Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
top blog

"მზა არს გული ჩემი, ღმერთო"


მაცხოვრის ამაღლებიდან 24 წელი იყო გასული, მაგრამ არ განელებულიყო დედის გულში ჩაბუდებული ტკივილი - ყოვლადწმინდა ღვთიმსშობელი ყოველდღე დადიოდა თავისი ჯვარცმული შვილის საფლავზე, ჰგოდებდა და ქვეყნიერებისთვის ლოცულობდა. მისი იერუსალიმში ყოფნა საშიში იყო, მაგრამ, უფლის ნებას მინდობილი, მშვიდად ცხოვრობდა თავისი შვილობილის, იოანე მახარებლის, სახლში.

ამ 24 წლის განმავლობაში ქრისტიანობა მთელ ქვეყანაზე გავრცელდა, განესრულა პირველი ქრისტიანული ეკლესიის მოწყობაც, რაშიც უდიდესი იყო ყოვლადწმინდა ქალწულის ღვაწლიც. მისი გული ახლა მხოლოდ ერთი სურვილით ანთებულიყო - თავის ღვთაებრივ ძესთან ახლოს ყოფნის სურვილით. ერთხელ, ელეონის მთაზე ლოცვისას, მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და აუწყა, რომ, უფლის ნებით, მალე განეშორებოდა ამ სოფელს და ხელთ სამოთხისეული ზეთისხილის რტო მისცა, რომელიც დაკრძალვისას მისი ცხედრის წინ უნდა წაებრძანებინათ. ღვთისმშობელი ჰმადლობდა უფალს და სთხოვა, რომ სხეულიდან გასვლის ჟამს თავად მიეღო მისი სული, რათა არ ეხილა საზვერეები და წყვდიადის თავადი. შემდეგ კი გახარებული სახლში დაბრუნდა და ზეციური უწყება იოანე მახარებლს გაანდო. მან იაკობ მოციქულს მოუთხრო ამის შესახებ, რომელმაც ეს ამბავი ხალხში გაავრცელა.

უამრავი ადამიანი დაიძრა ღვთიურ ქალწულთან გამოსამშვიდობებლად. უეცრად ხმაური გაისმა - უფალმა კიდევ ერთი სურვილი შეუსრულა დედას - ქვეყნიერების სხვადასხვა მხარეს საქადაგებლად წასული მოციქულები ანგელოზებმა აღიტაცეს და ღრუბლებმა იერუსალიმში წმ. მარიამთან გამოსამშვიდობებლად მიაბრძანეს. არ იყო მხოლოდ თომა მოციქული, რომელსაც წილად ხვდა, უფლის აღდგომის მსგავსად განეცხადებინა ღვთისმშობლის აღდგომაც.

ყოვლადწმინდა ქალწული ყველას ანუგეშებდა, ეალერსებოდა და აიმედებდა, რომ არ მიატოვებდა ქვეყანას - ყველას ლოცვას შეისმენდა, ვინც მას წრფელი გულით მიმართავდა. ბრძანა, დაკრძალვისათვის ყველაფერი მოემზადებინათ, თავისი ორი შესამოსელი ორ ქვრივს გადასცა, სხეულის განსასვენებლად კი გეთსიმანიის ბაღი აირჩია, სადაც მისი წმიდა მშობლები და მართალი იოსები განისვენებდნენ.

15 (ახ. სტილით-28) აგვისტო... მთავარანგელოზ გაბრიელის გამოცხადების მესამე დღე... მესამე ჟამი... სახლში სანთლები ენთო, ყველა მხურვალედ ლოცულობდა. უეცრად სახლის ჭერი განიღო და წმიდა მარიამს ციურ ძალთა დასით გარშემორტყმული თავისი ძე მოევლინა. სარეცელიდან წამოიწია ღვთისმშობელმა, თაყვანი სცა მაცხოვარს და წარმოთქვა: "მზა არს გული ჩემი, ღმერთო, მეყავნ მე ნებისაებრ შენისა". ტკივილების გარეშე შვა განკაცებული ღმერთი და ტკივილების გარეშევე აღესრულა კურთხეული დედათა შორის, ხოლო მისი სული თავად უფალმა მიირქვა ხელთა თვისთა ზედა და აღამაღლა სასუფეველში.

ქალწულის სხეული არამიწიერი ნათლით გაბრწყინდა, კეთილსურნელებას გამოსცემდა და კურნებებს აღასრულებდა.

...პროცესია გალობით, საკმევლითა და ანთებული სანთლებით დაიძრა გეთსიმანიის ბაღისკენ. უეცრად მწიგნობართა და ფარისეველთა მიერ მათ დასარბევად გამოგზავნილი მეომრები გამოჩნდნენ, რომელთაც მარიამის სხეულის დაწვა ჰქონდათ ნაბრძანები. მაგრამ ქრისტიანები ზეციდან დაშვებულმა სხივცისკროვანმა ღრუბელმა დაფარა, ხოლო მეომრები დაბრმავდნენ და მხოლოდ ნაბიჯებისა და გალობის ხმაღა ესმოდათ. მეომრებთან ერთად იყო ერთი იუდეველი მღვდელი, ათონია, რომელიც უშვერი სიტყვებით შეურაცხყოფდა წმინდა სახელებს და ყოვლადწმინდა ქალწულის სხეულის ძირს გადმოგდებაც კი მოიწადინა. უფლის ანგელოზმა ორივე ხელი წარკვეთა კადნიერს, მანაც შეინანა, აღიარა ქრისტე და მყისიერად განიკურნა - მხოლოდ იდაყვთა გასწვრივ ძაფივით წვრილი წითელი ზოლებიღა მოწმობდნენ საშინელი სასჯელის შესახებ.

წმინდა სხეული გეთსიმანიის ბაღში დაკრძალეს. მოციქულები არ მოშორებიან ძვირფას საფლავს. სამი დღის შემდეგ თომა მოციქულიც მოვიდა, მწუხარე იმის გამო, რომ ღვთისმშობელთან გამომშვიდობება არ ეღირსა. მისი ცრემლების მხილველმა მოციქულებმა საფლავი გახსნენ, მაგრამ, მაცხოვრის საფლავის მსგავსად, მხოლოდ სუდარა იპოვეს - ღვთისმშობელი აღდგა და ამიტომაც ეწოდა მის აღსასრულს მიძინება - დაიძინა, რათა მარადიულ სიცოცხლეში გამოეღვიძა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიწიერი ცხოვრება 72 წელს გაგრძელდა. ეს იყო უფალში და უფალთან ცხოვრების 72 წელი. სწორედ ამით მოიპოვა კადნიერება, ზეცაში ასვლისთანავე მიემართა ძისათვის: "შენნი ჩემდა მოცემულნი საუკუნოდ დაიცევ." ამიტომაც ანდობენ მას ქრისტიანები საკუთარ თავს, ახლობლებს, ყველას და ყველაფერს ძვირფასს. ისიც დაუღალავად ზრუნავს და ლოცულობს ჩვენთვის - შეისმენს, შეგვეწევა და გვანუგეშებს... მტრიგან გვისხნის, განსაცდელს აგვარიდებს, მწუხარებას განგვიქარვებს... ამიტომაც უმწეო ბავშვებივით მივილტვით მისკენ და ვუხმობთ: "ყოველი სასოება ჩემი შენზედა დამიძს, დედაო ღვთისაო დამიფარე მე საფარველსა ქვეშე შენსა!"

28 აგვისტო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღეა.




Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

atropia (53)
დედაო ღვთისაო დამიფარე მე საფარველსა ქვეშე შენსა!
#1, 24.08.2012 - 08:05
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.