Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nato-barbaqadze blog

რჩევები ბიჭების მშობლებს - როგორ გავზარდოთ მამაკაცი?

ქალები ხშირად ჩივიან, რომ გარშემო ცოტა დარჩა ნამდვილი მამაკაცი. თუმცა ფსიქოლოგები პასუხობენ, რომ ეს მათივე ბრალია – ვაჟებს ქალებივით ზრდიან. ასე რომ, შედეგი კანონზომიერია... რა უნდა გავაკეთოთ, რომ ნამდვილი მამაკაცი გავზარდოთ? ეს 10 წესია, რომელიც დაგეხმარებათ, ამ საკითხს სხვანაირად შეხედოთ.

1. ბიჭის აღზრდაში აქტიურად უნდა მონაწილეობდეს მამა. თანაც, დაბადებიდან. და საკუთარ აღზრდაზეც რომ იზრუნოს, არც ეს იქნება ცუდი. რადგან ოჯახში აღზრდა სულაც არ არის ჭკუის სწავლება. ბიჭი მამის საქციელის კოპირებას ახდენს და სულაც არა მისი სიტყვების.
შეკითხვა დედას: გინდათ, რომ თქვენი ვაჟი მამამისს დაემსგავსოს?
განსაკუთრებით აუცილებელია მამის ჩარევა, როგორც კი ბიჭი 6 წლის გახდება. ის გაცილებით უფრო აქტიურად ახდენს ასოცირებას მამასთან. ცდილობს მას მიბაძოს, აკვირდება, რას როგორ აკეთებს მამს. ამ დროს ფორმირდება მისი წარმოდგენა, თუ როგორი უნდა იყოს მამაკაცი და როგორ უნდა იქცეოდეს. ყველა მამა გულმოდგინედ უნდა აკვირდებოდეს თავის საქციელს, სიტყვებს, დამოკიდებულებას ოჯახის წევრი ქალების მიმართ, უჩვენოს კარგი მაგალითი.

2. მამაკაცი ძლიერი უნდა იყოს. ეს რას ნიშნავს? უნდა შეეძლოს გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობაც.
შეკითხვა მშობლებს: ასწავლით შვილს, რომ დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები და პასუხიც აგოს მათზე? თუ გამუდმებით ერევით და მის მაგივრად იღებთ გადაწყვეტილებებს?
მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს. მამაკაცი ხშირად იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ მასზე პასუხს მისი ცოლი აგებს ხოლმე, ან შეყვარებული. ეს არ არის მამაკაცური საქციელი.

3. თავისუფლება თვითშეზღუდვებით იწყება. ასეთი ანდაზა არსებობს: "პირველები წყალს აქლემები სვამენ, რადგან მათ ხელები არ აქვთ. მეორეები მამაკაცები სვამენ, რადგან მათ მოთმინება არ აქვთ. ბოლოს კი - ქალები".
აღზრდის სქემა (მამებისთვის): "საუკეთესო – დედას. იმიტომ, რომ ის გოგოა. შემდეგ – ცხოველს, რადგან ის უსუსურია და ჩვენზეა დამოკიდებული. მერე კი - მე და შენ. იმიტომ, რომ ჩვენ კაცები ვართ".

4. რა ასაკში ხდება ბიჭი კაცი? იმ მომენტიდან, როცა საკუთარ თავს პიროვნებად გააცნობიერებს. ფსიქოლოგებმა იციან ეს ასაკი – სამი წელი. დიახ, დედებო, სამი წელი.
სწორედ ამ ასაკიდან არის აუცილებელი, ვაჟს ჩააგონოთ: "შენ კაცი ხარ!" სწორედ ამ ასაკიდან უნდა ასწავლოთ ნორმალური კაცური სიტყვა "ვალდებული ხარ!"
მამაკაცი ვალდებულია, რომ იცოდეს მოთმინება. იცოდეს საკუთარი თავის გადალახვა. შეეძლოს შეცდომის დაშვება და მასზე პასუხისგება. შეეძლოს იყოს ნაზიც და უხეშიც. იყოს სხვადასხვანაირი. იცოდეს საკუთარ სიტყვებზე პასუხის გება.

5. ბავშვს ისე უნდა მიუდგეთ, როგორც დიდს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას არ უნდა ეთამაშოთ, არ აპატიოთ შეცდომები, არ მოეფეროთ და არ გაუღიმოთ. უბრალოდ, მან უნდა იცოდეს, რომ ის ბავშვია, მაგრამ ამავე დროს ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც პატივს სცემენ.
რაც შეეხება მოფერებასა და ალერსს, დედამ არ უნდა მოაკლოს ვაჟს ეს სითბო. ფსიქოლოგების აზრით, თუ ვაჟს ბავშვობაში აკლია სითბო და ალერსი, ეს დიდ სირთულეებს უქმნის მომავალში ქალებთან ურთიერთობაში. დედა არც ალერსს უნდა იშურებდეს ვაჟისთვის და ხანდახან ცოტა ქალურად უსუსურიც უნდა იყოს, მისცეს შვილს საშუალება, გამოიჩინოს მის მიმართ ზრუნვა, რაინდობა. ეს მომავალში ძალიან გამოადგება.

6. ბავშვი შეიძლება, ცდებოდეს. ის შეისწავლის სამყაროს მის გარშემო, შეისწავლის მის საზღვრებს. იცით, რატომ გვანან კაცები ბავშვებს? იმიტომ, რომ კაცებიც სწევენ ამ სამყაროს საზღვრებს. კაცი უნდა იყოს შფოთიანი, ის ხომ კაცობრიობის მამოძრავებელი ძალაა. ქალი კი – დამცველი ძალა, ყოველი შემთხვევისთვის.
ბიჭი არ უნდა დასაჯოთ შეცდომისთვის. შეცდომა უნდა გამოასწოროს. მან. თვითონ. დამოუკიდებლად. თუმცა თქვენი მინიშნებითა და დახმარებით.
ასწავლეთ, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს, გამოავლინოს რაინდული თვისებები. ასე მეტად თავდაჯერებულიც გახდება და საკუთარი ღირსების განცდას შეიძენს, რაც ასევე მნიშვნელოვანია.

7. ბიჭის ფიზიკურ განვითარებაზე ზრუნვა აუცილებელია. ბიჭები თავიდანვე უფრო მოძრავები არიან, ცდილობენ, სამყარო უშუალო შეგრძნებების მეშვეობით აღიქვან. ენერგიის დასაცლელად სპორტულ დარბაზში მიიყვანეთ, ასე უფრო შედეგიანად დაიხარჯება. გარდა ამისა, სპორტი მას დისციპლინას მიაჩვევს, გუნდური მუშაობა კი ურთიერთობების დამყარებაში დაეხმარება.

8. ასწავლეთ ვაჟებს სირთულეების გადალახვა, მარცხის ატანა. ეს რთულია, დიდებისთვისაც კი. მაგრამ სირთულეების გადალახვისას მისი ხასიათიც მყარდება. მშობლების მხარდაჭერა, საკუთარი ძალების რწმენა ასეთ სიტუაციებში ბიჭისთვის აუცილებელია. თუ ბავშვობაში მარცხსაც განიცდის, გაიგებს, რომ ნებისმიერი წარუმატებლობა არის ბიძგი ახალი შესაძლებლობებისკენ.

9. განუვითარეთ თანაგრძნობის უნარი – სუსტების, ავადმყოფების, ცხოველების მიმართ. ალბათ გინახავთ, ხანდახან როგორ სასტიკად ექცევიან მოზარდები ძაღლებს, კატებს. საიდან? ადრეული ბავშვობიდან. არ აქვთ გაცნობიერებული, რა არის სხვისი ტკივილი, განცდა. და მხოლოდ ლექციებით და ჭკუის სწავლებით ვერ უშველით. პირველ რიგში უფროსების, მშობლების მაგალითია საჭირო. ისინი ისეთები ხდებიან, როგორებიც თქვენ ხართ. ოღონდ მშობლები ვერ ხედავენ ხშირად საკუთარ შეცდომებს, ბავშვი კი ყოველთვის მშობლის ანარეკლია.

10. წაახალისეთ ახლის შეცნობის, ინტელექტუალური განვითარების, შემოქმედების სურვილი – ბიჭებს განსაკუთრებით ახასიათებთ კირკიტი, კვლევის სურვილი. ყველაფერი აინტერესებთ: როგორ არის აწყობილი სათამაშო, რატომ მოდის წვიმა, სად ცხოვრობენ სპილოები, რატომ დადის მანქანა და ა.შ. მშობლებმა უნდა წაახალისონ შეცნობის ეს სურვილი. წიგნები, საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობები – ყოველმხრივ შეუწყვეთ ხელი განვითარებაში.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.