Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
pakulino blog

რეტენირებული კბილები

კბილთა რკალში კბილების რიცხვის შემცირება შეიძლება გამოწვეული იყოს მათი ამოჭრის შეჩერებით, შეფერხებით ან დაგვიანებით. კბილებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ვერ ამოიჭრა ეწოდება რეტენირებული. ისინი შესაძლოა იყოს ნაწილობრივ ან მთლიანად ფორმირებული, კომპლექსური ან ზეკომპლექსური. განლაგებული არიან სხვადასხვა პოზიციაში და სხვადასხვა სიღრმეზე.

აღწერილია რეტენირებული კბილების მდებარეობის იშვიათი შემთხვები ცხვირის და ჰაიმორის წიაღებში, ქვედა ყბის ტოტში და თვალბუდეშიც კი.

არსებობს რეტენციის კლინიკური ფორმა სახელად "ნახევრად რეტენირებული". საუბარია კბილებზე, რომელთა გვირგვინები გამოჩნდა ლორწოვანი გარსის ქვეშ, მაგრამ რაღაცა მიზეზის და გამო შეჩერდა მათი ამოჭრის პროცესი. რეტენირებული კბილები ძვლის სისქეში აგრძელებენ თავიანთ ფორმირებას, ეზრდებათ ფესვები, მიმდინარეობს მინანქრის მინერალიზაცია და ა.შ.

რეტენირებული კბილები შესაძლოა დიდი ხნის მანძილზე იყვნენ ძვლის სისქეში და ამ პერიოდში არანაირ შეგრძნებებს არ იწვევდნენ. ძალზედ იშვიათად შესაძლოა გახდნენ სამწვერა ნერვის ნევრალგიის მიზეზი, პოტენციურ საშიშროებას წარმოადგენს რეტენციული კისტების განვითარება.

რეტენციულმა კბილებმა შესაძლოა გამოიწვიონ მეზობელი კბილების ფესვების რეზორბცია, შემობრუნება ღერძის გარშემო, ვესტიბულარული ან ორალური გადახრა.

ყველაზე ხშირად რეტენირებულია ზედა ყბის ეშვები, ცენტრალური საჭრელები, გვერდითი საჭრელები, ქვედა ყბის ეშვები და მეორე პრემოლარები. კბილების დგომისა და კბილთა რკალების დეფორმაციის ანომალიებში ეშვების რეტენციას უკავია 30.5%, ხოლო ზოგადად კბილების რეტენციებში სხვადასხვა ლიტერატურული მონაცემებით ეშვის რეტენცია გვხვდება 70.77% შემთხვევებში. ყველაზე ხშირია ზედა ყბის ეშვების რეტენცია. აღნიშნული კბილების სასისკენა დგომა გვხვდება 85% შემთხვევაში, ხოლო ვესტიბულარული მხოლოდ - 15%.

კბილების რეტენციის მიზეზები:

კბილების ამოჭრის შენელების, კბილების მთელი ჯგუფების რეტენციის ზოგადი ხასიათის მიზეზებია ნივთიერებათა ცვლის, კერძოდ ქსოვილოვან დონეზე ნუკლეინის მჟავის ცვლის მოშლა (Griva, Mecher, 1979), ინფექციური, ზოგადი მძიმე დაავადებები, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების დაავადებები, განსაკუთრებით ფარისებრი და ფარისებრახლო ჯირკვლების, ჰიპოფიზის ფუნქციის დარღვევა. მიქსედემის დროს აღინიშნება სარძევე კბილების გვიანი მოცვლა და შედეგად დაგვიანებით ხდება მუდმივი კბილების ამოჭრა.

ადილობრივი მიზეზები ძალზედ მრავალფეროვანია და ძირითადად იწვევენ ცალკეული კბილების რეტენციას. მათ მიეკუთვნება ზეკომპლექსური კბილები ან წარმონაქმნები, რომლებიც უშუალოდ უქმნიან წინაღობას კბილებს. რეტენცია და ნახევრად რეტენცია ასევე შესაძლოა გამოწვეული იყოს ტრავმის შედეგად ჩანასახის გადაადგილებით.

სარძევე კბილების ნაადრევი ამოღება იწვევს მუდმივი კბილების გადაადგილებას, რომლებიც შემდგომ იკავებენ სხვა კბილის ადგილს. მაგალითად მეორე სარძევე მოლარების (მეორე საღეჭი კბილების) ნაადრევი ამოღება იწვევს პირველი მუდმივი მოლარის გადახრას მედიალურად. შედეგად პირველი პრემოლარების ამოჭრის შემდეგ აღარ რჩება ადგილი მეორე პრემოლარებისათვის, რომლებიც რჩებიან რეტენირებული ან ამოიჭრებიან ვესტიბულარულად ან ორალურად. ეშვების რეტენციის სიხშირე ძირითადად აიხსნება ადგილის სიმცირით.

რეტენციის დიაგნოზი ისმება კლინიკური დათვალიერების და რენტგენოლოგიური კვლევის შემდეგ. შესაძლოა გადავიღოთ დენტალური რენტგენი, პანორამული ან კომპიუტერული ტომოგრაფია.

არსებობს რეტენირებული კბილების ამოყვანის 3 მეთოდი: ორთოდონტიული, ორთოდონტიულ-ქირურგიული და ქირურგიული.

მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, ალვეოლარულ მორჩში რეტენირებული კბილის მდებარეობაზე, კბილის ჩამოყალიბების ხარისხზე, პათოლოგიის მიზეზზე და კბილთა რკალში ადგილის არსებობაზე.

რეტენირებული კბილების სამკურნალოდ ყველაზე გავრცელებული მეთოდი - ორთოდონტიულია. აღნიშნულ მეთოდს საფუძვლად უდევს ფუნქციონალური გაღიზიანება.

მკურნალობა ფუნქციონალური გაღიზიანებით ტარდება მოსახსნელი ფირფიტებით. მათ სპეციალურად ამოდელირებენ ისე, რომ პირის დახურვის დროს რეტენირებული კბილის თავზე ჩნდება მცირედი დატვირთვა, რაც აღიზიანებს რა ადგილობრივ ქსოვილებს, აჩქარებს ძვლის გადაწყობის პროცესს და ხელს უწყობს კბილის ამოჭრას.

აღნიშნული მეთოდის გამოყენება მიზანშეწონილია იმ შემთხვევაში, როდესაც კბილი მდებარეობს ვერტიკალურად და ალვეოლურ მორჩთან ახლოს. ფუნქციონალური გაღიზიანების მეთოდის გამოყენებისას ძნელია შედეგების პროგნოზირება, რადგან მკურნალობის ეფექტი სხვადასხვაა. შესაძლოა რეტენირებული კბილი ამოიჭრას, მაგრამ შესაძლოა არც. რეტენირებული კბილის კბილთა რკალში დაბრუნებისათვის საჭიროა მოთმინება, როგორც პაციენტის ასევე ექიმის მხრიდანაც.

მკურნალობის დაჩქარებისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით სულ უფრო აქტუალური ხდება ორთოდონტიულ-ქირურგიული მეთოდის გამოყენება. ამ მეთოდით მკურნალობისას რენტგენოლოგიური ან კომპიუტერული ტომოგრაფიის მონაცემებზე დაყრდნობით ხდება კბილის ზუსტი ადგილსამყოფელის დადგენა. ლორწოვანი ნაფლეთის აშრევება, აუცილებლობის შემთხვევაში ძვლოვანი "ფანჯრის" ამოჭრა, შემდგომ უკვე ორთოდონტი აფიქსირებს რეტენირებულ კბილზე ბრეკეტს, რომელიც სპეციალური ჯაჭვის ან ლიგატურის საშუალებით უმაგრდება რკალს.

მკურნალობის დაგეგმარებისას აუცილებელია რიგი ფაქტორების გათვალისწინება. მნიშვნელოვანია რეტენირებული კბილის ესთეტიკური და ფუნქციონალური ღირებულების დადგენა, პაციენტის ასაკი, ალვეოლურ მორჩში რეტენირებული კბილის მდებარეობა, მკურნალობის გეგმის სწორი შერჩევა, კბილთა მწკრივის მდგომარეობა ნაკლული კბილის არეში და პაციენტის თანხმობა ხანგრძლივ მკურნალობაზე.

რეტენირებული კბილები, კბილთა მწკრივში დაბრუნების შემდგომ ასრულებენ სრულფასოვანი კბილის როლს, შესაძლებელია მათი გამოყენება საყრდენებად ორთოპედიული მკურნალობისას.


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.