Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nato-barbaqadze blog

გამოხატე ემოცია – იცეკვე

სადაც გინდა და როგორც გინდა!

“გლობალურ მუსიკალურ ეპიდემიად” წოდებული მუსიკისა და ცეკვის ახალი სტილი-ჰიპ-ჰოპი მეოცე საუკუნის 70-იან წლებში ნიუ-იორკში, დასავლეთ ბრონქსის ღარიბულ კვარტალებში დაიბადა. მისი ერთ-ერთი ფუძემდებელი, ელექტრო ფანკის “მამად” წოდებული ამერიკელი დიჯეი კევინ დოვანი, იგივე აფრიკა ბამბაატაა. მისსავე სახელს უკავშირდება ამ მიმდინარეობის პოპულარიზაცია ჯერ ამერიკაში და მერე ძველ სამყაროში-ევროპაში, სადაც 1982 წელს რეპერების დიდი ტურნე მოაწყო. ახლა ჰიპ-ჰოპი მთელი მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი შოუებისა და საკულტო ფილმების “მთავარი გმირია”. ევროპაში მან ახალ სიმაღლეებს მიაღწია და ყველაზე კონსერვატიული ინგლისისა და ყველაზე გაპრანჭული, პრეტენზიული და დახვეწილი საფრანგეთის, უწინარეს ყოვლისა კი მისი სულისა და გულის-პარიზის ცხოვრებისა და კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ “ნეშენალ ჯეოგრაფიკმა” ჰიპ-ჰოპი “ახალი თაობის ყველაზე საყვარელ კულტურად” აღიარა. ემოციის გამოხატვის ამ ახალმა ენამ საქართველოშიც შემოაღწია და როგორც დრომ გვიჩვენა, მისი შესწავლის სურვილი ჩვენშიც ბევრს აღმოაჩნდა. ალბათ ამიტომაც, თბილისში რამდენიმე წლის წინ გახსნილმა ჰიპ-ჰოპის სტუდიამ ახალგაზრდა თაობის ყურადღება მალევე მიიპყრო. ამაში დიდი წვლილი სტეისის, იგივე ანასტასია ფიოდოროვასა და DStar studio-ს პედაგოგთა გუნდს მიუძღვის.

- Hip-hop-ი სლენგია. Hip-ყველაზე მოდურს, მუდამ ცვალებადს ნიშნავს, Hop კი-ნახტომს. Hip-ის “ნახტომი მომავალში” იმდენად შთანმეჭდავი აღმოჩნდა, რომ მას ლოკალური და გლობალური კულტურების შერწყმის სუპერათანამედროვე ფორმა უწოდეს და ემოციის გამოხატვის ახალ ენადაც მონათლეს.

- მსოფლიოში ძალიან ბევრი ცეკვის ენა არსებობს: კლასიკურის, ჯაზურის, ლათინურის და ახლა უკვე ჰიპ-ჰოპისაც, როგორც ძალიან თანამედროვე, ენერგიული, ახალ თაობაში ყველაზე პოპულარული ცეკვის ენა. მთავარი, რითაც ის ყველასგან გამოირჩევა, თავისუფლებაა. ის არ არის შეზღუდული, ჩარჩოებში ჩასმული, მოძრაობებით ან ქორეოგრაფიით. თუ სხვა ცეკვებში ილეთებს ვერ შეცვლი და ისინი განსაზღვრული წესითა და თანმიმდევრობით უნდა შეასრულო, ჰიპ-ჰოპის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ აქაც არსებობს გარკვეული საბაზო ელემენტები, მთავარი მაინც ემოციაა, რომელსაც ცეკვის მომენტში განიცდი. ეს არის ე.წ. “ფრიი სტაილი”. არა აქვს მნიშვნელობა რა ასკისაა მოცეკვავე, მთავარია, მთლიანად მიენდოს მუსიკას, გათავისუფლდეს, ცეკვის საშუალებით გამოხატოს საკუთარი თავი, დაგროვილი ემოცია, ფიქრი, წუხილი, აგრესიაც კი…

შესაბამისად, მიდგომებიც ინდივიდუალური გვაქვს. ვცდილობთ, გარკვეული მოძრაობებით, პლასტიკით, პიროვნების შინაგანი სამყარო გავხსნათ.

- ეს, გარკვეულ წილად, რეპს ჰგავს, ოღონდ უტექსტოს, როცა სათქმელს ემოცია, მოძრაობა ამბობს.

- ზუსტად ასეა. ყოველ ჩვენგანს აქვს რაღაც საფიქრალი, სადარდებელი. ხან რაღაც გვახარებს, თუნდაც, კარგი ამინდი. სხვადასხვა ემოციით ვიწყებთ და ვამთავრებთ დღეს. აქედან გამომდინარე, სათქმელიც ყოველ ჯერზე განსხვავებული გვაქვს და როცა ირთვება მუსიკა, ცეკვა იმის საშუალებას გვაძლევს, მოძრაობის საშუალებით მოვყვეთ საკუთარი ახალ-ახალი ისტორიები, ვიყოთ ყოველთვის განსხვავებულები.

- ჰიპ-ჰოპში ძალიან ბევრი აკრობატული, ტანვარჯიშის, ბრეიკის ელემენტია. რამდენად შეიძლება მას ცეკვა ეწოდოს?

- ყველაფერი, რასაც ადამიანი მუსიკის ქვეშ, გარკვეული რითმის ქვეშ ასრულებს და მოძრაობით გამოხატავს-ცეკვაა. ეს არის დიალოგი მუსიკასთან და არ შეიძლება ის რაიმე ილეთების ან ქორეოგრაფიის ჩარჩოებით შეიძღუდოს და მხოლოდ გარკვეულ მათგანს ეწოდოს ცეკვა. ყველა ცეკვის სტილს, ილეთს, ქორეოგრაფიას, ყოველთვის მუსიკა გვკარნახობს. მთავარი ჩარჩოც მხოლოდ მუსიკაა და არა ილეთი, რომელიც მისგან მოდის და არა პირიქით. მუსიკა, რომელზეც ჰიპ-ჰოპი სრულდება, თანამედროვე მსოფლიოს ცხოვრების რითმს ასახავს. შესაბამისად, მისმა დაბალმა ბასებმა და ენერგიულმა ბითმა, განსხვავებული ცეკვის სტილი წარმოშვა, განსხვავებული მოძრაობებით და სულ სხვა ხარისხის თავისუფლებით. ზოგიერთი მას უხეშ ცეკვად თვლის. არადა, აქ ყველა მოძრაობა, ნახტომი ფართოა, გაშლილი, რბილი და კარგად დაბალანსებული, განსაკუთრებით-მუხლების მოძრაობები.

- მეოცე საუკუნის მიწურულს ჰიპ-ჰოპის კომერციალიზაცია დაიწყო. რამდენად განაპირობა მისი პოპულარობის სწრაფი ზრდა ამ ფაქტორმა?

- ყველა ადამიანში დევს ქვეცნობიერი სურვილი, გამოხატოს თავისი მე, ხაზი გაუსვას მის განუმეორებლობასა და გამორჩეულობას. ჰიპ-ჰოპი ამის საშუალებას ყველაზე მეტად იძლევა. ამაშია მისი მთავარი ხიბლი და პოპულარობის მიზეზიც. ამ პოპულარობამ განაპირობა თანამედროვე შოუებსა და ფილმებში ჰიპ-ჰოპის აქტიურად წარმოჩენა და არა პირიქით.

- მიუხედავად იმისა, რომ ეს ცეკვა ინდივიდს სრულ თავისუფლებას აძლევს, ის მაინც უფრო გუნდური ცეკვაა. “ვესტსაიდური ისტორიის” ცნობილ სცენას მაგონებს, სადაც დაპირისპირებული მხარეეები საქმეს ერთმანეთში ცეკვით არჩევენ, ცემისა და სისხლის გარეშე.

- ჰიპ-ჰოპი ქუჩაში გაჩნდა, როგორც ასეთი გარჩევების ერთგვარი ალტერნატივა. ამიტომაც, ცეკვის ამ სახეობაში შეჯიბრებას “ბრძოლა” ეწოდება. მართლაც, ის ბრძოლის ყველაზე ცივილური ფორმაა და საუკეთესო საშუალება, უარყოფითი ემოციები ცეკვით გამოხატო, დახარჯო. მე მას ინტელექტუალურ ბრძოლასაც კი ვუწოდებდი, როცა საკუთარი უპირატესობის, თუნდაც-სიმართლის, ზოგადად, ნებისმიერი სატკივარისა და სათქმელის დემონსტრირება უხეში ფიზიკური ძალის გამოყენებით კი არ ხდება, არამედ, უფრო ადეკვატური ფორმით-ცეკვით.

- აფრო და ლათინო-ამერიკელების წიაღში გაჩენილი ცეკვის ეს სტილი დღეს არანაკლებ პოპულარულია ევროპაში, რაც ერთი შეხედვით აუხსნელია.

- მართლაც, დღეს ის უფრო პოპულარული ევროპაშია, განსაკუთრებით საფრანგეთში. ჰიპ-ჰოპი სხვადასხვა კულტურების, ტრადიციების, გატაცებების ერთგვარი მიქსია. ის გახდა საერთო ენა სრულიად განსხვავებული შეხედულებების, აღმსარებლობის, იდეოლოგიის ადამიანებისთვის. ყოველმა მათგანმა შეძლო მისი საშუალებით საკუთარი თავის, თვითმყოფადობის, გნებავთ-ტრადიციის გამოხატვა. ის ყველამ თავის თავზე მოირგო. მისთვის არა აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, როგორი ხარ, სად ხარ, ჩართე მუსიკა, იგრძენი თავისუფლება, გამოხატე ემოცია-იცეკვე სადაც გინდა და როგორც გინდა! ესაა კლასიკურისა და თანამედროვეს იდეალური თანაარსებობის ფორმა, რომელიც დღევანდელ, უაღრესად ეკლექტურ სამყაროში, ყველასთვის ერთნაირად მისაღები აღმოჩნდა.

- ცეკვა 4 წლის ასაკიდან დაიწყეთ. კლასიკური განათლებაც მიიღეთ ამ სფეროში. მერე ჰიპ-ჰოპმა გაგიტაცათ. ევროპაში, პარიზში საუკეთესო ქორეოგრაფებისგან იღებდით მასტერკლასებს.

- რომ არ მიმეღო ფუნდამენტური განათლება კლასიკურ ცეკვაში, ალბათ ვერ შევდგებოდი როგორც მოცეკვავე და ქორეოგრაფი. კლასიკური ცეკვა ის სკოლაა, საფუძველია, რომელზეც ნებისმიერი რამ შეგიძლია განავითარო. ის ყველაფერს გაძლევს, რაც ამ სფეროში გჭირდება: პლასტიკას, რითმის და მუსიკის შეგრძნებას, დახვეწილ მოძრაობას, დგომას. უბრალოდ, გარკვეულ ასაკში ვიგრძენი, რომ ის თავისუფლება მჭირდებოდა, რაც მხოლოდ “ფრიი სტაილში”, “ჰიპ-ჰოპში” იყო. ვიგრძენი, რომ ამის გარეშე ვეღარ განვვითარდებოდი როგორც მოცეკვავე და ქორეოგრაფი, უფრო მეტიც-როგორც პიროვნება. ამიტომ, ამ სტილით დაინტერესება მოდის აყოლა არ ყოფილა, სრულიად გაცნობიერებული ნაბიჯი იყო. ეს იყო დროსთან, თანამედროვე ცხოვრების რითმთან და წესთან აბსოლუტურად ადეკვატურად მორგებული გამოხატვის ფორმა, ცეკვა, რომელიც ძალიან ორგანული და აუცილებელი გახდა ჩემთვის. ამავე დროს, ის იყო ახალ ადამიანებთან, ნაცნობებთან ურთიერთობის საუკეთესო საშუალებაც. უფრო მეტიც, მათი გაგების პრაქტიკულად იდეალური ენა. საკმარისია, ადამიანმა თუნდაც სამი წუთი იცეკვოს ჰიპ-ჰოპი და მასზე ყველაფერს შეიტყობ. მისი მოძრაობა, რითმი, გამომეტყველება გეტყვის ყველაფერს. ჰიპ-ჰოპს სრულიად განსხვავებული მოძრაობები აქვს, ამიტომ ეს იყო ერთგვარი გამოწვევაც, ახალი სიმაღლე, რომელიც უნდა დამეძლია. მისი უნივერსალურობისა და მზარდი პოპულარობის გამო, ამ სტილს სერიოზული ქორეოგრაფები გამოუჩდნენ, რომლებმაც ის კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანეს. მაგრამ ჰიპ-ჰოპამდე ძალიან გრძელი გზა გავიარე, ყველა მნიშვნელობით. მე ნახევრად რუსი და ნახევრად ესტონელი ვარ. კრასნოიარსკში, ციმბირში დავიბადე და გავიზარდე. ცეკვაში კლასიკური განათლენბა, მათ შორის უმაღლესიც, იქ მივიღე. მერე ევროპაში, გერმანიაში გავემგზავრე. იქ გაჩნდა ინტერესი ცეკვის ამ სტილისადმი. დავიწყე ევროპაში მოგზაურობა და თან საუკეთესო ქორეოგრაფებისგან მასტერკლასებს ვიღებდი. ამან ძალიან დიდი ცოდნა მომცა, შეუფასებელი.

- კრასნოიარსკიდან, ევროპის გავლით, საქართველოში როგორ მოხვდით?

- შემთხვევით. თუმცა, შემთხვევითობა არ არსებობს, ეს ბედი იყო. თავიდან ინტერესმა ჩამომიყვანა. მერე ქვეყანა, ხალხი მომეწონა. ვიგრძენი, რომ ვიპოვე ის რაღაც განუმეორებელი, რაც არასდროს, არსად არ მინახავს. ეს იყო ანკესი, რომელზეც “წამოვეგე.” ძალიან დიდხანს ვიმუშავე რუსეთში, ჩემი ბიზნესი მქონდა, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ვიგრძენი, რომ რუსეთისგან დავიღალე… რა თქმა უნდა, უცხო ქვეყანაში ცხოვრების, საქმის დაწყება ადვილი არ იყო, მაგრამ ასეთი ადამიანი ვარ, ყველაფერს პოზიტიურად ვუყურებ და ეს მეხმარება. აქ ისეთი თბილი ხალხია, მათთან საერთო ენის გამონახვა ძნელი არ არის. მეგობრები გავიჩინე, ისინი ყველაფერში დამეხმარენ. მითხრეს რა უნდა გამეკეთებინა და რა არა, სად წავსულიყავი, ვისთან მივსულიყავი და ასე ნელ-ნელა ჩავერთე აქაურ ცხოვრებაში.

- თბილისში ჰიპ-ჰოპის სტუდიის გახსნა ალბათ გარკვეულ რისკთან იყო დაკავშირებული. თუმცა, დრომ აჩვენა, რომ ეს რისკი გამართლებული იყო.

- სტუდია 2008 წელს გაზაფხულზე გავხსენი. პეკინის ქუჩაზე. მალე ომი დაიწყო და ცეკვისთვის ვიღას ეცალა. მათ შორის არც მე. ყველა ქართველის მსგავსად, ეს ჩემთვისაც ტრაგედია იყო. დრო გავიდა და ჩვენც ახალი ძალებითა და ენერგიით განვაახლეთ საქმიანობა. საქართველოშიც, როგორც ყველგან, ახალგაზრდობა მზად აღმოჩნდა ცეკვის ამ სტილის მისაღებად. მათაც უნდოდათ რაღაც ახალი, განსხვავებული, თავისუფალი, თანამედროვე. მათ აქ არა მხოლოდ ახალი ცეკვა ისწავლეს, ახლი მეგობრებიც გაიჩინეს. ადამიანები ჩვენთან თავისი პრობლემების დასავიწყებლად მოდიან და დადებითი ემოციით დამუხტულები მიდიან. ეს არის ერთგვარი თავისუფლების კუნძული, ტერიტორია, სადაც შეგიძლია იყო ის, რაც ხარ. მით უფრო, რომ არჩევანი დიდია. სტუდიაში მოსულებს, ცეკვის გარდა, ჯანმრთელობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად აერობიკის, შეიფინგისა და სხვა გამაჯანსაღებელი პროგრამების კლასებშიც შეუძლიათ ჩაეწერონ. შეიძლება ითქვას, რომ სტუდიამ გაამართლა და ყველა მიმართულებით ვითარდება. უკვე ასამდე მოსწავლე გვყავს. 20-24 მარტს თბილისში IDO (ცეკვის საერთაშორისო ორგანიზაცია) საქართველოში არსებულ ცეკვის ფედერაციებთან ერთად საერთაშორისო ოლიმპიადას ატარებს, სადაც ცეკვის ყველა სტილი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის ჰიპ-ჰოპიც. ბუნებრივია, მასში ჩვენი სტუდიაც მიიღებს მონაწილეობას. ასეთი შეჯიბრებები ხელს უწყობს ცეკვის პოპულარიზაციას ახალგაზრდა თაობაში. უჩნდებათ სურვილი, ქუჩაში დგომის ნაცვლად დრო სტუდიაში გაატარონ, აქ დახარჯონ ემოციები, იცხოვრონ ჯანმრთელი ცხოვრების წესით და თან სიამოვნება მიიღონ.

- მოსწავლეთა შორის ბევრი უცხოელია, იმდენად, რომ ხშირად გაკვეთილების ჩატარება ინგლისურად გიწევთ.

- დიახ, ბევრი უცხოელი დადის ჩვენთან, მაგრამ თანაფარდობა თითქმის თანაბარია – 50/50-ზე. ვერ ვიტყვი, რომ ქართველი ბავშვების ნაკლებობას ვუჩივით. უცხოელების სიმრავლე იმან განაპირობა, რომ მათთვის, მათი კულტურისთვის, ცეკვის ეს სტილი უკვე დიდი ხანია ცნობილია და მიასაღებია. ამიტომ, როცა აქ მიეცათ საშუალება ევლოთ ჰიპ-ჰოპზე, რა თქმა უნდა, ეს შანსი გამოიყენეს.

- ქართული ეროვნული ცეკვა ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც თქვენ ასწავლით. რამდენად კარგად ითვისებენ ჰიპ-ჰოპს ქართველები?

- ძალიან კარგად. მართალია, ქართული ცეკვა ამაყი ადამიანების ცეკვაა და სხვა თავდაჭერილობით სრულდება, ემოცია და ტემპერამენტი მასშიც ძალიან დიდია და ესაა მთავარი.

- რამდენად აუცილებელია კლასიკური განათლების ქონა ცეკვაში იმისთვის, რომ ჰიპ-ჰოპში წარმატებას მიაღწიო?

- ყველაფერი ინდივიდზეა დამოკიდებული. თუ მასში არის ის მარცვალი, რომელიც შეიძლება განვითარდეს, მაშინ ამის აუცილებლობა არ არსებობს და გზადაგზა ყველაფრის ათვისებას შეძლებს. პირველი, რასაც ეს სტილი გვასწავლის, მუსიკის მოსმენაა. უნდა მიენდო მას და მთლიანად მიჰყვე. ის თავად გკარნახობს მოძრაობას, რომელშიც ყველა კუნთია ჩართული. შესაბამისად, მათი შესასრულებლად ზედმიწევნით დიდი დახვეწილობაა საჭირო, რაც მხოლოდ ბევრი მუშაობით მიიღწევა.

- მეოცე საუკუნის დასაწყისში ამერიკის სამხრეთ შტატების აფრო-ამერიკულ კვარტლებში ჯაზი დაიბადა. ამავე საუკუნის 70-იან წლებში, ასევე ქუჩაში, გაჩნდა ცეკვის ახალი, თანამედროვე სტილი. ჯაზი უკვე კლასიკაა. რამდენად შესაძლებელია, იგივე მოხდეს ჰიპ-ჰოპიის შემთხვევაში?

- ამერიკაში ის უკვე კლასიკაა. დიდმა ქორეოგრაფებმა კლასიკური ცეკვა თანამედროვე სტილთან შეაჯვარეს და ეს უნიკალური მიქსი ახლა უკვე ყველგანაა. ამდენად, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჰიპ-ჰოპი საკმაოდ საფუძვლიანად და დიდი ხნით დამკვიდრდა მსოფლიო შოუ ბიზნესში.


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

#1, 25.10.2013 - 22:10
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.