Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
cici777 blog

მოგონებები რომლებსაც ვერასდროს წაშლი

მოგონებები რომლებსაც ვერასდროს წაშლი


ყველა ადამიანის გონებაში არსებობს მოგონებები,რომლებსაც ალბათ ვერასდროს წაშლის,რომლებიც ღრმად არის ჩაბეჭდილი მის მეხსიერებაში და ყოველთვის თავს ახსენებს. გამონაკლისი რა თქმა უნდა არც მე ვარ.

- ფიცრული სახლის სასტუმრო ოთახი. ჩემ წინ ქალი ზის,მეუბნებიან რომ მამიდაა,ანუ მამაჩემის და. ქალი ჩანთიდან პეჩენიებსა და ათასგვარ ტკბილეულობას ალაგებს,თბილად მიღიმის და მეუბნება მამაშენმა გამომატანაო. მე გაოგნებული ვარ. მამა რას ნიშნავს? ვინ არის მამა და მე რატომ მიგზავნის ამ რაღაცებს? ქალი მიდის,შეკითხვა შეკითხვად რჩება.
- იმავე სახლის ოთახში ვართ. ახალგათენებულია. დედაჩემს ხელი აქვს ჩემზე მოხვეული. კისერზე ვეფერები და ვთხოვ,რომ დღეს სამსახურში არ წავიდეს. დედაჩემი ღრმად სუნთქავს და უნდა წავიდეო მეუბნება,მე ვჯიუტდები. მერე დგება და მიხსნის,რომ მართალია ძალიან უნდა ეს დღე ჩემთან ერთად გაატაროს,მაგრამ სამსახური სამსახურია,უნდა წავიდეს იმიტომ,რომ ბავშვს (მე) უამრავი რამ სჭირდება,ის კი მარტოა. იცმევს,ლოყაზე მკოცნის და მიდის.
- ისევ ის სახლი. ბაბუა ტელევიზორს უყურებს,მე მოვიწყინე. თაროდან ფოტოების გადმოლაგებას ვიწყებ. ერთ ფოტოში დედაჩემის დედას ვცნობ,ბაბუას ვეკითხები ეს შენი პირველი ცოლია თქო? ბაბუა რატომღაც ბრაზდება,არა და მე იშვიათად მიბრაზდებოდა. ჩემი პირველი ცოლი კი არა ჩემი ერთადერთი სიყვარულიაო მეუბნება.
- მამის სანახავად მივდივარ,ბულვარში მელოდება. ბებია ბულვარის შესასვლელთან მტოვებს და მიდის. ეს კაცი ძალიან მგავს,ვფიქრობ გულში.
- ისევ ის სახლი. დედაჩემი და დეიდაჩემი გამუდმებით ვიღაც ხვიჩაზე საუბრობენ. წარმოდგენა არ მაქვს ვინაა. მაინტერესებს.
- ქუჩაში ბნელა. მე და დედა რაღაც ნაცრისფერ მანქანას ვუახლოვდებით,ორივენი წინ ვსხდებით. საჭესთან ვიღაც კაცი ზის და კეთილად მიღიმის. დედაჩემი სახელით მიმართავს. ეს არის ხვიჩა. მანქანაში ღილაკებს ვუწყებ თამაშს,დედა შენიშვნას მაძლევს,ხვიჩა – პირიქით. მომწონს ეს კაცი.
- ახალი სახლი. ნათელი სახლი,ღია ფერებში გადაწყვეტილი. სახლში შესვლისთანავე დედა მეუბნება “აი შენ ხომ გინდოდა ბინებში ცხოვრება,სურვილი აგიხდა.” აღფრთოვანებული ვარ.
- ნათელი სახლი. ჩხუბი. ბევრი ჩხუბი.
- იგივე სახლი. ეზოში ვთამაშობ ბავშვებთან ერთად. ერთს განსაკუთრებით ვენდობი. ხვეული წითური თმა აქვს. მთელი ეზოს ბავშვები დიდი,ქვის მაგიდის ირგვლივ ვდგავართ. უცებ ის გოგო,წითური თმით,საუბარს იწყებს. პირველი ორი სიტყვის მერე აზრები მეფანტება და რაც მესმის მხოლოდ ხარხარია “მამინაცვალი ჰყავს”. ყველა იცინის. მე კი რატომღაც მეტირება.
- კიდევ ერთი ახალი სახლი. შედარებით ბნელ ფერებში გადაწყვეტილი. აქ ეზოში არავისთან ვმეგობრობ,ალბათ შინაგანი ინსტინქტია.
- ხვიჩა სკოლაში მაკითხავს. მე მას სახელით მივმართავ,მაგრამ რატომღაც მთელი კლასი მას მამაჩემს ეძახის. უცებ ერთი ჩემი კლასელი მოდის და პირდაპირ მეკითხება: “ანა მამაშენს ხვიჩას რატომ ეძახი?” პასუხს არ ვცემ და ჩანთას ვალაგებ. ისევ აგრძელებს: “მამას უნდა დაუძახო მამა.” ხვიჩას ვუყურებ,სახეზე წითლდება. მეც ვწითლდები.
- ისევ ის სახლი. ახალი წევრი ოჯახში. ამრეზით ვუყურებ. სულ წითელია და ძალიან,ძალიან პატარა. ცხვირს ვიბზუებ,ყველას მას ეფერება და პატარა ანუკი აღარავის ახსოვს. ვიბუტები.
- ჩხუბი. ბევრი ჩხუბი.
- ახალი სახლი. ძალიან ბნელი. არ მომწონს აქაურობა. ეზოს ბავშვებთან ისევ არ ვმეგობრობ. ინსტინქტი თავისას აკეთებს.
- იგივე სახლი. საშინელი ჩხუბი. ჩემი პატარა და რომელიც უკვე შემიყვარდა 5 თვისაა,თავის საწოლში წევს და ბოლო ხმაზე ტირის. დედაც ტირის. არ ვიცი რომელს მივეშველო. მარისთან მივდივარ,ვეხუტები და სახლიდან გავდივართ.
- იგივე სახლი,მეორე დღე. ახალი წლის ღამე. 12 საათია. არც ერთი არ ვიღიმებით. მაგიდაზე მხოლოდ შამპანიური და ნამცხვრები დევს. დედას ხასხასა ლურჯი ჯინსი აცვია,საოცრად უხდება.
- ახალი სახლი. ძალიან,ძალიან ნათელი. ეზოში ჩავდივარ. ინსტინქტს ფეხებზე ვიკიდებ. ორი გოგო დგას,თამამად მივიწევ მათკენ. ერთიანად შეფუთულები გაოცებით უყურებენ ჩემს მოკლე კაბას და გახსნილ ქურთუკს. ჩემ მაგიერ ცივათ.
- იგივე სახლი. ბევრი სინათლე. სახლშიც სინათლე. მამინაცვალი ხვიჩა მამა ხდება. მამა – ბიოლოგიური მამა.
- სინათლე.
- მერე იმ სახლიდან გადავდივარ.
ამის მერე იყო სრული წყვდიადი,სიბნელე და არაფერი მეტი. ისევ გადავდივარ. აქ უარესი სიბნელე. ყველაფერი ცუდადაა. უფრო სწორად საშინლად. თუმცა ამ სიბნელეშიც იყო გამონათება. ეს იყო თეთრი აბები,მაგრამ სითეთრე გამჭვირვალე ცრემლმა შთანთქა. დედაჩემის ცრემლმა. დედა საწოლზე წევს და ტირის. მასთან მივდივარ,ხელს მაგრად ვუჭერ და ვკოცნი. ჩემ შეხებაზე ტირილს უმატებს. თეთრი აბების გამოყენების მანიაკალური სურვილი მიჩნდება,მაგრამ სურვილზე მაღლა ვდგები. იმ წამს ვხვდები,რომ რადაც არ უნდა დამიჯდეს ამ ქალისთვის,ჩემ წინ რომ წევს და ტირის, წარმატებას უნდა მივაღწიო და მივცე ბედნიერება,რომელიც არასოდეს ჰქონია. ხალხი თვლის რომ ლამაზ ქალს ცრემლები უხდება. ასე იმიტომ თვლიან რომ იშვიათად ხედავენ ცრემლს. ჰოდა ამიტომაც,დედაჩემს ცრემლები არ უხდება. დედაჩემს ღიმილი უხდება. უფრო სწორად გულიანი სიცილი.
იგივე სახლში ვართ მაგრამ ყველაფერი უეცრად თავის ადგილას ლაგდება. თვალის მომჭრელი სინათლეა,იმდენად ნათელია,რომ რაღაც პერიოდით ვბრმავდები და სიბნელეში ვარ. თვალს რომ ვახელ და სინათლეს ვხედავ, ახალ სახლში ვართ.

ახლა? ახლა სიბნელეა. ბნელი ოთახის კუთხეში,ჩამქვრალ ბუხარში ნაკვერჩხალი გაღვივებას ცდილობს. ნელ-ნელა სინათლე პატარავდება. საჭიროა,აუცილებელია ვიღაც მივიდეს და სული შეუბეროს რომ აგიზგიზდეს. მე არ შემიძლია. მოგონებებს ხელები აქვთ და ყელში მიჭერენ,სულს ვერ ვუბერავ. მჭირდება ვიღაც,რაღაც რომელიც ცეცხლს დაანთებს,მაგრამ არავინ და არაფერი ჩანს,ამიტომაც ნაკვერჩხალთან ძალიან ახლოს მივდივარ. იმდენად ახლოს რომ მხოლოდ სინათლეს ვხედავ.


Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.