Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Beqza blog

უკვალო მგზავრი (კონვენციური ვარიანტი)

და ყველა კითხვა დარჩა კითხვადვე,
ყველა პასუხი - უფსკრულის მიღმა...
როცა არ გყოფნის ძალა დილამდე,
აისს შეავლო თვალი და ღლილმა,

კვლავ გააკეთო ის აღმოჩენა,
რომ მთელ ცხოვრებას ესაფეხურე,
რომ ყველაფერი ეს მოგეჩვენა
და მოჩვენების თვალით შეჰყურებ

მთელი ცხოვრების ავანს და ჩავანს,
მის დაპირებებს; თვალებს - მოსათნო,
ყალბი იერით გულ-გონს რომ შხამავს
და სარბიელზე ლაღად სოსანობს.

ჭეშმარიტებას კი, ვერსად ჰპოვებ,
ტყუილად მართავ ღმერთთან საუბრებს.
ათვლის წერტილი გიღერებს ტორებს
და ახალ საწყისს საბამს დაუდებს:

თვით შენი სულიც აღმართავს მახვილს,
ფრთებით შემუსრავს შენს სრა-ბაბილონს.
არ თქვა: "მე დავთმე..." - უბრალოდ არ ღირს!
- ტყუილით ნუ სცდი, ღმერთი განგმირო.

შენ ხომ შენს თავსაც აღარ ენდობი,
რისიც არ გწამდა: - უფრთხი შეთქმულებს.
მიმართავ ღმერთსაც შიშით - "თქვენობით"
და ვერ უმტკიცებ შენს სიერთგულეს.

ყველა მიღწევის საერთო ჯამმა,
ვერ მოგიტანა თავისუფლება...
უძღები შვილი, დაეძებ მამას,
ოღონდ ყველა გზა გეუფსკრულება

სადაც სიმართლის წყლები დადიან
და ყველა მწყურვალს უკლავენ წყურვილს, -
შენ, შიში გზრდიდა, როგორც გადია,
შიში კი ამ დროს, ყოველთვის ტყუის,

მაშინაც, როცა გიფატრავს გუგებს,
ფართოდ გახელილ სიმართლის შიში,
გიკორტნის სულს და ყოველგვარ ნუგეშს
დასაწყისშივე გიკლავს და გიშლის.

ყველაზე ცუდი, სწორედ ეს არის...
შიშით რომ ხმები როგორც მცენარე -
კომპრომატების - და უმეცარი,
ყველაფერს იკლავ და ავერანებ -

თითქოს და ღმერთს სჯი, წყლის გადაკეტვით...
არ გიფიქრია, თუმცა, ერთხელაც,
რომ შენ დაბრმავდი, დაყრუვდი, რომ შენ
მუნჯი ხარ სრულად, და უფრო მეტიც!
შენს სრა-ოცნებებს, რომ არ ემთხვევა
მათ მიერ ქმნილი, რომ უკვე მორჩნენ

სახლის შენებას - ყოვლად ამაოს
თვითნებურად რომ თვალები ტეხდნენ
რაღაც პრიზმაში და შენს სამყაროს
არქმევდნენ ედემს,

რომელსაც ვერა, ვერ მიაღწიე,
რომ გაყინულ გულს კვლავ ეგრძნო სითბო.
გეგონა, გყოფდა მანძილი მცირე,
თუმცა, მანძილად, შენ ჰყოფდი თვითონ:

ეუფსკრულე და თავად შეჰქმენი,
შენს ამ უფსკრულზე გადავლის შიში.
ნახევარკაცის დაგკრავს ელფერი,
დიდკაცობას რომ არაფრით იშლის.

ან ნახევარიც საიდან გეთქმის?..
თუ ჩრდილის ჩრდილად სადმე ივარგე -
დიდება უფალს! რადგანაც, შენს ჩრდილს,
ზეცა, უფრო დიდ პატივს მიაგებს.

რადგან იმედი, შენზე მეტი აქვს,
ოდესმე, რომ მზეს თვალს გაუსწორებს,
იქ, სადაც შენთვის კუნაპეტია;
თავს ეჩრდილები როცა უფრორე...

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.