Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
aMIRZAde blog

გ უ ლ ი

თუ გინდა ფეხზე გაიხადე და მოდი... მეც გავიხდი, ნუ შეგაშინებს დილის ცვარი თუ გალოკავს შენს შიშველ ფეხებს. მოხვედი რომ ერთად შევხვდეთ განთიადს, განახებ როგორ მეწამულად შეიფერება ზეცა აღმოსავლეთით. მერე ამოიწვერება მზე, ჩვენი მზე და მოჰფენს ირგვლივ სხივებს, დაივლის და ცნობისმოყვარეობით ანთებული შეიხედავს ყველა კუნთხე-კუნჭულში. მე გავიღეღავ ყელს და დაგელოდები როდის მომხვევ შენს თბილ ხელებს, შემიცურებ თმებში და მე გავილურსები სიამოვნებით. ჩემი კანი იქნება ბუსუსებით მორთული, ასე იცის დილის სიომ და ცვარმა, არა არ მცივა, ასე უფრო ლამაზად გამოვიყურები, მინდა რომ გიყვარდე. გიყვარდე ისე როგორც გიყვარს მზე, როგორც გიყვარს ზღვა. მე მიყვარს სიცოცხლე და მახარებს ყველაფერი ამ ცისქვეშეთში, მაგრამ მაშინებს შენი უმეტყველო თვალები, რომელსაც უძილობა გამოყოლია თან. მაშინებს შენი ნაოჭები თვალებთან რომ გაგჩენია და იქნებ ეჭვიანობის ავადმყოფობა შეგეყარა კიდეც. არა? მაშინ ამიხსენი თუ რატომ ვხედავ შენს ხელში დანას? ჰო, რად გინდა ამ ლამაზ დილას, რომ გიჭირავს და მიმზერ გამჭოლად. ნუთუ ბოროტება ჩაგიდევს გულში? მე ხომ ყველაფერი მოგიძღვენი რაც კი გამაჩნდა, ჩემი გულიც კი შენ მოგიძღვენი. შენ კი რას სჩადიხარ? მიღერებ დანას და არც კი მეკითხები რითვის? განა ასეთი რა დავაშავე? არაფერი, იქნებ დავაშავე? მაშინ მითხარი რაში მდებ ბრალს? მაგრამ შენ ის არა ხარ, რაც იყავ ადრე, შენ შეიცვალე...მე მახსოვს როგორ მეფერებოდი და მივლიდი როცა ჯერ კიდევ ნორჩი ვიყავი, როგორ იჭერდი თადარიგს, რომ ავად არ გავმხდარიყავი, როგორ მევლებოდი თავზე და ჩემთან იყავი მთელი დღეები. მე ვივსებოდი შენი სიყვარულით და ვემზადებოდი ბედნიერებისთვის. მჯეროდა რომ მოვიდოდა ის დრო როცა ამ ქვეყანაზე ვერავინ დაგვაშორებდა, ჩვენ ვიქნებოდით ერთად დღისით და ღამით. იქნებ ასე არ უნდა მეფიქრა, მაგრამ მე ხომ ვგრძნობდი შენს ყურადღებას და მეც მინდოდა მეპასუხა ამისთვის. მე ჩემს გულს ვამზადებდი შენთვის, უმანკოს და სუფთას... და აი ახლა, როცა მზად ვარ შენთვის, შენი სიყვარულისთვის, ღიმილი მიქრება ბაგედან და ჩემს თვალებში ისადგურებს შიში. გული მეკუმშება და ხმა მივარდება, ნუთუ ეს შენ ხარ, მე ეგეთი არ მახსოვხარ და ამოიღე ხმა რას გაჩუმებულხარ..? მოდიხარ მხეცივით, დაუნდობლად მიცქერ, მკერდს მიშიშვლებ და გულში დანას ირიბად მისვებ, გულს მაჭრი და კალათაში აგდებ. მერე თითქოს აქ არაფერიაო ჩემს არსებობას ივიწყებ...მე კი მეგონა, რომ...

P.S.
ბაღში სადაც ვმუშაობ კომბოსტოს ვიღებთ, ამ კომბოსტოს ჯიშს, პორტუგალიურად "curasao" ქართულად “გული“ ქვია...


Tags:

 
Interesting
positive votes: 5  |  negative votes: 0

Write comment:

შეგიძლიათ ყველაფერს სული ჩაბეროთ მცენარესაც კი,მომეწონა.
#1, 25.01.2013 - 11:58
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.