Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
aNNa blog

მოდი, გადავიხვეწოთ ჩემი სიზმრების კუნძულზე,

მოდი,
გადავიხვეწოთ ჩემი სიზმრების კუნძულზე,
შევიგუბოთ სუნთქვა და
გავუყვეთ წყალქვეშა ოქროსფერ ძაფებს.
შორია ჩემს საუფლომდე,
სინათლის წლები გჭირდება
რომ მიაღწიო.
იქ არ მიცურავენ გემებით,
არ მიდიან მატარებლებით,
არ მიფრინავენ თვითმფრინავებით,
არსად იყიდება ბილეთები,-
(იქ არც არაფერი იყიდება!)-
და სხვა ვერავინ წაგიყვანს,
რადგან,
გზა ჩემმა ღამეებმა იციან მხოლოდ,
საშვი კი,
ჰაერის შრეებით
ჩემს თვალებს დამთხვეული უცხო თვალებია...
შენ დამემთხვიე.
და გეუბნები-
გავქრეთ ყველასგან.
წავიდეთ ჩემი სიზმრების კუნძულზე,
სადაც ხმამაღლა შეძლებ ჩემი სახელის ძახილს,
იქ არ ფათურობენ ციფრებში
და არავინ გასწავლის ცხოვრების ათვლას-
უბრალოდ სუნთქავ შემოთენებას,
რადგან გულს არ აქვს წონა,
ფიქრებს არ აქვს სიმძიმე,
არ ბაკუნობენ შიშველ ტერფებით ცხელ ქვიშაზე,
მუშტებს უხეშად არ ურტყამენ მაგიდის კიდეს
და არ კრთება ლურჯი იები...
და სხეულზე მუქი ლაქები,
შენი ტუჩებისგან დამრჩება მხოლოდ,-
არ მეტკივები...

წყალზე ტივტივებს ჩემი კუნძული.
ცაში ღრუბლის მონიტორები
მზის ენერგიით იკვებებიან
და მყუდრო შრიალს წვიმის ახალ ამბად ფურცლავენ.
იქ არ ცხოვრობენ მუმიები ხორცდახვეული,
სულელურ დოგმებს სახესთან არ გიფრიალებენ,
სიცილით ზურგში არ გარჭობენ წამახულ დღეებს
და არ იცლები სიცოცხლისგან...
თაკარა მზეზე
სულ არ გჭირდება სიტყვა "SOS"
და არც სიტყვა "PEPSI",-
იქ ყველა ბგერა სიჩუმეა სახელის გარდა
და მე გიყვირებ,
როცა ღამის თითებით ამკრეფ
დუმილის ლექსად...

ჩემი კუნძული სიმწვანეშია,
არცერთ რუკაზე არ არსებობს,
ვერავინ აგნებს,-
ვერ მიცურავენ გემებით,
ვერ აღწევენ მატარებლებით,
ვერ მიფრინავენ თვითმფრინავებით,-
იქ შრედამთხვეულ თვალებიდან მიდიან მხოლოდ...
შენ დამემთხვიე...

და მოდი,
გავქრეთ ჩემს სიზმრებში,
რომ უკან აღარასოდეს დავბრუნდეთ.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.