Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

გივი ალხაზიშვილი

მოხუცებულთა თავშესაფარი


მოხუცებულთა თავშესაფრის ძველი ფანჯრები
გაგაყოლებენ შინმიმავალს თვალებს ლიბრიანს,
არის საღამო ბინდისფერი ჩვეულებრივად
და გახსენდება ბებიების და ბაბუების
თანდათანობით სიბერეში გარდამავალი
სვლა უმშვიდესი, რომ იცვლება და სიძაბუნე
ანელებს ნაბიჯს, აქრობს მზერას და უმძაფრესი
მონატრებები ბავშვობის წლებს უკან აბრუნებს.

სამზარეულოს სუნითა და სუნთქვით გაჟღენთილ
ჰაერს მოესმის შუაღამის წამოკვნესები
და სიზმარ-ცხადის ღრიჭოებთან თვლემენ ესენი
და შინ და გარეთ – ერთმანეთში ხშირად ერევათ,
მხოლოდ ძილის წინ და ფიქრებში თუ იზოგავენ
მექანიკურად გადმოყოლილ ბედნიერებას.

დილაობით კი გვიამბობენ სიზმრის ფრაგმენტებს,
მაგრამ რასაც კი ვერ ამხელენ თვალში უბრწყინავთ,
რისი წაკითხვაც შეუძლია დილას უწყინარს
ხალისიანი მზის სხივებით ან უხალისო
ღრუბლის ზოზინით და რაც რჩება გაუმხელელი _
ინუგეშებენ თავს ჩურჩულით, ხვალემ ხვალისო.

და ყველა დილა ჰგავს ერთმანეთს ტყუპისცალივით
და ღამეებსაც, პაუზებად დაშლილ ვაგონებს,
საიდან საით და საითკენ ვინ მიაგორებს,
მაგრამ დროდადრო გამოჩნდება დილის ბაქანი
და მომლოდინე მგზავრებს ისევ გაახალისებს
ის აღმოჩენა, რომ ჯერ კიდევ ყველა აქ არი.

რომ ჯერ არავინ არ ჩასულა და რომ მაგიდებს
მიუსხდებიან და საუბარს ერთხანს აცლიან,
ილუკმებიან უხალისოდ და თვალს ნაცრიანს,
სადაც ჯერ კიდევ ღვივის რაღაც, არ ჩაიფერფლა,
გაუშტერებენ მონატრებულ, ძვირფას სახეებს,
კედლის საათის გუგულსა და გულგრილ ციფერბლატს.

და ამ ჰაერში დღისით ცხოვრობს შიშისმაგვარი
ფიქრი, ღამით რომ შეუცვლელი არის მორიგე,
ვიღაც კითხულობს ავგუსტინეს და ორიგენეს,
სახარება კი, რა თქმა უნდა, სულში ბინადრობს,
უთვალავ სულში და სულები სხეულს იცვეთენ,
რომ მერე უკან დაბრუნება აღარ ინატრონ.

ჩვენ, თქვენ, ისინი _ ყველა ერთად და სხვადასხვაგან
ვეძებთ იმავეს, იმავდროს და თითქოს სხვადასხვას
და ყოველ დილით დილა იწყებს სისხლის გადასხმას
და თქვენს ფიქრებში გამაგრებას იმავ საფუძვლის,
რაზეც იდექით და მოგბეზრდათ, გადაიღალეთ
და დრო თავს იქცევს თქვენი კითხვით და გადაფურცვლით.

და მაინც მარტი და მოხუცთა თავშესაფრიდან
მზერა ფანჯრების და წარსული, როგორც საგზალი _
დღიდან დღეში და წლიდან წელში გამოზოგილი,
იქ ხომ ყოველთვის გაშლილია შენი ლოგინი,
მარტის ბუჩქებთან, გუბეები თვალს რომ ახელენ,
როცა კაშკაშებს შენს თვალებში მზის ჰალოგენი
და უძველესი ზმნა დაეძებს ახალ სახელებს.

და თქვენ ივსებით მიმდინარე წუთში გაჩენილ
სუნთქვის სიხშირით და ყოველ წუთს, როგორც საჩუქარს
ისე მიითვლით და თუ მზემაც ამოაშუქა,
მიგავიწყდებათ ძველ ტუმბოზე წამლის შუშები,
უმზეო ღამეს წვეთწვეთობით რომ გინათებდნენ
და უსმენთ სუნთქვის დაბადებას და ისუსებით.

22. 3. 2008

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.