Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nato-barbaqadze blog

ნარკოტიკები და ნარკომანია

ტერმინი “ნარკომანია” მჭიდროდ არის დაკავშირებული სიტყვა “ნარკოტიკთან” (ბერძნ. ნარკოტიკოს - დამაძინებელი). ძველად ნარკოტიკებს საძილე ყაყაჩოს მორფინისმაგვარ ალკალოიდებს და მათ სინთეზურ ანალოგებს უწოდებდნენ, სადღეისოდ კი ამ სიტყვამ იურიდიული მნიშვნელობა შეიძინა და იმ ნივთიერებას აღნიშნავს, რომელიც აკრძალულ პრეპარატთა ჩამონათვალშია შეტანილი. თანამედროვე საერთაშორისოდ მიღებული განმარტების თანახმად, ნარკომანია არის ფსიქიკის დარღვევა, რომლის დროსაც ადამიანს ეუფლება იმ ნივთიერების მიღების დაუოკებელი სურვილი, რომლებიც აკრძალულ პრეპარატთა ჩამონათვალში შედის და, მიუხედავად მისგან მიყენებული ზიანისა, მაინც აქტიურად მოიხმარს, ხოლო იმ პრეპარატების ბოროტად გამოყენებას, რომლებიც აღნიშნულ ჩამონათვალში არ შედის, ტოქსიკომანიას უწოდებენ.


როგორი ნარკოტიკები არსებობს?
არსებობს ნარკოტიკული ნივთიერებების რამდენიმე ჯგუფი:

1. ოპიოიდური ანალგეტიკები (ჰეროინი, მორფინი, კოდეინი, პრომედოლი და სხვა). ისინი იწვევენ ეიფორიას, გაუტკივარებას, მოდუნებას, პასიურობას, ძლიერ ფსიქიკურ და ფიზიკურ დამოკიდებულებას. დოზის გადაჭარბებისას ხშირია სიკვდილი სუნთქვის გაჩერების გამო (სასუნთქი ცენტრის დამბლის მიზეზით).
2. სტიმულატორები (კოკაინი, ამფეტამინი, კოფეინი). ეს ჯგუფი იწვევს ფიზიკური და გონებრივი აქტიურობის სტიმულაციას, ეიფორიას. მიიჩნევა, რომ კოკაინის მოხმარების შედეგად ყალიბდება ყველაზე ძლიერი ფსიქიკური დამოკიდებულება. სტიმულატორების დოზის გადაჭარბებას ხშირად მოსდევს ჰიპერტონიული კრიზი, ინსულტი და მიოკარდიუმის ინფარქტი.
3. ალკოჰოლი. ის აღაგზნებს, ხოლო დოზის გაზრდისას თრგუნავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, არღვევს მოძრაობის კოორდინაციას და არტიკულაციას. იწვევს ფიზიკურ და ფსიქიკურ დამოკიდებულებას. ზედოზირებას მოსდევს კომა. სუნთქვის ცენტრის დამბლამ შესაძლოა სიკვდილიც გამოიწვიოს ან ადამიანი დაახრჩოს ღებინების დროს სასულეში გადაცდენილმა საკვების მასამ.
4. ნიკოტინი. ის ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკია. აღაგზნებს ნერვულ სისტემას. მისი მოხმარების დროს ფორმირდება დამოკიდებულების ორივე სახე. მეტად შხამიანია, მაგრამ მოწევის დროს სასიკვდილო დოზების მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია.
5. ტრანკვილიზატორები და ძილის მომგვრელები. მათი საწყისი ეფექტი ალკოჰოლით თრობას ჰგავს, რომელიც შემდეგ ძილიანობით იცვლება. მიღებისას სწრაფად იწვევენ ღრმა ძილს.
6. ბარბიტურატები (ფენობარიტალი, ციკლობარბიტალი და მათი მსგავსები). მათ მიმართ როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური დამოკიდებულება საკმაოდ სწრაფად ყალიბდება. ვითარდება სოციოფობია და აგორაფობია. დოზის გადაჭარბების დროს მოსალოდნელია სიკვდილი სასუნთქი ცენტრის დამბლის გამო.
7. ბენზოდიაზეპინები და მათი მსგავსი ნივთიერებები (დიაზეპამი, ტრიაზოლამი, ზოლპიდემი და სხვა). ისინი ბარიტურატებზე მსუბუქად მოქმედებენ. იწვევენ ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას, ხოლო დიდი დოზების ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში - ფიზიკურსაც. ზედოზირებისთვის დამახასიათებელია ხანგრძლივი სოპოროზული მდგომარეობა. სიკვდილი იშვიათია.
8. ჰალუცინოგენები (ფსიქომიმეტიკები).

  • ფსიქოდელიკები (ლსდ, ფსილოციბინი, მესკალინი და სხვა). ეს ნივთიერებები იწვევს აზროვნების ძლიერ დარღვევას, ილუზიებსა და ჰალუცინაციებს. ზედოზირების დროს სიკვდილის ფაქტები პრაქტიკულად უცნობია, თუმცა შესაძლოა მოხდეს უბედური შემთხვევა დეზორიენტაციის ან უჩვეულო შესაძლებლობების ცრუ შეგრძნების გამო (საგზაო შემთხვევები, სიმაღლიდან ვარდნა, დამწვრობა, ელექტროტრავმა).
  • დელირიანტები (ქოლინორეცეპტორების ბლოკატორები: ატროპინი, სკოპოლამინი, ტარენი, ციკლოდოლი და სხვა). მათი მიღებისას ვითარდება მწვავე ფსიქოზის ნიშნები (ჰალუცინაციებით, ძლიერი დეზორიენტაციით, ამნეზიით და სხვა). სასიკვდილო ზედოზირება მოზრდილებში იშვიათია (ბავშვებსა და მოზარდებში - შესაძლოა). დამახასიათებელია უბედური შემთხვევები.
  • დისოციაციური ანესთეტიკები (ფენციკლიდინი, კეტამინი და სხვა). ეს ნივთიერებები იწვევს ფსიქიკური ფუნქციების სხეულის ფუნქციებისგან გამოყოფას, არღვევს სხეულის აღქმის ფუნქციას, ქმნის სხვაგან (გამოგონილ ან რეალურ ადგილას) ყოფნის ილუზიას. კეტამინი მედიცინაში გამოიყენება სანარკოზე ნივთიერებად, რომელიც არ თრგუნავს სასუნთქ და სისხლის მიმოქცევის ცენტრებს, თუმცა მის ზედოზირებას შესაძლოა კომა მოჰყვეს, იშვიათად - სიკვდილიც, წინასწარგანწყობილ ადამიანებში კი - ჰიპერტონიული კრიზი.

ჰალუცინოგენები ფიზიკურ დამოკიდებულებას არ იწვევს, ფსიქოლოგიური კი ყალიბდება, თუმცა იშვიათად.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.