ფოტოდაბერების მექანიზმში. ამიტომ შინიდან გასვლის წინ აუცილებლად უნდა წავისვათ მზისგან დამცავი საშუალებები შPF-ის სხვადასხვა ინდექსით, ჯანმრთელი კანის შემთხვევაში – შPF-10, 20, 30. ეს ერთგვარი ფილტრია, რომელიც კანს ზედმეტი ინსოლაციისგან დაიცავს. დაცვის ფაქტორი ირჩევა ინდივიდუალურად, კანის ტიპისა და მზეზე ყოფნის ხანგრძლივობის გათვალისწინებით. თუ მზის სხივების ძალა უკვე იწვნიეთ, დაგეხმარებათ ხილისა და ბოსტნეულის ნიღბები. აი ერთ-ერთი ნიღბის რეცეპტი: კომბოსტოს ფოთლები ისე დააქუცმაცეთ, რომ მიიღოთ ფაფისებური მასა. დაუმატეთ კვერცხის გული და დაიდეთ სახეზე 15-20 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. უსიამოვნო შეგრძნებები მალე გაგივლით. და კიდევ ერთი რჩევა მინდა მივცე ჩვენს ქალბატონებს: ზაფხულის პერიოდში ნუ დაიწყებთ კანის ზედმეტად გაწმენდას. მხედველობაში მაქვს გამათეთრებელი პროცედურები, პილინგი. მზის სხივების ზემოქმედების შედეგად შესაძლებელია გაუთვალისწინებელმა პრობლემებმა იჩინოს თავი, თუნდაც პიგმენტური ლაქების სახით.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline barbare1994 (20)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2014 Face.ge - all rights reserved.