Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
mesxy blog

გურამ რჩეულიშვილი–ქვიშა, უდაბნო, კაცი, ნავი

კაცი ქვიშიან ნიადაგზე მიდიოდა, მერე მდინარის ნაპირისაკენ დაუხვია. აქ მიწა თიხანარევი იყო, ხოლო ნაპირთან გადაგლესილი ტინები იწყებოდა. ერთ ადგილას ტინი ოდნავ გაბზარულიყო, ბზარში კლდის პალო იჯდა მჭიდროდ, რომელსაც რკინის ჟანგიანი ჯაჭვით ნავი ჰქონდა მობმული.
კაცი მივიდა, ჯაჭვი მოხსნა პალოს, მერე შარვალი აიკაპიწა და წყალში შევიდა. შემდეგ ნელა ჰკრა ნავს ხელი და მუცლით მის კიდეზე დაეკიდა, ფეხები გადააცურა შიგ, ნიჩბები ამოიღო; დინებამ ნავი ქვევითკენ წაიყვანა, მაგრამ მალე ნიჩბები ამოძრავდნენ და ნავმა პირდაპირ დაიწყო წყლის ჭრა.
ნავი მდინარის დინებას უკვე შორს წაეღო, როდესაც წყალთან ქალი ჩამოვიდა, იქვე ნესტიან ტინზე დაჯდა და უაზრო თვალებით გახედა მეორე ნაპირს. შემდეგ თან მოტანილი ქეთლი მდინარის მღვრიე წყლით აავსო, მხარზე გაიდგა და ჯერ ტინებს, ხოლო შემდეგ თიხნარს აუყვა. როდესაც ქვიშიან ნიადაგზე გავიდა, ქეთლი ჩამოიღო მხრიდან და შიშველ მიდამოს აღგზნებული თვალებით შეხედა. აღმოსავლეთის მხარეს სქელი, შავი ღრუბლები მზის ამოსვლას ხელს უშლიდნენ. ღრუბლების ქვედა ნაწილი მთებზე იყო მიკრული, ზედას ცეცხლისფერი ჰქონდა დადებული. მათ უკნიდან მნათობი სწორ სხივებს აგზავნიდა უსასრულობაში.
ქალმა ქეთლი ისევ შეიდგა მხარზე, მერე ნელა წავიდა. შიშველ ფეხებს გამხმარ მიწაზე თავისუფლად ადგამდა, ხანდახან აქა-იქ გაყვითლებულ ბალახებს ზევიდან უსვამდა გახევებულ ტერფებს. ახლა ქალი ვიწრო, მტვრიან ბილიკზე გავიდა, რომლის კიდეებზედაც თმაგაცვენილი ბაბუაწვერა და გართხმული მრავალძარღვა ხარობდა.
ქალი მიწის ზვინთან გაჩერდა, ქეთლი მხრიდან ჩამოიღო, დაწნული კარი გააღო და მიწურში ჩავიდა. მიწურის ერთ კუთხეში ჩალა ეყარა. მან ქეთლი იქვე დადგა და თვითონ ჩალაზე წამოწვა გულდაღმა, ხელები მკერდთან დაიწყო. იგი არაფერზე არა ფიქრობდა. ჭერის ჭუჭრუტანაში ჩამოპარული სინათლის სხივი ხარბად დაჰკონებოდა ნახევრად შიშველ, მზისაგან ოდნავ შერუჯულ მხრებზე. მერე გადმობრუნდა, ცალი ფეხი ცივ ქეთლს მიადო. სინათლის სხივებმა ახლა შიშველი, სავსე მკერდი გამოუჩინა.
ქალი იწვა ჩალაზე და უხმოდ ტიროდა. “ოხ, ღმერთო, ღმერთო. ტირილი დასტოვე მხოლოდ ჩემს ნუგეშად, ხოლო ნაყოფად ჩემს ნუგეშს ცრემლები მიეცი. როცა ვტირი, მეშინია, რომ ცრემლები დავღვარო, რადგან რაც უფრო მეტს დავღვრი, იმდენად ცოტა დამრჩება, ხოლო, როცა გამითავდება ცრემლი, მოკვდება ჩემი ნუგეში ტირილიც და, თუ ტირილი მოკვდება, მეც უნდა მოვკვდე. ღმერთო ჩემო, ერთს შეგთხოვ მხოლოდ, უწინ მე მომკალ, ვიდრე წამართმევდე ტირილის უნარს”. ქალი ახლა გვერდზე წამოწვა, ხელი თავქვეშ ამოიდო, მზისგან შეტრუსული წაბლისფერი თმა ჩამოიშალა, მერე ისევ ატირდა. დიდი, ლამაზი თვალებიდან ცრემლები თივაზე ცვიოდნენ. ცრემლების ნაწილი მიწამდე აღწევდა, რომელთაც იგი ხარბად ისრუტავდა. ტიროდა ქალი და მთელი ტანით ცახცახებდა. კრთოდნენ მისი შიშველი, ლამაზად ახლეჩილი ბარძაყები, ირხეოდნენ ხორცსავსე, ახალგაზრდა გავებიც.
ქალი ტიროდა და ტირილში ჩაეძინა. როცა გაიღვიძა, ვაჟი უკვე მიწურის მეორე კუთხეში იჯდა და არ ფიქრობდა.
ქალი შეიშმუშნა, წამოჯდა და შიშველი ადგილები დაიფარა. იგი ფიქრობდა: “რა ვქნა. იგი ზის, მას მე არ ვუყვარვარ, არა, აღარ ვუყვარვარ”. მერე თვითონ დაიწყო ლაპარაკი.
- კაცო, უკვე ორი წელია, აქა ვცხოვრობთ. მახსოვს, ორი წლის წინ როგორ გვიყვარდა ერთმანეთი; გახსოვს, მაშინ ჩვენ ერთმანეთი მოვიტაცეთ. შენ მოკალი ჩემთვის საძულველი ქმარი, მე კი მისივე იარაღი მოგეცი. მერე გამოვიქეცით. მას შემდეგ აქა ვცხოვრობთ. ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა.
- მახსოვს, უფრო მეტიც, მ ა გ ი ს მ ე ტ ი მ ე ა ღ ა რ ა ფ ე რ ი მ ა ხ ს ო ვ ს.
- ვიცი, რომ გახსოვს.
- მე შენ აღარ მიყვარხარ. უფრო მეტიც, მძულხარ, - კაცი ოდნავ აღელდა.
- რატომ? - ქალმა ცრემლები შეიმშრალა.
კაცი ისევ მიეყუდა კედელს და ფიქრი შეწყვიტა.
ქალი კი გამალებით ფიქრობდა. “რა კარგი იყო პირველი დღეები, როდესაც არავინ გვახსოვდა მთელს ქვეყანაზე ერთმანეთის მეტი. მაშინ ისიც კი გვავიწყდებოდა, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს, მერე ის უფრო ხშირად მეუბნებოდა, რომ ვუყვარვარ. მე ვუდასტურებდი. შემდეგ განელდა ის. საწყალმა ბევრი დაკარგა ცხოვრებაში. ის ხომ ოცდასამი წლის უკვე ფიზიკის მეცნიერებათა კანდიდატი იყო. მე, მე რა დავკარგე. ვსწავლობდი სკოლაში, მერე? არაფერი. გამათხოვეს ძალით. არა, მე არაფერი დამიკარგავს, ან რა უნდა დამეკარგა, როცა არა მქონია დასაკარგავი. თუმცა, როგორ არა, მე ახლაც მაქვს სიყვარული და ცრემლები. მე ისინი არ დამიკარგავს.
ჩემი სიყვარული მტოვებს ახლა, კაცს მე აღარ ვუყვარვარ და მრჩება მხოლოდ ტირილი თავისი ცრემლებით. არ უნდა ვხარჯო ცრემლები ისევე, როგორც სიყვარული, თორემ ტირილი წავა ჩემგან ისევე, როგორც კაცი”. ქალმა თმაზე ხელი აიკრა.
- კაცო, გესმის, რატომ არ გიყვარვარ?
- არ ვიცი.
- მაშინ გაიგე, მე მინდა ვიყვირო დღეს.
- იყვირე.
- მე შენ მიყვარხარ!
- ვიცი.
ქალი აკანკალდა. “იცის,” გაფიქრა მან, იცის, დასარწმუნებელი აღარაფერი დარჩენია. ის მე მიცნობს. მან იცის, რომ მე მიყვარს. როდის გაიგო. ორი წელი, ალბათ, არც ისე ცოტაა. იცის და აღარ ვუყვარვარ”. ქალი ისევ ალაპარაკდა:
- მითხარი, გიყვარვარ შენ?
- მე?
- ჰო, შენ.
- აღარ.
- გიყვარდი?
- ჰო,
“ვუყვარდი‘”, გაუხარდა ქალს, ვუყვარდი, მაგრამ ყოველთვის ჰქონდა გულში ადგილი სიძულვილისთვის, მე კი იგი არ დავიტოვე - ეს ადგილი, მე დავიცალე, ამოვიწურე სიყვარულით, იგი კი სავსეა გრძნობებით, მას ვძულვარ და შეუძლია სხვა უყვარდეს”.
ქალი ატირდა, ცრემლები ღაპაღუპით მოდიოდნენ.
კაცმა თვალები აარიდა მის ცრემლებს და უაზრო თვალები პურის გუდას მიაშტერა. ქალმა ცრემლი შეიშრო, მივარდა კაცთან, მის ფეხებთან დაეცა და კოცნა დაუწყო, თან ლუღლუღებდა:
- მე შენ მიყვარხარ.
- ვიცი, - წყნარად უთხრა კაცმა. მერე ადგა, მტირალი ქალი მიწურში დატოვა და გარეთ გამოვიდა.
ქალი კი პირქვედამხობილი ეგდო თივაზე და თავის უკანასკნელ ნუგეშს - ცრემლებს სიყვარულსა სწირავდა.

1956 წლის 16 აპრილი.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

saocaria gurami...
#2, 24.08.2013 - 16:40
mesxy (31)
ჩვენ ერთმანეთი მოვიტაცეთ.
#1, 14.02.2013 - 10:48
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.