Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
datodato10 blog

დათა თუთაშხია – გზა ჭეშმარიტებისაკენ

1) მგელიც მისი ლეკვების შიმშილს გამოყავს საშოვარზე. მშიერი და გამწარებული მგლის ფიქრი მარტო ის კი არაა, ვინმე შევჭამოო, იმასაც ფიქრობს მგელი, – ისეთი შევჭამო, რომ არ დამასწროს და აქით არ შემჭამოსო, მაგრამ მეტი ფიქრი არ იცის მგელმა. ნადირია და მიტომ. კაცი ადამიანის შვილია და იმის ფიქრიც უნდა ქონდეს, ისეთი შევჭამო, რომჩემი სიცოცხლე ჯობდეს მის სიცოცხლესო. ასეა ეს. – დათა თუთაშხია დაფიქრდა, თვალებში შემოშტერებულ მეწისქვილეს შეხედა და განაგრძო: – შენ რომ ხარ, მისთანა კაცის გახარებისთვის არ ღირდეს ეგებ, მე რომ ვარ, მისთანა კაცის მოკვლა, ბონია, და თუ გიფიქრია ამაზე?

– კი, მიფიქრია, – დაუდასტურა მეწისწვილემ ცოცხლად. – წისქვილი მისთანა ადგილია – ფიქრობს კაცი სულ რას არ ფიქრობს კაცი!

– მერმე?

– ამ საქმეს ასე უნდა შეხედოს კაცმა, დათა–ბატონო... – თუთაშხიას მშვიდობიანმა იერმა და კილომ მეწისქვილეს შიში გაუქარწყლა და მუსაიფის იშტა მოჰგვარა. სათქმელი მცირეოდენი დუმილის დროს ჩამოაყალიბა და განაგრძო: – რაც შენ გინდა და გჭირია, დათა–ბატონო, ყველაფერი გაქვს უკვე და აღარაფერი აღარ გინდა და აღარ გჭირია აწი. რაც მე მინდა და მჭირია – არაფერი არ მაქვს ჯერ. შენ ყველა გულისნადები ასრულებული გაქვს შენი – ასე მგონია მე, თვარა, კიდევ რომ გინდოდეს რამე – სიმდიდრე, სახელი ან პატივისცემა, ადვილად აისრულებდი იმასაც. ჩემს გოგოებს პატარ–პატარა საყანე მიწები და ცოტაოდენი ფული თუ არ გაყვა მზითვად, ვინ წაიყვანს ისე?! ჩემი ძაბუნიასთანა ქალს ამ სამურზაყანოში მეორეს ვერ ნახავდა ადამიანის თვალი. ბოდიში და, ძუკნა ძაღლს დაამსგავსა დარდმა და შიმშილმა...

ბონიამ კიდევ გადაყლაპა ყელზე მომდგარი ცრემლი, ამოიხვნეშა და თავისი ნალაპარაკევის დასკვნა გააკეთა:

– ასე მგონია მე, რომ ჩემისთანა კაცის გაჭირვებას თუ ეშველება რამე – შენისთანა კაცის სიკვდილით... დათა–ბატონო, ქვეყანაზე ჭკვიანი კაცის სახელი გაქვს... იცი შენ, მოგკლავს, ბოლოს და ბოლოს, ვიღაც მამაძაღლი და მდიდარს და ბედნიერს თუ ერგო ის ფული – ღმერთი და სამართალი სად იქნება მაშინ?!

– შენ რომ გკითხოს კაცმა, ბონია–ღორისშვილო, გლახა და ბოროტი კაცია დათა თუთაშხია, თვარა მოვიდოდა შენსას, შენი გოგოების შემხედავს, გული აუჩუყდებოდა და გეტყოდა, – ა, თოფი, მომკალი და მზითევი გაუწყვე შენს ანგელოზებსო!

აბრაგი დინჯად მიწვდა ტახტზე მიგდებულ რევოლვერს და იატაკზე ფეხებთან დაუდო ბონიას:

– მაგერ გაქვს და მესროლე!

ბონია მოიკუნტა.

– თუ იმის გეშინია, რომ სროლას დაგასწრებ – წამოვწვები ამ ტახტზე, მოგიქცევ ზურგს და მერე მესროლე.

ბონიამ თავი გაიქნია და ჩაილაპარაკა:

– სხვას ვფიქროგ მე, დათა–ბატონო...

– რას!

– ამხანაგები გყავს გარეთ... მოსისხლე კი არ ვარ შენი, რომ ოღონდ მოგკლა და მერმე ყველაფერი სულ ერთი იყოს ჩემთვის. ცოცხალს მჭირია ფული. რომ გესროლო ცოცხალს დამტოვებენ ისინი?! – ბონიამ ხელი კარს მიაშვირა.

თუთამხიას მეწისქვილის ნათქვამმა ღიმილი მოჰგვარა:

– ჩემს სიკვდილზე მე რომ მიფიქრია, შენ არ გიფიქრია იმდენი; ვერ მომკლავს ვერავინ და ვერ აიღებს იმ ფულს ისე, ხალხმა რომ არ გაიგოს, ვინ ქნა და რა ფულად ქნა ეს საქმე. შენ რომ გეშინია, ის ბედისწერა – მომკლავენო – ახლა იქნება თუ მერე, მოგიწევს მაინც, საწევი თუა. ფულს შენს ოჯახს ჩააბარებენ და რა გინდა მეტი?..

– ცოცხალი თუ აღარ ვიქენი, ჩემი გოგოების მზითევი, – ბონიამ ხელი ჩაიქნია.

– შენთვის გინდა ის ფული, გოგოები არაფერ შუაშია, მაგრამ იმდენი ხარბი ვერ ხარ, ქონების გულისთვის ნამდვილ ხიფათში რომ ჩაიგდო თავი. წიგნი წავიკითხე, მეკობრეებზე იყო დაწერილი. მეკობრეები ზღვის ყაჩაღებია. აუარება ქონებას აგროვებენ. ერთი სამეფოს საყიდლად კმარა ის ქონება, მარა ვინ იკმარა. მაინც ძარცვავენ, გლეჯენ, იხოცებიან ბოლოს და ოხრად რჩებათ სადღაც უბედურებაში გადამალული სიმდიდრე. რა ხალხია, თუ იცი, ის მეკობრეები? სიყვარულის ხალხია: ხიფათი უყვართ, იმის ფიქრი უყვართ, სადღაც გადასაკარგავში დიდი ქონება რომ აქვთ დამალული. ფული არ უყვართ იმ კაცებს ფულის შოვნა უყვართ, შოვნა! რაც სიმდიდრეს შეუძლია, იმის სიყვარული რომ ჰქონდეთ, ხომ დაანებებდნენ მეკობრეობას თავს და გაინაპირებდნენ სამშვიდობოზე? სულელი კაცის სიყვარულია ის სიყვარული, მარა მაინც სიყვარულია, სხვები სიხარბეს ეძახიან ამას; სიხარბე რაა, უფრო ესმის ხალხს და მიტომ. გინდა შენ ფულის შოვნა, მარა რა გაკლია იცი? ხიფათის სიყვარულს არ ვამბობ, არ გაქვს და არც უნდა ჰქონდეს შენი ჯიშის კაცს, მაგრამ ფულის სიყვარული მაინც გმართებს იმდენი, რომ მისი გულისთვის ხიფათის არ გეშინოდეს. არც ეს გაქვს. ქუთაისში სვიმონ საპყარაძეა ერთი – ხარაზი. ორმოცი წელიწადია ადანაიას სახლის სარდაფში ზის და წაღებს კერავს. გოგოები ექვსი გამოზარდა სვიმონმა ამით, ყველა გაათხოვა და დააბინავა და სარდაფიდან არ ამოდის დღესაც. მასავით კარგი კაცი თუ იქენი, უმზითვოდ ნაიყვანენ შენს გოგოებს, ბონია, სიხარულით წაიყვანენ, მაგრამ ამისთვის არ დამიწყია ეს ლაპარაკი, სხვა მაქვს სათქმელი. ჩექმები შემიკერა ერთხელ, აწონა სასნორზე – გირვანქაზე მეტი გამოვიდა და არ გამომატანა არას დიდებით. ამაზე ფილიმონა ტაბატაძემ თქვა, საქმის დიდი სიხარბე აქვს საპყარაძესო. სიხარბე არაფერ შუაშია აქ, თავისი საქმის სიყვარული აქვს სვიმონს. ზოგს გონია, სიყვარული მარტო ცოლ–შვილის, დედაკაცის, ფულის და სუკის მწვადის შეიძლება. მენ რომ გიყურებ, გონია, არც შენი მიცვალებულების სიყვარული გაქვს, არც შენი გოგოების და არც იმ შენი ძაბუნიასი, ძუკნა ძაღლს რომ დაამსგავსე, თვარა კაცის კვლაში ნაშოვნი ფულით არ დააპირებდი შენი მიცვალებულების სამარეზე ქვების დადებას, ცოლისთვის დარაიების ყიდვას, შვილებისთვის მზითვის გაწყობას. როცა სიყვარული არ გაქვს ვერც კაცს მოკლავ მაშინ; სამშობლო თუ არ უყვარს ადამიანს, მტრად მოსულ კაცს ვერ მოკლავს ის... მაგრამ ეს ამბები შენისთანებისთვის ძნელი მისახვედრია, ბონია.



2)- ცოლ-შვილი გყოლია ოდესმე?
- არ მყოლია
-სიყვარული?...ქალი გყვარებია?
-ნამდვილ სიყვარულს დრო ჭირდება, შალვა,-მცირედი დუმილის შემდეგ თქვა დათა თუთაშხიამ,-არც ერთხელ არ დამაცადა ბედ-იღბალმა.
-არ მესმის!სიყვარული ერთი ნახვითაც შეიძლება
-სიმღერაში
-რატომ?არ გქონია შემთხვევა, რომ ქალი დაგენახოს და შეგყვარებოდეს?-მართლა არ მესმოდა, რას გულისხმობდა
-ეგ სიყვარული არ უნდა იყოს, მგონია.
-მაშ,რა არის?
-არ ვიცი,როგორ გითხრა...მოწონებაა,გატაცებაა, ალბათ.ხორციელია ეგ,სიყვარული სულიერია.ერთხანს მაინც უნდა იყოთ ერთად, რომ სულში ჩახედოთ ერთმანეთს,მისი სულიერი რაღაც-რაღაცეები შენი სიცოცხლისთვის აუცილებელი რომ გახდება,მაშინ დაერქმევა თქვენს უერთიერთობას სიყვარული. ასე მგონია მე და, შენი შვილების დედაც თუ არის ის ადამიანი,ამახვილებს სიყვარულს ეს.
-შეიძლება, ეგრეც იყოს,-დავეთანხმე და კვლავ ვკითხე:- არც სერიოზული გატაცება გქონია?
დათა თუთაშხია კარგა ხანს დუმდა,რაღაცაზე თუ ვიღაცაზე ფიქრობდა. უძილო,დაღლილი სახე ჰქონდა,მაგრამ თვალებში შუქი მაინც ჩაუდგა. მერე ისევ მოიღუშა და თქვა:
-ერთხელ... სიყვარული იყო,მგონია,ის,მაგრამ...ეჰ,დავიძინოთ შალვა.
გადაბრუნდა და აღარაფერი უთქვამს
აღარც მე ჩავძიებივარ.
*ჭაბუა ამირეჯიბი:"დათა თუთაშხია"*


3)სხვისთვის კაი საქმის გაკეთება ძნელია, თვითონ თუ არ დაიჩაგრე და თუ არ დაიტანჯე










Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline datodato10 (18)
საქართველო, თბილისი, ვაკე-საბურთალო



Blogs: tags
Entries archive
© 2014 Face.ge - all rights reserved.