Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nato-barbaqadze blog

"დაალომბარდებ მობილურს ან კომპიუტერს და ფულიც გაჩნდება" - მოსწავლეების აზარტული გატაცებები

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა ლამის მთელი ერი გააერთიანა ფეხბურთის გარშემო. ქომაგების უზარმაზარი არმია მასმედიით გაჩაღებულმა პიარ-კამპანიამაც წააქეზა. ფეხბურთის საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი გვაქვს, მაგრამ დიდი სპორტის უკან ხომ დიდი სათამაშო ბიზნესიც დგას, რომელიც ათასობით ახალგაზრდას უნგრევს ცხოვრებას. ყველაზე უარესი ისაა, რომ ამ ინდუსტრიაში მოზარდებიც არიან ჩართული. ონლაინ-ტოტალიზატორებში სხვისი პირადობის მოწმობებით დარეგისტრირებული მოსწავლეები თავით ეშვებიან აზარტის სამყაროში. ასეთი გატაცებები რითაც სრულდება, ყველამ კარგად იცის. ამჯერად პრობლემის თაობაზე არა ექსპერტებს, არამედ თავად მოზარდებს გავესაუბრეთ.

"ახლა ჩემპიონატია და დიდი თუ პატარა, ყველა თამაშობს. 13-14 წლიდან ზევით, ვისაც ფეხბურთის რამე გაეგება, ტოტალიზატორის ბილეთებს აკეთებს. ადრე მეც ვთამაშობდი, მაგრამ არ მევასება ეგეთი რამეები, ფეხბურთის დიდი ფანიც არ ვარ. სამაგიეროდ, მთელი ჩემი საძმაკაცო მაგაშია ჩაბმული. ბავშვებს რა უნდა მოკითხო, რამდენიც გინდა იმდენია, მამებთან ერთად რომ აკეთებს ბილეთებს, ოჯახური გასართობია, რა", - მიყვება მე-11 კლასელი ლევანი.

- ბილეთებს როგორ "აკეთებენ", ტოტალიზატორში შესვლა ხომ 18 წლამდე პირებისთვის აკრძალულია.
- ვისაც არ უშვებენ, ტოტალიზატორის შესასვლელთან დადგება და ვინმე უფროსს სთხოვს, რომ ფსონი დაუდოს. უარს ვინ ეტყვის?!

- ასე სისტემატურად სათამაშო ფული საიდან აქვთ?
- დაალომბარდებენ მობილურს ან კომპიუტერს და ფულიც გაჩნდება.

- კომპიუტერი როგორ გააქვთ სახლიდან მშობლების გარეშე?
- იტყვიან, ვინდოუსი მაქვს გადასაყენებელიო, რაღაც უნდა ჩავწეროო ან რაიმე ამგვარს... მაგის მოფიქრებას რა უნდა. ოქროს ჯვრებს და ცეპებსაც ალომბარდებენ.

ლაშა, 15 წლის: "ახლახან წააგო ჩემმა კლასელმა 150 ლარი. ახლაც მაჩვენა ბილეთი, 30 ლარი უნდა დავდო და შენ რას მირჩევო"

- ბევრი ბავშვი თამაშობს შენს ირგვლი?
- მთელი სკოლა. ინტერნეტ-ტოტალიზატორებში ხან ბურას, ხან პოკერს ვთამაშობთ. მე ლარზე მეტს არ ვდებ, მაგრამ სხვები სერიოზულ თანხასაც დებენ. ცოტა ხნის წინ დიდი სკანდალი იყო სკოლაში. ბიჭმა კლასელი გოგოსგან აიპადი ითხოვა. დაალომბარდა, ითამაშა და წააგო. ფული ვერ გადაიხადა, მშობლებმაც გაიგეს და...
- ონლაინში როგორ თამაშობთ, იქ ხომ დარეგისტრირებაა საჭირო, თანხაც მოწმობით ან საკრედიტო ბარათით უნდა აიღო...
- სხვისი პირადობის მოწმობებით რეგისტრირდებიან და თუ მოიგეს, გამოტანაშიც ისინი ეხმარებიან.
- აიპადის სკანდალი რით დასრულდა, სკოლამ რამე მოიმოქმედა? მანდატურები ჩააყენეს საქმის კურსში?
- მანდატურის ვის ეშინია, პირიქით, იმათ ეშინიათ მოსწავლეების. თვითონ მშობლებმა მოაგვარეს ეს ამბავი.
- ფულს ბავშვები ერთმანეთსაც ხომ არ სძალავენ?
- აბა რა, მოვა ვინმე და გეტყვის, ლარი მომეციო. არ მისცემ და კარგადაც წამოგარტყამს. ვინც აძლევს, ის "კარგი ბიჭია". მეც მიმიცია, მაგათი თავი არა მაქვს. ლარის გულისთვის ხომ არ ვიჩხუბებ.
- სკოლაში ისევ ჩხუბობთ? მანდატურები აქაც არ ერევიან?
- სკოლის გარეთ ვჩხუბობთ.
- ფულის გამო?
- ყველაფერზე შეიძლება ჩხუბი, ნებისმიერ წვრილმან შელაპარაკებაზე.

"მოსწავლეების მანდატურებსაც ეშინიათ და მასწავლებლებსაც, - საუბარში ერევა მე-9 კლასელი გიორგი, - ბოლოს გაკვეთილზე ფანჯარა ჩავამტვრიეთ, ორმაგი მინა აქვს და შიდა ჩატყდა. ძალით გავტეხეთ მე და ჩემმა ძმაკაცმა. მასწავლებელი გარეთ გარბოდა, მანდატურს მოვიყვანო, მაგრამ გავაკავეთ. ბიჭები გადავუდექით კარში და მანამ არ გაუშვით, სანამ ბავშვებმა ნამსხვრევები სათითაოდ არ გაინაწილეს და ჩანთებში არ ჩაიწყვეს. ასე გამოვიტანეთ ნამტვრევები სკოლიდან. არავის არაფერი გაუგია, მასწავლებელმა ვერც გაკვეთილის მერე გაბედა, რომ რამე ეთქვა"...

ამ ბავშვების ნაამბობი სასკოლო ასაკის მოზარდებში აზარტული თამაშებით გატაცების მასშტაბებს კარგად ასახავს. ისიც ცხადია, რომ ამ პრობლემის მოგვარებაში სკოლას სათანადო წვლილი ვერ შეაქვს, პირიქით, თანაკლასელები ერთმანეთზე იმდენად დიდ გავლენას ახდენენ, რომ უფრო და უფრო მეტი მოზარდი ეხვევა აზარტული თამაშების მარწუხებში.

ფსიქოლოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ თამაშებით ზედმეტად გატაცება მოზარდისთვის ნერვული სისტემის მოშლითა და ფსიქიკური გაუწონასწორებლობით სრულდება. ასეთი ბავშვები ხშირად აცდენენ გაკვეთილებს, დაძაბულები და გადაღლილები არიან. ხშირად ვარდებიან დეპრესიაში და თვითმკვლელობამდეც მიდიან. როგორც წესი, თამაშზე დამოკიდებულება ხშირად სხვა სახის დამოკიდებულებებსაც იწვევს, ესაა ალკოჰოლი და ნარკოტიკი. მოზარდები თანდათან კარგავენ ადეკვატურობასა და რეალობის შეგრძნებას.

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება ნარკოტიკზე დამოკიდებულების მსგავსია და მისი მკურნალობა საკმაოდ პრობლემურია. მკურნალობა კომპლექსურია და მასში ფსიქიატრებთან ერთად ფსიქოლოგები, ოჯახის წევრები და მეგობრებიც უნდა მონაწილეობდნენ. მხოლოდ ასეთი კომპლექსური მიდგომით შეიძლება ამ პრობლემის დაძლევა.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

baller (25)
moswavle ro magdens gibedavs skolidan unda waxvide maswavlebeli da egeti moswavle cunda miayolo zed... ras qvia maswavlebels win gadaudga da ver bedaven verafers... sul dakarges maswavleblis da ufrosis pativiscema, aba tavianti mshoblebi warmoidginon im maswavleblis adgilze, xom ar moewonebat... egoisti da gauzrdeli bavshvebi ar miyvars ra , egeti pirdapir unda iricxebodes skolidan... sicelqe da uzrdeloba ver ganusxvavebiat
#1, 24.07.2014 - 15:51
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.