Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

ცოდვაში ჩაბუდებული ბოროტება

უფალი არის სრულყოფილი სიკეთე, რომელიც უნდა გვიყვარდეს, ხოლო ცოდვა – უკიდურესი ბოროტება, რომელიც უნდა გვძულდეს და ვთაკილობდეთ. უფალი – სრულყოფილების უსაზღვრო მორევია, ხოლო ცოდვა – ბოროტება, უკიდურესად აღმატებული ყველა ბოროტებაზე. უფალი ის არსებაა, რომელთან შედარებითაც ყველაფერი არაფრად ჩანს, ხოლო ცოდვა იმდენად საზიზღარი სიბილწეა, რომ მასთან შედარებით ყველა სხვა უბედურებას ბოროტებას ვერც კი ვუწოდებთ. დაბოლოს, ცოდვა უზარმაზარი ურჩხულია როგორც აქ, ისე მომავალ ცხოვრებაში. და თავად უფალმაც არ იცის სხვა მსგავსი უდიდესი და საშინელი ურჩხული, რომელიც უპირისპირდება მის დიდებასა და მადლმოსილებას. მას არაფერი ისე ძლიერ არა სძულს, როგორც ცოდვა. ღოგორც თქვა ბრძენმა ზირაქმა: "საძულველია ღვთისათვის ცოდვა", რადგან მას რომ იგი არ სძულდეს, თავად არც იქნებოდა ღმერთი. შეიძლება, ასეც ითქვას: ჯოჯოხეთი აღარ იქნებოდა ჯოჯოხეთი, მას რომ ცოდვა ჩამოშორებოდა. მაშინ ისიც სამოთხედ გადაიქცეოდა. აი, რაოდენ მწარე და ძლიერმოქმედია ცოდვის საწამლავი! და რაღა უნდა ითქვას იმაზე, თუ რაოდენ ამაზრზენი ვართ ხოლმე უფლის წინაშე, როდესაც ვცოდავთ. ცოდვა ხომ მადლმოსილი უფლის მტერია? ასე რომ, ამ ურჩხულის სიყვარულით, რომელსაც ცოდვა ჰქვია, ჩვენ ვბოროტდებით და თავად უფლისთვისაც საძულველნი ვხდებით, რადგან ჩვენი ცოდვა მისთვის საძულველია, როგორც სულიწმიდა ბრძენი სოლომონის ბაგეებით ამბობს: "უკეთური და მისი უკეთურება ღვთისთვის თანაბრად საძულველია" (სიბრ. 14, 9).
მაშ, შევინანოთ ჩვენი სავალალო მდგომარეობა და დაცემის სიღრმე. მადლი შევწიროთ გულმოწყალე უფალს, რომელიც გვიწვდის თავის ხელს, რათა დაგვეხმაროს ცოდვისგან ნაბოძები ამარზენი სამოსისაგან გავთავისუფლდეთ.
თუმცაღა, იმისათვის, რომ ბოლომდე გავთავისუფლდეთ ცოდვისაგან, ჩვენი ნება უფლის ნებასთან უნდა შევათანხმოთ – მხოლოდ ამის შემდეგ წარიხოცება ცოდვა. ეს ნება მთელ ჩვენს ძალებთან ერთად ცოდვასთან საბრძოლველად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენთვის ასევე აუცილებელია, უფლისადმი ვილოცოთ, რათა მან თავისი მადლით განგვამტკიცოს, რომ შევძლოთ, წინ აღვუდგეთ ცოდვას და მისი მონები არ გავხდეთ.
წმ. მაქსიმე აღმსარებლის განმარტებით, ცოდვა "არაბუნებრივი მოძრაობაა", იგი საცოდავ ცოდვილს ართმევს ყველა ზებუნებრივ ნიჭსა და მადლს; იგი სულსაც ართმევს ძეობის მადლს – უფლისგან ბოძებულ ამ უდიდეს ნიჭს. ცოდვა სულს აშიშვლებს და დაცემის ყველაზე საწყალობელ მდგომარებამდე მიჰყავს, ართმევს კეთილი საქმეების ჯილდოს; განსაკუთრებით ართმევს იგი ადამიანს ზეციური სამეფოს დამკვიდრების შესაძლებლობას, როგორც პავლე მოციქული ამბობს: "უკუეთუ შვილმკვიდრცა, მკვიდრ ღმრთისათანა და თანამკვიდრ ქრისტესა" (რომ. 18, 17). ცოდვა სულში უფლის მიერ მონიჭებულ მადლს – დამშვიდებულ სინდისსა და სუფთა ზრახვებს ანადგურებს. ასევე ავსებს სხეულს უწმიდური და თავდაუჭერელი ავხორცობებით, უკეთ რომ ვთქვათ, ანგრევს ღვთის ტაძარს, როგორც პავლე მოციქული წერს: "თქუენ ტაძარნი ღმრთისა ცხოველისანი ხართ" (2 კორ. 6, 16).
რაღა გვეთქმის?! წმიდა ათანასე დიდის თანახმად, "ცოდვა და ბოროტება უფლისგან არ წარმოშობილა, უფალში არ იყვნენ, ისინი თავდაპირველნი არ ყოფილან და არ გააჩნიათ რაიმე არსი". ასე რომ, ცოდვა არარაობად აქცევს ადამიანს, ხოლო ნეტარი ავგუსტინე ამბობს: "ბოროტება სხვა არაფერია, თუ არა სიკეთის არყოფნა". ცოდვის მსახური ადამიანი მჭმუნვარე და მშფოთვარე ცხოვრებით ცხოვრობს, როგორც კაენი, რომელიც ძმის მკვლელობის შემდეგ შიშისგან ერთიანად აცახცახდა. მას ეჩვენებოდა, რომ მთები კანკალებდნენ და მიწა ირყეოდა. ამის გამო ადგილს, სადაც იგი დასახლდა, "ნოდი" ეწოდა, რაც "მოკანკალე მიწას" ნიშნავს. ცხოვრებას, რომლითაც ცოდვით დაცემის შემდეგ ცხოვრობდა ადამიანი, არშეიძლება, ცხოვრება ეწოდოს, არამედ – სიკვდილი ან უფრო უკეთ - მომავალი ტანჯვის საწინდარი. წმიდა იოანე ოქროპირი "შესაქმეს" მე-20 თავს ასე განმარტავს: "მემრუშე, მეძავი, ან ცოდვის მსახური, თუნდაც მალავდეს ამას, ცხოვრებაში შვებას ვერ იპოვის. მისი ძილი არაა ტკბილი, ჭამის დროს სიამოვნებას ვერ გრძნობს, იგი შიშებით ივსება, რომელთაგან გათავისუფლება მეგობრების მონახულებით და რაიმე სხვა საშუალებებით შეუძლებელია..."
დაბოლოს, რწმენითა და სიტყვით განათლებულ ქრისტიანს, რომელმაც ცოდვის მეშვეობით ბოროტება შეიცნო, არ შეუძლია, კვლავ ჩაეფლოს მასში. მაშ, გვრცხვენოდეს ძმანო, იმ უბედური მდგომარეობისა, რომლამდეც ცოდვამ მიგვიყვანა და მტკიცე გადაწყვეტილება მივიღოთ, თუ როგორ გამოვიყენოთ ამიერიდან ჩვენი დამაბრკოლებელი სხეული. და, რამდენადაც ბოროტება არ იკურნება რაიმე სხვა საშუალებით, გარდა – მხურვალე ცრემლისა, მაშ შევთხოვოთ უფალს, რომ მოგვანიჭოს ჭეშმარიტი სინანულის სული.
დავფიქრდეთ კიდევ ერთ ბოროტებაზე, რომელიც ცოდვამ მოგვიტანა – მარადიულ სატანჯველზე. თუ ჩვენ ერთი წუთითაც კი არ შეგვიძლია, გავუძლოთ მცირე ცეცხლით წვას, მაშ რას შევადაროთ ჯოჯოხეთის კოცონი, როგორ შევძლებთ, დავითმინოთ მარადიული ცეცხლი?! ესაია წინასწარმეტყველმა, რომელიც ხედავდა მარადიული ცეცხლის ენით აუწერელ ტანჯვას, უდიდესი შიშითა და განცვიფრებით თქვა: "რომელი ჩვენგანი გაუძლებს მშთანთქმელ ცეცხლს? რომელი ჩვენგანი გაუძლებს მარადიულ სახმილს?!" (ის. 33, 14). არ დაგვავიწყდეს, რაოდენ საშინელია უფლის წყალობის მოკლება, რომელსაც სურს, ჩვენს სულებს მარადიული ნეტარება მიანიჭოს.
მაშ, გადავწყვიტოთ, ვაჟკაცურად აღვუდგეთ წინ ყველა საცდურს, რომლებშიც გვაგდებს ეშმაკი, რათა არ ჩავეფლოთ ცოდვაში. მზად ვიყოთ, შევწიროთ არა ერთი, არამედ – ათასი სიცოცხლე, რომ არ დავემორჩილოთ მას. შევთხოვოთ უფალს, რათა გამოგვიგზავნოს თავისი წყალობა, რომ შევძლოთ, სისხლიც კი დავღვაროთ, ოღონდ ახალი ცოდვებით კვლავ აღარ გავაწყროთ იგი.

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.