Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
gioll blog

ცხოვრების ჯანსაღი წესი


ცხოვრების ჯანსაღი წესი

ხშირად გვესმის და ალბათ არაერთხელ დავფიქრებულვართ კიდეც ამ ფორმულირებაზე. მაინც რა არის ეს ჯანსაღი წესი, რას გულისხმობს, რას მოიცავს? თუმცა მთავარი დეტალები ბევრს სათანადოდ არც კი აქვს გაცნობიერებული, მაინც ყველამ იცის, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი ორგანიზმის ჯანმრთელობის, დღეგრძელობის, სოციალურ ფუნქციათა სრულფასოვნად განხორციელების საწინდარია. სხვა საკითხია, ვინ როგორ მისდევს ამ წესს. ან კი როგორ უნდა მისდიოს ზოგიერთმა, თუ მისი არსიც კი არ აქვს გათავისებული?! ამიტომაც გადავწყვიტეთ, ჩვენი ჟურნალის ერთ-ერთი ნომერი ამ უმნიშვნელოვანესი თემისთვის მიგვეძღვნა, მკითხველისთვის სასარგებლო რჩევების ფონზე კიდევ ერთხელ განგვემარტა ცხოვრების ჯანსაღი წესის არსი, მისი მთავარი პრინციპები, მათი დანერგვისა და დაცვის აუცილებლობა. ასე რომ, დაიწყეთ ახალი წელი ცხოვრების ახალი, ჯანსაღი წესით!

ცხოვრების ჯანსაღი წესი არის, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების აქტიური, კულტურული წესი, ჰუმანური და ცივილიზებული, რომელიც უშუალო კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასა და დღეგრძელობასთან, კეთილდღეობასა და ბედნიერებასთან. ეს არის უბრალოდ ცხოვრების პოზიცია, ადამიანის ქცევა და შემოქმედება, მიმართული საკუთარი ჯანმრთელობის განმტკიცებისკენ. ცხოვრების ჯანსაღი წესის განსაკუთრებული აქტუალობა გამოწვეულია ადამიანის ორგანიზმზე სხვადასხვა სახის დატვირთვის გაზრდა-ცვლილებით, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია საზოგადოებრივი ცხოვრების გართულებით, ტექნოგენური, ეკოლოგიური, ფსიქოლოგიური, პოლიტიკური თუ საომარი ხასიათის რისკთა მატებით, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ნეგატიური ძვრების მაპროვოცირებელ ფაქტორთა გამრავლებით. ასეთი მოსაზრებაც არსებობს: ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ადამიანის გონივრული ქცევის სისტემა (ზომიერება ყველაფერში, ოპტიმალური მოძრაობითი რეჟიმი, გაკაჟება, სწორი კვება, ცხოვრების რაციონალური რეჟიმი, მავნე ჩვევებზე უარის თქმა), რომელიც უნდა ემყარებოდეს რელიგიურ-ეროვნულ ტრადიციებს და ემსახურებოდეს ადამიანის ფიზიკური, სულიერი, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფას რეალურად გარემომცველ სამყაროში. ცხოვრების ჯანსაღი წესი - ეს არის შრომით, საოჯახო-საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობა-მონაწილეობა. ვიწრო ბიოლოგიური თვალსაზრისით კი საქმე ეხება ადამიანის ფიზიოლოგიურ ადაპტაციურ შესაძლებლობებს როგორც გარესამყაროს ზემოქმედების, ასევე შინაგან სამყაროში განვითარებული ცვლილებების საპასუხოდ. ამ თემაზე მომუშავენი ცხოვრების ჯანსაღ წესში უამრავ კომპონენტს მოიაზრებენ, თუმცა რამდენიმე მათგანი მაინც მთავარ, ბაზისურ ნაწილად არის გამოყოფილი; ესენია:

ჯანსაღი უნარ-ჩვევების დაუფლება, ჯანსაღად აღზრდა ადრეული ასაკიდანვე;

გარესამყაროს უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჯანმრთელობაზე მისი ზემოქმედების შესწავლა;

მავნე ჩვევებზე (თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკულ საშუალებათა მოხმარებაზე) უარის თქმა;

კვება - ზომიერი, ინდივიდუალური ფიზიოლოგიური თავისებურებების შესაბამისი, აგრეთვე - ინფორმირებულობა გამოყენებული პროდუქტების ხარისხიანობის შესახებ;

მოძრაობა - ფიზიკურად აქტიური ცხოვრება, დღის რეჟიმში სპეციალური ფიზიკური ვარჯიშების ჩართვა ასაკობრივი და ფიზიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით;

ჰიგიენა - პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა, პირველი დახმარების ძირითადი ჩვევების ცოდნა;

გაკაჟება.


ცნობილია, რომ ადამიანის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა, რომელიც, თავის მხრივ, დამოკიდებულია პიროვნების მენტალურ თავისებურებებზე, ამიტომ ზოგიერთი ავტორი ცხოვრების ჯანსაღი წესის განხილვისას შემდეგ ასპექტებსაც გამოყოფს:

ემოციური თვითშეგრძნება - ფსიქოჰიგიენა, საკუთარ ემოციებსა და პრობლემებთან გამკლავების შესაძლებლობა და ცოდნა;
ინტელექტუალური თვითშეგრძნება - ადამიანის უნარი შეიტყოს და გამოიყენოს ახალი ინფორმაცია ახალ გარემოში ოპტიმალური მოქმედებისთვის;
სულიერი თვითშეგრძნება - ადამიანის უნარი დაადგინოს ნამდვილად ღირებული, ფასეული და მნიშვნელოვანი, კონსტრუქციული ცხოვრებისეული მიზნები, ისწრაფოდეს ამ მიზნებისკენ.

არსებობს ექიმთა, დიეტოლოგთა და ფსიქოლოგთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ შემუშავებული ათი რჩევა, რომელიც ქმნის ცხოვრების ჯანსაღი წესის მთავარ საფუძველს:



1. აქტიური გონებრივი შრომა;

2. სასიამოვნო სამუშაო;

3. რაციონალური კვება;

4. ასაკის შესაბამისი კვება;

5. საკუთარი აზრის ქონა;

6. სიყვარული და სიფაქიზე;

7. ძილი 17-18 გრადუსი ტემპერატურის პირობებში;

8. მუდმივი ფიზიკური დატვირთვა;

9. პერიოდულად ტკბილეულის მიღება;

10. ემოციური განტვირთვა.



ფორმულირებას "ცხოვრების ჯანსაღი წესი" არცთუ დიდი ხნის ისტორია აქვს. ის გასული საუკუნის 70-იან წლებში დამკვიდრდა. ისმის კითხვა: რატომ დადგა დღის წესრიგში ამ ფორმულირების ჩამოყალიბების საკითხი, მით უმეტეს, რატომ გახდა ის ასე აქტუალური და მნიშვნელოვანი? უნდა მოგახსენოთ, რომ ამ თემისადმი ინტერესი უშუალო კავშირშია ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებასთან, ადამიანის საარსებო გარემოსა და, რაც მთავარია, საკუთრივ ადამიანის შეცვლასთან. ისიც საყურადღებოა, რომ დღეს აშკარად არის გამოკვეთილი თანამედროვე ადამიანის სამი მთავარი მტერი -


დეპრესია

ჰიპოდინამია

დაცემული ზნეობა


თანამედროვე ადამიანს სიცოცხლე გაუხანგრძლივდა, თუმცა დღეს ის გაცილებით ნაკლებად მოძრაობს, ბევრს ჭამს, აქვს მავნე ჩვევები, დაკარგა სულიერება. ყოველივე ამის გამო თანამედროვე ადამიანი მოდუნდა, დაავადმყოფდა და დადარდიანდა. მართალია, ეპიდემიებთან ბრძოლა ისწავლა, მაგრამ სანაცვლოდ სხვა, "ცივილიზაციის დაავადებები" დაემართა. ეს არის გულ-სისხლძარღვთა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიები, ონკოლოგიური დაავადებები. აღნიშნულ დაავადებათა აღმოცენება, განვითარება და შედეგი დამოკიდებულია არა მხოლოდ გარეგან ფაქტორებზე, არამედ საკუთრივ ადამიანის ცხოვრების წესზე. მედიცინამ და ჯანდაცვამ მიაღწიეს იმ დონეს, რომლითაც მაქსიმალურად არის შესაძლებელი ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესება, სიცოცხლის გახანგრძლივება, თუმცა ეს არ კმარა, საჭიროა მოსახლეობის გაჯანსაღების სხვა გზების ძიება. სწორედ ეს გზაა ცხოვრების ჯანსაღი წესი, რომელიც ადამიანმა თავად უნდა დაიცვას და რომლის არსიც არის სულისა და სხეულის (ანუ ფსიქიკისა და სომის) ჯანმრთელობის შენარჩუნება თვითშეზღუდვისა და საგანგებო ვარჯიშების მეშვეობით.

ვალეოლოგია - მეცნიერება ჯანმრთელობის შესახებ
ჯანმრთელობის, ცხოვრების ჯანსაღი წესისა და დღეგრძელობის შესახებ დღეს ცალკე მეცნიერებაც კი არსებობს. ამ მეცნიერებას ვალეოლოგია ეწოდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯანმრთელობა სულისა და სხეულის სიჯანსაღეს, ჰარმონიასა და ერთიანობას გულისხმობს. შესაბამისად, დაავადებისა თუ ფიზიკური დეფექტის არარსებობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ჯანმრთელობას. ორგანიზმის სიჯანსაღე (ანუ სულისა და სხეულის ჰარმონია) მრავალგანზომილებიანი, საკმაოდ რთული მდგომარეობაა, რომელიც მრავალი პარამეტრის თანაარსებობაზეა დამოკიდებული. ფიზიოლოგიურ დონეზე (სტრუქტურული ანალიზის პოზიციიდან) ჯანმრთელობა ჰომეოსტაზს ეფუძნება. ჰომეოსტაზი ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობაა. გარემოს მავნე ფაქტორთა მუდმივი ზემოქმედების მიუხედავად, ჯანმრთელი ორგანიზმი ახერხებს ჰომეოსტაზის შენარჩუნებას. ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობის (მთლიანობის) დარღვევა დასაბამს აძლევს ისეთ ცვლილებებს, რომლებიც თანდათანობით ორგანულ ცვლილება-დაზიანებებში გადაიზრდება, მათი შედეგი კი ესა თუ ის დაავადებაა. დაავადებულ ორგანიზმს უფრო მეტად უჭირს გარესამყაროსთან შეგუება, მავნე ფაქტორთა ზემოქმედების მიუხედავად ჰომეოსტაზის შენარჩუნება. ასეთ დროს ფუნქციური რესურსების დანახარჯი მაქსიმალურია, შედეგი კი არცთუ სახარბიელო (ზოგჯერ - მინიმალურიც). ეს უფრო მეტად ფიტავს ორგანიზმის სარეზერვო ძალებს და ასუსტებს ჯანმრთელობის შემანარჩუნებელ მექანიზმებს. ვალეოლოგიის არსი სწორედ ჰომეოსტაზის შენარჩუნება, ორგანიზმის ადაპტაციური მექანიზმების გაძლიერება და განმტკიცებაა. ყოველივე ეს კი ოთხ მთავარ პრინციპს ეფუძნება:
1 სუნთქვას,
2 მოძრაობას,
3 აზროვნებას,
4 კვებას.

გახსოვდეთ, ჩვენ განუწყვეტლივ ვხარჯავთ სასიცოცხლო ენერგიას. არა მხოლოდ მაშინ, როცა ვაზროვნებთ, ვფიქრობთ, ვმუშაობთ, ფიზიკურად ვაქტიურობთ, არამედ მაშინაც, როცა ვისვენებთ ან გვძინავს. გული, ფილტვები, თირკმელები და სხვა ორგანოები არასოდეს ისვენებენ. მათი ცხოველმყოფელობა უწყვეტია. ამის კვალობაზე, მათ განუწყვეტლივ სჭირდებათ ენერგია. ენერგიის წარმოქმნა-ხარჯვის სათანადო ბალანსს მხოლოდ ჯანმრთელი ორგანიზმი ინარჩუნებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ეცადეთ დაიცვათ ჯანმრთელობის ოთხი მთავარი პრინციპი. ამით ორგანიზმსაც გაიჯანსაღებთ და სიცოცხლესაც გაიხანგრძლივებთ.






Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline gioll (32)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2018 Face.ge - all rights reserved.