Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
mafafo blog

გოგლი–მოგლის ფერი კაბა

ხანდახან თენდება ისეთი დილაც, როცა ფანჯარას გამოაღებ და გრძნობ, რომ ჰაერს ცის სუნი აქვს.
ნიავი ქრის.
ემოციებისგან დაცლილი სიმშვიდით ვივსები, ვივსები ყელამდე და მინდა ვინმეს გადავდო აურა. ვინმეს, რომელსაც არასოდეს უგრძვნია ქალაქში ათასში ერთხელ ჩამოღვრილი ცის სუნი.
სხივები სპილოსძვლისფერი, კრიალა ფარდის ნაოჭებში ციალებენ და მე მახსენდება, რომ დღეს, ამდენი ხნის შემდეგ, შენ ვერც კი ხვდები, რომ ჩვენ შორის მზე ბეწვზე კიდია.
სარწეველა სკამი აქეთ მოვაცურე. ფანჯრიდან შემოსული სიო არხევს შოკოლადისფერი ხალიჩიდან ჩემს ფეხებზე, იასამნისფერ პერანგზე, სახეზე გადმონაცვლებული ფარდის ტალღისებურ ჩრდილებს.
ძალაუნებურად თვალები იხუჭება.
ჩნდება გაურკვეველი ფიგურები, რომლებიც ცვივა ბნელიდან, სინათლეშემოპარულ შავში ფერადი მტვერი იწყებს ცვენას. მერე ჩნდები შენც, ზუსტად ისეთი, ახლა რომ ხარ, მაგრამ რატომღაც ძველი ,,შენ’’–ისკენ მექაჩებიან ფიქრები.
ზაფხულისთვის ძალიან მოკლე, ზურგამოჭრილი, გოგლი–მოგლის ფერი კაბა მინდა–მეთქი, ავიჩემე იმ წელს. მახსოვს, მარტი იყო.
ახლა რაღა დაგესიზმრა, სად გიშოვნო გოგლი–მოგლის ფერი კაბაო, იცინა დედამ.
მერე შემომაზაფხულდა.
იმ დღესაც დღევანდელივით გრილი იყო ჰაერი. ნათელ, ფუმფულა სათამაშოებით სავსე ოთახში შემოჭრილი ცის სუნი თვალების გახელისთანავე ვიგრძენი.
როდის უნდა გამოამზეურო შენი ახალი კაბა, ამდენი რომ მაწვალე ჯერ მე და მერე ის საწყალი მკერავიო, დედამ.
იდეა თავში გამიჯდა.
უჰ, რამდენი ხანი ვტრიალებდი სარკის წინ.
ავლაბრის მეტროსთან ველოდებოდი გოგონებს, იქვე თავგადაპარსული ბიჭების მცირერიცხოვან ჯგუფს ნელ–ნელა უერთდებოდნენ სხვა მათნაირები.
ჩაფიქრებული ვიყავი, რაღაცაზე გამეცინა და ჰოი, ბანალობავ! აღმოჩნდა, რომ ამ დროს გაუაზრებლად შენ გიყურებდი.
რა თქნა უნდა, მოხვედით.
ახლაც ვგიჟდები ხელის ჩამორთმევაზე, მაშინაც ვგიჟდებოდი. ხოდა, აბა რატომ გავუშვებდი შანსს ხელიდან, როცა შევამჩნიე შენი გრძელი, თეთრი თითები. მერე იყო რამდენიმე წამი, როცა ხელს აშკარად არ მიშვებდი და მეც პატარა ჯარისკაცის ცისფერმა თვალებმა მომწყვიტა ყოველგვარ რეალურს.
კადეტთა ლიცეუმის ბიჭები ყოფილხართ, მესამე კურსელები, ორ დღიანი დასვენების შემდეგ უკანვე ბრუნდებოდით, ერთი–ორი ბიჭიღა გეკლდათ და გახვიდოდით.
ცოტა არა, ბევრი გეკეკლუცე საკმაოდ.
მერე შენ წახვედი.
მერე მე გეძებდი.
მერე, შენ მიპოვე.
თვალები გავახილე, ვიგრძენი, მზე გამქრალიყო ჩემი სახიდან, თუმცა ტანზე ისევ ირხეოდა ფარდის ჩრდილი.
ჰოდა, ასე გამოვიდა.
შენ მე, გოგო გოგლი–მოგლისფერ, ძალიან მოკლე, ზურგამოჭრილ კაბაში – ანუ, ფაქტიურად შიშველი შემიყვარე.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline mafafo (22)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.